სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე ივან ნიჩაევის თვითმფრინავს რუსებმა ესროლეს (ექსკლუზივი)

სოჭის ოლიმპიადის მეჩირაღდნე ივან ნიჩაევის თვითმფრინავს რუსებმა ესროლეს (ექსკლუზივი)

რუსი სამხედრო მფრინავის ივან ნიჩაევის თვითმფრინავი რუსმა სერჟანტმა, ალექსეი ტიურინმა დააზიანა, რის მიჩქმალვასაც რუსული და ოსური მხარეეები დღემდე ცდილობენ.

ნიჩაევის თვითმფრინავს 11 აგვისტოს ესროლეს, როდესაც ცხინვალის თავზე დაფრინავდა და ქალაქს ბომბავდა.

"სუ-25" ტიპის მოიერიშე თვითმფრინავი კი, რომლითაც ნიჩაევმა ძრავების დაზიანების მიუხედავად, ბუდიონოვსკში დაჯდომა შეძლო, თბილისის საავიაციო ქარხანაში იყო დამზადებული.

როგორ დააჯილდოვეს რუსი სერჟანტი და რუსი მფრინავი რუსული თვიმფრინავის დაზიანებისთვის, ამის შესახებ "ამბები.გე"-ს სამხედრო ანალიტიკური ჟურნალ "არსენალის" მთავარმა რედაქტორმა, ირაკლი ალადაშვილმა უამბო.

"ივანე ნიჩაევის თვიმფრინავი, "სუ-25" ტიპის მოიერიშე, ცხინვალის თავზე დააზიანეს, 2008 წლის 11 აგვისტოს, დაახლოებით დღის პირველ საათზე, როდესაც ქალაქს ბომბავდა. ყველაზე სენსაციური ის არის, რომ მისი თვითმფრინავი დააზიანეს თავად რუსებმა, "იგლა"-ს ტიპის გადასატანი საზენიტო სარაკეტო კომპლექსით. ცნობილია, სავარაუდოდ ვინც ესროლა, ეს არის სერჟანტი ალექსეი ტიურინი. რის გამოც მაშინ დააჯილდოვეს, ასევე დააჯილდოვეს ნიჩაევიც. ნიჩაევი აფრინდა ბუდიონოვკის სამხედრო ნაწილიდან, აეროდრომიდან. ცხინვალის თავზე, როგორც თვითონ ამბობს, კოლონას ვბომბავდიო. მას ეგონა, რომ ქართველების კოლონას ბომბავდა, მაგრამ ბომბავდა რუსების კოლონას. იმათ რომ დაინახეს, ეგონათ ქართველების "სუ"-25 იყო და ესროლეს რაკეტა. გადაღებული აქვთ სროლის მომენტი, ვიდეოსიუჟეტიც კი არსებობს. არსებობს ფოტოებიც. თვითმფრინავს ორივე ძრავა დაუზიანდა. რომ დასვა, თქვა - დიდება კონსტრუქტორებს, ვინც ეს თვითმფრინავი გააკეთაო. ეს თვითმფრინავი კი იყო თბილისის საავიაციო ქარხანაში დამზადებული, 80-იანი წლების ბოლოს. რუსები არ აღიარებენ, რომ თვითონვე დააზიანეს საკუთარი თვითმფრინავი, რომელმაც მოახერხა და დაჯდა ბუდიონოვსკში",-აცხადებს ალადაშვილი.

ამასთან, ალადაშვილი განმარტავს, რომ ქართულმა "სუ-25"-ებმა მხოლოდ ერთხელ განახორციელეს საბრძოლო გაფრენა 8 აგვისტოს, დილის 6-დან 7 საათამდე.

"მას შემდეგ ქართველ თვითმფრინავებს არც უფრენიათ, მით უმეტეს ვერ დაბომბავდნენ ცხინვალს. რუსები და ოსები მალავენ, რომ ცხინვალში, რაც კი არის დაბომბილი ჰაერიდან, ყველა დაბომბეს რუსებმა და ყველა საავიაციო ბომბი ჩამოგდებულია რუსული თვიმფრინავებიდან",-აცხადებს ირაკლი ალადაშვილი.

2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი", რუსი სამხედრო მფრინავი, ივან ნიჩაევი სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე იქნება. ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. რუსული ტელეკომპანია "რასიას" მიერ მომზადებულ სიუჟეტში ნათქვამია, რომ ნიჩაევი 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობდა. სამხედრო თვითმფრინავი, რომელსაც ის მართავდა, დააზიანეს, თუმცა, პილოტმა დავალება შეასრულა და ავიაბაზაზე თვითმფრინავის დაშვება შეძლო.

ნათია ლეშკაშელი

ასევე იხილეთ: სოჭის ოლიმპიადის ერთ-ერთი მეჩირაღდნე 2008 წლის აგვისტოს ომის "გმირი" რუსი სამხედრო მფრინავი იქნება

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე