ეკრანებზე ქართული "მისის დაუტფაიერი" გამოვა

ეკრანებზე ქართული "მისის დაუტფაიერი" გამოვა

ბოლო დროს საქართველოში მხატვრულ ფილმებს ხშირად იღებენ. განსაკუთრებული პოპულარობით კი ჰოლივუდური ფილმების ქართული ვერსიები ანუ ე.წ. რიმეიქები სარგებლობს. ამჯერად, ერთ-ერთ ასეთ ფილმზე "კომედი ჯგუფიც" მუშაობს. გადაღებებსა და სხვა სიახლეებზე "რუსთავი 2"-ის იუმორისტული დეპარტამენტის ხელმძღვანელს, ალეკო მალხაზიშვილს ვესაუბრე.

- ვიღებთ ახალ კომედიურ ფილმს და "გზა" პირველი ჟურნალია, სადაც ამის შესახებ დაიწერება. ამიტომ, გილოცავთ ექსკლუზივს! მოკლედ, "კომედი ჯგუფმა" გადაწყვიტა, შეაბიჯოს კინოინდუსტრიაში და გადაიღოს მხატვრული კომედია, რომელიც ცნობილი ამერიკული ფილმის - "მისის დაუტფაიერის" მოტივებზე იქნება აგებული. ალბათ გახსოვთ ეს ფილმი, სადაც რობი უილიამსის გმირი, შვილებთან ახლოს ყოფნის მიზნით, ქალის ტანსაცმელს ჩაიცვამს და მათი ძიძა გახდება.

- ფილმის გადაღება რატომ გადაწყვიტეთ? ამით, კონკურენტ არხთან კონკურენციის გაწევა ხომ არ გსურთ?

- რომელ არხს გულისხმობ?

- "იმედს", კონკრეტულად კი "ღამის შოუს სტუდიას" ვგულისხმობ.

- "რუსთავი 2"-ზეც არის "ფორმულა კრეატივი", რომელიც ფილმებსაც იღებს... კონკურენცია არაფერ შუაშია. ჩვენი პროფილი სწორედ კომედიაა და ვაპირებთ, კომედიის ყველა ჟანრში ვცადოთ ბედი. რაც შეეხება ფილმის გადაღებას, ამას უკვე კარგა ხანია, ვგეგმავთ. ჯერ კიდევ 2007 წელს დავწერეთ ძალიან კარგი სცენარი, მაგრამ სპონსორები ვერ მოვიძიეთ. მერე ომი დაიწყო... ახლა როგორც იქნა, მოვახერხეთ ფილმზე მუშაობა.

- იგივე სცენარია?

- არა. ვინაიდან ძველმა სცენარმა აქტუალურობა დაკარგა, გაგვიჩნდა იდეა, ოჯახური კომედია გადაგვეღო.

- მთლად თქვენი იდეა არ არის - თქვენი "ძიძა" ხომ ამერიკული ფილმის რიმეიქია...

- ჰო, მაგრამ ერთი-ერთში გადმოტანილი არ არის. ჩვენ ჩვენი ხუმრობები გვაქვს. იმ ამერიკული ფილმიდან უბრალოდ, მოტივები ავიღეთ: მამა ქალივით გამოეწყობა და საკუთარი შვილების ძიძა გახდება... კინოინდუსტრიაში ჩვენი პირველი ნაბიჯები გახლდათ ფილმი - "პოკერი სიყვარულის წესებით", რომელიც სომხებთან ერთად "გავაკეთეთ" და კარგი გამოვიდა. უბრალოდ, სომხეთში უფრო "იმუშავა" ამ ფილმმა, რადგან მსახიობების ძირითადი შემადგენლობა სომხები იყვნენ. მისი საუნდტრეკიც პოპულარული გახდა. სხვათა შორის, ამ სიმღერას თბილისელი სომეხი ბიჭი - ერიკა ასრულებს, რომელიც ახლახან ერევანში გადავიდა საცხოვრებლად და წლევანდელი "ევროვიზიის" კონკურსზე სომხეთის სახელით გავიდა.

- "ძიძას" დავუბრუნდეთ. მასში რომელი მსახიობები მონაწილეობენ?

- მთავარ გმირს, რასაკვირველია, მიშა ანდღულაძე განასახიერებს, რადგან "კომედი შოუში" ეს ერთადერთი "ქალი" გვყავს. ასევე, მთავარ როლებში არიან: ქეთა ლორთქიფანიძე, ვანო ჯავახიშვილი, ვასო ფხაკაძე, ტრისტან სარალიძე... ფილმში აბსოლუტურად ყველა ცნობილი იუმორისტი და "კომედი შოუს" წევრია დაკავებული.

- თუ არ ვცდები, ნუკი კოშკელიშვილიც მონაწილეობს.

- მართალი ხარ, ნუკი ერთ-ერთ ეპიზოდში ნამდვილად მონაწილეობს. ვინაიდან "კომედი არხზე" გავიდა ნუკის გადაცემა "FACE ნუკი", შესაბამისად, ის უკვე ჩვენი "სახეა".

- სცენარსა და რეჟისურაზე ვინ ზრუნავს?

- სცენარიც ჩვენია, რეჟისორიც (იღიმის). ირაკლი ცქიტიშვილი "კომედი შოუს" და სხვა უამრავი გადაცემის რეჟისორია. მოკლედ, ყველაფერს თვითონ ვაკეთებთ.

- "მისის დაუტფაიერის" მიხედვით, მთავარ როლში ბავშვები უნდა იყვნენ...

- ბავშვების როლის შემსრულებლებიც ჩვენი თანამშრომლები არიან. მოგეხსენებათ, "კომედი არხზე" გადის "კომედი ქიდსი" და შესაბამისად, მსახიობების დიდი ბაზა გვაქვს.

- როგორც ვიცი, ფილმის გადაღებაზე მთელი ზაფხული მუშაობდით და ახლაც განაგრძობთ. რატომ გაგიგრძელდათ ეს პროცესი და როდის ვიხილავთ "ძიძას" დასრულებულ ვარიანტს?

- ტელევიზიას ვერ მოვწყდებით და მთლიანად ფილმის გადაღებაზე ვერ გადავერთვებით - ორ საქმეს ერთმანეთს ვუთავსებთ და გადაღების პროცესი ცოტათი ამიტომაც გაიწელა. "ძიძას" ნოემბრის შუა რიცხვებში, კინოთეატრებში იხილავთ.

- თქვენ მიერ გადაღებული სერიალი "ალუბლების ქუჩა 12" არცთუ ისე რეიტინგული იყო და სწორედ ამიტომ, მალევე დაიხურა. როგორ ფიქრობ, საზოგადოებას ეს ახალი ნამუშევარი მოეწონება?

- იმ სერიალის მხოლოდ 15 სერია გადავიღეთ, არადა, სერიალი ყოველთვის 14 სერიის შემდეგ "აგორდება" ხოლმე. მას თავისი რეიტინგი ყოველთვის "ეჭირა", მაგრამ საზოგადოებაში მასზე ლაპარაკი არ დაწყებულა, ამის მიზეზი კი ის გახლდათ, რომ გადაღება ივლისის თვეში დავიწყეთ და ეთერში მხოლოდ 10 სერია გავიდა, მერე ზაფხულის არდადეგების გამო შეჩერდა. სექტემბრიდან ისევ გადავიღეთ 5 სერია და პროექტი დაიხურა კიდეც. მოკლედ, რაღაცები არასწორად გავთვალეთ.

- ახლაც აკეთებთ კიდევ ერთ სერიალს, რომელსაც "კოქტეილი" ჰქვია...

- ეს სერიალი "კომედი არხზე" გადის. შესაძლოა, სამომავლოდ კიდევ ერთი სერიალი "რუსთავი 2"-ზეც "გავაკეთოთ", მაგრამ ამჯერად კონცენტრირებულები ფილმზე და გადაცემებზე ვართ. ივლისში გადაცემა - "გააცინე და მოიგე" დავიწყეთ, რომელიც აგვისტოში აღარ შევაჩერეთ, ანუ შეცდომებზე ვისწავლეთ და შედეგიც სახეზეა - ამ გადაცემას საკმაოდ კარგი რეიტინგი აქვს.

- როგორც ვიცი, ამ გადაცემის ბევრი მონაწილე მოგეწონათ. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ისინი "კომედი ჯგუფის" წევრები გახდნენ?

- ეს გადაცემა იუმორისტული "გეიმ შოუა": მონაწილე რომ კარგად ხუმრობს, ამაზე მხოლოდ მაყურებელს არ ეცინება, ხშირად - ჟიურის წევრებზეც იცინიან. გამორჩეულ მონაწილეებს რაც შეეხება, "კომედი არხზე" აღვადგენთ "კლაბ შოუს", სადაც "გააცინე და მოიგეს" გმირები მიიღებენ მონაწილეობას. ამ ადამიანებს მივცემთ საშუალებას, საკუთარი ნიჭი კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ. ხომ გაგიგონია, "მიეცი ნიჭსა გზა ფართო"...

- რთული არ არის, ერთდროულად ორ ტელევიზიაში ამდენი გადაცემის გაკეთება?

- არა, რადგან ყველაფერი სწორად გვაქვს გადანაწილებული; თითოეულ გადაცემას თავისი ხელმძღვანელი ჰყავს, რომელიც იმ კონკრეტულ გადაცემაზეა პასუხისმგებელი.

- ბოლო დროს, მუსიკალური ჯგუფი აღარ შეგიქმნიათ. "ბუთქუნა და თამაზაზე" გაჩერდით?

- თავიდან გვყავდა ჯგუფი "პეწი", მერე - "კენზო", "ელიავას სთრით ბოიზ", "ბოტოქსი" და ბოლოს - "ბუთქუნა და თამაზა". მრავალფეროვნება კარგია. ისე, "ბუთქუნა და თამაზას" ყველაზე მაღალი რეიტინგი ჰქონდა. არ ველოდით, მათი სიმღერები ასე თუ გაჰიტდებოდა. აი, ასეთი კარგები ვართ ჩვენ.

- ბოლო დროს, თქვენგან წასული ყველა თანამშრომელი გიჩივით. თუ კარგები ხართ, რატომ გყავთ ამდენი მტერი?

- ვინც პირველია, ვინც რაღაცას აკეთებს, მას ყოველთვის ჰყავს მტერი! აბა, გადახედე ისტორიას. მთავარია, ჩვენ არავის მტრები არ ვართ. დაბოლოს, ერთ მხიარულ ამბავს მოგიყვებით: ბარის სცენას ვიღებდით, სადაც მიშა თავის უბადლო ნიჭს გვიჩვენებდა. იმ ტრიუკს აკეთებდა, ბარმენი რომ ჭიქებს ატრიალებს. სცენარის მიხედვით, ბოლოს, ბარზე ცეცხლი უნდა დაენთო. დაანთო ცეცხლი და ვეღარ ჩააქრო. ბარი გადარჩა, მაგრამ მიშას დაეწვა რაღაც-რაღაცები. არადა, თავიდან გვეგონა, ხუმრობდა. სხვათა შორის, ეს სცენა გადაღებული გვაქვს. ფილმის ეკრანებზე გამოსვლამდე, "კომედი არხზე" გავა "მეიქინგ ოფ" ანუ ფილმი იმის შესახებ, თუ როგორ გადავიღეთ "ძიძა". მიშას ხანძრის ეპიზოდიც სწორედ აქ იქნება ნაჩვენები. მართლა ძალიან სასაცილო იყო.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება