რუსების მიერ კომკავშირიდან გარიცხული ქართველი მსახიობი

რუსების მიერ კომკავშირიდან გარიცხული ქართველი მსახიობი

დღის განმავლობაში უამრავი საქმის მოგვარება უწევს: უპირველესი სამსახური მარჯანიშვილის თეატრი გახლავთ, სადაც რამდენიმე სპექტაკლშია დაკავებული; ამასთან, წლებია, მაყურებელს ტელეეკრანზე მის მიერ ქართულად გახმოვანებული უცხოური ფილმებისა და სერიალების ყურებაც უწევს; თამაშობს ახალ სერიალში - "ჩვენი ამბავი" და იმავე "იმედის" არხზე რეიტინგული შოუ - "ახალი ხმაც" მიჰყავს. "რაც უფრო მეტი საქმე გაქვს, ყველაფრის ზუსტად დაგეგმვა და დროის ზუსტი განაწილება გიწევს. როდესაც უსაქმოდ ვარ, ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ დროს ვკარგავ", - ამბობს მსახიობი დიმა ტატიშვილი.

როლი სერიალში

- ცნობილი და პოპულარული სერიალი - "შუა ქალაქში" დაიხურა და დაიწყო ახალი - "ჩვენი ამბავი", რომელშიც "შუა ქალაქის" მსახიობებიდან მხოლოდ თქვენ დარჩით...

- როცა გავიგე, რომ სერიალს - "შუა ქალაქში" ხურავდნენ, მეგონა, ახალ პროექტში მონაწილეობის მისაღებად არც მე დამიძახებდნენ, რადგან სრულიად განსხვავებული სერიალი, სხვა მსახიობებითა და სხვა ამბით იწყებოდა...

- ახალ სერიალში მოქმედება რამდენიმე მეგობრის გარშემო ხდება. თქვენ მწერლის, მთხრობლის ძმა ხართ, რომელსაც სიცოცხლეს უმწარებთ...

- (იღიმის) ჰო და ამავე დროს, მამუკა (ჩემი პერსონაჟი) სამხედროცაა, რომელსაც თავისებური ხასიათი აქვს. ის მაქსიმალისტია...

- თქვენი ეს პერსონაჟი რადიკალურად განსხვავდება გია მიროტაძისგან, არა?

- გია მიროტაძე ერთი უღიმღამო კაცი იყო. მგონია, რომ მისნაირი ადამიანი რეალურ ცხოვრებაში ჩემი მეგობარი ვერ გახდებოდა. თუმცა, ვიღაცას შეიძლება, მოსწონდა კიდეც... მამუკა ცოტა არ იყოს, გიჟია, მთელი ცხოვრება ჯარში მსახურობს, მაგრამ გულჩვილი, ერთგული და პატიოსანი კაცია. ის მახალისებს, გია კი მოხარშული თევზივით იყო...

დისიდენტური წარსული

- საბჭოთა კავშირის ჯარში 1985 წელს გამიწვიეს და ბელორუსიაში 2 წლის განმავლობაში ვმსახურობდი. თან, ცოტა დისიდენტური წარსულიც მაქვს (იღიმის).

- რას გულისხმობთ?

- იმას, რომ იმავე წელს ჯარში კომკავშირის რიგებიდან გამრიცხეს. ჯერ დამემუქრნენ, გაგრიცხავთო. ვუთხარი, - გამრიცხეთ-მეთქი. ჩემი პასუხით გაკვირვებულები დარჩნენ, რადგან მაშინ კომკავშირიდან გარიცხვა ცუდ რამეს ნიშნავდა. მერე კრება ჩაატარეს და თქვეს: "ისკლუჩიტ ტავარიშჩა ტატიშვილი!" და სარაკეტო, საჩვენებელი ნაწილიდან სხვა ნაწილში გადამიყვანეს. იქ გამომკითხეს, რა როგორ მოხდა. ყველაფერი გულწრფელად მოვყევი. მახსოვს, საგანგებო განყოფილებას მაიორი გალავანოვი ხელმძღვანელობდა, რომელმაც მთელი დივიზიის წევრების ბიოგრაფიები ზეპირად იცოდა; ისიც იცოდა, რომ ჩემი პედაგოგი მიხეილ თუმანიშვილი იყო. განათლებული ადამიანი გახლდათ, თავისი საქმის მცოდნე.

- რა იყო კომკავშირიდან თქვენი გარიცხვის მიზეზი?

- ვიჩხუბე და ჩინით უფროსს შეურაცხყოფა მივაყენე. ჰაუფტვახტში ორი კვირა ვიჯექი. გადავრჩი, რომ "დისბატში" (დისციპლინურ ბატალიონში) არ გამიშვეს. ვინაიდან საჩვენებელი ნაწილი იყო, არ უნდოდათ, ასეთი ფაქტი გახმაურებულიყო...

- რუსებთან "კარგი" ურთიერთობა გქონიათ და კარგადაც შეგისწავლიათ მათი ხასიათი. ალბათ ამიტომაც იყო, რომ ლევან წულაძის სპექტაკლში - "ეთსეტერა", რომელიც წლების წინ "თეატრალურ სარდაფში" იდგმებოდა, რუსი ჩინოვნიკის როლს საოცარი დამაჯერებლობით თამაშობდით...

- (იღიმის) ის პერსონაჟი (ზბიგნევი) პერიოდულად იცვლებოდა ხოლმე, რაც იმაზე იყო დამოკიდებული, თუ როგორი ურთიერთობა ჰქონდა ჩვენს ქვეყანას რუსეთთან... ეს სპექტაკლი 5 წლის განმავლობაში გადიოდა სცენაზე.

ბოლშევიკური უტიფრობა

- ცოტა ხნის წინ ნინო შუბლაძის მიერ მოსკოვში დმიტრი მედვედევთან ჩაწერილი ინტერვიუ ქართულად გაახმოვანეთ. ვფიქრობ, ესეც ერთგვარი როლი იყო. როგორც მახსოვს, ცდილობდით, მისი ხასიათი დაგეჭირათ. რას იტყვით ამაზე?

- კარგად ვიცი, ეგენი როგორი ტიპები არიან. მედვედევსაც ვატყობ, რა კაციც არის: როგორ ლაპარაკობს, როგორი მზერა აქვს, როგორ მსჯელობს... ის ტიპური "კაგებეშნიკია". ნინოს სულ თვალებში უყურებდა და თუ ატყობდა, რომ ფიქრებში მიდიოდა, მას სახელით მიმართავდა. ნინომ მითხრა: კითხვები ფურცელზე მქონდა ჩამოწერილი, რამე რომ არ დამვიწყებოდა, მაგრამ თვალებში ისე მიყურებდა, ჩახედვა ვერ მოვახერხეო. ეს ბოლშევიკური უტიფრობაა, როცა თვალებში გიყურებს და აშკარად, გატყუებს... მოკლედ, მისი ტექსტის ქართული ვერსიის კითხვისას თამაში არც მომეთხოვებოდა და დიდი ძალისხმევა არც დამჭირვებია, რომ ინტერვიუ გამეხმოვანებინა.

დიდი მაესტროს შეგირდი

- მიხეილ თუმანიშვილი ახსენეთ, რას იტყვით თქვენს პედაგოგზე?

- მიხეილ ივანიჩს ჩემი დახასიათება არ სჭირდება. ის ბრძენი ადამიანი იყო, რომელსაც ჩემი სისულელით, თავის დროზე, ლექციებზე ყურადღებით არ ვუსმენდი, მაშინ ხომ პატარა და თავქარიანი ვიყავი. სხვათა შორის, მისი ფრაზები მას მერე უფრო ხშირად მახსენდებოდა, როცა უკვე ცოცხალი აღარ იყო ანუ, შეიძლება ითქვას, რომ სიკვდილის შემდეგაც რაღაცებს მასწავლიდა. გამომადგა მისი რჩევა-დარიგება. შესანიშნავად იცოდა ჩვენი საქმე და შეეძლო მსახიობის "თეატრის ადამიანად" ქცევა, ამის ოსტატი გახლდათ. რაც მთავარია, ჩვენს ნამუშევარს ყოველთვის ობიექტურად აფასებდა...

უარი ვოკალურ კარიერზე

- შოუ - "ახალი ხმა" მიგყავთ. კონკურსანტებსა და მათ გულშემატკივრებს, პარტნიორ ქალბატონთან ერთად, კულისებში მხარში უდგახართ. საინტერესოა, თავად თუ მღერით?

- ვმღერი მხოლოდ ჩემთვის. თუმცა, თეატრალურ ინსტიტუტში ვოკალის განხრით, მეორადი ფაკულტეტი დავამთავრე. 2 წელი ზურაბ ანჯაფარიძესთან ვსწავლობდი. ის დიდი მომღერალი იყო. მართალია, მისი გამოსვლა ოპერის სცენაზე არ მინახავს, მაგრამ არაერთი ჩანაწერი მომისმენია ანჯაფარიძის შესრულებით. ძალიან თბილი პიროვნება იყო.

- ვოკალის განხრით რატომ არ განაგრძეთ კარიერა?

- მსახიობობა უფრო მეტად მიზიდავდა, არ მეთმობოდა. ხანდახან ვფიქრობ, - ვოკალისთვის სერიოზული ყურადღება რომ მიმექცია, კარგი იქნებოდა-მეთქი, მაგრამ ამ შემთხვევაში, სხვას ვერაფერს გავაკეთებდი. თან, საშუალო დონის "ვარსკვლავობაც" არ მიზიდავდა. საერთოდ, ცხოვრებაში მაქსიმალისტი ვარ. ვცდილობ, საქმე კეთილსინდისიერად და რაც შეიძლება კარგად გავაკეთო. ხანდახან გამომდის, უმეტეს შემთხვევაში - არა.

- თვითკრიტიკულიც ყოფილხართ...

- ჩემს ამა თუ იმ როლზე რომ მეუბნებიან, - ვნახეთ და მოგვეწონაო, გულში ვფიქრობ: ან გულწრფელები არ არიან, ან კარგსა და ცუდს ვერ არჩევენ-მეთქი. საკუთარი ნამუშევრით კმაყოფილი იშვიათად ვარ. სულ მგონია, რომ უკეთესი მომავალში უნდა მოხდეს. მიხეილ ივანიჩი გვეუბნებოდა: "სასიამოვნოა, რომ დღეს ხალხმა სპექტაკლზე ტაში დაგიკრათ, მაგრამ ხვალ ეს აღარ უნდა გახსოვდეთ". რატომ არ უნდა მახსოვდეს-მეთქი? - მიკვირდა. - ის, რაც დღეს გააკეთე, უნდა დაივიწყო და ხვალ რას გააკეთებ, იმაზე იფიქრეო. ასეა, - არ უნდა დაკმაყოფილდე იმით, რასაც მიაღწიე...

კინო და თეატრი

- სერიალში თამაშს ზოგიერთი ხელოვანი სერიოზულ საქმიანობად არ მიიჩნევს. ამაზე რას იტყვით?

- რა უნდა ვთქვა? ყოველ ოთხშაბათს, "იმედის" მეექვსე პავილიონში პრემიერა მაქვს და ამის ფონზე, ცოტა ხნის წინ ვთქვი კიდეც, - თეატრში პრემიერის წინ წამითაც აღარ ავღელდები-მეთქი... თეატრში სპექტაკლისთვის რეპეტიციები თვეების განმავლობაში მიმდინარეობს და მაყურებლის წინაშე მხოლოდ ამის შემდეგ გიწევს როლის წარდგენა, აქ კი როლს ორ-სამ დღეში ვამზადებთ და არავინ თქვას, რომ ეს ნაკლები პასუხისმგებლობაა. მოსაზრება: "მთავარი თეატრია, სერიალი კი მეორეხარისხოვანი", - არასწორად მიმაჩნია. მაყურებელი ჰყავს ტელეეკრანსაც და თეატრსაც. მეკითხებიან ხოლმე: - კინო თუ თეატრი? ვპასუხობ: - ამ ორ სიტყვას შორის "თუ" ამოიღეთ და ჩასვით "და"... ისე, თეატრში, სცენაზე ყოფნა საინტერესო და ინტიმური რამ არის. თეატრის გარეშე საკუთარი თავი ვერც კი წარმომიდგენია. ვეცდები, საინტერესო როლები ერთმანეთს შევუთავსო და ასეთი არჩევანის წინაშე არასოდეს დავდგე.

"კაცი-ხმა" და მიღებული სიკეთე

- გახმოვანებამ ბევრი რამ შემძინა. რომ არა ეს საქმიანობა, ბევრ ფილმს ვერც ვნახავდი. გახმოვანებული ფილმების დიდი პროცენტი საშუალო ხარისხის ნამუშევრებია, მაგრამ ამის ყურებაც სასარგებლოა თუნდაც იმისთვის, რომ ნახო, როგორ არ უნდა ითამაშო. ჩემზე რომ ამბობენ: "კაცი-ხმააო", ამაზე აბა, რა უნდა ვთქვა? ასეთი ხმა მაქვს და ამისთვის სპეციალურ ვიტამინებს ნამდვილად არ ვიღებ (იღიმის).

- იმიჯი შეცვლილი გაქვთ - ულვაში მოგიშვიათ...

- როცა სერიალის "შუა ქალაქში" გადაღებები დავამთავრეთ, წვერი მოვუშვი. აგვისტოში "ღამის შოუს სტუდიიდან" დამირეკეს. როცა მივედი, მითხრეს, შენთვის ახალ სერიალში როლი გვაქვსო და დასძინეს: ულვაში არ მოიპარსო. სადამდეც შეძლებ, გქონდესო. ერთადერთი, ულვაში დამრჩა, რაც არ გამჭაღარავებია და მეც დავიტოვე (იღიმის).

მზრუნველი მამა და მეუღლე

- საოჯახო საქმიანობა გეხერხებათ?

- მე ოჯახის ბიუჯეტს ვავსებ. ვცდილობ, რაც შეიძლება უკეთ დავაფინანსო მეუღლე და შვილები. თუ შინ "შტეფსელი" გაფუჭდება, მის შეკეთებას შევძლებ. თუ სახლში არავინ არის და ოთახი დასალაგებელია, უსუფთაობას ვერ შევეგუები - სულაც არ მეთაკილება ცოცხისა და აქანდაზის ხელში აღება.

- შვილების მიმართ მკაცრი ხართ?

- მკაცრი კი არა, სამართლიანი ვარ!

- თქვენს გოგონებს, რომლებიც უკვე ზრდასრული ადამიანები არიან, მაინც აკონტროლებთ?

- სიტუაცია, რა თქმა უნდა, კონტროლზე უნდა იყოს (იღიმის). ვიდრე მათი მისვლა-მოსვლა მე მეკითხება, ვიდრე ჩემს სახლში არიან, ჩემი სახლის წესები უნდა დაიცვან, რომელიც არცთუ ისე მკაცრია. ყველა მშობელს აღელვებს შვილის მდგომარეობა. მათთვის საკუთარი მოსაზრება არასდროს მომიხვევია, მაგრამ ხანდახან რჩევა სჭირდებათ... სამწუხაროდ, 17 წლისას არც ერთი მშობელი აღარ მყავდა ცოცხალი: 12 წლის ვიყავი, დედა რომ გარდაიცვალა, მამა კი 17 წლისამ დავკარგე. დამრჩა 2 უფროსი და და ბებია (დედის დედა), რომელიც თავის შვილს გლოვობდა. ჩემი მაკონტროლებელი არავინ იყო. დეიდა და ბიძა კი მყავდა, მაგრამ ისინი კახეთში ცხოვრობდნენ და ჩვენთან იშვიათად ჩამოდიოდნენ. ასე რომ, უფროსების დარიგებას შეჩვეული არ ვარ და თავს უფლებას არ ვაძლევ, სხვებს მივცე რჩევა. მაგრამ თუ ვგრძნობ, რომ ვიღაცას - ახალგაზრდა კოლეგა იქნება თუ ჩემი შვილი, - ეს სჭირდება, ამისთვის შესაფარისი მომენტის შერჩევას ვცდილობ.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება