შონზო: "საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის დალევა წიგნის წაკითხვის ტოლფასია"

შონზო: "საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის დალევა წიგნის წაკითხვის ტოლფასია"

"წიგნს ჩემს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კითხვისთვის დროის გამონახვას ყოველთვის ვახერხებ. ამ ბოლო დროს, ინტერნეტიდან აუდიოწიგნებსაც ვიწერ. მუდამ საქმის კურსში ვარ ახალ გამოცემებთან დაკავშირებითაც", - ამბობს თბილისის საკრებულოს წევრი, ზურა გაჩეჩილაძე (შონზო). ამჟამად კი ფრანგი მწერლის, ერიკ-ემანუელ შმიტის - "ულისე ბაღდადიდან" კითხულობს. სათავგადასავლო ლიტერატურა ბავშვობიდან დღემდე გამორჩეულად უყვარს.

პრეამბულის მაგიერ

- ზურა, პირველი წიგნი, რომელმაც შენზე შთაბეჭდილება მოახდინა, რომელი იყო?

- "ტომ სოიერის თავგადასავალი". მალე 42 წლის გავხდები და ის შთაბეჭდილება დღემდე მომყვება. ამ წიგნმა ჩემში მოგზაურის სული ჩაასახლა. ძალიან მინდა, რაც შეიძლება მეტი ვიმოგზაურო.

- ახერხებ?

- მოგზაურის ჟინს ვერ ვიკლავ. ხანდახან ვახერხებ, მაგრამ ეს ჩემს სურვილებთან შედარებით, არაფერია.

- რომელ ქვეყნებში მოგზაურობაზე ოცნებობ?

- ზოგს იდუმალი აზია მეტად იზიდავს, მაგრამ მე ბებერი ევროპა უფრო მიტაცებს და მაინტერესებს. თანამედროვე ეპოქაში ინფორმაციასთან წვდომა ადვილია. შეიძლება, ვირტუალურად ყველგან მოხვდე, მაგრამ ვერ გაიგებ, როგორი სურნელია სიქსტის კაპელაში, სიძველეები ძალიან მხიბლავს.

- რომელ პერსონაჟთან იმეგობრებდი?

- ჰეკლბერი ფინთან. ეს სურვილიც ბავშვობიდან მომყვება.

- "...ეს არის ადამიანი, რომელიც გათხოვებს ქოლგას კარგ ამინდში და წაგართმევს მაშინ, როცა წვიმს". რომელი პროფესიის ადამიანებს ახასიათებდა ასე მარკ ტვენი?

- ჟურნალისტებს.

- ჟურნალისტებზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ?

- თქვენი საქმე კრიტიკაა. იქნებ მინიშნებით გამოვიცნო?

- მხოლოდ ერთ სიტყვას გეტყვით - "ფული".

- მევალე.

- ვერ გამოიცანი. მარკ ტვენი ასე ბანკირებს ახასიათებდა.

- (იცინის) სანახევროდ გამოვიცანი. ბანკირი და მევალე ერთი და იგივეა. კარგი შედარებაა.

- ნაპოლეონ ბონაპარტი საკუთარ თავს ბედნიერების "ქმარს" ეძახდა, ხოლო ძალაუფლებას?

- ცოლს, არა?

- ნაპოლეონი ცოლი როგორ იქნებოდა?

- მართალია, ვერ გამოვიცანი.

- ის ამბობდა, ძალაუფლება ჩემი "საყვარელიაო".

- ლოგიკურია, უნდა მეპასუხა.

- მოგზაურები ძველთაგანვე ცდილობდნენ, სასმელი წყალი ვერცხლის ჭურჭელში შეენახათ. რატომ?

- ვერცხლის ჭურჭელი წყალს კარგად ინახავს, ბაქტერიები ვერ მრავლდებიან.

- დიახ, წყლის გაუვნებლობის მიზნით ინახავდნენ. საქართველოს რომელ რეგიონში მოგზაურობისას შეიძლება მოვინახულოთ ხახმატის, ახიელის, ლებაისკარის ციხეეები?

- ხევსურეთში.

- იტალიის ერთ-ერთი ქალაქის საკათედრო ტაძარში ქრისტიანული სამყაროს დიდი სიწმინდე ინახება. თანამედროვე ღვთისმეტყველები მას "მეხუთე სახარებას" უწოდებენ. გადმოცემის თანახმად, ის თავდაპირველად პეტრე მოციქულთან ინახებოდა. ქრისტიანთა დევნის დროს, მას მალავდნენ, რადგან იუდეველები და რომაელები ქრისტიანული რელიკვიების განადგურებას ცდილობდნენ. დაასახელეთ, რომელ სიწმინდეზეა ლაპარაკი?

- ტურინის სუდარაზე.

- რომელ საბჭოთა მაღალჩინოსანზე თქვა ნიქსონმა: "ის სუსტი პოლიტიკოსი, მაგრამ კარგი მძღოლია"?

- ლეონიდ ბრეჟნევზე, რადგან ავტომანქანები უყვარდა.

- "არის რაღაც საერთო ღვინის სმასა და წიგნის კითხვას შორის. მე მგონი, ის, რომ ორივეს ე.წ. პიროვნების თავისუფლებასთან მივყავართ, ოღონდ ერთი - მიშვებული, აგდებული და ულამაზო თავისუფლებაა, უპასუხისმგებლობით გამოწვეული, მეორე კი - შემართებული, გამოცდილი და ყოვლისშემძლე, ამაღლებული". რომელ ცნობილ ნაწარმოებში ვკითხულობთ ამ სიტყვებს?

- ავტორს მეტყვით?

- გურამ დოჩანაშვილი.

- "კაცი, რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა".

- ღვინის სმასა და კითხვას შორის თავად თუ პოულობთ რაიმეს საერთოს?

- ერთიც და მეორეც - სამყაროს შემეცნებაა. საინტერესო ადამიანებთან ერთად ღვინის სმა ერთი წიგნის წაკითხვის ტოლფასია. წიგნი მაინც პირველ ადგილზეა. ჯობს, საინტერესო ადამიანებთან ერთად დალიო, ვიდრე ცუდი წიგნი წაიკითხო.

- სად მდებარეობს ყველაზე პატარა ძვლები - "ჩაქუჩი", "გრდემლი" და "უზანგი"?

- ყბა-სახის მიდამოებში ყველაზე მეტი ძვალია.

- უფრო კონკრეტულად?

- თუ სწორად მახსოვს, ყურშია.

- დიახ. ვინ გახდა 1921 წელს სტამბოლში გამართული მსოფლიო სილამაზის კონკურსის გამარჯვებული?

- (ფიქრობს) ვერ გიპასუხებთ.

- ის ერთი ქართველი პოეტის მუზა იყო.

- მაინც ვერ გიპასუხებთ.

- მერი შერვაშიძე. "როგორებიც არიან ადამიანები, ისეთივე არიან მათი წიგნებიც" - რომელი ცნობილი გერმანელი ფიზიკოსია ამ გამონათქვამის ავტორი?

- მგონი, ლიხტენბერგი. არა?

- დიახ. ეთანხმებით?

- ნაწილობრივ.

- თქვენი წიგნები როგორია?

- ჩემს ბიბლიოთეკაში სათავგადასავლო წიგნები ჭარბობს. უმეტესობა - წინააღმდეგობების დაძლევაზე, ბრძოლაზე, აღზევებაზე, ფიასკოზე, მაგრამ - დაუმორჩილებლობაზეც, იდეის ირგვლივ ყველა რესურსის მოკრებასა და აღმართიანი გზით სიარულზეა.

- ასეთი ხართ?

- შეიძლება, ასეც ითქვას.

- ძველ ჰიმალაელ დურგლებს ახალგაზრდა ოსტატთა გამოცდის უცნაური წესი ჰქონდათ: მასწავლებელი შეგირდს ხის ნაჭერს ესროდა. რა უნდა გაეკეთებინა მოსწავლეს, სანამ იმ ნაჭერს დაიჭერდა?

- ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ვვარაუდობ, უნდა ეთქვა, ხიდან რა გამოითლებოდა.

- ხის ჯიში უნდა გამოეცნო. ეს სახელგანთქმული დიზაინერი წიგნებისადმი სიყვარულით არის ცნობილი. მისი ბიბლიოთეკა 30000-მდე ტომს ითვლის. წიგნის მოყვარულებს ის სიურპრიზს უმზადებს - სუნამოს, წიგნის სურნელით. ფლაკონსაც წიგნის ფორმა ექნება. დაასახელეთ ეს დიზაინერი.

- (ფიქრობს)

- მიგანიშნებთ, ის 1939 წელს ჰამბურგში დაიბადა.

- ვერ ვიხსენებ.

- კარლ ლაგერფელდი. აკაკი წერეთლის რომელი ნაწარმოების პერსონაჟია ბათუ?

- "გამზრდელი".

- "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ანტიქრისტე მოვნათლე", - წერდა 1725 წელს თავის დღიურში ერთ-ერთი ვენეციელი მღვდელი, რომელსაც ცოტა ხნით ადრე მოენათლა 2 კვირის ჩვილი, სახელად - ჯაკომო. ამ ადამიანმა 73 წელი იცოცხლა და ამ ხნის მანძილზე 122 ქალთან გაიყო სარეცელი. მათ შორის იყვნენ: მაღალი წრის მანდილოსნები, წარჩინებული მსახიობები, მოცეკვავეები. მოძალადე არ ყოფილა, ქალების უმეტესობას ის უყვარდა. სახელისა და სიმდიდრის ძიებაში თითქმის მთელი ევროპა მოიარა. იყო ჯარისკაცი, მუსიკოსი, ბიბლიოთეკარი. არაერთხელ იჯდა ციხეშიც. მიპასუხეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- კაზანოვაზე.

- სად არის დაკრძალული ივანე ჯავახიშვილი?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში.

- ინგლისში მდებარე ეს უნიკალური სამეფო რეზიდენცია 600 ოთახისგან შედგება და მასში დაცული ხელოვნების ნიმუშები მსოფლიოს მრავალი ცნობილი მუზეუმისთვისაც კი დიდ ფუფუნებას წარმოადგენს. რომელ სასახლეზეა ლაპარაკი?

- ბუკინგემის სასახლეზე.

- "ეს გახლავთ სტილი მმართველობისა, რა დროსაც მთავრობა არწმუნებს ან ცდილობს დაარწმუნოს ხალხი, თითქოს ქვეყნის ბატონ-პატრონი თავად ხალხი იყოს". რის შესახებ ამბობდა ამ სიტყვებს მუსოლინი?

- დემოკრატიული მმართველობის შესახებ.

- "კომუნისტი ადამიანური სახით" - რომელ ცნობილ საბჭოთა მაღალჩინოსანზე ამბობდნენ ამას ევროპელები?

- გორბაჩოვზე.

- ციყვს ხეზე აძრომა უფრო სწრაფად შეუძლია თუ მიწაზე სირბილი?

- ხეზე აძრომა. მიწაზე სიარულის დროს სწრაფად ვერ მოძრაობს, დაცუნცულებს.

- ეს ცნობილი ინგლისელი მოღვაწე მემუარებში წერდა, რომ მშობლები მას არასდროს მიჰფერებიან. სამაგიეროდ, ძიძას აღმერთებდა და საკუთარ კაბინეტში წლების მანძილზე მისი სურათი ეკიდა. დაასახელეთ, ვისზეა ლაპარაკი?

- ჩერჩილი ხომ არა?

- გამოიცანით. აინშტაინი საკუთარი თავის შესახებ ამბობდა: მე არავითარი ტალანტი არ გამაჩნია, მაქვს მხოლოდ ის, რაც ბავშვებს ახასიათებს. რომელ თვისებაზე მიუთითებდა მეცნიერი?

- ვერ ვხვდები.

- სტატისტიკოსებმა დათვალეს, რომ ბავშვები ამ თვისების გამო დღეში 920 შეკითხვას სვამენ.

- ცნობისმოყვარეობა.

- რა ერქვა ქალაქს, რომლის ადგილზეც ახლა მკვდარი ზღვა მდებარეობს?

- სოდომი.

- გაიუს მარიუსი, იულიუს კეისარი, პომპეუსი, მარკუს კრასუსი: ამ სარდლებიდან რომელმა დალაშქრა საქართველო?

- პომპეუსმა.

- "ამიერიდან საქართველოს ხალხი სუვერენულ უფლებათა მატარებელია და საქართველო სრულუფლებიანი, დამოუკიდებელი სახელმწიფოა" - როდის წარმოთქვა ეს სიტყვები ნოე ჟორდანიამ?

- 1918 წლის 26 მაისს.

- რომელ მთაზე არ არის ნებადართული ქალისთვის ფეხის დადგმა?

- ათონის მთაზე.

- დაბოლოს, დაასრულე მადამ დე სტალის ცნობილი გამონათქვამი: "როცა ქალის თვალებში რაიმეს წაკითხვაა საჭირო, მამაკაცების უმეტესობა..."

- ვერ დავასრულებ

- "...უწიგნური აღმოჩნდება ხოლმე".

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება