ხატია ბუნიათიშვილმა ხელები დაიზღვია

ხატია ბუნიათიშვილმა ხელები დაიზღვია

მას მომავლის პიანისტს უწოდებენ - თითქმის ასე იწყება ყველა სტატია და ინტერვიუ, რომელიც ცნობილ ქართველ პიანისტ ხატია ბუნიათიშვილზე გვიყვება. საქართველოდან 19 წლის ასაკში წავიდა და ამბობს, რომ კონკრეტული მისამართი არ აქვს, რადგან მთელ მსოფლიოში მოგზაურობს. წელიწადში 130 კონცერტი აქვს. დროის დიდ ნაწილს გზაში ატარებს, მაგრამ როგორც კი თავისუფალი დრო გამოუჩნდება, საქართველოში მოფრინავს. არ უყვარს ინტერვიუ, განსაკუთრებით ყვითელ პრესასთან. ამ კუთხით თავს საინტერესო რესპონდენტად არ მიიჩნევს. ხატიას "ნიჭიერის" გადაღებებზე შევხვდით. მეორე დღეს მორიგ გასტროლზე მიფრინავდა - ბარსელონაში კონცერტი ჰქონდა.

-  ხატია, ყველას გაუკვირდა, როგორ გამონახეთ დრო და დათანხმდით "ნიჭიერის" ჟიურიში ყოფნას...

-  მე თვითონაც გამიკვირდა, როდესაც ნიკა გვარამიამ შემომთავაზა. დრო არ გამომინახავს, მაქსიმალურად შემიწყვეს ხელი და ჩემს თავისუფალ დღეებს დაამთხვიეს შოუს ჩაწერები. 

-  რა გამოცდილება გაქვთ ჟიურიში?

-  ჟიურის წევრობა არასოდეს მსიამოვნებდა და როდესაც მთავაზობდნენ, თუნდაც ჩემს სფეროში, ყოველთვის უარს ვამბობდი. რაც შეეხება შოუს ჟიურის წევრობას, ეს კიდევ სხვა რამეა. აქ რეალურად პროფესიონალსა და არაპროფესიონალს განვასხვავებთ, რაც ისედაც ნათელია. საბოლოოდ, მაინც ხალხი წყვეტს, ვინ არის ყველაზე ნიჭიერი. ეს არის შოუ, რომელიც სასიამოვნოა და მინდოდა, ხალხთან უფრო მეტი კონტაქტი მქონოდა, იმ ადამიანებთან, რომლებიც არ არიან ჩემი პროფესიის წარმომადგენლები. ისინი ხედავენ, რომ მათზე მაღლა თავს არ ვაყენებ. პირიქით, უფრო სასიამოვნო ხდება ურთიერთობა ვარსკვლავსა და ჩვეულებრივ მოქალაქეს შორის, რომელიც შეიძლება, ასევე ვარსკვლავი გახდეს. 

-  ერთ-ერთ ჩაწერას დავესწარი და ვნახე, როგორი ხართ ჟიურიში. თქვენ თითქმის ყველა კონკურსანტს ბოლომდე უსმენთ და უარყოფის ღილაკს არ აჭერთ ხელს. 

-  თუ ადამიანი მომზადებული მოვიდა და უნდა, ნომერი წარმოგვიდგინოს, პატივს ვცემ და ბოლომდე ვუსმენ, თუნდაც არ მომწონდეს.

-  ყველა კონკურსანტის მიმართ საკმაოდ თბილად ხართ განწყობილი...

-  ზოგადად თბილი ვარ (იღიმება). მივიჩნევ, რომ უნიჭო ადამიანი არ არსებობს. ყველა მათგანს აქვს ნიჭი, რომელიც უნდა განავითარო. არ მინდა, მათ ტრავმა მივაყენო, რადგან ტრავმირებული ადამიანი ვერაფერს აღწევს ცხოვრებაში და გაბოროტებულია. ვცდილობ, ის კარგი მხარე დავინახო, რომელიც აქვს და როგორც ჟიურის წევრმა, ამაზე მივუთითო. 

-  თქვენს ცხოვრებაში თუ უცდიათ ჟიურის ან კოლეგებს ტრავმის მოყენება?

-  კონკურსებზე კი, ხშირად დავუჩაგრივარ კიდეც. ცხოვრებაშიც... ჩემს უფროს კოლეგებსაც უცდიათ ტრავმის მოყენება, მაგრამ ეს უფრო მაძლიერებდა და არასოდეს გავბოროტებულვარ იმ ადამიანებზე.

-  სიძლიერე წლებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას მოაქვს, თქვენ ჯერ პატარა ხართ. ეს თვისება თანდაყოლილია?

-  რა თქმა უნდა, სულიერი სიძლიერე ოჯახიდან მოდის და იქიდან, თუ რა ფასეულობებზე იზრდები. როდესაც გეუბნებიან, რომ არა უშავს, დღეს თუ წაიქცევი, ხვალ ისევ ადგები, უკვე რაღაც სიძლიერეა, თუნდაც ოჯახთან ახლოს აღარ ცხოვრობდე. ზოგს აქვს შინაგანი სიძლიერე ან განსხვავებული სამყარო. თუ გარეთ ისეთი რაღაც ხდება, რომ არ გსიამოვნებს, ჩაიკეტები და თავს ინუგეშებ. ამანაც ხელი შემიწყო - ჩემმა სამყარომ, რომელიც სხვისთვის შეიძლება, სულაც არ იყოს საინტერესო. მე მგონია, რომ უფრო მეტი გამოცდილება მქონდა სირთულეების დასაძლევად, ვიდრე საჭირო იყო ამ ასაკისთვის. ჩემი პროფესიაც მწვრთნის, მუდმივად ფორმაში ყოფნას მოითხოვს, ასევე საშინელ შრომას, დისციპლინას. 

-  ახლა "ნიჭიერის" ჩაწერაა, ჟიურის წევრებზე მინდა გკითხოთ, იცნობდით მათ კონკურსამდე?

-  იას საერთოდ არ ვიცნობდი. ნიკასა და გეგას რამდენიმეჯერ შევხვდი, მაგრამ ეს არ იყო მეგობრობა. სამივეს მიმართ დიდ პატივისცემას და სიყვარულს ვგრძნობ. განსხვავებული ადამიანები არიან. არის შემთხვევები, როდესაც ერთმანეთს არ ვეთანხმებით. ოთხივე დამოუკიდებელი ადამიანი ვართ. 

-  იასა და თქვენს მსუბუქ კინკლაობას რამდენად ხშირად ვიხილავთ ეთერში?

-  (იცინის) სკანდალები არ იქნება, ამით თქვენს მკითხველს ვერ გავახარებ. აქამდე მსგავსი არაფერი ყოფილა, მაგრამ ლაივშოუებში რა იქნება, არ ვიცი. მე და ია განსხვავებული ადამიანები ვართ, მაგრამ ორივე ჩვენს საქმეში რეალიზებულები, ამიტომ არ გვაწუხებს იმის ამბიცია, რომ ერთმანეთს რამე დავუმტკიცოთ. მე არ მაქვს ქალებთან პრობლემა, თუ თავად არ დაიწყეს. ეს ალბათ სულელ ქალს უნდა დაემართოს, თორემ ძლიერი და ჭკვიანი ქალი ამას არასოდეს გააკეთებს. მიხვდება, რომ ჩემთან ასეთი რაღაც არ გამოუვა. იაც ჭკვიანი ქალია (იღიმის). ხომ არ­სებობს ქალური შური, ეს ჩემში არ არის. ადამიანებს ინ­დივიდებად აღ­ვიქვამ და პრ­­­ო­ფესიული ურთიერთობის დროს გენდერ­ულ განსხვავებას არ ვახდენ.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება