რატომ თქვა დიმიტრი ტატიშვილმა სამხედრო კარიერაზე უარი

რატომ თქვა დიმიტრი ტატიშვილმა სამხედრო კარიერაზე უარი

მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია. წლებია, მისი ხმა ტელეეკრანებიდან გვესმის. ახლახან "ახალი ხმის" მეორე სეზონში ანი იმედაშვილთან ერთად გადაცემის წამყვანადაც მოგვევლინა. არ უყვარს ადამიანების ქება და არც ის, როცა მას აქებენ. ეცინება სადღეგრძელოებზეც, ადრე ხშირად უწევდა თამადობა, მერე მოჰბეზრდა, ახლა იშვიათად უწევს სუფრის გაძღოლა და უფრო მეტად 5-6 ახლობლის წრეში ყოფნა სიამოვნებს, სადაც არავითარი გადაპრანჭული და მოგონილი სიტყვების ლაპარაკი არ უწევს. წარმოშობით სამი მეოთხედი ქართლელია და ერთი მეოთხედი ქიზიყელი. პირდაპირობა, "ღია" ურთიერთობები უყვარს და ასეთი ცხოვრება ურჩევნია, რადგან ქვეტექსტებით, "ქვედა დინებებით" ლაპარაკი სცენაზე და კამერების წინაშეც ჰყოფნის...

უალტერნატივო პროფესია თუ სამხედრო კარიერა?!

46 წლის წინ თბილისში უზნაძის, ყოფილი კამოს ქუჩაზე მდებარე სამშობიაროში დაიბადა. სანამ სკოლაში სიარულს დაიწყებდა, დიდუბეში წერეთლის ქუჩაზე ცხოვრობდნენ, შემდეგ გაფართოების მიზნით იქვე გადავიდნენ - სოხუმის ქუჩაზე.

მშობლები - გიორგი ტატიშვილი და ზეინაბ ზალდასტანიშვილი მსახიობები გახლდნენ და მარჯანიშვილის თეატრში მუშაობდნენ. მათ შორის ათი წელი იყო ასაკობრივი სხვაობა. დიმიტრი ძალიან დიდ დროს ატარებდა თეატრში და თავადაც სხვა პროფესიაზე არასოდეს უფიქრია. მამამისს სურდა, შვილს შედარებით სტაბილური და "დალაგებული" საქმე აერჩია, ვთქვათ, როგორიც იყო იურისტის პროფესია. ეუბნებოდა, დაკვირვებული ხარ და გამომძიებელი გამოდიო, მაგრამ ეს თავად არ ისურვა. ჰქონდა სხვა არჩევანიც. სამხედრო სავალდებულო სამსახურში ყოფნისას, ერთი წლის შემდეგ, სამხედრო კარიერის მოწყობა შესთავაზეს, სამხედრო სასწავლებელში უგამოცდოდ მიიღებდნენ, ორი წლის შემდეგ ლეიტენანტი გახდებოდა და საბჭოთა კავშირის არმიის ოფიცერიც, მაგრამ უარი თქვა. დღეს მიიჩნევს, რომ არა მსახიობი, სამხედრო იქნებოდა.

"მიმაჩნია, რომ ერთ-ერთი ყველაზე ღირსეული პროფესიაა კაცისთვის. იმაზე კარგი რა უნდა გააკეთო, რომ სამშობლო დაიცვა?! მაგრამ მაშინ საბჭოთა კავშირის პერიოდი იყო, კერძოდ, 1986 წელი და იმ დროს ძალიან ცოტა თუ იფიქრებდა, რომ ოთხ წელიწადში მოხდებოდა ის, რაც მოხდა... ამიტომ საბჭოთა ჯარში ოფიცრობა დიდად არ მიტაცებდა. მაშინ 19 წლის ვიყავი. ფიზიკურად ნორმალურად მომზადებული. ახლა ვარ გამხდარი, თორემ მაშინ უფრო ჯანზე ვიყავი, როგორც იტყვიან, და კარგ სპორტულ ფორმაშიც. თუმცა არც ახლა ვუჩივი ჩემს ფიზიკურ კონდიციებს, ალბათ ასაკის შესატყვისი არის"... - ნახევრად ხუმრობითა და ღიმილით ამბობს და ბავშვობის გახსენებაზე ვინაცვლებთ.

ნაბოლარა ოჯახში და რიცხვი 46

12 წლის იყო, როცა დედა დაეღუპა. ამან, რასაკვირველია, დაღი დაასვა მასაც და მის ოჯახსაც. ძალიან ღიზიანდებოდა, როცა ამის გამო ვიღაცას ეცოდებოდა. არც ის სიამოვნებდა, როცა მშობელთან დაკავშირებულ კომპლიმენტებს ამბობდნენ და დედის შესახებ რაღაც ამბების გახსენებას იწყებდნენ. დედმამიშვილი ერთი ჰყავს, უფროსი და - სოფიკო. მამის მხრიდან კიდევ ჰყავს ერთი და - მაია, ისიც მასზე რამდენიმე წლითაა დიდი. მაია მისი კოლეგაა, ანუ მსახიობი, ხოლო სოფიკო ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტია.

დედის გარდაცვალების შემდეგ რამდენიმე წლის განმავლობაში ბებიასთან, ანუ დედის დედასთან ცხოვრობდა. დღესაც არ სურს, ხალხს შეეცოდოს, მაგრამ დალხენილი ბავშვობა რომ არ ჰქონდა, ეს ფაქტია. თან დედის გარდაცვალებას რამდენიმე წელიწადში მეორე ტრაგედია მოჰყვა და ამაზეც ოდნავ მოგვიანებით გეტყვით.

სკოლაში ჩვეულებრივი მოსწავლე იყო. სწავლა იმ დონეზე ეზარებოდა, როგორც სხვა ბიჭებს. შატალოზეც დადიოდა, თამაშობდა ფეხბურთსა და კალათბურთს, მაგრამ სულ იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა. სკოლის დამამთავრებელი გამოცდები ჩააბარა, უმაღლესში ჩასაბარებლად სულ რამდენიმე დღე იყო დარჩენილი. სკოლის ბანკეტი ჰქონდათ და მესამე დღეს მამა გარდაიცვალა. ორივე მშობლის გარეშე დარჩა, ორ ივლისს მამა დაკრძალა და ხუთში თეატრალურ ინსტიტუტში მისაღები გამოცდების პირველ ტურზე მივიდა. არ ღელავდა, მეტიც, არ ადარდებდა, რა მოხდებოდა, ანუ ინსტიტუტში ჩაბარების თანდაყოლილი ღელვა, როგორც აბიტურიენტთა უდიდეს ნაწილს, მას არ უგრძნია.

"...ჩემთვის სულერთი იყო, რა მოხდებოდა, ინსტიტუტში მოვხვდებოდი თუ ვერ მოვხვდებოდი. კარგად არც კი მახსოვს ის პერიოდი. მამაჩემი რომ გარდაიცვალა, ვერ მივხვდი, რატომ მექცეოდა ასე სასტიკად განგება... თუმცა, ყოველთვის მჯეროდა, რომ რაღაც უკეთესი წინ მელოდა. გამოუსწორებელი ოპტიმისტი ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ახლაც ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მომავალში უფრო ბევრი კარგი რამ მოხდება, ვიდრე დღეს. ეს შეგრძნება სულ მქონდა, ეს ჩემთვის არავის უსწავლებია. კი, ადამიანური უბედურებაა, რომ დედა ახალგაზრდა გარდაიცვალა, შემდეგ მამაც, მაგრამ გონებაში არასოდეს დამიშვია, რომ ამით ჩემი ცხოვრება მთავრდებოდა"...

როგორც წესი, ნაბოლარა შვილს ოჯახი ანებივრებს, მაგრამ მის შემთხვევაში ასე ვერ მოხდა. დიმიტრი რომ გაჩნდა, მამამისი 46 წლის იყო, გარდაცვალებისას კი 62-ის. დედა 46 წლის გახლდათ, როცა ხუთწლიანი ავადმყოფობის შედეგად ხელიდან გამოეცალათ. "დედას სიმსივნე ჰქონდა და რამდენიმე წელი მკურნალობდა. ძალიან გაწვალდა. ახლა რომ ვფიქრობ, ჩემხელა იყო, როცა გარდაიცვალა... მე კიდევ მგონია, რომ ისევ პატარა ბიჭი ვარ, არადა, ჭაღარა შემერია, წვერი რომ მოვუშვა ხომ საერთოდ, თითქმის სულ თეთრი ვარ"...

თეატრალურიდან-თეატრამდე და "მისი" ავტორიტეტები

თეატრალურ ინსტიტუტში უცხო გარემო არ დახვედრია. იმ წელს მიშა თუმანიშვილმა ორ ადამიანს დაუწერა ოთხიანი და ერთ-ერთი დიმა იყო. პირველ ტურზე რომ გავიდა, ცხადია, პირადი ტრაგედიის გამო არც ემღერებოდა და არც ეცეკვებოდა, შესაბამისად, როცა ჰკითხეს, რას გვიმღერებო, არაფერსო - უპასუხა. ხომ უნდა გაეგოთ, სმენა ჰქონდა თუ არა და ამიტომ მაინც წავიდა დათმობაზე, "ჟუჟუნა წვიმას" წამღერებამ მოუწია. ამის გამო, ცოტა არ იყოს, გაღიზიანდა, მაგრამ ასე მეორე ტურში გადანაცვლება შეძლო. მომდევნო გამოცდაზე ეტიუდიც შეასრულა, მესამე ტურში აღმოჩნდა და საბოლოოდ დიდი მაესტროს სიმპათიაც დაიმსახურა. განსაკუთრებული ბედნიერების განცდა არ დაუფლებია იმის გამო, რომ სტუდენტი გახდა, თითქოს ყველაფერი ისე მოხდა, როგორც უნდა მომხდარიყო.

კოლეგები საკმაოდ მოწესრიგებულ პიროვნებად მიიჩნევენ და არამხოლოდ ისინი. ამას შემდეგნაირად ხსნის: "პროფესიაში მოწესრიგებული ვარ, რადგან ასე რომ არ იყოს, ჯერ ერთი - საკუთარ თავს ვავნებ, როგორც მინიმუმ და მეორე - იმ შედეგს ვერ მივიღებ, რაც მინდა. რეპეტიციაზეც დროზე უნდა მიხვიდე, კონცენტრირებულად იმუშაო და ასევე უნდა იქცეოდე გადაღებებზე". ეს მისი პლუსია და ახლა ველოდები, რას მეტყვის მინუსებზე. ალბათ ბევრი მინუსი მაქვსო, ამბობს, მაგრამ არ აკონკრეტებს.

იხილეთ სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება