რას ერჩის რეპერი "მასტერი" მაია ასათიანს, ია ფარულავას და სხვა ცნობილ ქართველებს

რას ერჩის რეპერი "მასტერი" მაია ასათიანს, ია ფარულავას და სხვა ცნობილ ქართველებს

რეპერმა მასტერმა (გიორგი პავლიაშვილი) ახალი ვიდეორგოლი Tbilisi City II შექმნა. ის, რომ თავისი ნამუშევრებით ყოველთვის დაუფარავად ამბობს საჭირბოროტო საკითხებზე სათქმელს, სიახლე არ არის და არც ამჯერად გაექცა რეალობას, ოღონდ, ამ ამბის მთავრი სიახლე ის არის, რომ კლიპი აიფონით გადაიღო.

- ბოლო დროს რეპერებიდან შენ და ბერა აქტიურობთ. არ მეთანხმები?

- ალბათ, კი. შეიძლება, სხვებიც აქტიურობენ, მაგრამ ჩვენი საქმიანობა ჩანს...

- ოღონდ, თქვენ შორის "მცირედი" სხვაობაა - შენ უფულობის გამო კლიპს ტელეფონით იღებ, მას ეს პრობლემა არ აქვს...

- ცხოვრებაა ესეთი, ეს არავის ბრალი არ არის. ზოგს აქვს, ზოგს არ აქვს; ვისაც აქვს, ხომ არ გადაყრის იმის გამო, რომ ვიღაცას არა აქვს? ელემენტარული საკითხია. ეს სპეკულაციის საგანი არ უნდა იყოს.

- ბოლო კლიპით, რომელიც ტელეფონით არის გადაღებული, ამბობ, რომ არც ირონიაა და არც - პროტესტი, უბრალოდ რასაც ფიქრობ ამა თუ იმ საკითხზე, კლიპში იმას ამბობ...

- ყოველთვის ასე იყო, ვფიქრობ, რომ ჩემი რეპის მთავარი ხიბლიც ეს არის, რასაც ვხედავ, იმას ვამბობ, - ამას მსმენელი ჩემი სიმღერების მოსმენის შემდეგ კომენტარებში აღნიშნავს. იმაზე ვერ გავრეპავ, რომ "ფერარი" მყავს და ყოველდღე მეგობრებთან ერთად ვერთობი, რადგან ასე არ არის. რაც რეალობაა, იმას ვამბობ...

- რას იტყვი, საქართველოში აგრესიული რეპი რატომ ვერ იკიდებს ფეხს?

- ალბათ იმიტომ, რომ ისედაც ბევრი აგრესია მოდის ტელევიზორიდან, ახალი ამბებიდან, პოლიტიკიდან, ურთიერთობებიდან და მუსიკალური აგრესია უკვე ეზედმეტება ხალხს.

- "არ დაიჯერო, რომ თალიბები გვებრძვიანო", - აღნიშნავ შენს ახალ კლიპში... ამით რისი თქმა გინდა?

- ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ვიდეო, რომელიც გავრცელდა, არ იყო თალიბების ატვირთული და მასში სულ სხვა მხარე იყო ჩართული, თუ რომელი? ვინ? ეს არ ვიცი, მაგრამ თალიბები, რომ არ იყვნენ, ამას ნამდვილად ვამბობ...

- შენი ახალი კლიპით ირკვევა, რომ პარლამენტარობა "გდომებია", ეს სიმართლეა?

- პარლამენტარობა არ მინდა და ამაზე არც მიფიქრია. ჩემი პარლამენტი ჩემი სტუდიაა, დეპუტატები ჩემი მსმენელი, ტრიბუნა - ჩემი სიტყვა და სიმღერაა... მე მაქვს ჩემი პარლამენტი და კონსტიტუციაც შესაბამისად ჰიპ-ჰოპზეა აგებული. ასე რომ...

ამით იმის თქმა მინდოდა, რომ პარლამენტარობა შეიძლება, გადაიფიქრო კაცმა იმიტომ, რომ შორს არის დედაქალაქიდან, თუ აქ ცხოვრობ ოჯახით, ბავშვებით, შორს მოგიწევს გადასვლა, რაც შეიძლება არ გიღირდეს...

- ისე, პარლამენტარი რომ იყო, რას იზმადი?

- ავკრძალავდი "ფეისბუქს" და სოციალურ ქსელს, დავტოვებდი "გუგლის", "იმეილს" და იმ საიტებს, რომლებიც ადამიანს განათლების და ინფორმაციის მოძიებაში ეხმარება... ამით მოვახდენდით კულტურულ "რევოლუციას", მეგობრები ყოველ საღამოს ერთად, სადმე მყუდროდ იქნებოდნენ შეკრებილები და მონატრებას "ფეისბუქით" აღარ მოიკლავდნენ. ეს ნახევრად ხუმრობით, თუმცა ნახევრად...

- ყოფილი მინისტრის (სოლომონ პავლიაშვილი) შვილი ხარ. თან, პროფესიით - იურისტი და ბიზნესადმინისტრატორი. რეპერობა რატომ მოგინდა?

- ამერიკაში ვსწავლობდი და იქ ვეზიარე აფროკულტურას. შემიყვარდა ეს მიმდინარეობა და ვგრძნობ, რომ ჩემია. განათლება განათლებაა, საყვარელი საქმე საყვარელი საქმე... მიყვარს რეპი, მუსიკა, სოული, ჯაზი და არა მარტო ქართული ხალხური სიმღერები, ჰამლეტ გონაშვილი, გოგი ცაბაძე, ნანი ბრეგვაძე, ინოლა გურგულია და ასე შემდეგ.

- ვიდეოჯარიმა მართლა ბევრი მოგდის? კანონმორჩილი ადამიანი არ ხარ?

- კანონმორჩილი ვარ, მაგრამ ვიდეოჯარიმა სამწუხაროდ, ბევრი მოსულა. არ ვიცოდი, თუ 70-ზე მეტით არ შეიძლებოდა, ზოგიერთ ადგილას მოძრაობა. არადა, სწრაფად არ დავდივარ.

- სერიალის - "ჩემი ცოლის დაქალებისა" და გადაცემა "პროფილის" ფანი ხარ? რატომ დაგჭირდა ამ ორი პროექტის შენს კლიპში ხსენება?

- კლიპში იმ ყველაფერს ვახსენებ, რაც თბილისში პოპულარულია. "ჩემი ცოლის დაქალებს" ვუყურებ. არ დავმალავ,, რომ საინტერესო სერიალია, მაგრამ ძველი კატო მომწონდა და ამიტომაც გავუსვი ამას ხაზი კლიპში - კადრებში ნინო გაჩეჩილაძე ჩავსვი, - გვენატრება მაყურებელს... მაიაც ძალიან პოპულარულია და "პროფილი" ვახსენე. ვამბობ, რომ იქნებ მაია ასათიანი ამ მისამღერით მაინც იყოს კმაყოფილი და მიგვიწვიოს-მეთქი. ისე, არ მესმის, რატომ უნდა მიიწვიო ადამიანი სტუდიაში მარტო იმიტომ, რომ გაიხადა, "რელსებზე" დაწვა და შიშველი ფოტოები გადაიღო...

- ია ფარულავას გათხოვების ამბავიც არ გამოგრჩა და შენს ნამუშევარში ამ ფაქტს ადგილი მიუჩინე... ის კი არა, ხალხს გულით ულოცავ ამ ფაქტს...

- ჩემმა მეგობარმა ''ფეისბუქზე'' დაწერა: ია ფარულავა გათხოვდა, გილოცავთ! ეს მოხდა სიმღერის წერის მომენტში და ეს ამბავიც უბრალოდ ჩავსვი, არაფერი პირადული, ირონიული. ვულოცავ ყველას, ვისაც გაუხარდა...

- ქართველ ტუჩებდაბერილ გოგოებს, "ისტაგრამზე" რომ პოზირებენ, რას ეტყოდი?

- იპოზიორონ, არ არის პრობლემა, ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, უბრალოდ, ჩემი მოწოდება იქნება, ნაკლებად გაშიშვლდნენ, რადგან ასეთ შემთხვევაში პირადად მე, ყოველგვარ ინტერესს მიკარგავენ. ჯობია თვითონ გავხადო, ვიდრე ყველას დასანახავად თავადვე გაიხადონ...

- შეწუხებული ხარ ქართველების უცხოეთში გადინებით, განსაკუთრებით გაღელვებს ჩინეთში წსული ქართველი ქალების ბედი...

- ამას კონკრეტული, მარტივი მიზეზი აქვს და კლიპში ვამბობ პირდაპირ: "ვის დავურეკო, როცა ყველა გოგო ჩინეთშია". ვისთანაც ურთიერთობა მქონდა, იქედან 7 გოგოა ჩინეთში...

- და არც იმის აღნიშვნა გავიწყდება, რომ ბოლო დროს ქართველები თურქულმა სერიალებმა დაატყვევა...

- უბრალოდ ყველა არხზე, რომ თურქული სერიალები "ტრიალებს" და თითო სერიაში 1230-ჯერ ამბობენ, ალაჰმა დაგლოცოსო, "არამიზანშეწონილი" მგონია (კარგი სიტყვა მოვიგონე "არამიზანშეწონილი", იმედია, სწორად გამიგებს მკითხველი)...

- გაწუხებს ისიც, რომ ჟურნალ "სითის"'ყურადღება ვერ მიიპყრე? ვითომ მაგ ჟურნალის "ფორმატში" ჯდები?

- რატომ არ უნდა ვჯდებოდე, რით ვარ ცუდი სასიძო, ჰაჰაააა? საინტერესოა, ფორმატს ვინ ადგენს. იცი, როგორ არის ეგ საქმე? თუ ვინმეზე უნდათ, იტყვიან, "ფორმატია" თუ არ უნდათ, იტყვიან, "უი, არ არის ფორმატი".

ცოლის მოყვანას ჯერ არ ვაპირებ, და თუ დავაპირებ, არა მგონია, ძალიან გამიჭირდეს, თუმცა "სითი" კარგი ჟურნალია, მომწონს...

- დაბოლოს, ახალი კლიპით რისი თქმა გინდა?

- იმის, რაც ვთქვი, მგონი, ჩემი სათქმელი ყოველთვის პირდაპირია და არა ირიბი. დადეთ ინტერვიუსთან ერთად ჩემი ახალი სიმღერა და არა მგონია, ვინმეს რაიმე ზედმეტი კითხვა გაუჩნდეს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ვიდეო

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება