თამუნა მუსერიძე - ჯოჯოხეთის ცეცხლში ისედაც ვიწვებით და დამატებით ნავთის მისხმა აღარც გვჭირდება

თამუნა მუსერიძე - ჯოჯოხეთის ცეცხლში ისედაც ვიწვებით და დამატებით ნავთის მისხმა აღარც გვჭირდება

ტელე-რადიოწამყვანმა თამუნა მუსერიძემ დაბადების დღე მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა და იმავე მეგობრებისგან საჩუქრად, სტრიპტიზის მოცეკვავე მამაკაცის ეროტიკული ცეკვა მიიღო. ამ კადრებმა მაყურებლის ნაწილი შოკში ჩააგდო და თამუნა მუსერიძე კრიტიკის ქარცეცხლში გაახვია. "ამბები.გე" იუბილარს დაუკავშირდა.

- დაბადების დღეზე სამჯერ მეტი სტუმარი გეწვია. ეს როგორ მოხდა?

- ზოგი თავისით მოვიდა, ზოგი ვიღაცას მოჰყვა, იყვნენ ისეთები, რომლებმაც დამირეკეს და მკითხრეს, არ გვეპატიჟებიო? სასიხარულო ის არის, რომ ამდენმა ადამიანმა დამაფასა და ყურადღება მომაქცია.

- მოკლედ, დიდი შოუ მოაწყვე, მაგრამ ეს ყველაფერი საზოგადოების ნაწილმა დადებითად არ შეაფასა. რას იტყვი ამაზე?

- ალბათ იმიტომ, რომ ისინი იქ არ იყვნენ... სამარცხვინო ის კი არ იყო, რომ მეგობრებმა დაბადების დღეზე სტრიპტიზიორი მამაკაცი მომიყვანეს, არამედ ის, რომ ამდენი წელია, ტელევიზიაში ვმუშაობ (სამი წელია, "საზოგადოებრივ მაუწყებელზე" სერიოზული გადაცემა მიმყავს) და მაინცდამაინც ხმამაღალი სათაურის მქონე ვიდეოსა და შიშველი სხეულის დემონსტრირება იყო საჭირო, რომ ხალხს ჩემ მიმართ ამხელა ყურადღება გამოეჩინა. 

გუშინ, "ფეისბუქზე" იმდენი მწერდა და ისეთი ამბავი იყო ატეხილი, გავოცდი. არ დარჩა ადამიანი ასაკის, სქესის, შეხედულების, სამსახურის მიუხედავად, რომ არ შემხმიანებოდა. სამწუხაროა, რომ მხოლოდ მას მერე, რაც ეს ვიდეო "პალიტრა ტვ.გე"-ზე განთავსდა, ადამიანებმა მიცნეს... მანამდე სად იყვნენ? ის, რომ ტელევიზიაში სერიოზული გადაცემა მიმყავს, ეს საინტერესო არ არის? მაგრამ, როგორც ჩანს, შიშველი სხეული უნდა დაენახათ, რომ ყურადღება მოექცათ...

- ვიდეოს კომენტარებში წერდნენ, ეს არის ქართველობა? სად მიდის საქართველოო, რას ეტყვი ამ ადამიანებს?

- მართალია, უმეტესობა უარყოფითი კომენტარი იყო, რაც გასაგებია, მაგრამ პირველ რიგში, ის უნდა გაითვალისწინონ, რომ ეს დახურული საღამო იყო, სადაც მხოლოდ ახლობლები იყვნენ მოწვეულები. ვიღაც იკითხავს, - თუ ასე იყო, მაშინ იქ ჟურნალისტს რა უნდოდაო? მე ჟურნალისტებთანაც ვმეგობრობ...

მერე ვიღაც წერდა, რომ თუ დახურული საღამო იყო, რატომ გაშუქდაო. გაშუქდა იმიტომ, რომ ჟურნალისტმა ზუსტად იცოდა, რომ ამ ვიდეოს მაღალი რეიტინგი ექნებოდა.

ის სტრიპტიზიორი ბიჭი, ვინც ჩემს დაბადების დღეზე იყო, კვირაში სამჯერ, ასე გამოძახებით, დახურულ ივენთებზე ცეკვავს. თვეში მინიმუმ 16 ქალთან მიდის, იმ ქართველი ქალბატონებისთვის არ არის პრობლემა? თუ ერთადერთი ვარ, ვინც შემამჩნიეს?! რადგან ისინი არ ჩანან და ამას დაფარულად აკეთებენ, მათთვის რა მოხდა მერე?

მაგრამ იცით, რაც დაფარულია, ვითომც არ ყოფილა და რაც საჯარო ხდება, იმაზე შეიძლება, იმის თქმა, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში უნდა დაიწვას! მართლა მწერდა ვიღაც, რომ ჯოჯოხეთის ცეცხლში ხარ დასაწვავიო... მგონი, ჯოჯოხეთის ცეცხლში ისედაც ვიწვებით და დამატებით ნავთის მისხმა აღარც გვჭირდება. ისე, სწორად მომწერა ჩემმა მეგობარმა: ბიჭის დაბადების დღე რომ ყოფილიყო და იქ სტრიპტიზიორი გოგო მიეყვანათ, ყველა იტყოდა, რა მაგარი იყოო...

თუმცა დადებითი კომენტარებიც იყო. ვიღაცები უცხოეთიდან მწერდნენ, გაგვიხარდა, რომ უკვე საქართველოშიც ხდება ასეთი რაღაცებიო...

- იმის შესახებ ინფორმირებული თუ იყავი, რომ სტრიპტიზის მოცეკვავეს შენთვის უნდა ეცეკვა?

- კი, ვიცოდი, რომ ეს ბიჭი უნდა მოსულიყო, მაგრამ ასე გულახდილად თუ იცეკვებდა, არ მეგონა... მერე ვიღაცები იმასაც წერდნენ, - შენმა ძმამ რომ ნახოს ეს ვიდეო, ამაზე არ გიფიქრიაო? მათ, ვისაც ეს აინტერესებს, ვეტყვი, რომ - ჩემი ძმა ლოგიკურად მოაზროვნე ადამიანია, რომელიც იქ იყო და ჩვენთან ერთად გაერთო. როდესაც ადამიანს აუხსნი, რომ ეს დაბადების დღის "საჩუქარია", ვერთობით და მოდი, შენც იმხიარულე, ისიც ნორმალურად შეხედავს ამას.

- გიორგი ნაზღაიძის ცეკვაც წინასწარ იყო განსაზღვრული?

- არა, ეს სპონტანურად მოხდა და ძალიან მოულოდნელი იყო... გიორგის ისეთი არაფერი ჩაუდენია, რომ ხალხის უარყოფითი ემოცია გამოეწვია.

- საერთოდ, დაბადების დღეს როგორ იხდი ხოლმე?

- დაბადების დღეს ისე ვიხდი, როგორც ეს დაბადების დღე გადავიხადე, ოღონდ, იქ სტრიპტიზიორი არასოდეს ყოფილა...

- ზოგადად, რა იყო ეს დღე შენთვის, როგორ შეაფასებ?

- მოვიდა ბევრი ჩემი მეგობარი, ვიმხიარულეთ. ვიმღერე. სიმღერა სპეციალურად "ბრავო რეკორდსში" ჩავწერე, ზაზა შენგელია დამიკავშირდა და მითხრა, - დაბადების დღისთვის საჩუქარი უნდა გაგიკეთოო და მის სტუდიაში 2 სიმღერა ჩავწერე. გარდა ამისა, იყვნენ შოუბიზნესის წარმომადგენლები... მერე სტრიპტიზიორთან კონფლიქტი ერთ-ერთ კლუბში მყოფს მოუხდა, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერი იქვე ჩაიფარცხა.

მესმის, რომ საქართველოსთვის მიუღებელია ასეთი ივენთები და მზად არ ვართ მსგავსი დაბადების დღე-შოუებისთვის, მაგრამ კარგი ის არის, რომ იმ კლუბის არსებობის შესახებაც ბევრმა გაიგო. სხვათა შორის, იქ ვმუშაობ - საღამოები მიმყავს, ივენთებს ვაწყობ და არა სტრიპტიზ-შოუებს. ამ დღის შემდეგ "ფეისბუქზე" ბევრი კარგი ადამიანი გავიცანი, თბილი სიტყვები მომწერეს, მხარში დამიდგნენ. მაგრამ ერთი რამ არ მესმის, ჩვენ ხომ გეზი ევროპისკენ გვაქვს აღებული? მაშინ ასეთი შოუ ისე მივიღოთ, როგორც საჭიროა და არა როგორც გარყვნილება. თუ ასე არ არის და აზიელები ვართ, ესეც უნდა ვიცოდეთ და შემდეგ დაბადების დღეზე დღესკოდად ჩადრს გამოვაცხადებთ და ყველა ჩადრით შემოსილები შევიკრიბებით...

- 2 სიმღერა ჩავწერეო, - აღნიშნე. პროფესიულ სცენაზე ასვლას აპირებ?

- არა, ნამდვილად. სტუდიაში რომ მივედი, სირცხვილით სად შევმძვრალიყავი, არ ვიცოდი. პეკემ, ხმის რეჟისორმა მითხრა, ნუ ნერვიულობ, ყველაფერი კარგად იქნება, ისეთი ხმები მაქვს მოსმენილი, რომ შენი მონაცემები მათთან არც განიხილებაო. მოკლედ, დავაწყნარებ საზოგადოებას, რომ სიმღერას ნამდვილად არ ვაპირებ და არც ვინმესთვის კონკურენციის გაწევას.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება