სამხედრო უნიფორმაში სუსტი სქესის წარმომადგენლებს მსოფლიოს მრავალ არმიაში იხილავთ. თუმცა, ალბათ, ისრაელი მსოფლიოში ერთადერთი სახელმწიფოა, სადაც ქალს შეიარაღებული ძალების ნებისმიერ სახეობაში ნახავთ. ნებისმიერ სახეობაში ტანკისტობაც იგულისხმება. 8 თვის განმავლობაში, სამხედრო ფორმაში გამოწყობილი 17-18 წლის ებრაელი გოგონები სპეციალურ სასწავლო პროგრამას გადიან და მრავალტონიან მუხლუხა საბრძოლო მანქანებზე დამიზნებას, ზუსტ სროლას, ჭურვების დატენვას, ტანკის მართვას და მის შეკეთებასაც კი სწავლობენ.

მოქმედი წესით, ისრაელის არმიაში საბრძოლო სატანკო ნაწილებში ქალებს სამსახური ეკრძალებათ - მეთაურობის აზრით, დახურულ სივრცეში ხანგრძლივი ყოფნა, მძიმე ჭურვების თრევა და სხვა ფაქტორები, ქალების ჯამრთელობაზე უარყოფითად აისახება.

სამხედრო სავალდებულო სამსახურს ისრაელის ყველა მოქალაქე გადის. მამაკაცებმა 36, ქალებმა კი 24 თვე უნდა იმსახურონ. 8 თვიანი კურსის დასრულების შემდეგ, ებრაელი ტანკისტი ქალები ინსტრუქტორების წოდებას იღებენ და ტანკის საბრძოლო გამოყენებას უკვე სხვებს - ახალწვეულ მამაკაცებს ასწავლიან.

მანამდე კი გოგონები ინტენსიურ მომზადებას გადიან. კურსის უმეტესი ნაწილი საველე პირობებში ტარდება, სადაც თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობები ერთმანეთს ენაცვლება. სუსტი სქესის წარმომადგენლები ტანკს და მასთან დაკავშირებულ ყველა ნიუანსს დეტალურად სწავლობენ. სწავლებები როგორც დღის, ასევე ღამის პირობებში და ნებისმიერ ამინდში ტარდება. განსაკუთრებული ყურადღება გუნდურ მუშაობასა და ბრძოლისას სიტუაციის რეალურად შეფასების უნარის გამომუშავებას ეთმობა.

ებრაულ ტანკ "მერკავას“ ეკიპაჟი ოთხი კაცისგან შედგება - მეთაური, მემიზნე, მძღოლ-მექანიკასი და დამტენი. სასწავლო კურსის დასაწყისში ჩატარებული განაწილებით, ყოველი გოგონა საკუთარ სპეციალობას ღებულობს და წვრთნის დროს მხოლოდ ეკიპაჟის კონკრეტული წევრის ხელობას ეუფლება. თუმცა ტანკის საერთო აღწერილობა, მისი საბრძოლო შესაძლებლობების, მოვლისა და რემონტის ცოდნა ყველასთვის სავალდებულოა.

კურსის ფარგლებში, თეორიული მეცადინეობების დასრულებასთან ერთად, გოგონები პრაქტიკულ ნაწილზე გადადიან. ტრენაჟორებისა და სპეციალური სიმულატორების შემდეგ, მომავალი ინსტრუქტორები ტანკებში თავიანთ ადგილებს იკავებენ და პოლიგონზე გადიან. ტანკის ექსპლუატაციის და საბრძოლო გამოყენების მეთოდების ათვისებასთან ერთად, ეწყობა სასწავლო სროლები რეალური საბრძოლო ჭურვების გამოყენებით, ტარდება ბრძოლებისა და ტანკების შერკინებების იმიტაციები.

რვათვიანი ინტენსიური მომზადების შემდეგ, სუსტი სქესის წარმომადგენელი ებრაელი ტანკისტები საკვალიფიკაციო ტესტებს აბარებენ და წარმატების შემთხვევაში, შესაბამის სამხედრო წოდებასა და ტანკისტ-ინსტრუქტორის თანამდებობას იღებენ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ fresher.ru-ის მიხედვით.