ვინ არის სალომე ჭაჭუას ფავორიტი ვარსკვლავი

ვინ არის სალომე ჭაჭუას ფავორიტი ვარსკვლავი

სალომე ჭაჭუა რომ პროფესიონალი და წარმატებული მოცეკვავეა, ამის მტკიცება არ სჭირდება. ის უკვე მესამე სეზონია, პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს და მაყურებლის მოხიბვლას ცდილობს. თუმცა, ძლიერი პარტნიორი მხოლოდ ერთხელ, და ისიც II სეზონზე გიორგი ვარდოსანიძის სახით შეხვდა, რომელმაც ფინალამდე მიაღწია.

სალომეს ცოტა ხნის წინ სარეპეტიციო დარბაზში გავესაუბრეთ, როდესაც თავის მეწყვილეს, ანატოლი ბოისას ელოდებოდა...

- რას გვეტყვი, როგორ მიაღწიე წარმატებას?

- პირველ რიგში, შრომითა და ბევრი ვარჯიშით...

- რამდენი წლის ხარ?

- ახლახან 23 წლის გავხდი...

- უფრო მეტის მეგონე...

- ჰო, ყველას ასე ჰგონია... რისთვისაც აქამდე მიმიღწევია, სულ ჩემი შრომით. მადლობა ღმერთს, რომ ზარმაცი არ ვარ... ამიტომ, მინდა, რომ კიდევ ბევრი ვიცეკვო და წინ წავიდე... სხვათა შორის, ცეკვა გვიან, 13 წლისამ დავიწყე. მშობლებს ვეხვეწებოდი, - ცეკვაზე მიმიყვანეთ-მეთქი, მაგრამ რატომღაც თავს იკავებდნენ. მერე როგორღაც გადაწყვიტეს და შემიყვანეს. სამეჯლისო ცეკვები ისე მომეწონა, იქიდან აღარც წამოვსულვარ... ცეკვა ფანატიკურად მიყვარს...

- რომ არა ეს პროექტი, ალბათ, ასე მასობრივად არავინ გაგიცნობდა...

- ასეა, რადგან ეს ცეკვები აქამდე ასეთი პოპულარული არ იყო. რომ არა "ცეკვავენ ვარსკვლავები", ფართო საზოგადოება ვერ გამიცნობდა. მარტო მე კი არა, სხვა მოცეკვავეებსაც.

მიხარია, რომ სამეჯლისო ცეკვები ასეთი პოპულარული გახდა. უკვე იმდენი ადამიანი ინტერესდება ჩვენი პროფესიით, რომ გაოცებული ვარ. ყველა მეორეს სამეჯლისო ცეკვების შესწავლა უნდა.

- მაგრამ ისე ხდება, რომ ცოტა სუსტი მეწყვილეები გხვდება ხოლმე. I სეზონზე როსტოსთან ცეკვავდი, ახლა - ტოლი ბოისასთან. ერთადერთი გამონაკლისი გიორგი ვარდოსანიძე იყო, როცა მასთან ერთად, ფინალამდე მიაღწიე...

- კი და სხვათა შორის, ორივე - როსტოც და ბოისაც ცეკვის მიმართულებით სუსტები არიან, სამაგიეროდ, ორივე სპორტსმენია (ერთი ყოფილი და ერთი მოქმედი). მესმის, რომ სპორტსმენისთვის, ზოგადად რთულია სამეჯლისო ცეკვების ილეთების შესწავლა, შეუჩვევლები არიან, მაგრამ მთავარი ის არის, რომ ბოისა არ არის ზარმაცი. მონდომებულია. ამიტომ, შეიძლება ყველაფერი რადიკალურად შეიცვალოს და ისეთი უნარი გამოავლინოს, რომ ყველა გააოცოს...

- რეპეტიციაზე პარტნიორისგან რას ითხოვ?

- მთავარია, რომ მონდომებული იყოს, იმუშაოს. თუ პროექტში მოვიდა, თავიდან ბოლომდე უნდა შეიყვაროს თითოეული ეპიზოდი, ილეთი და ზოგადად ცეკვა. მესმის, რომ ძნელია, მაგრამ ასეა...

- თავად თუ გყავს III სეზონზე შენი ფავორიტი წყვილი?

- მყავს რამდენიმე ფავორიტი ვარსკვლავი, რომლებსაც გამორჩეულად ვგულშემატკივრობ, მინდა, რომ რაღაცით დავეხმარო კიდეც, მათგან ერთ-ერთი ნოდარ გურგენაშვილია, უსაყვარლესი ადამიანი.

- მეწყვილეებთან არ კამათობ ხოლმე?

- რაღაც კამათი ყოფილა, მაგრამ სერიოზული არაფერი მომხდარა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება