როგორ ჩადგა Ray-Ban-ის სათვალე-ავიატორები ამერიკული არმიის სამსახურში

როგორ ჩადგა Ray-Ban-ის სათვალე-ავიატორები ამერიკული არმიის სამსახურში

"უცვლელი კლასიკური სტილი" - სწორედ ამ ფრაზით მოიხსენიებენ სათვალეებს, რომელთა წარმომავლობაც სამხედრო ავიაციასა და მფრინავებთან არის დაკავშირებული. 80 წლის წინანდელი დიზაინი კვლავაც აქტუალურია და სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ადამიანებში დღესაც დიდი მოწონებით სარგებლობს.

სახელწოდებიდან გამომდინარე მარტივი მისახვედრია, რომ სათვალე-ავიატორები მფრინავების თხოვნით შეიქმნა. გასული საუკუნის 30-იან წლებში, თვითმფრინავების შესაძლებლობების ზრდასთან ერთად, ამერიკელი პილოტები ერთ პრობლემას წააწყდნენ. დიდ სიმაღლეებზე ადამიანის თვალი მზის ულტრაიისფერი გამოსხივებისგან სრულიად დაუცველი იყო.

რადიკალური ცვლილება ამერიკელი პილოტების ეკიპირებაში 1936 წელს მოხდა. კომპანია Bausch & Lomb-ის მიერ სპეციალურად ავიატორებისთვის შემუშავებული მზის დამცავი სათვალე მხოლოდ 150 გრ-ს იწონიდა. მინერალური მინისგან დამზადებული ლინზები მზის სხივების მხოლოდ 20 %-ს ატარებდნენ და ადამიანის თვალს ულტრაიისფერი გამოსხივების მავნე ზემოქმედებისგან საიმედოდ იცავდნენ. ასე გაჩნდა სათვალის ახალი მოდელი "ავიატორები", რომელმაც მომავალი ათწლეულების განმავლობაში მრავალი თაობის გარდერობის საყვარელ აქსესუარად იქცა. ამ ტიპის სათვალეების ლინზებისთვის დამახასიათებელი წვეთისებრი ფორმა სწორედ პილოტების მოთხოვნამ განაპირობა.

გამოჩენისთანავე ამერიკელ სამხედრო პილოტებს შორის "ავიატორებმა" დიდი პოპულარობა მოიპოვეს. თუმცა ფართო გაყიდვაში ახალი სათვალე მხოლოდ 1938 წელს გამოჩნდა. მოდელი იმდენად მოთხოვნადი იყო, რომ მწარმოებლებმა ის ახალი ბრენდ Ray-Ban-ის სახელით დაარეგისტრირეს. მყიდველებს არც სათვალის დიდი ღირებულება აჩერებდა - ზოგიერთი მოდელი 2-3 დოლარი ღირდა, მაშინ როდესაც უბრალო მზის სათვალის ფასი 25-30 ცენტს არ აღემატებოდა.

1930-იანი და 40-იანი წლების განავლობაში Ray-Ban აშშ-ის თავდაცვის უწყებასთან მჭიდროდ თანამშრომლობდა, რომელიც პილოტისთვის განკუთვნილ სათვალეებს სამხედრო ამუნიციის სახით ყიდულობდა.

"ავიატორებს" საუკეთესო პიარს თავად ამერიკის არმია უკეთებდა. ფილიპინებზე გადასხმისას, "ავიატორებში" "გამოწყობილი" აშშ-ის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გენერალ დუგლას მაკარტურის ფოტო სათვალეების საუკეთესო რეკლამად იქცა. მაკარტური, რომელიც მეორე მსოფლიო ომისას იაპონიის ოკუპაციას ხელმძღვანელობდა, კორეის ომისას კი გაეროს ჯარებს სარდლობდა, ფოტოობიექტივების წინ თითქმის ყოველთვის თავისი საყვარელი "ავიატორებით" პოზირებდა.

ომის შემდგომ კინემატოგრაფმა და პოპ-კულტურამ "ავიატორები" სტილისა და მოდის განუყოფელ ნაწილად აქცია. სათვალის ამ მოდელის მომხმარებლებს შორის იყვნენ ელვის პრესლი, მიკლ ჯექსონი, ჰანტერ ტომპსონი. ამერიკულმა Top Gun-მა კი, რომელშიც მთავარი როლი ტომ კრუზმა შეასრულა, "ავიატორების" გაყიდვები 40 %-ით გაზარდა.

1936 წელს შექმნილი ბრენდი Ray-Ban, ამერიკულ კომპანია Bausch & Lomb-ს 1999 წლამდე ეკუთვნოდა, რის შემდეგაც მან საკუთარი აქტივები იტალიურ Luxottica-ს 640 მილიონ დოლარად მიჰყიდა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე