ნოდარ გურგენაშვილი - "მინდა, დრამატული როლი ვითამაშო..."

ნოდარ გურგენაშვილი - "მინდა, დრამატული როლი ვითამაშო..."

"რთულია სამეჯლისო ცეკვების სწრაფად შესწავლა. ადრე ამ ცეკვებისადმი რატომღაც არასერიოზული დამოკიდებულება მქონდა. ახლა კი მივხვდი, მაგარი ყოფილა, მაგრამ მისი ათვისება ძალზე რთულია", - ამბობს მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი, რომელიც პოპულარულ პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს და როგორც ამბობს, ცეკვას უკვე მუღამიც დაუჭირა. ნოდარს დიდი სურვილი აქვს, დრამატულ ჟანრში მოსინჯოს საკუთარი თავი და დაამსხვრიოს მასზე შექმნილი სტერეოტიპი, რომ მხოლოდ კომედიური ჟანრის მსახიობია.

- "შუა ქალაქში" შენ მიერ შექმნილი პერსონაჟი - პაატა არ გენატრება? მით უფრო, რომ დღეს ყველა პეტოს გეძახის...

- მენატრება და სასიამოვნოდ მახსენდება. ხალხიც მიჩვეული იყო იმ პერსონაჟს, მაგრამ მე პაატა კი არა, მსახიობი ნოდარ გურგენაშვილი ვარ. მოკლედ, რაღაც იწყება და მერე სრულდება. ის პროექტი უნდა დამთავრებულიყო და დასრულდა კიდეც. მომავალში დაიწყება რაღაც სხვა...

- პოპულარული სერიალის წყალობით გახდი და კომედიური ჟანრის მსახიობადაც "შუა ქალაქში" ჩამოყალიბდი, არა?

- კომედიურ სერიალში რომ გიღებენ, ეს კარგია, მაგრამ სულ ამ ჟანრში მუშაობა არ შეიძლება. როგორც მსახიობმა, საკუთარი ძალები არა მარტო კომედიაში, ყველა ჟანრში უნდა მოვსინჯო. სულ ერთი და იმავეს კეთება დამღლელიც არის. სიახლეა საჭირო იმისთვის, რომ არ დაიშტამპო...

- რადგან "შუა ქალაქში"დაიხურა, ახლა ალბათ მეტი შანსი გაგიჩნდა, ძალები სხვა მიმართულებითაც მოსინჯო, არა?

- შანსი კი მომეცა, მაგრამ ჯერჯერობით ისევ კომედიური როლების შესრულება მომიწევს, რადგან "ღამის შოუს სტუდიაში"ვრჩები. განა ეს არ მსიამოვნებს, მაგრამ პარალელურად, სხვა ჟანრშიც მინდა, რაღაც გავაკეთო. ძალიან მიყვარს დრამა.

- რომელ კომედიურ როლებზეა ლაპარაკი?

- "ღამის შოუს სტუდიაში"ახალ პროექტებს ვაკეთებთ. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს გეტყვით.

- როგორ ფიქრობ, ფსიქოლოგიურ დრამაში რომ ითამაშო, შეძლებ იმ სტერეოტიპის დამსხვრევას, რომ კომიკოსი მსახიობი ხარ?

- რაც უფრო მალე მომეცემა ამის შესაძლებლობა, მით უკეთესია. ერთი-ორჯერ პაატასგან რადიკალურად განსხვავებული პერსონაჟის განსახიერება შემომთავაზეს და გამიკვირდა. ასე რომ, არის ხალხი, ვისაც უნდა ექსპერიმენტების გაკეთება. კომედია მიყვარს და მთელი გულით ვმუშაობ როლზე, მაგრამ მგონია, რომ ჩემთან ჟანრობრივად ახლოს დრამა უფროა.

- მაყურებლისთვის ღიმილის მოგვრა უფრო რთული მგონია, ვიდრე, მისთვის გულის აჩუყება. რას იტყვი?

- ჰო, ასეა. შეიძლება, ქუჩაში გაიარო და იმდენი გულის ამაჩუყებელი რამ ნახო, ტირილით გასკდე. რაც შეეხება იუმორს, თუ ის ხარისხიანი არ არის, მაყურებლის გაღიმება ძნელია.

- გარდა იმისა, რომ დრამატული როლის თამაში გინდა, გავიგე, რომ სპექტაკლის დადგმის სურვილიც გაქვს...

- კი, ასეთი სურვილი დიდი ხნის წინ გამიჩნდა. ჯერ კიდევ თეატრალურ უნივერსიტეტში ვსწავლობდი, მესამე კურსზე ვიყავი, როცა იდეა მომივიდა, რეჟისურაში მომესინჯა ძალა. მიუხედავად იმისა, რომ სარეჟისორო ფაკულტეტი არ დამიმთავრებია და ბევრი ტექნიკური დეტალი, რაც უნდა ვიცოდე - წესით, ნასწავლი უნდა მქონდეს - არ ვიცი, მიმაჩნია, რომ ამას შევძლებ! საბოლოოდ, ხელოვანი ხომ მაინც თვითონ ყალიბდება? გაწეულ შრომას არავის ვუკარგავ, მაგრამ საბოლოოდ, ვერავინ გასწავლის, რა როგორ უნდა გააკეთო. როგორც პროფესიონალი, თვითონ უნდა ჩამოყალიბდე. ძალიან მინდა დავით კლდიაშვილის "სოლომან მორბელაძის"დადგმა. ბოლო დროს კლდიაშვილი თავიდან გადავიკითხე და არა მარტო "სოლომან მორბელაძე", საერთოდ, მთელი მისი შემოქმედება სხვა კუთხით დავინახე. მოკლედ, ვეცდები, ეს იდეა განვახორციელო.

- რამდენი წელია, რაც თეატრალური უნივერსიტეტი დაამთავრე და ვინ იყო შენი პედაგოგი?

- უნივერსიტეტში სწავლა 2004 წელს დავამთავრე. დათო კობახიძის ჯგუფში ვიყავი. ბატონი დათო კარგი კაცია და რაც მთავარია, კარგი პედაგოგია. მისგან ბევრი რამ ვისწავლე და მადლობელი ვარ, რომ ღმერთმა ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ამ ადამიანს შემახვედრა.

- მუსიკალურ ჯგუფთან ერთად ისევ მუშაობ?

- კი. ჩვენს ჯგუფს "ელექტრომაუსი"დავარქვი და სხვადასხვა კლუბსა თუ ბარში ვუკრავთ. სხვათა შორის, თავად ვწერ ტექსტებს და მუსიკას. მოკლედ, ახლა ჩემს თავში დიდი ალიაქოთია ანუ რას მივანიჭო პრიორიტეტი, რა გავაკეთო, ვერ გადამიწყვეტია. მგონი, ჯერ მაინც, მუსიკას უნდა მივხედო, რადგანაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად, ეს საქმე მსიამოვნებს.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება