ქართველი ქალი, რომელიც კოკო შანელის ექსკლუზიური მოდელი გახდა - მერი შერვაშიძე

ქართველი ქალი, რომელიც კოკო შანელის ექსკლუზიური მოდელი გახდა - მერი შერვაშიძე

მერი შერვაშიძე ერთადერთი ქართველი ქალი იყო, რომლის გარეგნობამ ლეგენდალური ფრანგი დიზაინერის, კოკო შანელის ყურადღება მიიპყრო და მისი მოდის სახლის ექსკლუზიური მოდელი გახდა. მერიმ 1921 წელს სტამბოლში გამართულ მსოფლიო სილამაზის კონკურსში გაიმარჯვა. გადმოცემით ის გალაკტიონ ტაბიძის მუზა იყო.

მერი მაღალი ქალი იყო და მამაკაცებს შავი, ლამაზი თვალებითა და წაბლისფერი თმით ხიბლავდა. როგორც ამბობენ, მას მეგობრების ვიწრო წრე ჰყავდა. ნაცნობები შერვაშიძეს ახასიათებდნენ, როგორც თავმდაბალსა და დიდსულოვან ადამიანს.

მერი 1888 წელს ბათუმში დაიბადა. მამამისი გენერალ-მაიორი პროკოფი შერვაშიძე აფხაზი თავადი, რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი იყო. პროკოფი შერვაშიძის გარდაცვალების შემდეგ მისი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. შერვაშიძის მეუღლე გიგუშა ერისთავი (გიორგი ქსნის ერისთავი) იყო. 1921 წელს, საქართველოს გაწითლებამდე რამდენიმე დღე რჩებოდა, როცა მერი ბათუმიდან გემით საფრანგეთში გაემგზავრა. გემი რამდენიმე დღით სტამბულში შეჩერდა. სწორედ ამ დროს იმართებოდა სტამბულში მსოფლიო სილამაზის კონკურსი - კონკურსში მერიმ გაიმარჯვა. მერის შვილი არ ჰყოლია, რადგანაც მეუღლე ახალგაზრდა გარდაეცვალა. ხანდაზმული მერი პარიზში, ლატურის ქუჩაზე სრულიად მარტო ცხოვრობდა. მან სიცოცხლის ბოლო წლები მოხუცთა თავშესაფარში გაატარა. თუმცა, ეს არ იყო მიუსაფართა დაწესებულება, მშვენიერ ქალბატონს იქ მოახლეც ჰყავდა.

როგორც მერის უახლოესი მეგობარი ბაბო დადიანი იხსენებდა, მერის სახლში სიცოცხლის ბოლომდე ეწყო მისი სილამაზით აღფრთოვანებული ნაცნობ თუ უცნობ თაყვანისმცემელთა გამოგზავნილი ყვავილები. მერი პარიზში მდებარე მოხუცებულთა თავშესაფარში 1986 წელს, 98 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის სენტ-ჟენევიევ-დე-ბუას სასაფლაოზე, მეუღლის გვერდით დაკრძალეს. შერვაშიძის უახლოესი მეგობრის, ბაბო დადიანის თხოვნით, კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მერის პანაშვიდი საქართველოში, სიონის ტაძარში გადაუხადა.

იხილეთ ფოტოგალერეა

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება