კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა ოცნება აიხდინეს

კოტე თოლორდავამ და განო მელითაურმა ოცნება აიხდინეს

განო მელითაური ესთეტიკური კლინიკის მარკეტინგისა და პიარის მენეჯერი გახლავთ. მისი აზრით, ქალმა თავი სრულფასოვან ადამიანად რომ იგრძნოს, საყვარელი საქმე უნდა აკეთოს; საქმეში რეალიზება ქალის ბედნიერებისთვის აუცილებელია! მეუღლისგან - მსახიობ კოტე თოლორდავასგან დიდ მხარდაჭერას გრძნობს. რისკიანი ადამიანი გახლავთ. სამუშაო სფეროში მისი პროფესიონალიზმის შესახებ კოლეგებმა იციან. შესაბამისად, ერთი სამსახურიდან წამოსულს ყოველთვის რამდენიმე შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! აქვს ხოლმე.

- მუშაობა 12 წლისამ, "პირველ არხზე", საბავშვო გადაცემაში - "აბდაუბდა" დავიწყე. მე და ჩემი მეგობარი თაკო სახურავებზე დავძვრებოდით და გადაცემას "ვაკეთებდით". თუმცა, იქ ხელფასს არავინ გვაძლევდა. შემდეგ "მეორე არხზე", კონკურსში გავიმარჯვე და "საყმაწვილო დაიჯესტის" წამყვანი გავხდი. ნორმალური სტუდიაც არ გვქონდა - "პლეხანოვზე" მოწყობილ პავილიონში ვმუშაობდით. მახსოვს, 21 ლარს და 50 თეთრს მიხდიდნენ.

- პირველი ხელფასი რაში დახარჯე?

- ძალიან ლამაზი, ორნამენტებიანი ბლუზა ვიყიდე (იცინის). ჟურნალისტობა არასდროს მინდოდა, მაგრამ მსურდა, საკუთარი შემოსავალი მქონოდა. ზოგადად, ტელევიზია მაინტერესებდა და გადავწყვიტე, კინორეჟისორი გავმხდარიყავი. სხვათა შორის, 13 წლიდან სცენარებს ვწერდი. პირველი სერიოზული სცენარი 15 წლისამ დავწერე და ბავშვობის მეგობართან - ნინი დედალამაზიშვილთან ერთად, მამუკა ხაზარაძეს დაფინანსება ვთხოვე. დაგვაფინანსა. თბილისის მერიაც (კერძოდ - ბატონი ბიძინა ბრეგაძე) დაგვეხმარა. არ მსურდა, ფილმის გადასაღებად საჭირო თანხა მშობლებისთვის გამომერთმია. დედ-მამა ყოველთვის და ყველაფერში მეხმარებოდნენ, მაგრამ სცენართან, გადაღების დაგეგმვასთან, მონტაჟთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვიღებდი... ეს იყო ჩემი პირველი ექსპერიმენტი, რომელიც წარმატებული გამოდგა - იმ ფილმით ბევრ კინოფესტივალზე ვიყავი.

- ფილმს რა ჰქვია ან რის შესახებ მოგვითხრობს?

- ლაპარაკია მოკლემეტრაჟიან ფილმზე - "ტანკა", რომელიც ფოტოგრაფის ამბავს მოგვითხრობს. ფოტოგრაფი საკუთარ თავს ეძებს, მიტოვებულ სოფელში მიდის და ფოტოებს იღებს. როცა ფირს გაამჟღავნებს, აღმოჩნდება, რომ მიტოვებულ სოფელში ადამიანები ცხოვრობენ. ერთ-ერთ ფოტოზე საკუთარ თავს პოულობს და დროში მოგზაურობას იწყებს... ფილმის მუსიკალურ გაფორმებაზე ნიკა მემანიშვილმა იმუშავა. გარდა იმისა, რომ ნიკა გენიალური მუსიკოსია, არაჩვეულებრივი ადამიანიც გახლავთ. იმ პერიოდში, როცა ამ ფილმის გადაღებაზე დავიწყე ფიქრი, ტელეკომპანია "მზეში", გახმოვანებებზე ვმუშაობდი. ყველა მეგობარი მხარში ამომიდგა, რისთვისაც მათ დიდ მადლობას ვუხდი. 25-კაციანი ექსპედიციით წყლულეთში წავედით, რომლის ბოლოშიც მიტოვებული სოფელი იყო. იმხელა თოვლი იდო, რომ სოფლამდე მანქანებით ასვლა ძლივს მოვახერხეთ. სხვათა შორის, მთელი შემოქმედებითი ჯგუფი ჩემივე მეგობრებისგან შედგებოდა. ნინი ფილმის პროდიუსერი გახლდათ. გადავწყვიტეთ, გიგი დედალამაზიშვილი აღმასრულებელ დირექტორად გაგვეფორმებინა. მაშინ გიგი სამსახიობო ფაკულტეტზე ჯერ არ სწავლობდა და მე და ნინიმ გავაწამეთ - რაღაც სასაცილო საქმეების მოგვარებას ვავალებდით. გიგი ახლაც იხსენებს: როცა სურდათ, დირექტორის თანამდებობიდან მომხსნიდნენ, როცა სურდათ, ისევ მაფორმებდნენო (იცინის).

- ფილმის აღმასრულებელ დირექტორს ხელფასს თუ უხდიდით?

- არა, რადგან მოპოვებული დაფინანსება საქმეს მოვახმარეთ. ფილმი ჯერ ტელეკომპანია "მზის" ეთერში უჩვენეს, შემდეგ - კინოთეატრში ("ახალგაზრდა რეჟისორების კვირეულზე"). მაშინ რეზო ჩხეიძესთან ვსწავლობდი. გამოცდის დღეს დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი ფილმი ანაპაში - "კინოშოკზე" უნდა ეჩვენებინათ. საქართველოდან სულ 3 ნამუშევარი იყო წარდგენილი: "გასეირნება ყარაბაღში", "თბილისი თბილისი" და ჩემი ფილმი. საზღვარგარეთ ფესტივალზე დამოუკიდებლად პირველად წავედი და დიდი გამოცდილებაც მივიღე. ჩემი ფილმი არასაკონკურსო ჩვენებაში იყო. ჩვენების მერე პრესკონფერენცია იმართებოდა ხოლმე. მახსოვს, კედი, ჯინსის მოკლე ქვედაბოლო მეცვა და ამის გამო, მსახიობმა ბაადურ წულაძემ პეპი დამარქვა... ჩემს ნამუშევარს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ფესტივალის დირექტორმა მითხრა: გილოცავ, ყველაზე უმცროსი და ერთ-ერთი ნიჭიერი მონაწილე ხარ, დიდ წარმატებას მიაღწევო! ემოციური დღე მქონდა... საქართველოში დაბრუნებულმა "ჯერ კიდევ უცნობი ქალაქი" გადავიღე, რომლითაც საკურსო უნდა დამეცვა. ფილმმა "ბერლინალეს" სელექცია გაიარა, მაგრამ ტიტრზე ტომ ვეიტსის მუსიკა "მედო", რაზეც ლიცენზია მომთხოვეს. გადავწყვიტე, ტომ ვეიტსის აგენტისთვის მიმეწერა და მისთვის მუსიკის გამოყენებაზე თანხმობა მეთხოვა. მაშინ ამ საქმისთვის სულ რაღაც, 500 დოლარი მქონდა. რატომღაც მეგონა, ამ თანხის სანაცვლოდ, ნებართვას მივიღებდი. რა თქმა უნდა, ასე არ მოხდა, მე კი გავბრაზდი და ვთქვი: ტომ ვეიტსის მუსიკას მაინც არ შევცვლი-მეთქი. ჰოდა, ამის გამო "ბერლინალეზე" ვერ წავედი... შემდეგ მე და სანდრო გაბილაიამ სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის ძალიან სერიოზული სცენარი შევქმენით. ცნობილი "კინოშნიკებისგან" შემოქმედებითი გუნდი "შევკარით", საჭირო თანხის ნაწილიც ვიშოვეთ, მაგრამ გარკვეული პრობლემების გამო, დაწყებული პროექტი გაჩერდა... მაშინ უკვე გათხოვილი, თანაც - ორსულად ვიყავი და მივხვდი, რომ ცხოვრებაში რაღაც პრაგმატული გადაწყვეტილება უნდა მიმეღო: კინოს დროებით დავემშვიდობე და ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების ფაკულტეტზე ჩავაბარე.

- პროფესიით რეჟისორი არ ხარ?

- რეჟისორი ვარ, მაგრამ ჩემი მეორე პროფესია მარკეტინგისა და პიარის მენეჯერობაა. საკმაოდ ბევრ, თანაც - "მსხვილ" პროექტში წარმატებულად ვმონაწილეობდი. ზოგადად, მარკეტინგი და პიარი რეჟისურასთან ახლოს არის: კინორეჟისორისთვის საჭირო პიროვნული და პროფესიული უნარებიდან ბევრი რამ მარკეტინგის და პიარის მენეჯერსაც უნდა ახასიათებდეს. მაგალითად, პრობლემის სწორად აღქმა, გაანალიზება, დასკვნის გამოტანა უნდა შეგეძლოს და კომუნიკაბელური იყო... ვფიქრობ, გამიმართლა: ჩემი ცხოვრება წარმატებულად წარიმართა, განსაკუთრებით - "შეგირდში" მონაწილეობის შემდეგ. ისე კი, თეატრალურ უნივერსიტეტში ჩაბარებამდე, ჯერ კიდევ 15 წლისა, გახმოვანების სტუდიაში ვმუშაობდი: ბევრი ფილმი, სერიალი და რეკლამა, რომელსაც უყურებთ, ჩემი გახმოვანებულია. მოკლედ, შემოსავალი ყოველთვის მქონდა. უნივერსიტეტში სწავლამდე, პატარ-პატარა პროექტებზეც ვმუშაობდი, ღონისძიებებს ვაწყობდი. იმ ადამიანების მადლიერი ვარ, რომელთა დახმარებითაც დავასკვენი, რომ ძალიან კარგია, როცა ქალი რეალიზებულია. თავდაპირველად, ოცნების კოშკები არ უნდა ააგო და ბევრის მოლოდინი არ უნდა გქონდეს. ყველაზე მეტად ის მეამაყება, რომ ყველაფერს დამოუკიდებლად, საკუთარი შრომისა და თავდადების ფასად მივაღწიე.

- უნივერსიტეტში სწავლას თავად იფინანსებდი?

- რეჟისურაზე უფასოდ ვსწავლობდი, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტში კი ფაქტობრივად, სწავლას თავად ვაფინანსებდი. ჩემი აზრით, აუცილებელია, სტუდენტები მუშაობდნენ. შრომა სირცხვილი არ არის. ყველა შანსი უნდა გამოიყენო, რომელსაც ცხოვრება მოგცემს. და კიდევ, უნდა გახსოვდეს, რომ იმედგაცრუება ყველაფრის დასასრულს არ ნიშნავს.

- პროექტში - "შეგირდი" რა მიზნით ჩაერთე?

- ბევრ რამეზე დამწყვეტია გული, ბევრი სიხარულიც განმიცდია, წარმატებაც მქონია და წარუმატებლობაც. საქმეში მთელ გულს კი ვდებ, მაგრამ ხშირად, იმედგაცრუებულიც ვრჩები. ბევრ კომპანიაში მიმუშავია და მერწმუნეთ, სანდო პარტნიორის პოვნა რთულია - ბევრი დილეტანტია, რომელმაც საქმე არ იცის და რატომღაც, მაინც კონკრეტულ სფეროში მუშაობს, ეს კი საერთო საქმეს აფუჭებს. დროის მენეჯმენტისა და ადამიანის შრომის დაუფასებლობის პრობლემაც არსებობს. მიუხედავად ამისა, წარმატების მიღწევა მაინც შეიძლება და მიმაჩნია, რომ ამას მივაღწიე კიდეც. რაც შეეხება "შეგირდს" - ამ პროექტის შესახებ ტელევიზიიდან შევიტყვე. მაშინ "უძრაობის ხანა" მქონდა, თან - ავად ვიყავი... ცხადია, მშენებლობის მენეჯმენტზე არ ვოცნებობდი, მაგრამ ამ სფეროში მოხვედრისა და თავად ბატონი კახა ბენდუქიძის გაცნობის სურვილი მქონდა. ვფიქრობ, საკუთარ თავს რაც უფრო მეტ გამოცდას მოუწყობ, პიროვნულად უფრო გაიზრდები. "შეგირდი" ჩემთვის საინტერესო გამოწვევა იყო. "სივი" უბრალოდ, გავგზავნე, რის შესახებაც კოტეს მოგვიანებით ვუთხარი. მეუღლე გვერდში დამიდგა. მითხრა: თუკი ეს მორალურად, ფსიქოლოგიურად და პროფესიულად გჭირდება, შენი იმედი მაქვს, თვალდახუჭული გენდობი, გიგულშემატკივრებო! პროექტის დატოვების შემდეგ ბევრი საქმიანი შემოთავაზებაsalesland.ge - ფასდაკლებების სამყარო! მივიღე. "შეგირდმა" ის მოვლენები დააჩქარა, რაც შეიძლება, ჩემს ცხოვრებაში ცოტა უფრო გვიან განვითარებულიყო.

- თქვენი ოჯახის ბიუჯეტს ვინ განაგებს?

- მე და კოტე. ისე, ბოლო დროს, ჩემს მეუღლეზე, როგორც მსახიობზე მოთხოვნა დიდია, ამიტომ მას უფრო მეტი შემოსავალი აქვს... ფინანსებს საჭიროებისამებრ განვკარგავთ. ჩვენ მეოცნებე, მფლანგველი ადამიანები ვართ. 6 წელია, საკუთარი სახლის შესაძენად ვიღვწით და როგორც იქნა, დიდი "ომის" შემდეგ, ბანკმა სესხი დაგვიმტკიცა და ჩემს მშობლიურ უბანს დავუბრუნდი - ვაკეში სახლი შევიძინეთ.

- საკუთარი გამოცდილების საფუძველზე, სამსახურის შოვნის მსურველ ადამიანს რას ურჩევ? გასაუბრებაზე მყოფმა, დამსაქმებელი როგორ უნდა დააინტერესოს?

- იმ კომპანიის შესახებ, რომელშიც მუშაობის დაწყებას აპირებთ, რაც შეიძლება ბევრი ინფორმაცია უნდა გქონდეთ. დამსაქმებელს შთაბეჭდილება არ უნდა დარჩეს, რომ თქვენთვის ის კომპანია "სულერთია". მომზადებულები და თავდაჯერებულები იყავით. მაქსიმალურად ეცადეთ, გასაუბრება თავად წარმართოთ, მართვის სადავეები არ დაკარგოთ. კახა ბენდუქიძემ მნიშვნელოვანი რამ მასწავლა: დასმულ შეკითხვაზე ყოველთვის კონკრეტულად უნდა უპასუხო, თანაც - ისე, რომ დამსაქმებლის შემდეგი სავარაუდო შეკითხვა გათვალო.

ეთო ყორღანაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება