რატომ იცეკვებს სოფო ნიჟარაძე ცირკში სტეფანესთან ერთად - უპრეცედენტო ტური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

რატომ იცეკვებს სოფო ნიჟარაძე ცირკში სტეფანესთან ერთად - უპრეცედენტო ტური "ცეკვავენ ვარსკვლავებში"

"ცეკვავენ ვარსკვალავების" III ტური ორგანიზატორებმა და ქორეოგრაფებმა ორიგინალურად დაგეგმეს: მოცეკვავე წყვილს სცენაზე პარტნიორობას მეგობრები და ოჯახის წევრები გაუწევენ. ნინი ცნობილაძესთან და გაგა ყუფუნიასთან ერთად სცენაზე ლიზა ბაგრატიონი გამოვა, კოტიკო თოლარაისთან და ანი ჯაჯანიძესთან - ნიკა გრიგოლია, გიორგი ყიფშიძესთან და ჯულიანა ბარ-გნართან - ზურა ყიფშიძე, გუგა კუზანოვთან და მზია ორველაშვილთან - ალეკო კუზანოვი, ნინა წკრიალაშვილთან და რეზიკო რობაქიძესთან - ნოდიკო ტატიშვილი, სოფო ნიჟარაძესთან და რამაზ ლაზარიშვილთან სტეფანე იცეკვებს.

ცირკში III ტურის წინ სწორედ მაშინ მივედით, როდესაც გენერალური რეპეტიცია მიმდინარობდა და სცენაზე ქორეოგრაფებთან ერთად, სოფო ნიჟარაძე, რამაზ ლაზარიშვილი და სტეფანე იდგნენ. მცირე პაუზისას თითოეულთან გასაუბრება ვცადეთ.

სოფო ნიჟარაძე:

- ვემზადებით შემდეგი ცეკვისთვის. საერთოდ, ასეა, ყოველი ცეკვის წინ ვამბობ, - ნეტავი, ეს ნომერი მომაცილებინა და შემდეგში უკეთ მოვემზადები-მეთქი...

ყოველი ცეკვისთვის გულმოდგინედ ვემზადები, მაგრამ როგორც არაპროფესიონალს, ამ ჟანრში ცოტა მიჭირს მუშაობა, რაშიც ჩემი მეწყვილე ძალიან მეხმარება.

- ისე, შორიდან არ გეტყობათ, რომ რაიმე გიჭირთ...

- ალბათ სცენას შეჩვეული ვარ და ამის ბრალია. ფაქტობრივად, დავიბადე და გავიზარდე სცენაზე (სიცილით ამბობს). ამიტომაც აქ ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს. ისე, ეს არა მარტო შეჩვევის, შრომის დამსახურებაცაა, რომ დაძაბულობა ნაკლებად მეტყობა. დაძაბულობა ცეკვის წინ უფრო მაქვს ხოლმე, ვიდრე ცეკვისას. სცენაზე რომ გადიხარ, აზარტში შედიხარ, გინდა, ლამაზად წარმოადგინო ნომერი და აბსოლუტურად მობილიზებული ხარ. მოკლედ, ასე ვიღებ გაწეული შრომის შედეგს.

- თქვენი კოლეგები ამბობენ, რომ ამდენი ვარჯიშისა და შრომისგან ყველა კუნთი და სხეულის ესა თუ ის ნაწილი სტკივათ...

- წინა ტურზე პროფაილში ვამბობდი, რომ ხელი მტკიოდა და ფეხი ტრავმირებული მქონდა. კადრების ნახვის შემდეგ, მირეკავდნენ (გარშემო ყველა ექიმი მყავს) და უნდოდათ, დამხმარებოდნენ. მას მერე კი მომირჩა, მაგრამ ცოტათი კიდევ მტკივა. ტრავმას რომ ვიღებ, მორჩენის საშუალება არც მაქვს, რადგანაც ახალი დაზიანება ჩნდება, რადგანაც სხვა ნომერს ვიწყებთ... ყოველი ცეკვის შემდეგ ახალი კუნთი მიწყებს ტკივილს.

- რას იტყვით პარტნიორზე - რამაზ ლაზარიშვილზე?..

- მისი დამსახურებაა, რომ ადვილად ვიმახსოვრებ ცეკვის ილეთებს და ადვილად გამომდის რაღაცები. თავიდან უფრო მიჭირდა, ახლა უკვე ალღო ავუღე. ჩემი მეწყვილე ისეთი პროფესიონალია, ბოლომდე მივყვები და ვენდობი. ასე რომ, ნომრის წარმოდგენისას მიმაჩნია, რომ 10 % ჩემი დამსახურებაა, დანარჩენი - 90 % კი მხოლოდ მისი...…

ბედნიერი ვარ, რომ მასზე ვარ დამოკიდებული. ისეთი განცდა მაქვს, რომ 2 თვეზე მეტია, ვიცნობ და ერთად გავიზარდეთ, მიუხედავად იმისა, რომ ჩემზე უმცროსია.

- დღევანდელ ტურში რას გეგმავთ?

- დღეს ნამდვილი მეჯლისი გაიმართება, რაც სახალისო განწყობას შექმნის დარბაზში, მგონი, საინტერესო იქნება.

- როგორც გავიგე, დღეს თქვენ წყვილს მუსიკოსი სტეფანე მოეხმარება...

- კი, ეს არის ტურის მთავარი სიახლე, - ყველას თავისი მეგობარი ან ოჯახის წევრი ეხმარება. ჩემ შემთხვევაში, სცენაზე სტეფანე გამოჩნდება, რომელიც ჩემი ძალიან კარგი მეგობარია. მოკლედ, მეც და დანარჩენ მონაწილეებსაც მაყურებლისთვის ბევრი სურპრიზი გვაქვს.

- სოფო, გამარჯვებაზე ხომ ფიქრობთ?

- ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, როგორ ვიმუშავებ, კიდევ როგორ განვვითარდები და ახალს რას შევიძენ, ანუ როგორ იქნება ჩემი ცეკვა. ისე, ილეთებს ადვილად კი ვსწავლობ, მიუხედავად იმისა, რომ დასაწყისში მიჭირს ხოლმე... მოკლედ, მთავარია იღბალი, როგორ გამიმართლებს და ხალხი მხარს როგორ დამიჭერს, ჟიურის როგორ მოვეწონები. ასე რომ, კიდევ მეტი უნდა ვიმუშავო.

რამაზ ლაზარიშვილი:

- ეს პროექტი, ჩემთვის, ამ ეტაპზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რამ არის. ზოგადად კი ჩემი ცხოვრების უმნიშვნელოვანესი ნაწილი მაინც ცეკვაა და სწავლა... მაგრამ, როგორც ვთქვი, ამ ეტაპზე მთელ დროს პროექტს ვუთმობ. ყველაფერი გვერდით გადავდე.

- საერთოდ, დიდი ხანია ცეკვავ?

- სხვათა შორის, საკმაოდ გვიან დავიწყე, - 16 წლის ვიყავი. სულ 6 წელია, ვცეკვავ.

- მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი შედეგი გაქვს.

- ჰო, რა ვიცი... დაპყრობილი მაქვს ''ჰობი'' კლასი, ევროპული ცეკვების პროგრამაში კავკასიის თასის ფინალისტი ვარ, მაგრამ ჯერჯერობით ეს ბევრს არაფერს ნიშნავს, ნელ-ნელა წინ მივიწევ და იმედი მაქვს, არ გავჩერდები.

- წელს კაშკაშა ვარსკვლავი - სოფო ნიჟარაძე შეგხვდა.

- სოფოს ბევრი კარგი თვისება აქვს და ბევრსაც შევაქებ, მაგრამ პირველი სიტყვა, რაც მისი შეფასებისას მომდის, ის არის, რომ უნიჭიერესი ადამიანია, ყველაფერს ძალიან მალე სწავლობს. ბევრს შრომობს, რასაც ზოგადად ადამიანში ძალიან ვაფასებ. იცის, საქმეს როგორ მიუდგეს. როცა რაღაცას აკეთებს, ბოლომდე იხარჯება...

- როგორ ფიქრობთ, თქვენი წყვილი მოხვდება ფინალში?

- კი, მოხვდება და ასე უნდა ფიქრობდეს ამ პროექტში ყველა. მოკლედ, გამარჯვება მეც მინდა და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავიმარჯვოთ!

სტეფანე:

- დღეს სოფოს მხარდასაჭერი როლი მაქვს. მას მთელი გულით ვგულშემატკივრობ. ჯერ ერთი ჩემი მეგობარია, მერე ობიექტურად ვამბობ, ძალიან კარგად ცეკვავს და ერთ-ერთი ძლიერი კონკურსანტია.

ახლა კი ჩემი მიზანია, ჩემი ცეკვით მხარი დავუჭირო. ისე, ნომერში დიდად დაკავებული არ ვარ...

საერთოდ, პროექტს ვუყურებ, კარგად არის გაკეთებული, რეიტინგულია და მაგარია...

- თუმცა შენც რეიტინგულ შოუში "ახალ ხმაში" მუშაობ...

- კი და მიხარია, რომ მეც რეიტინგულ შოუში ვმონაწილეობ. მსიამოვნებს, რომ რეიტინგული რაღაცები კეთდება იმ არხზე, სადაც ვმუშაობ.

- თვითონ ხომ ცეკვავ?

- კი, ვცეკვავ და ამ პროექტში სულ მთავაზობენ მონაწილეობას, მაგრამ უარს ვამბობს. ახლაც სცენაზე რომ ვიდექი და რაღაცებს მასწავლიდნენ, მივხვდი, რომ მასში არ უნდა ჩავერთო...

- არ მიგიზიდა?

- ძალიან მიზიდავს, მოცეკვავის მონაცემებიც მაქვს, მაგრამ პასუხისმგებლობას გავურბი. თუ გამოვალ, უნდა მოვიგო...

ძალიან მომწონდა სამორი, ასევე გიორგი ვარდოსანიძე, მაგრამ სამორი - მეტად. ამ პროექტში რომ ვყოფილიყავი, მინიმუმ მეც მომინდებოდა, ისეთი ტრიუკების გაკეთება, როგორსაც ისინი აკეთებდნენ, ამიტომ არა მგონია, რომ ''ცეკვავენ ვარსკვლავებში'' მივიღო მონაწილეობა...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

იხილეთ ბმული

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება