რევოლუციონერი დათო ფორჩხიძე და სუპერქალი - ია ფარულავა

რევოლუციონერი დათო ფორჩხიძე და სუპერქალი - ია ფარულავა

მართალია, ახლა პოლიტიკური ციებ-ცხელებაა და ყველა არჩევნებისთვის ემზადება, მაგრამ გადავწყვიტეთ, საზოგადოებას პოლიტიკური ტოქშოუების ნაცვლად, გასართობ პროექტებზე გავსაუბრებოდით. ამჟამად "ცეკვავენ ვარსკვლავები", "ახალი ხმა" და "ნიჭიერი" გადის ეთერში. დავინტერესდით, ხალხი რომელ მათგანს უყურებს, რა მოსწონთ და როგორ აფასებენ თითოეული პროექტის ჟიურის.

სოსო თოლორაია, მსახიობი:

- ამჟამად ამერიკაში ვიმყოფები. შესაბამისად, ქართულ გადაცემებს მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით თუ ვნახავ, ამიტომ მხოლოდ "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ვუყურებ და იშვიათად, როცა მცალია, - ვასიკო ოდიშვილის "აბებს". საერთოდ, რომელ გადაცემაშიც კოტიკოს იწვევენ, ყველაფერს ვუყურებ. არც "ვარსკვლავებია" გამონაკლისი. ეს პროექტი მომწონს, მაგრამ მიმაჩნია, რომ უფრო გასართობი უნდა იყოს. პროექტის დასასრულს მგონია, რომ სიკვდილ-სიცოცხლის შერკინებაა ხოლმე. ყველა ნერვიულობს - მონაწილე თუ მაყურებელი. როგორც არაპროფესიონალი, კოტიკო ათიანზე ართმევს თავს დაკისრებულ მოვალეობას, მაგრამ იმ ადამიანებისგან, რომლებიც სცენას უფრო მიჩვეულები არიან, მეტს მოვითხოვდი. საშუალო დონეზე ცეკვავს ყველა. კოტიკოსთან ერთად, მეც ყოველთვის ვნერვიულობ. თან ზუსტად ვიცი, ის იმ წუთში რას განიცდის და ამიტომ დაძაბული ვარ. თითქმის ყველა მონაწილე ჩემი მეგობარია, მაგრამ ნიჭიერების მხრივ, კოტიკოს შემდეგ ყიფოს (გიორგი ყიფშიძე) გამოვარჩევდი. მართალია, ნერვიულობა ეტყობა, მაგრამ გენები მაინც თავისას შვრება. რაც შეეხება ჟიურის, უფრო პროფესიონალების აზრია მნიშვნელოვანი. დანარჩენები კომენტარს თავისი გემოვნების მიხედვით აკეთებენ. ისე, მათთან გემოვნებაზეც სიამოვნებით ვიდავებდი.

ქრისტინე იმედაძე, მომღერალი, ტელეწამყვანი:

- ყოველ ორშაბათს დიდი ინტერესით ველოდები და ვუყურებ "ნიჭიერს". მიმაჩნია, რომ საქართველოში ასეთი მრავალფეროვანი, საინტერესო და სახალისო შოუ არ არსებობს. პროფესიონალი და გემოვნებიანი გუნდი რომ აკეთებს ამ გადაცემას, ერთი შეხედვითაც ეტყობა. ჟიურის შემადგენლობას რაც შეეხება, ეს ადამიანები პროექტის წარმატებას განაპირობებენ. შესაბამისად, საინტერესო, წარმატებული და შემდგარი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჟიური ერთმანეთს კარგად ავსებს და ფანტასტიკურ შეფასებას აკეთებს... ეს პროექტი ნამდვილად სახალხოა და ორშაბათობით, მთელი საქართველო მხოლოდ "ნიჭიერს" უყურებს, - ამის დასტური ამ გადაცემის არანორმალურად დიდი რეიტინგია. "ცეკვავენ ვარსკვლავებსაც" ვუყურებ, რადგან ამ გადაცემას ჩემი მეგობრები აკეთებენ, თანაც - ძალიან კარგად და ხარისხიანად. საკმაოდ ბევრს შრომობენ ორგანიზატორებიც და კონკურსანტებიც, შოუ რომ წარმატებული იყოს. თავად გამოცდილი მაქვს, რამხელა დრო და ენერგია სჭირდება ამ პროექტს, რომ ღირსეულად წარდგე მაყურებლის წინაშე. ამიტომ ყველას ვგულშემატკივრობ და წარმატებებს ვუსურვებ.

ანი ღონღაძე, "ახალი ხმის" პირველი სეზონის მონაწილე:

- პროექტებიდან "ახალ ხმას" გამოვარჩევ. ყოველთვის ვუყურებ და ჩაწერებსაც ვესწრები. ვფიქრობ, ყველაზე გამორჩეული მუსიკალური პროექტია. საინტერესო ფორმატი აქვს და განსხვავდება ყველა სხვა შოუსგან. "ცეკვავენ ვარსკვლავებსაც" ვუყურებ. მომწონს, საკმაოდ ლამაზი შოუა, "ნიჭიერს" კი - იშვიათად. რადგან "ახალი ხმის" პირველი სეზონის მონაწილე ვიყავი, კარგად ვიცნობ ყველა მწვრთნელს და თითოეული მათგანი მიყვარს. დათოს და მაიას რომ სულ კონფლიქტი აქვთ, სერიოზული არ მგონია. ალბათ შოუს ასე უხდება და მაყურებლისთვის ასე უფრო საინტერესოა. ჩემი აზრით, ამ პროექტის პირველი და მეორე სეზონები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამ ორიდან რომელი ჯობია, ვერ გეტყვით. იქიდან გამომდინარე, რომ მეც ერთ-ერთი მონაწილე ვარ, ობიექტური ვერ ვიქნები. ახლანდელ კონკურსანტებს შორის ბევრი ძლიერი მომღერალია. რამდენიმე ჩემი მეგობარიც მონაწილეობს და ამიტომ, ფავორიტს ვერ დავასახელებ.

გუფი (გურამ მაკალათია), მუსიკოსი:

- ამ საკითხზე რესპონდენტად არ გამოვდგები, რადგან ტელევიზორთან იშვიათად ვხვდები. ამიტომ ამ პროექტებსაც სისტემატურად არ ვუყურებ. ისე, "ცეკვავენ ვარსკვლავებში" ტოლი ბოისას ვგულშემატკივრობ. ოთარ ტატიშვილის შოუში პროექტიდან გავარდნილი მონაწილეები მოდიან ხოლმე და ამიტომ ამ პროექტზე უფრო ზედაპირული წარმოდგენა მაქვს. ამერიკული "ახალი ხმა" ძალიან მომწონს, მაგრამ ქართულს არ ვუყურებ. ნახევარი გადაცემა მექნება ნანახი. არ მიყვარს, როცა მუსიკაში ერთმანეთს ეჯიბრებიან. ტურნირი ხომ არ არის?! "ნიჭიერი" საერთოდ არ მინახავს.

თამუნა მუსერიძე, ტელეწამყვანი:

- სამივე პროექტს დიდი ინტერესით ვუყურებ. "ახალი ხმა" იმიტომ მომწონს, რომ ბევრი ნიჭიერი ადამიანის გაცნობის საშუალება გვეძლევა. "ნიჭიერი", ნიჭიერის აღმოჩენის გარდა, მაყურებლისთვის კარგი გასართობი შოუა. შოუში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" იულია ქავთარაძის გულშემატკივარი ვარ, იმედია, სხვებს არ ეწყინებათ. რაც შეეხება ჟიურის, ია ფარულავა სუპერქალია. მან ზუსტად იცის, როგორ უნდა გააკეთოს კარგი შოუ. დათო ფორჩხიძე კი იყო, არის და იქნება ის ადამიანი, რომელიც რევოლუციას ახდენს ქართულ მუსიკალურ ბაზარზე.

ნინო ჩხეიძე, მომღერალი:

- "ნიჭიერს" ვუყურებ და ახალი სეზონი ძალიან მომეწონა. ბრავო მის შემქმნელებს! ჟიურიდან დაწყებული, მონაწილეებით დამთავრებული, ყველაფერი სწორად აქვთ შერჩეული.

- "ახალ ხმას" არ უყურებ? ნაწყენი ხომ არ ხარ მის პროდიუსერებზე, რადგან მეორე სეზონის მწვრთნელებს შორის აღარ ხარ?

- წყენა არაფერ შუაშია, უბრალოდ, ამ სეზონზე "ნიჭიერმა" უფრო დამაინტერესა.

სალომე კოკუაშვილი, მსახიობი:

- "ცეკვავენ ვარსკვლავებს" ვუყურებ. ვგიჟდები ამ პროექტზე, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარს. მინდა, ამ გადაცემაში მეც მიმიწვიონ. აქამდე ნოდარ გურგენაშვილს ვგულშემატკივრობდი, ახლა არ ვიცი, ვის ავირჩევ. რაც შეეხება ჟიურის, გოჩა მაგარი ადამიანია. არაპროფესიონალი ჟიურის წევრებიც ნამდვილად საჭიროა, რადგან, ყველა თუ გოჩასავით შეაფასებს, მონაწილეებს ცეკვის ხალისი დაეკარგებათ. ისე, როგორ უსამართლოდ გავარდა ჩემი ნოდარი?!

მაიკო კაჭკაჭიშვილი, კომპოზიტორი:

- მოუცლელობის გამო, ვერც ერთ შოუს ვერ ვუყურებ. თუ ინტერნეტში "ახალი ხმის" ჩანაწერები დაიდება, იმას ვადევნებ თვალყურს, თანაც - დიდი სიამოვნებით. მართლაც საინტერესო პროექტია და მწვრთნელებიც სწორად ჰყავთ შერჩეული.

- მაიასა და დათოს ხშირ კონფლიქტზე რას ფიქრობ?

- ჩემს სუბიექტურ აზრს ჩემთვის დავიტოვებ, რადგან ორივე ჩემი მეგობარია. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ნამდვილად კომპეტენტური ჟიურის წევრები არიან.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება