ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული ტელეშოუ "ნიჭიერი" ჯერ კიდევ არ იყო ეთერში გასული, როცა ინტერნეტსივრცეში ამ შოუს ფავორიტი და გამარჯვების პრეტენდენტი ნომრების შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. ერთ-ერთ საუკეთესო და შოკის მომგვრელ ნომრად ჟიურიმ ჰაერში მფრინავი ჯგუფ "K2"-ის წევრების გამოსვლა დაასახელა. "ყველა სიახლე" ამ სარისკო და შთამბეჭდავი საჰაერო შოუს ერთ-ერთ მონაწილეს, ჯგუფ "K2"-ის წევრ ანი ცინცაძეს ესაუბრა. აღსანიშნავია, რომ ანიმ მანამდე ქართველ მაყურებელს თავი გააცნო როგორც პირველმა თანამედროვე "ამორძალმა" - მოფარიკავე გოგონა ქართული საბრძოლო ხელოვნების ფედერაცია "შავფაროსნების" წევრიცაა და ქართველ მაყურებელს თავისი საბრძოლო ოსტატობით აოცებს.
- ანი, როგორ გაჩნდა "K2"-ის შექმნის იდეა და როგორ მოხვდი ამ ჯგუფში?
- ვიდრე "შავფაროსანი" გავხდებოდი, წლების განმავლობაში "მოძრაობის თეატრის" მსახიობი ვიყავი. ახლაც იქ ვმუშაობ. "K2"-შიც სწორედ ამ თეატრიდან მოვედი. "K2" ესაა ექსტრემალური კლუბი, რომელსაც გიორგი კომახიძე ხელმძღვანელობს. კლუბი 20-ზე მეტი სახეობის ექსტრემალური სპორტის ტურებს ახორციელებს და ჩემს თეატრთანაც თანამშრომლობს. კარგა ხანია, მათი საჰაერო შოუების დადგმაში ვმონაწილეობ. არაერთ ღონისძიებაზე გამოვდივართ და მაყურებელს ისეთ ნომრებს ვთავაზობთ, რაც მანამდე საქართველოში არავის გაუკეთებია. ახლა კი პროექტ "ნიჭიერის" საშუალებით ერთ-ერთი ნომერი წარვუდგინეთ ქართველ მაყურებელს.
- შოუსთვის დიდხანს ემზადებოდით?
- დიახ, მომზადების პერიოდი საკმაოდ შრომატევადია, გადამწყვეტი მნიშვნელობა სიზუსტეს ენიჭება, პატარა შეცდომაც და, შესაძლოა კატასტროფული შედეგი მიიღო. თანაც, გვინდოდა, ნომერი რაც შეიძლება პროფესიონალურად შეგვესრულებინა და კარგი სანახაობა გამოსულიყო, ეს ყველაფერი ჩვენგან როგორც ფიზიკურ, ისე ფსიქოლოგიურ მზაობას მოითხოვდა. გვიხარია, რომ შრომა დაგვიფასდა. ჟიურიმ ჩვენი გამოსვლა მოიწონა, აღნიშნეს, რომ ძალიან ლამაზი სანახაობა წარმოვადგინეთ. ასევე ძალიან სასიამოვნო იყო, რომ მთელმა დარბაზმა ერთხმად გვითხრა "კი".
- შესარჩევ ტურში მართლაც საკმაოდ ეფექტური და ლამაზი ნომერი წარმოადგინეთ, ნახევარფინალისთვის რას ჰპირდებით მაყურებელს?
- ნახევარფინალისთვის სიურპრიზის გაკეთებას ვგეგმავთ. მაყურებელს კიდევ უფრო ექსტრემალურ სანახაობას ვპირდებით. ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამ ნომერზე და ვფიქრობ, ჩვენი შრომა ისევ დაფასდება.
- "შავფაროსნებში" საიდან აღმოჩნდი და ხევსურული ფარიკაობის შესწავლა რატომ გადაწყვიტე?
- ჩემი "შავფაროსნებში" მოხვედრა მეუღლის, ნიკოლოზ მურმანიშვილის დამსახურებაა, რომელიც უკვე მრავალი წელია "შავფაროსნების" მებრძოლია. შარშან "შავფაროსნები" იტალიაში მიიწვიეს, რომის დაარსებისადმი მიძღვნილ ფესტივალზე "ატალე დი რომა", სადაც საქართველოს საბრძოლო ისტორია და ქართული კულტურა უნდა წარედგინათ. ამ ფესტივალზე იმ ქვეყნებს იწვევენ, რომლებთანაც რომის იმპერიას ისტორიული კავშირი ჰქონდა და რადგან არსებობს გადმოცემა, რომ საქართველოში შემოჭრილ პომპეუსს მამაკაცებთან ერთად, ქართველი ქალებიც მედგრად ებრძოდნენ, "შავფაროსნებმა" გადაწყვიტეს, რომისთვის ქართველი მებრძოლი ქალის სახე ეჩვენებინათ. სწორედ მაშინ დავიწყე ჩემს მეუღლესთან ერთად ვარჯიში, ფარიკაობა შევისწავლე და მას შემდეგ ნიკოლოზთან ერთად გამოვდივარ "შავფაროსნების" ყველა წარმოდგენაზე. ხალხი მებრძოლი გოგოს დანახვას მოწონებით ხვდება და ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნოა. მათი ამგვარი დამოკიდებულება მიბიძგებს, მეტი ვიმუშაო და საბრძოლო ტექნიკა უფრო დავხვეწო. ქართული საბრძოლო ხელოვნება ხომ საქართველოს ისტორიისა და ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია, მას ყველამ ერთად უნდა მოვუაროთ და განვავითაროთ.
ესაუბრა მარი ონეზაშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)