რატომ არ ოცნებობს ეკო ფანგანი სიმდიდრეზე

რატომ არ ოცნებობს ეკო ფანგანი სიმდიდრეზე

"არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ფულის დაგროვება და მისი საიმედოდ შენახვა უდიდეს სიამოვნებას ანიჭებთ, მე კი ხარჯვა მსიამოვნებს", - მითხრა ეკატერინე ფანგანმა, რომელსაც ფულის გარეშე ცხოვრება ვერ წარმოუდგენია.

- ქალაქში უფულოდ გადაადგილებასაც ვერ შეძლებ, ეს კი იმას ნიშნავს, რომ გარკვეული თანხის ქონა ყოველთვის აუცილებელია. პირადად მე, მის საჭიროებას ყოველ წუთს ვგრძნობ.

- შენთვის ფული ხელის ჭუჭყია?

- ნამდვილად ასეა! ფული მართლაც, ხელის ჭუჭყია. ბევრი ფული ზოგს ადამიანურ ღირებულებას აკარგვინებს, გონებას ურევს... არსებობენ გამდიდრების მანიით შეპყრობილი ადამიანები, რომლებიც მთელი ცხოვრება ფულსა და ძვირად ღირებულ ნივთებს აგროვებენ.

- შენ გარშემო ასეთი ადამიანები არიან?

- თამამად შემიძლია ვთქვა, რომ თბილისში მცხოვრებ უამრავ ისეთ ადამიანს ვიცნობ, ვისაც სიმდიდრით გონება აქვს არეული, თავი ძალიან მაგარი ტიპი ჰგონია და გაყოყოჩებული დადის. ფული ადამიანმა ყოველდღიური ბედნიერებისთვის უნდა გამოიყენოს. სიმდიდრემ არ უნდა შეგცვალოს.

- შენი აზრით, ფულით ყველაფრის ყიდვა შეიძლება?

- რამდენიც უნდა ვამტკიცოთ, რომ ფულით ყველაფრის მიღწევა შეუძლებელია, ეს მაინც აბსურდულად მეჩვენება. ვფიქრობ, თუ ბევრი ფული გაქვს, ყველაფრის გაკეთებას შეძლებ!

- ფულსა და სიმდიდრეზე ხშირად ოცნებობ?

- სხვათა შორის, არარეალურ რაღაცებზე არასდროს ვფიქრობ. ვოცნებობ იმაზე, რასაც რეალურად, ჩემი შრომით შეიძლება, მივაღწიო. მილიონერობაზე, საკუთარ ვილებსა და იახტებზე არ ვოცნებობ. თუმცა, ბევრ ასეთ მეოცნებე, "ცაზე გამოკიდებულ" ადამიანს ვიცნობ (იცინის).

- ხელმომჭირნეობას რა შემთხვევაში იჩენ?

- ასე არასდროს ვიქცევი. საერთოდ, ვერ ვიტან "ჟმოტ" ადამიანებს, განსაკუთრებით საშინელებაა, თუ ხელმომჭირნე მამაკაცია. შეიძლება, ფული უბრალოდ, არ გქონდეს და ვერც დახარჯო, მაგრამ როცა გაქვს და მაინც, სხვას უყურებ ხელებში, რადგან შენი თანხა დასახარჯად გენანება, ეს კოშმარია.

- როგორ ფიქრობ, ოდესმე უფულო, ღარიბი მამაკაცი შეგიყვარდება?

- ზუსტად ასეთი, უფულო მამაკაცი მიყვარდა და ამ სიყვარულის ამბავი საზოგადოების უმეტესმა ნაწილმა იცის.

- უფულო ადამიანი საჩუქრებით, სიურპრიზებით რომ ვერ გაგანებივრებს, ეს ფაქტი არ გაღელვებს?

- საერთოდ, ძალიან ძნელია, როცა გვერდით გყავს ადამიანი, რომელსაც მატერიალური პრობლემები აქვს და რაღაცებით ვერ განებივრებს, მაგრამ ვიმეორებ, ეს ჩემთვის მთავარი არ არის. სიყვარულის გამო შეიძლება, ეს ყველაფერი დათმო. დიდი ხანია, დამოუკიდებლად ვცხოვრობ და შესაბამისად, საკუთარი შემოსავალიც მაქვს. ალბათ ამიტომ, არასოდეს ვფიქრობ იმაზე, რომ საყვარელმა ადამიანმა აუცილებლად უნდა გამანებივროს, სურვილები ამისრულოს.

- ვალის აღება გჭირდება ხოლმე?

- კი და გულწრფელად გეტყვით, რომ ბანკის ვალიც მაქვს. მგონი, დღეს ეს სირცხვილად აღარ ითვლება. როცა ფინანსური გარღვევები მაქვს, სხვების შეწუხებას მირჩევნია, დასახმარებლად ბანკს მივმართო.

- ვალის კარგი გადამხდელი ხარ?

- ვგავარ გადამგდებს (იცინის)?..

- დატვირთული დღის რეჟიმის გამო შეიძლება, ადამიანს დაგავიწყდეს, რომ ვალი გაქვს, რომელიც კონკრეტულ დროს აუცილებლად უნდა გადაიხადო.

- ასეთი რაღაცების მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ - არასოდეს მავიწყდება, რომ ვალი მაქვს და უნდა გადავიხადო. ფულს ყოველთვის დროულად ვაბრუნებ.

- ოდესმე შენგან თუ უსესხებიათ ფული?

- როგორ არა! სესხება-გასესხება ძირითადად, მეგობრების წრეში ხდება. როცა მეგობარს პრობლემა აქვს, თქმაც არ მჭირდება, ისე ვუწვდი დახმარების ხელს.

- ოდესმე ფული თუ გიპოვია?

- მქონდა ასეთი შემთხვევა: ფული მაღაზიის წინ ვნახე. ავიღე, მაღაზიაში შევედი და გამყიდველს დავუტოვე, - იქნებ პატრონმა მოაკითხოს-მეთქი.

- დიდი თანხა იყო?

- არც დამითვლია, მაგრამ ცოტა ნამდვილად არ იქნებოდა.

- რა დარწმუნებული იყავი, რომ ის გამყიდველი პატრონს დაუბრუნებდა ან ფულის მფლობელი დაკარგულ თანხას მაინცდამაინც იმ მაღაზიაში მოიკითხავდა?

- შეიძლება, მას პატრონისთვის არც დაებრუნებინა, მაგრამ ვიღაცის ფულს ვერც მე ჩავიდებდი ჯიბეში. ასეთი რაღაცები არ შემიძლია.

- ძვირად ღირებულ ნივთებში, სამოსში ფულის გადახდა გენანება?

- საერთოდ, შოპინგი ძალიან მიყვარს, მაგრამ ნივთებს და სამოსს მაღალი ფასის გამო არ ვიძენ. ზოგს აქვს მანია, რომ აუცილებლად, დიდი თანხა უნდა გადაიხადოს. ფიქრობენ, რადგან ძვირი ღირს, ე.ი. კარგიაო (იცინის). ჩემთვის ფასი ხარისხს ნამდვილად არ განსაზღვრავს.

- ხელფასიდან ხელფასამდე საკუთარი შემოსავალი გყოფნის? ფულის დაზოგვას ახერხებ?

- ამას ვერასოდეს ვახერხებ! რამდენიც უნდა გადამიხადონ, ფული მეორე ხელფასამდე არ მიმყვება - ფულს იოლად და სწრაფად ვხარჯავ. ხელფასის გარდა, მაქვს სხვა დამატებითი შემოსავალი, რომლის დახმარებითაც თავი გამაქვს.

- ფულს საფულეში ხშირად აკონტროლებ?

- ფულს ყოველდღე არ ვითვლი. თუმცა, ხშირად ვამოწმებ ხოლმე, საფულეში მაქვს თუ არა საჭირო რაოდენობის თანხა.

- ახლა შეგიძლია მითხრა, რამდენი ლარი გაქვს საფულეში?

- თუ არ ჩავიხედე და არ დავთვალე, ვერ გეტყვი (ეკომ საფულე გახსნა და ფული დაითვალა) სულ 165 ლარი მქონია.

- ამბობენ, წითელი საფულე ბარაქის მომტანია. გსმენია ამის შესახებ?

- ბარაქა საფულის ფერზე თუ იყო დამოკიდებული, არ ვიცოდი. აუცილებლად შევიძენ წითელ საფულეს. ისე, სიმართლე გითხრათ, ასეთი ცრურწმენების არ მჯერა, მაგრამ რატომღაც, მაინც ვითვალისწინებ ხოლმე.

- ოდესმე, ვინმესთან თუ გაგიბამს ურთიერთობა მხოლოდ იმიტომ, რომ ის მდიდარი იყო?

- ამ კითხვაზე გულწრფელად მგონი, ჩემ გარდა არავინ გიპასუხებს: მატერიალურად ძლიერ ადამიანთან ურთიერთობა, მეგობრობა და ა.შ. ყველას უნდა, მაგრამ ამას ხმამაღლა არავინ ამბობს. პირადად მე, მეგობრებს ფულისა და თანამდებობის მიხედვით არ ვირჩევ.

- შენი შემოსავლის დიდი ნაწილი რაში იხარჯება?

- მობილური ტელეფონის ბალანსის შევსებასა და საპატრულო ჯარიმებში (იცინის). თუმცა, გარკვეულ თანხას თავის მოვლაზეც ვხარჯავ.

- მეგობრებთან ერთად ყოფნისას, ფულის ხარჯვა გიწევს ხოლმე?

- შეკრების, ქეიფის, ქალაქგარეთ წასვლის ინიციატორი ძირითადად მე ვარ და შესაბამისად, ამ საქმეში ფულის დახარჯვაც არასდროს მენანება.

- ოდესმე ფული ყულაბაში თუ შეგიგროვებია?

- ჩემი მეგობრის დაჟინებული თხოვნით, ერთხელ ყულაბა შევიძინე და მასში ყოველდღე, გარკვეულ თანხას ვაგდებდი. როცა გავხსენი, 900 ლარი დავთვალე. ახლა არ მკითხო, - ის ფული რაში დახარჯეო? გარკვეული პერიოდის გასვლის შემდეგ ვეღარ ვიხსენებ, კონკრეტული თანხა რაში დავხარჯე.

- სამოსი ან რაიმე ნივთი თუ შეგიძენია ნისიად?

- არა, "პოსლეზე" არასოდეს არაფერს ვყიდულობ.

- საჩუქრებში ფულის ხარჯვა გიყვარს?

- ვგიჟდები ამ პროცესზე. საჩუქრების ყიდვა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. მომწონს, როცა სხვებს ვახარებ. საჩუქრებით მეც განებივრებული ვარ, ჩემთვის ბევრი ძვირად ღირებული ნივთი უჩუქებიათ.

- აზარტული ხარ?

- აზარტული ვარ, მაგრამ კაზინოში არა დავდივარ. ისე, ფულზე ბანქო მითამაშია, მეგობრებთან ერთად (იცინის).

- საინტერესოა, ასეთ დროს ფულს იგებ თუ აგებ?

- რა თქმა უნდა, უფრო ხშირად ვიგებ. წაგებას ვერ ვეგუები.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება