ვისი ვალის გამო ათენებდა ღამეებს მაშო მელქაძე

ვისი ვალის გამო ათენებდა ღამეებს მაშო მელქაძე

მაშო მელქაძის გმირი სერიალში "ჩემი ცოლის დაქალები" ბრენდებზე გადარეული გოგოა, თავად მაშოსაც ძალიან უყვარს შოპინგი და ფულს იმდენად სწრაფად ხარჯავს, რომ საფულეში ჩადებასაც კი ვერ ასწრებს. მიუხედავად ამისა, მას შემდეგ, რაც დედა გახდა, მის ცხოვრებაში პირველ ადგილზე შვილი - კატუშა დადგა და ყველაფერს იმის მიხედვით საზღვრავს, თუ რა დასჭირდება პატარას.

- თუ ფული მაქვს, ორ დღეში ვრჩები უფულოდ, რადგან ძალიან მხარჯველი ვარ. მიყვარს შოპინგი და შემიძლია, ბოლო კაპიკები ისე დავხარჯო, რომ მეორე დღეზე არ ვიფიქრო. იმდენად მიყვარს ახალი ნივთები, თუ რამე მომეწონა, არ აქვს მნიშვნელობა, ეს ფეხსაცმელი იქნება, ჩანთა თუ სხვა რამ, მაშინვე ვყიდულობ. თუმცა, მას შემდეგ, რაც ბავშვი შემეძინა, მასზე გადავერთე, კატუშამ დაიკავა ის ფინანსები, რასაც საკუთარ თავს ვახმარდი.

- მხარჯველი ყოფილხარ და ფინანსურად არასახარბიელო მდგომარეობაში არ აღმოჩენილხარ?

- არა. სანამ ბავშვი მეყოლებოდა, ვახერხებდი იმას, რომ გზის ფული ოჯახში "მეშოვა", ახლა კი, სიმართლე გითხრა, ამდენს ჩემი თავისთვის ვეღარ ვიმეტებ.

- ფულის დაგროვება თუ გჩვევია?

- არ შემიძლია შეგროვება. მითქვამს, მოდი, 100 თუ 200 ლარს არ დავხარჯავ და შევინახავ-მეთქი, მაგრამ ესეც არ გამომდის.

- შენი შემოსავლით რაიმე მნიშვნელოვანი გიყიდია?

- რასაც ვყიდულობ, ის ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ რაიმე ძვირად ღირებული ნივთი სახლისთვის, მაგალითად, ტელევიზორი, სარეცხის მანქანა არ შემიძენია, უბრალოდ, ჩემი ხელფასი ამას ვერ გასწვდება.

- დაბალი ანაზღაურების გამო საქმეზე უარი გითქვამს?

- თავიდან ანაზღაურებას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა. ვინც ამ პროფესიას ირჩევს, ამას ფულის გამო არ აკეთებს. სხვათა შორის, დღემდე მეუხერხულება ფულზე დალაპარაკება, როდესაც საქმეს მთავაზობენ, მაგრამ ოჯახის შექმნის შემდეგ მეტი შემოსავალი გინდა და ამ საკითხისადმი ყურადღებაც იზრდება. მიუხედავად ამისა, დაბალი ჰონორარის გამო არასდროს ვიტყვი უარს კარგ როლზე, უარი შემიძლია, იმ შემთხვევაში ვთქვა, თუ როლია უინტერესო. ზოგადად კი, მსახიობობა საქართველოში, ალბათ, ერთ-ერთი დაბალანაზღაურებადი პროფესიაა.

- შეგიძლია, გაიხსენო შენი პირველი ჰონორარი?

- კი, 10-11 წლის ვიქნებოდი, როცა გიგა ლორთქიფანიძის ფილმში "ნუ გააღვიძებ" მივიღე მონაწილეობა, კლასში ერთ-ერთი მოსწავლის როლი განვასახიერე და ოცი ლარი გადამიხადეს. ჩემი ასაკის ბავშვისთვის, ერთდღიან შრომაში აღებული ოცი ლარი ნორმალური ანაზღაურება იყო და ძალიან მიხაროდა, ყველას ვუყვებოდი ამის შესახებ.

- შენი ცხოვრებიდან ფინანსურად კრიზისული პერიოდი თუ გახსენდება?

- ჩემი ხელფასის იმედად არ ვცხოვრობ, რადგან არასტაბილური შემოსავალი მაქვს. ჩემთვის ხელფასი ბონუსივითაა, თვეში მაქსიმუმ რაც ამიღია - 800 ლარია, საშუალოდ 400-500 ლარით კი ოჯახის შენახვა, თქვენც იცით, რომ ძალიან რთულია. მხოლოდ ჩემს ფინანსებზე რომ იყოს დამოკიდებული ჩემი ოჯახი, რასაკვირველია, კრიზისი მექნებოდა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება