არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები

არსებობენ თუ არა ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირების რეალური პროტოტიპები

''რამდენი სერიალის სცენარისტს იცნობთ?'' - ამ შეკითხვას ''ჩემი ცოლის დაქალების'' სცენარისტი ქეთი დევდარიანი მისვამს. ქართულ სატელევიზიო სივრცეში ბოლო წლებში უამრავი სერიალი გადაიღეს, მაგრამ სცენარისტების უმეტესობა საზოგადოებისთვის აქამდე უცნობად დარჩა, ქეთი დევდარიანთან კი ჟურნალისტებს ბევრი კითხვა გვაქვს. ბოლო დროს მაყურებელს დიტოსა და კატოს ოჯახის დანგრევაზე მეტად ის ადარდებს, ვინ არის მირიან ბარათეონის გმირის პროტოტიპი, ბიზნესმენი თემურ უგულავა თუ ლევან ვასაძე. ბარათეონი დავით ბაგრატიონსაც კი შეადარეს. სერიალმა ერთგვარი რევოლუცია მოახდინა ქართულ სატელევიზიო სივრცეში. ''ჩემი ცოლის დაქალები'' იმდენად კარგად ასახავს თანამედროვე რეალობას, ალბათ იმიტომ ამბობს სცენარისტი, რომ ''ჩემი ცოლის დაქალების'' გმირები გროტესკულები არიან...

- ქეთი, როგორ ახერხებთ ყველას სეზონზე მაყურებლის შენარჩუნებას?

- ზუსტად ისევე ვშრომობთ და ვათენებთ ღამეებს, როგორც პირველ სეზონში. ჩვენ თვითონვე არ გვბეზრდება ამის კეთება, მაგრამ ყველაფერს თავისი დასასრული აქვს და ''ჩემი ცოლის დაქალების'' შემთხვევაშიც ასე იქნება. ზაფხულში ორი კვირა ვისვენებთ და მაშინაც დაგვიჭერია ჩვენი თავი, რომ შეკრების დროს სერიალზე ვსაუბრობთ. სულ ძიებაში ვართ, რა როგორ უნდა მოხდეს.

- ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას მაინც თქვენ იღებთ?

- არა, ვთანხმდებით, როგორ ჯობია და მერე მე ვწერ. ამ სერიალს ჰყავს რეჟისორები, პროდიუსერები. როდესაც კარგი იდეა მოდის, ყველას მოსწონს და ველოდებით ხოლმე, რომ ის ერთი რაციონალური იდეა გაჩნდეს. ძირითადად მე და ირაკლი საღინაძე ვმუშაობთ და შეთანხმებამდე მივდივართ.

- ახალი სეზონის ყველაზე პოპულარულ პერსონაჟად მაინც მირიან ბარათეონი იქცა.

- ამ პერსონაჟის შემოყვანა აგვისტოს დასაწყისში გადაწყდა, როდესაც მეოთხე სეზონზე დავიწყეთ ფიქრი. ხუმრობა ჩავდეთ მის გვარში. არსებობს სერიალი ''სამეფო კარის თამაშები'' , იქ არის სტარკების, ლანისტერების და ბარათეონების ოჯახი და ვიხუმრეთ, ასე ვთქვათ, უკან დავიბრუნეთ ჩვენგან წაღებული გვარი. მსახიობზე კასტინგი გამოვაცხადეთ და დათო დარჩია იყო საუკეთესო. მირიანის გმირი უნდა ყოფილიყო სიმპათიური, იმიტომ რომ ქალებს მოსწონებოდათ. ცოტა არტისტული და ნიჭიერი მსახიობი. ჩემთვის მთავარია, რომ მსახიობი ნიჭიერი იყოს.

- ეს უნდა ყოფილიყო ახალი ''დიმიტრი გელოვანი'' ?

- არა, ადრე სოციალურ ქსელში სტატუსი დავწერე, როგორი იქნებოდა თანამედროვე ''დიმიტრი გელოვანი'' , მაგრამ ის სერიალი ჯერ არ დაწერილა. სულ სხვა ტიპის სერიალია, დადებით გმირზე, რომელიც ხალხს ეყვარება, რომელიც განიცდის კათარზისს, შეიცვლება, განვითარდება, რაღაცას ისწავლის. ჩვენს გმირებს ეს არ ახასიათებთ. ჩვენთან მაყურებელი უფრო იზრდება. დროთა განმავლობაში რაღაცები აღარ მოსწონთ. კატოზე რომ წერენ უარყოფით კომენტარებს, კატო ასე იქცეოდა პირველ სეზონშიც, უბრალოდ, მისი გმირის ქცევები აღარ მოსწონთ.

- ბარათეონი ჩოხოსანია?

- არა, ბარათეონის გმირი ჩოხოსნებთან დაპირისპირებულია. თავად ნაბდოსანია. ჩოხა მხოლოდ მის მოსამსახურეებს აცვიათ. მირიანი მიიჩნევს, რომ ჩოხა არ არის ქართული, ჩრდილო-კავკასიურია და ამიტომ აქვს სხვადასხვა ფერის ნაბადი.

- განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ის მომენტი, ჟურნალისტს რომ უთხრა, სანამ ეთერში მასალას გაუშვებ, მაჩვენეო.

- ცოტათი დავცინე ჟურნალისტებს, რაზეც ბრაზდებიან და ეს ნორმალურია. ვინც მიიჩნევს, რომ კარგი ჟურნალისტია და კარგ შეკითხვებს სვამს, ის თავის თავზე არც მიიღებს. ვიცი, რომ მირიანის მიმართ ინტერესი დიდია. მისი გმირი იმ ადამიანების განსახიერებაა, რომლებიც ამ ბოლო დროს რაღაც ინიციატივებით გამოდიან - მონარქიის აღდგენის, ეროვნული ღირებულებების დაბრუნების... მირიანი არის კრებითი სახე საქართველოს მოქალაქეებისა, რომლებმაც იშოვეს ბევრი ფული და აქვთ რაღაც ამბიცია.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება