რატომ უწოდა კოტიკო თოლორაიამ საკუთარ თავს "მიჩუტული ვარსკვლავი"

რატომ უწოდა კოტიკო თოლორაიამ საკუთარ თავს "მიჩუტული ვარსკვლავი"

კოტიკო თოლორაიას "ცეკვავენ ვარსკვალევების" ორგანიზატორებმა აჭარული ცეკვა შეურჩიეს და უკვე რამდენი დღეა, ცდილობს, სუხიშვილების მოცეკვავეებთან ერთად, საკუთარ ნომერს "გემო გაუგოს". ასე რომ, მას ერთი დღით აჭარლობა მოუწევს, რითაც ძალიან გახარებულია

"ამბები.გე" ცირკის კულისებში მის ცეკვას დაესწრო, ხოლო სანამ სცენაზე ავიდოდა, რამდენიმე კითხვაზეც გვიპასუხა.

- კოტიკო, აჭარული ცეკვა რატომ შეგირჩიეს?

- ყველას რატომღაც ჩემს ძმაში, სოსო თოლორაიაში ვეშლები. ჰგონიათ, რომ მეც თეატრალური უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ვარ მსახიობი და თან, ვმღერი კიდეც. არადა, სოსო ჩემზე ბევრად ნიჭიერია და სამსახიობო კარიერაში მეტი გამოცდილება აქვს. მოკლედ, ჰგონიათ, რომ მეც სოსოსავით ნებისმიერი სირთულის გადალახვას შევძლებ და ალბათ, ამიტომაც მომცეს აჭარული.

ისე, მიყვარს აჭარა, აჭარლები, აჭარული მუსიკა და ცეკვა, აჭარული ხაჭაპურიც... თან, სახასიათო ცეკვაა და ვცდილობ, როგორღაც მოვირგო. პრობლემა, რომელიც ამ ცეკვის მომზადებისას შემექმნა, ის იყო, რომ რამდენიმე ნაბიჯი, რომელიც თავიდან ვისწავლე, თურმე არასწორი ყოფილა და მისი ხელახლა სწავლა მომიხდა.

- ბავშვობაში ცეკვაზე არასდროს გივლია?

- არც ქართულ ცეკვაზე მივლია და არც - ლათინურზე.

- ბავშვობიდან პლასტიკური არ იყავი?

- არა, ასე არ არის, როდესაც კლუბში ვცეკვავ, მეგობრები მეუბნებიან, მოქნილი ხარო, მაგრამ 12 ტურიდან შეიძლება, ერთში გამოგადგეს ეგ პლასტიკა. ლათინურ ცეკვებს თავის ილეთები, "სტოიკა", თავის სტანდარტი აქვს, რომელიც უნდა დააკმაყოფილო. ხან გჭირდება თეძოს ამოგდება, ხან - არა. ზოგადად ეს პროექტი, როგორც კონკურსანტისთვის ისეთი აზარტულია, რომ მინდა, ყველა ცეკვა მაგრად წარმოვადგინო.

- რას გვეტყვი პარტნიორზე, ანა ჯაჯანიძეზე?

- უმაგრესი პარტნიორი მყავს. ძალიან  მეხმარება...

- ამ შოუმ შენს ცხოვრებაში რა შეცვალა? ქუჩაში გცნობენ-მეთქი, - ამას ვერ გეტყვი, რადგანაც მანამდეც ცნობილი იყავი..

- ბევრ რამ შეცვალა... ისე, რაღაც მაგ მხრივაც შეიცვალა, რადგანაც ცოტა ხანი ტელევიზიას ავერიდე. მასობრივად აღარ ვჩანდი. დღემდე რადიო "იმედში" ვმუშაობ და საქმე, რომელსაც ვაკეთებ, ძალიან შემიყვარდა, რადგანაც რადიოს სხვა ინტიმი აქვს და დამოკიდებულების მომენტსაც აჩენს.

როდესაც ამ პროექტში მონაწილეობა შემომთავაზეს, კიდევაც ვუთხარი, ახლა მიჩუტული ვარსკვლავი ვარ-მეთქი (სიცილით ამბობს), მაგრამ ეკრანზე რომ გამოვჩნდი, ამან ჩემს პოპულარობაზე იმოქმედა.

შევეცდები, მეც ვასიამოვნო მაყურებლები. თან, ეს ის პროექტია, როცა უნდა ეცადო, რომ ცეკვის გარდა, ადამიანებს კარაგად დაამახსოვრო თავი. ამიტომ, ვცდილობ, ისეთივე პოზიტიური ვიყო, როგორც ცხოვრებაში ვარ. ამას მაყურებლები აფასებენ... თითოეულ მათგანს მეც ვუფასებ, რადგანაც როგორც ვთქვი, თითოეული ცეკვის მომზადებას დიდი შრომა სჭირდება.

- ე.ი. ცეკვას დღეში დიდ დროს უთმობ?

- მინიმუმ 4 საათს, მაგრამ 9 საათიც მივარჯიშია. აქედან ძალიან დაღლილი მივდივარ. მერე სახლში, მეგობრებთან, მანქანაში ყოფნისას თავში სულ ესა თუ ის კომპოზიცია მაქვს და ვითვლი...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება