ჭარბი წონა სუსტი და ძლიერი სქესის წარმომადგენლებს თითქმის თანაბრად აწუხებს. ზედმეტი კილოგრამების დაგროვებას ადამიანები ხშირად იმით ხსნიან, რომ სპორტდარბაზებში სავარჯიშოდ დრო ან შესაბამისი თანხები არ გააჩნიათ. თუ ადრე ქართველი კაცისთვის სიმსუქნე არანაირ დისკომფორტს არ ქმნიდა, ახლა შეიძლება ითქვას, რომ ისინი ქალებზე მეტად ებრძვიან ზედმეტ წონას და უფრო ადვილად აღწევენ შედეგს.
გადავწყვიტეთ იმ ცნობილი მამაკაცების (მსახიობების, წამყვანების თუ მომღერლების) წონაში დაკლების რეცეპტები მოგვეძია, რომლებსაც ყოველდღე ვხედავთ ტელეეკრანზე. ერთ-ერთი პირველი, ვინც ხმამაღლა დაიწყო ამაზე ლაპარაკი და წონის დაკლება გადაწყვიტა, მომღერალი მამუკა ონაშვილი იყო. დიეტოლოგ ელენე გიორგაძის დახმარებით მან რამდენიმე ათეული კილოგრამი დაიკლო, მაგრამ შემდეგ ისევ მოიმატა და მთელი შრომა წყალში ჩაეყარა... დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს დაკლებულ წონას ტელეწამყვანი და ექიმი ოთარ ტატიშვილი. ორი წლის წინ, სერიალ "შუა ქალაქი" თამაშისას, როცა ტატიშვილის ეკრანული სახე - ირაკლი ჩხეიძე - ყველასთვის საყვარელი პერსონაჟი გახდა, ირაკლი ზედმეტ წონას არ უჩიოდა, მაგრამ ერთ დღესაც ეკრანზე საკუთარი თავი აღარ მოეწონა და დიეტის წყალობით მთელი 22 კილოგრამი დაიკლო. თავდაპირველად ტატიშვილმა უგულავას ოთხკვირიანი დიეტა დაიცვა, შემდეგ უარი თქვა ნახშირწყლებზე და მხოლოდ ცილოვან საკვებზე გადავიდა. ტელეწამყვანს მეუღლე მაქსიმალურად უწყობდა ხელს ამ საქმეში და ყოველდღე აწონილ საკვებს ატანდა სამსახურში... ოთარ ტატიშვილის მიბაძვით და ასეთივე დიეტის მეშვეობით დაიკლო წონა (16 კილო) მსახიობმა ბაჩო ქაჯაიამ; 17 კილო დაიკლო ორ თვეში "რუსთავი 2"-ის დილის გადაცემის წამყვანმა ოთარ ქირიამ. ქირიას დიეტას "შიმშილი და არგადარჩენა" ჰქვია (ასე თავად უწოდებს). ამ დიეტის არსი ისაა, რომ ადამიანმა მხოლოდ ხილი და ბოსტნეული უნდა მიირთვას... 45 კილო დაიკლო (და ცოლსაც გაშორდა) ერთი წლის წინ იუმორისტმა ნიკა ქავთარაძემ - მთელი 7–8 თვის განმავლობაში შავ პურსა და ხორცს მიირთმევდა ცოტაოდენი ალკოჰოლის თანხლებით... ვისაც დიეტა, ვარჯიში და სწორად კვება არ შეუძლია და თან ფინანსური შესაძლებლობებიც მოსდევს, შეუძლია ზედმეტი დროის ხარჯვის გარეშე მიაღწიოს ეფექტურ შედეგს - დამღლელი დიეტების, პრეპარატებისა და სხვადასხვა მეთოდის ამაოდ ცდის შემდეგ მუსიკოსმა ნიკა მემანიშვილმა სწორედ ამ ხერხს მიმართა - კუჭი დაიპატარავა. გასტროპლასტიკური შუნტირება მემანიშვილს რუსეთში მოღვაწე ქართველმა ექიმმა ნიკა გვახარიამ გაუკეთა. ამ ოპერაციის შემდეგ ადამიანი წონას აღარასოდეს იმატებს. მუსიკოსმა 48 კილოგრამი დაიკლო და, რაც მთავარია, ოპერაცია ჩუმად გაიკეთა. ამავე მიზნით მემანიშვილმა წლების წინაც გაიკეთა ოპერაცია მოსკოვში ქირურგ ჯულია ხოფერიასთან, რაშიც მას გია ყანჩელი, ლიზა ბაგრატიონი და ნატო მეტონიძე დაეხმარნენ. მაშინაც საკმაოდ გახდა, თუმცა წლების შემდეგ ისევ მოიმატა და ამის გამო ჯანმრთელობის პრობლემებიც შეექმნა...
თამარ ბოჭორიშვილი
![]()
ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"
(გამოდის ოთხშაბათობით)