"ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა"

"ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა"

"ჩემში ცხოველების სიყვარული ღრმა ბავშვობიდან დაიწყო. ჩემები, ოჯახში ფლორასა და ფაუნას ყოველთვის დიდ პატივს სცემდნენ და ყოველთვის გვყავდა რაიმე ცხოველი და ფრინველი. დედას ძალიან უყვარს ყვავილები და ბევრ ერთგულ არსებებთან ერთად, სულ იყო ბევრი სიმწვანე", - ამბობს მსახიობი თაკო აბაშიძე, რომელსაც შინ შეიძლება ითქვას, რომ მინი ზოოპარკი აქვს, რაზეც ყოველთვის დიდი სიყვარულითა და სიამოვნებით ლაპარაკობს.

"ამბები.გე" მას სწორედ ამ საკთხებზე ესაუბრა.

- ჩემთვის ცხოველთა სამყარო ბევრ სითბოს, სიყვარულს, ცოტა შურსა და უსაზღვრო ერთგულებას ნიშნავს. ვგიჟდები ცხოვრელებზე და საერთოდ, ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება, ეს უსაყვარლესი არსებები არ გიყვარდეს? დაკვირვებული ვარ, ადამიანები, რომელთაც ცხოველები არ უყართ, სასტიკები და ნაკლებად ადამიანური თვისებებით დაჯილდოებულები არიან.

- ვიცი, რომ სახლში პატარა ზოოპარკიც კი გაქვს, რაც საკუთარი თვალითაც მაქვს ნანახი. მოდი, თვითონ მოუყევი მკითხველს, რა ცხოველები გყავს სახლში?

- ჩემს სახლში ცხოველები სულ ბინადრობენ. ამჟამად 2 კატა, ერთი ძაღლი, იადონები, მთის ჩიტები, თუთიყუში, კუ და ბევრი თევზი მყავს...

- ძაღლი და კატა როგორ თანაცხოვრებენ?

- სიცრუეა, თითქოს ძაღლსა და კატას ერთმანეთი სძულთ. ძაღლები და კატები გაცილებით უკეთ კო(ჰ)აბიტირებენ, ვიდრე - პოლიტიკოსები... ჩემს ძაღლსა და კატებს ერთმანეთი ძალიან უყვართ. მეტსაც გეტყვით, ჩემი ძაღლი შემთხვევით ჩვენს ეზოში შემოსულ უცხო კატას ჩემს კატებთან არ მიუშვებს, მეგობრებს იცავს...

- როგორ ინახავ მათ. ეს ხომ გამუდმებულ ყურადღებას, უპირველესად კი უდიდეს პასუხისმგებლობას მოითხოვს? არ გიჭირს ამ ყველაფრთან გამკლავება?

- ჩვენს ფლორას და ფაუნას დედაჩემი უვლის და პატრონობს. დიახ, ეს ძალიან რთული და საპასუხისმგებლო საქმეა და მას ხელი არ უნდა მოკიდოთ, თუ მასთან გამკლავება არ შეგიძლიათ.

ძალიან რთულია მათი მოვლა და ჰიგიენის შენარჩუნება, ეს დიდ შრომასთან და ენერგიასთან არის დაკავშირებული. ამიტომაც ყოველთვის, ყველას ვურჩევ, სანამ გადაწყვეტთ ცხოველის ყოლას, ჯერ კარგად გაეცანით ჯიშის თავისებურებებს და რაც მთავარია, გააცნობიერეთ, რა დიდ ტვირთს იღებთ და უმთავრესი - არ მიიყვანოთ ცხოველი სახლში თუ მას თქვენი ოჯახის წევრად არ მიიჩნევთ! ის არც გასართობი ნივთია და არც თქვენი მოდის სამკაული - ძაღლი დაუცველი და ერთგული არსებაა, რომელიც თქვენზეა დამოკიდებული. მისი მობეზრების შემთხვევაში, არ შეიძლება მისი ქუჩაში გაგდება, ან მხოლოდ მისი ლეკვობაში სიყვარული. რატომღაც აღმოაჩენენ ხოლმე, რომ თურმე გაიზარდა და ისეთი საყვარელი აღარ არის, როგორც ლეკვობაში, მოვლა სჭირდება, რისი თავიც არ აქვთ. დანაშაულია ცხოველის მოყვანა და შემდეგ მათი მიტოვება - ასეთი ადამიანები უნდა ისჯებოდნენ!

- ძაღლი ადამიანის მეგობარი რომ არის, ამის შესახებ შენი ოთხფეხას მაგალითზე რისი თქმა შეგიძლია?

- ძაღლი ადამიანის მეგობარია და არა მხოლოდ მისი... როდესაც დედა ავად მყავდა (ოპერაცია გაიკეთა) და ცხადია, საავადმყოფოში რამდენიმე დღე დაჰყო, იმ დღეებში ჩემს ძაღლს არც უჭამია, მხოლოდ იწვა და ისეთი სევდიანი იყო, რასაც ყველაზე სასტიკი და ყველაზე ცივი ადამიანიც კი შეამჩნევდა. ისეთი იყო, გვეშინოდა, რამე არ მოსვლოდა. როცა დედა საავადმყოფოდან დაბრუნდა, სახლთან მოყენებული მანქანის ხმა გაიგო თუ არა, წამოხტა და ვერ აღგიწერთ, რა მოძრაობებს აკეთებდა, - ხტოდა, კი არ ყეფდა, კიოდა და ცრემლებით ტიროდა... დედა დაინახა თუ არა, პატარა ბავშვივით კოცნიდა. არ ვიცი, ვის რამდენად თბილი გული აქვს, მაგრამ ამ სცენის მნახველ ადამიანს აუცილებლად აეტირებოდა…

როცა რამდენიმე თვე საფრანგეთში გახლდით და ჩემი პატარა მეგობარი ძალიან მენატრებოდა, სახლში სკაიპით ვრეკავდი ხოლმე. ჩემი ხმა რომ ესმოდა, ვხედავდი, როგორ ტიროდა. ვტიროდი მეც... არ ვიცი, რამდენი მაგალითი შეიძლება მოგიყვეთ, ნუ გგონიათ, რომ მხოლოდ ძაღლები არიან ერთგული არსებები... ადრე 19 წლის კატა მოგვიკვდა. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება ერთად გავატარეთ, იმ ლამაზმა ფუმფულა სულიერმა, ჩემს სახლში 19 წელი დაჰყო და საოცარი კატა იყო, რომლის მსგავსი საერთოდ არ მინახავს. იშვიათი ხასიათი ჰქონდა.

რომ ამბობენ, ცხოველები შვილებს და შვილიშვილებს ვერ გრძნობენ, - ტყუილია! იმ კატის შვილიც ჩვენთან ცხოვრობდა და ორივე კატა ერთდროულად დაფეხმძიმდა. როცა დედა კატამ იმშობიარა, იმ დროს იმშობიარა შვილმაც, ოღონდ, მას უდღეური კნუტები ეყოლა და ცუდად იყო. იცით, რას შვრებოდა დედა კატა? მიდიოდა, მისი კნუტები თავისთან გადმოყავდა და ძუძუს აწოვებდა, რომ გადაერჩინა, უვლიდა, საოცრებებს აკეთებდა. მისი შვილის კნუტები მაინც დაეხოცა და ხმამაღლა ტიროდა, ცრემლები სდიოდა. ამ ამბავმა მაშინ შოკში ჩაგვაგდო. ეს არ იყო დამთხვევა - კატა აშკარად გრძნობდა, რომ ეს კნუტები მისი შვილის იყო და საშინლად იდარდა. არ ვიცი, რა გითხრათ, ზოგი ქალი შვილს ქუჩაში ტოვებს, ჩემი კატა კი შვილიშვილებს შვილებივით უვლიდა.

- რა ჰქვიათ შენს ოთხფეხა მეგობრებს?

- ჩემს ძაღლს "პიკო" ჰქვია, კატებს - "ფუფა" და "ტასო"; ჩიტებს სხვადასხვა სახელები აქვთ: კოკო, პანჩო, ბუბუ და ა.შ. კუს კი უბრალოდ კუ ჰქვია, თევზებს სახელებს ფერების მიხედვით ვარქმევ...…

მყავს იადონებიც და მთის ჩიტებიც და კიდევ განსხვავებული ჯიშები. ჩიტების მოვლა ადვილი არ გეგონოთ, ბევრი რამ სჭირდებათ, თუმცა ეს შრომა და ძალისხმევა ნამდვილად ღირს მათი გალობის მოსასმენად.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება