რატომ დატოვა ლევან მდინარაძემ ბერას სტუდია და რისთვის დაურეკა რეპერმა

რატომ დატოვა ლევან მდინარაძემ ბერას სტუდია და რისთვის დაურეკა რეპერმა

თბილისური აქტიური ცხოვრების ერთ-ერთი წარმომადგენელი, ლევან მდინარაძე, იგივე დიჯეი რემბო, დიდი ხანია, პრესის ფურცლებზე არ გამოჩენილა. ალბათ, გახსოვთ, რომ ის ''ქართული ოცნების'' მაისურების დარიგებისთვის დააკავეს და გათავისუფლების შემდეგ ბერასგან მასთან მუშაობას შეთავაზება მიიღო. არჩევნების შემდეგ ბერას სტუდიაში მუშაობდა, თუმცა მცირე ხნის წინ მისი დატოვება და ძველი საქმიანობის გაგრძელება გადაწყვიტა. ამის მიუხედავად, პოპულარულ რეპერთან მისი მეგობრობა და საქმიანი ურთიერთობა არ შეწყვეტილა. რემბომ ყველა ამ თემაზე ჩვენთან გულახდილად ისაუბრა.

- ალბათ, ახლა უფრო გახსნილი ვიქნები პრესასთან, აქამდე არ მივიჩნევდი საჭიროდ გამოჩენას, რადგან ახალი არაფერი ხდებოდა. ჩემს საქმიანობას დავუბრუნდი. თუ გახსოვთ, ჩემი დაკავების შემდეგ გარკვეულ დისკრიმინაციას განვიცდიდი. ერთი წამითაც არ ვნანობ, რომ ამ პოზიციაზე ვიყავი და ეს პოზიცია ბოლომდე დავიცავი. მაისურების დარიგებისთვის დამიჭირეს და რამდენიმე თვეში ბევრად უფრო აქტიურად ჩავერთე ''ქართული ოცნების'' საქმიანობაში. წინასაარჩევნო აქციებისა და კონცერტების ერთ-ერთი ტექნიკური ორგანიზატორი გახლდით. იმ დროს ყველას ეშინოდა ჩვენთვის აპარატურის მოქირავების, მოყიდვის. ერთ საინტერესო ამბავს გეტყვით ამასთან დაკავშირებით, მოვიფიქრეთ მექანიზმი, როგორ უნდა მოგვეტყუებინა სახელმწიფო უწყებები. თუკი რაიმეს შეკვეთას გადავწყვეტდით, მთელ აპარატურას ან საბაჟოზე აჩერებდნენ, ან აფუჭებდნენ და გამიზნულად ანადგურებდნენ. მაგრამ ჩვენ მაინც მოვახერხეთ ძალიან დიდი რაოდენობის აპარატურის ჩამოტანა ისე, თითქოს ეს თბილისის მერიას ეკუთვნოდა...

- მერიას? ეს როგორ მოახერხეთ?

- დავუკავშირდით ერთ ძალიან კარგ ადამიანს, რომელსაც შეეძლო უცხოეთიდან დიდი რაოდენობის აპარატურა ეყიდა. მის ვინაობას გასაგები მიზეზების გამო ვერ დაგისახელებთ. სხვა კომპანიებისთვისაც ჩამოჰქონდათ აპარატურა, ანუ ამ საქმიანობით იყვნენ დაკავებული. მათი წარმომადგენელი მივიდა მერიაში და უთხრა, რომ ძალიან იაფად შეეძლო უცხოეთიდან აპარატურის ჩამოტანა, რომელსაც შემდეგ მათ კარგ ფასად მიაქირავებდნენ. ამ წინადადებით მერიის წარმომადგენელი დაინტერესდა, აპარატურა შეუკვეთეს და საზღვარზე რომ იკითხეს, ვისიაო, კომპანიის წარმომადგენლებმა თბილისის მერიაზე მიუთითეს. ასე გადარჩა აპარატურა, რომლითაც შემდეგ ყველა წინასაარჩევნო კონცერტი და აქცია გაიმართა. როცა მერიაში გაიგეს, რა სქემა მოქმედებდა, შოკში იყვნენ. მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ გუნდის მიმართ, რომელიც წინასაარჩევნო აქციებს ამზადებდა. მათგან ძალიან ბევრი რამ ვისწავლე.

- შენს საქმიანობას, დიჯეობას, წვეულებების მოწყობას არჩევნების შემდეგ დაუბრუნდი?

- დიჯეობიდან მართლაც ძალიან კარგი შემოსავალი მქონდა, მაგრამ როგორც კი ბერამ შემომთავაზა, რომ მათთან ტექნიკურ მხარეში ჩავრთულიყავი, არც დავფიქრებულვარ, ისე დავთანხმდი. არჩევნების შემდეგ ბერას სტუდიაში ვმუშაობდი. ერთ მშვენიერ დღეს, ბევრი ფიქრის შედეგად, მივიღე გადაწყვეტილება, ბერას კაცურად ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი, უნდა წავიდე-მეთქი. გუნდსაც ეწყინა და ბერასაც, მაგრამ მას ვუთხარი, როცა დაგჭირდები, ნებისმიერ დროს შენთან ვიქნები-მეთქი. რომ წამოვედი, ის რამდენიმე დღე ჩემთვის ძალიან რთული იყო. შესაძლოა, სტუდიის ოფიციალური თანამშრომელი აღარ ვარ, მაგრამ მაინც მათ თანამშრომლად ვგრძნობ თავს.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება