მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უჩვეულო სამხედრო პროექტები

მეორე მსოფლიო ომის ყველაზე უჩვეულო სამხედრო პროექტები

სამხედრო დაპირისპირებაში მონაწილე მხარეები ახალი იარაღითა და ტექნიკური ინოვაციებით უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ამ მხრივ, გამონაკლისი არც მეორე მსოფლიო ომი იყო. უცნაური სამხედრო პროექტების შექმნით თავი ომის თითქმის ყველა მონაწილემ გამოიჩინა.

მფრინავი ტანკი

გერმანელებზე უპირატესობის მოპოვებას საბჭოთა სპეციალისტები მფრინავი ტანკის შექმნით შეეცადნენ. სპეციალური განკარგულება 1941 წელს გამოსცეს. მსუბუქ ტანკს Т-60, ხისგან დამზადებული ფრთები დაუმაგრეს. უცნაური იერის კონსტრუქციას ჰაერში ასაფრენად სხვა თვითმფრინავი დაეხმარებოდა, რომელიც მფრინავ ტანკს ბუქსირზე აიყვანდა. დანიშნულების ადგილას მისვლის შემდეგ, მფრინავი ტანკი ფრენას დამოუკიდებლად აგრძელებდა, მიწაზე პლანირებით ეშვებოდა და ფრთების მოშრების შემდეგ ბრძოლაში ერთვებოდა. მფრინავი ტანკი პირველად 1942 წლის 2 სექტემბერს აფრინდა. 40 მეტრის სიმაღლეზე ასვლის შემდეგ ის მიწაზე წარმატებით დაეშვა. თუმცა პროექტი მალევე დახურეს.

იაპონური ცეცხლოვანი ბურთები

ამერიკასთან გამართულ ომში გარდატეხის შეტანას იაპონელები საჰაერო ბურთებით შეეცადნენ. 1944-45 წლებში იაპონიიდან აშშ-ის მიმართულებით 10 ათასამდე საჰაერო ბურთი გაუშვეს. წყალბადით სავსე ბურთები 11-12 კილომეტრის სიმაღლეზე ადიოდნენ, საიდანაც სამიზნემდე მათ გადაადგილებას პლანეტის ამ რეგიონში მოძრავი ჰაერის მასები უზრუნველყოფდნენ. სპეციალისტთა აზრით, იაპონიის კუნძლებიდან ამერიკის ტერიტორიამდე მისაღწევად საჰაერო ბურთებს 72 სთ დასჭრდებოდათ. ამ დროის გავლის შემდეგ სპეციალური მოწყობილობა საჰაერო ბურთზე ჩამოკიდებულ სასიკვდილო ტვირთს - რამდენიმე ბომბს მიწაზე აგდებდა.

იაპონელთა მიზანს აშშ-ის ტყის მასივები წარმოადგენდნენ. ბომბებისგან ტყეში გაჩენილი ძლიერი ხანძრები ამერიკის მოქალაქეთა დემორალიზაციას მოახდენდა. ოპტიმისტური გათვლების მიუხედავად, აშშ-მდე მხოლოდ 300-მა ცეცხლოვანმა საჰაერო ბურთმა მიაღწია, რომლებმაც მხოლოდ 6 ამერიკელის სიცოცხლე (1 ქალი და 5 მცირეწლოვანი ბავშვი) შეიწირეს.

მხტუნავი ბრიტანული ბომბი

მეორე მსოფლიო ომისას ბრიტანელმა ინჟინერმა ბარნს უოლესმა გერმანელების კაშხალებისა და ჰიდროელექტროსადგურების დასანგრევად მხტუნავი ბომბი გამოიგონა. წყალში ჩავარდნილი ბომბი რამდენიმე ნახტომს ასრულებდა. შემდეგ კაშხლის კედელთან იძირებოდა და წყალქვეშ ფეთქდებოდა. 1943 წლის 17 მაისს ჩატარებული ოპერაციისას, ბრიტანელებმა უოლესის გამოგონებით 2 გერმანული კაშხალი დაანგრიეს და ერთიც დააზიანეს.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ smartnews.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე