რის გამო შეიცვალა იმიჯი ია სუხიტაშვილმა

რის გამო შეიცვალა იმიჯი ია სუხიტაშვილმა

მსახიობმა ია სუხიტაშვილმა იმიჯი შეიცვალა. მართალია, ძალიან არ უნდოდა თმის შეღებვა, მაგრამ შედეგით უკმაყოფილო არც თვითონ დარჩენილა და არც მისი მეუღლე, მსახიობი მიშა მესხი. იას სამსახიობო ნიჭის შესახებ კარგად მოგეხსენებათ, მაგრამ ჩვენ მას სულ სხვა კუთხით გაგაცნობთ, თურმე, ია ლექსებს წერს... მსახიობთან საუბარი რუსთაველის თეატრში შექმნილი ვითარებით დავიწყეთ.

- თეატრის მოყვარულები გააღიზიანა იმ ფაქტმა, რომ რობერტ სტურუას დაბრუნების შემდეგ რუსთაველის თეატრში ჯერ ახალი არაფერი არ დადგმულა.

- სტურუა ისე გაუშვეს და ისე წავიდა თეატრიდან, არავის გვეგონა, თუ დაბრუნდებოდა, მაგრამ, საბედნიეროდ, ასე მოხდა... თუმცა მინდა ვთქვა, რომ მაყურებლისაც მესმის და მომწონს კიდეც, რომ ასეთი მომთხოვნია და ღიზიანდება უმოქმედობის გამო. ასეთი პოზიციისთვის ჩემგან მაყურებელს აპლოდისმენტებს ვუძღვნი, რაც უნდა ვთქვათ, რუსთაველის თეატრი მაინც ნომერი პირველია და მისგან სულ სიახლეებს ელიან. ახლა ბატონი რობიკო მოსკოვში სამუშაოდ არის წასული, დაბრუნდება და იმედია, დავიწყებთ მუშაობას. ამ წელს შექსპირის საიუბილეო თარიღია და როგორც ვიცი, აუცილებლად უნდა დადგას მისი რომელიმე პიესა, ოღონდ რომელი, საიდუმლოდ რჩება.

- რუსთაველის თეატრში უმოქმედობის დროს ბატონმა რობიკომ სხვა სივრცეში - თეატრ ფაბრიკაში დადგა ახალი სპექტაკლი, მსახიობებმა ეს როგორ მიიღეს?

- გაღიზიანება არ მოჰყოლია, იქიდან გამომდინარე, რომ მან ამ სპექტაკლზე მუშაობა დაიწყო მაშინ, როცა რუსთაველის თეატრიდან გაუშვეს. თან, ჩვენც მიჩვეული ვართ ბატონი რობიკოს მოგზაურობას და სხვადასხვა ქვეყანაში სპექტაკლებზე მუშაობას.

- კინოს თვალსაზრისით რა ხდება?

- ვემზადები ორი პრემიერისთვის, ერთი გახლავთ ლევან კოღუაშვილის ფილმი "შემთხვევითი პაემანი", ამ რეჟისორთან მუშაობის სურვილი დიდი ხანია მქონდა და გამიმართლა, რომ მის ახალ ფილმში მოვხვდი, მართლა საინტერესო ნამუშევარი გამოვიდა. ქართული კინოს საერთაშორისო ფესტივალს სწორედ ეს ფილმი გახსნის, ერთჯერადად აჩვენებენ, რადგან შემდეგ ბერლინალეზე მიაქვთ და უფლება არ გვაქვს, რომ აქ ვაჩვენოთ. გარდა ამისა, ვითამაშე ფილმში სახელწოდებით "მე მიყვარს თბილისი", რომელიც ცხრა ნოველისგან შედგება. სხვათა შორის, ფილმი "გაიღიმეთ" ჩემთვის მეტად წარმატებული აღმოჩნდა, იქ თამაშის მერე ჯაჭვურად მიება ახალ-ახალი ფილმები და როლები ერთმანეთს. თებერვალში რუსიკო გლურჯიძესთან მომიწევს ახალ ფილმზე მუშაობა, მას ძალიან საინტერესო სცენარი აქვს. ცოტა ხნის წინ გიგა აგლაძის მოკლმეტრაჟიანი ფილმის გადაღება დასრულდა, რომლისთვისაც სცენარი დათო ტურაშვილმა დაწერა. სწორედ მან დამირეკა და მითხრა, კარგი სცენარი მაქვს, გიგა გადაღებას აპირებსო და დავთანხმდი. მე გიგას ვიცნობდი, როგორც მუსიკოსს, ძალიან მოინდომა, რომ ფილმი კარგი გამოსულიყო და ასეც მოხდა.

- ია, იმიჯი შეგიცვლიათ, ეს ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის მცდელობაა?

- ჩემი იმიჯის ცვლილება გიგა აგლაძის ფილმმა მოითხოვა. სიმარ­თლე გითხრა, დიდად არ მინდოდა შეღებვა, ძალიან განვიცადე, რადგან მთელი ცხოვრება ბუნებრივი თმის ფერი მქონდა, თუმცა შედეგით უკმაყოფილო არ ვარ, გამახალისა, თან სულ მაინტერესებდა, რა ფენომენი იყო ქერა ქალი და მინდა გითხრათ, რომ კარგი ყოფილა (იცინის).

- მიშა ამ სიახლეს როგორ შეხვდა?

- მოეწონა. მას უყვარს თმაზე ექსპერიმენტები, მე კი - არა, მაგრამ მომიწია და ცუდი ნამდვილად არ არის.

- ახლა მიშას წარმატებულ როლზე ვისაუბროთ. ცოტა ხნის წინ კინოეკრანებზე ფილმი "მანდარინები" გამოვიდა, რომელსაც კარგი გამოხმაურება მოჰყვა...

- კი და ძალიან მიხარია, იმიტომ, რომ მე ვარ ერთ-ერთი პირველი, ვინც "მანდარინების" სცენარი წაიკითხა. საერთოდ, მიშას უყვარს, როცა სცენარს უკითხავენ, ასე უფრო უკეთ აღიქვამს. მახსოვს, ძალიან გვიანი იყო, თან ძალიან მეზარებოდა წაკითხვა, მაგრამ დავთანხმდი მიშას, დავიწყე გაცნობა და იმდენად საინტერესო აღმოჩნდა, რომ მას შუაში დაეძინა და მე გავაგრძელე (იღიმის). ცხოვრებაში პირველად ვინატრე, ვყოფილიყავი კაცი, რომ ერთ-ერთი გმირი განმესახიერებინა. აფხაზეთის თემა იმდენ ფილმშია გამოყენებული, რომ მაყურებელი ცოტა სკეპტიკურად იყო განწყობილი, მაგრამ ამ ფილმში ოთხი ისეთი ამბავი დახვდათ გადმოცემული, რომ მართლა გაოცებულნი დარჩნენ და დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება