რისი აღიარების არ რცხვენია დათო დარჩიას -"საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელია"

რისი აღიარების არ რცხვენია დათო დარჩიას -"საკუთარ თავთან ბრძოლა ძნელია"

ბავშვობიდანვე მსახიობობაზე ოცნებობდა. მიიჩნევს, რომ მის წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი ოჯახის წევრებს მიუძღვით. თეატრში საყვარელ რეჟისორთან მუშაობს, მაგრამ კარგ ფილმში გადაღება ენატრება. დიდი სიამოვნებით ითანამშრომლებდა კვენტინ ტარანტინოსთან. მისმა გმირმა სერიალში - "ჩემი ცოლის დაქალები" დაძაბულობა და ინტრიგა შემოიტანა. "ეს ისაა, რითაც მაყურებელი ეკრანს ეჯაჭვება. ჩემი გმირი სეზონურია და არ ვიცი, მომავალში რას მოიმოქმედებს. მასზე მუშაობა საინტერესოა", - ამბობს მსახიობი დავით დარჩია და ჩემ მიერ შეთავაზებულ წინადადებებს ასე ასრულებს:

- სახელი და გვარი...

- ...დავით დარჩია.

- დაბადების თარიღი...

- ...1968 წლის 9 დეკემბერი.

- ბავშვობაში მინდოდა გამოვსულიყავი...

- ...მსახიობი. მე-6 კლასიდან მხოლოდ ამ პროფესიაზე ვოცნებობდი. მოგეხსენებათ, გურამ ფირცხალავა ჩემი მამობილია. როცა ის ჩვენს ოჯახში შემოვიდა, მესამე კლასში ვიყავი. მამაც მსახიობი იყო, მაგრამ დედასთან დაოჯახების შემდეგ, ამ პროფესიით აღარ უმუშავია.

- ჩემზე ამბობენ...

- ...ძალიან კეთილიაო და სიმართლეს ამბობენ (იცინის).

- ჩემს წარმატებაში ყველაზე დიდი წვლილი მიუძღვის...

- ...ჩემს ოჯახს.

- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე...

- ...მაინც მსახიობი გავხდებოდი.

- ბედნიერი ვარ, რომ...

- ...ქვეყნის ცხოვრებაში გამონათება შეინიშნება; ბედნიერი ვარ, როცა ახალ როლზე მამტკიცებენ და როცა ჩემი შვილები, მეუღლე, ახლობლები წარმატებას აღწევენ!

- თვისება, რომელიც ჩემში ყველაზე მეტად მომწონს...

- ...ეს პუნქტუალურობაა, არსად ვაგვიანებ. როცა სხვები მალოდინებენ, ვღიზიანდები. შემიძლია, გაბრაზებულმა 5-10 წუთი მოვიცადო, მაგრამ მეტხანს არავითარ შემთხვევაში, არავის დაველოდები.

- დაგვიანების გამო საყვარელი ქალი...

- ...არასდროს დამიტოვებია. პაემნები ჩემს მეუღლესთან - ვიკასთან მქონდა, მაგრამ მაშინ სხვა დრო იყო. ვიკა ვაკეში ცხოვრობდა და რომელ დაგვიანებაზეა ლაპარაკი, როცა საბურთალოდან ფეხით გავდიოდი და გამოვდიოდი?!

- თვისება, რომელიც საკუთარ თავში არ მომწონს და ვცდილობ, გამოვასწორო...

- ...ფიცხი ხასიათი მაქვს, ზოგჯერ იმდენად უცებ "ვფეთქდები", შეიძლება, ვინმეს ვაწყენინო კიდეც. გაბრაზებამ შესაძლოა, 1 წუთში გამიაროს და მერე თავად ვცდილობ ურთიერთობის აღდგენას, რაც ზოგჯერ გამომდის, ზოგჯერ - არა. ვცდილობ, შევიცვალო, მაგრამ საკუთარ თავთან ბრძოლა ძალიან ძნელია.

- დაშვებულ შეცდომებს...

- ...ვაანალიზებ და ვცდილობ, გამოვასწორო. ვიმეორებ თუ არა? გარკვეული პერიოდის შემდეგ, შეიძლება გავიმეორო კიდეც.

- როცა მომავალზე ვფიქრობ...

- ...ეს იშვიათად ხდება. არავინ იცის, ხვალ რა მოხდება, მომავალზე ფიქრი დამღლელია. პოლიტიკოსების დაპირებების ხომ საერთოდ არ მჯერა. დარჩიები გურიაში ცნობილი ფირალები იყვნენ, მე სისონა დარჩიას შთამომავალი ვარ და როგორც მე, პოლიტიკოსების მასაც არ სჯეროდა.

- ვიბნევი, როცა...

- ...უხერხულ სიტუაციაში ვვარდები. ბოლო დროს ადამიანები ოვაციებით მეგებებიან: - "ო!!! როგორ ხარ?" მე კი ვერ ვცნობ და თამაშს ვიწყებ: მეც შევძახებ, - "ო!!! შენ შემოგევლე, თავად როგორ ხარ?" ერთი ადამიანი მიხვდა, რომ ვერ ვიცანი და ჩამაცივდა: მითხარი, აბა, ვინ ვარო? ამ დროს ვიბნევი კი არა, არ ვიცი, რა არ მემართება.

- ამწუთას ძალიან მინდა ვიყო...

- ...სადმე თბილ ქვეყანაში, ზღვის სანაპიროზე. კალიფორნიაში ჩემი მეგობარი ცხოვრობს და მასთან რამდენიმე დღე სიამოვნებით ვიცხოვრებდი.

- წონასწორობიდან ჩემი გამოყვანა შეუძლია...

- ...ადამიანს, რომელსაც რაღაცას ვუხსნი და ვერ ვაგებინებ.

- მე ვარ შეუმდგარი...

- ...კოსმონავტი. სისხლძარღვების პრობლემა რომ არ მქონდეს, სიამოვნებით გავფრინდებოდი.

- ცხოვრებას ვილამაზებ...

- ...ოჯახით.

- სიყვარული ეს...

- ...იმხელა ძალაა, რომ მასზე მე რა უნდა ვილაპარაკო? სიყვარული ღმერთია და მასავით ძლიერია! თუ ღმერთისგან ნაბოძებ სიყვარულს მიიღებ და გულით ატარებ, წუთისოფელი რომ დამთავრდება, უფლის წინაშე ღირსეულად წარდგები.

- როცა შეყვარებული ვარ...

- ...ჩემს ცხოვრებაში პირველი სერიოზული სიყვარული 22 წლის წინ მოვიდა. შემიყვარდა ადამიანი, რომელიც ახლა ჩემი მეუღლეა. მალე ვერცხლის ქორწილი გვექნება და იმედია, ოქროს ქორწილსაც გადავიხდით.

- ყოველთვის შეუძლია კარგ ხასიათზე დამაყენონ...

- ...ბავშვებმა, მათზე ვგიჟდები. ჩემი შვილები რომ მეფერებიან, ვდნები კაცი.

- როცა საჯაროდ მაქებენ...

- ...ისევე, როგორც ყველა ადამიანს, გულის სიღრმეში ქება მსიამოვნებს და ამის აღიარების არ მრცხვენია.

- მეშინია...

- ...ვირთხებს ვერ ვიტან! კი არ მეშინია, არამედ მეზიზღება.

- ხშირად მსაყვედურობენ...

- ...მაქსიმალისტი ვარ და ოჯახისთვის 1 კილოგრამი შაქარი თუ არის საჭირო, მე 5 კილო უნდა ვიყიდო. ყველაფერი გადამეტებული მიყვარს. მუსიკასაც რომ ვუსმენ, ბოლო ხმაზე მაქვს აწეული.

- ვნანობ, რომ...

- ...მეგობრებს, რომლებიც დღეს ჩემ გვერდით აღარ არიან, კარგად ვერ მივეფერე, ვერ ჩავეხუტე. ვგულისხმობ ჩემს ნიკუშა გომელაურს, ვასიკო ძოწენიძეს, იაშკას, ოჯახის წევრებს...

- რეჟისორი, რომელთან თანამშრომლობაზეც ვოცნებობ...

- ...ბედნიერი ვარ, რომ თეატრში რობერტ სტურუასთან ვმუშაობ. ის მსოფლიო დონის რეჟისორია. რაც შეეხება ფილმებს, ტარანტინოსთან ვითანამშრომლებდი, რადგან განსხვავებული ხელწერა აქვს. წამიკითხავს, - მსახიობები უყვარსო, ეს კი ჩემი პროფესიის ადამიანისთვის დიდი ფუფუნებაა.

- რამდენიც უნდა გადამიხადონ...

- ...პორნოგრაფიულ ფილმებში არ ვითამაშებ.

- ეროტიკულში?

- არა მგონია, ისეთი აღნაგობა მქონდეს, ამ ჟანრში სათამაშოდ გამოვდგე. თეატრში გეი მითამაშია. ქართულ ფილმებში კოცნის სცენები მინახავს და აღსანიშნავია, რომ ყველა თავს ხრის. კოცნის დროს უხერხულობის მომენტი თავადაც მქონია. ასეთ დროს ფიქრობ, რომ ის მსახიობი ვიღაცის ახლობელია, საცოლეა, ბიძაშვილია... მერე მიდის გარიგება, ტუჩებში კი არა, ლოყაზე გაკოცებ და მერე იდიოტობა გამოდის. შებოჭილობა გადასაღებ მოედანზეც იგრძნობა. შეიძლება, 5-6 კაცი გიყურებდეს და ყველა თვალებს დახრის.

- ძალიან ბევრი ფული რომ მქონდეს...

- ...მირიან ბარათეონივით? ამაზე არც მიფიქრია, ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, ბევრი ფული არასდროს მექნება. მაგრამ მაინც, თუ ასეთი რამ მოხდა, ვეცდები, კეთილი საქმეები გავაკეთო. ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ქვეყანაში საშუალო ფენა წარმოქმნილიყო. არ მომწონს, ახლა საქართველოში მდიდრები, ღარიბები და ღატაკები რომ ცხოვრობენ.

- დღემდე ვერაფრით ვისწავლე...

- ...უცხო ენა და ვდარდობ, - ტარანტინომ რომ მიმიწვიოს, რა უნდა გავაკეთო? მეუბნებიან, გვიანი ახლაც არ არისო, მაგრამ მე "მეგვიანება". ცოტათი ზარმაციც ვარ და ცოტათი - დროის უქონლობის გამოც ვერ ვსწავლობ. ეს დანაკლისი შვილებით შევივსე. მათ ინგლისური ენა კარგად იციან.

- დარიგება, რომელიც არასდროს დამავიწყდება...

- ...დარიგებაზე რა გითხრა, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრებმა, წინაპრებმა თავიანთი ცხოვრების წესით ბევრი კარგი მაგალითი მომცეს და ბევრი რამ მასწავლეს. კოპწიაობა ბაბუაჩემისგან ავიღე, შრომისმოყვარეობა ბებიისგან და ა.შ. შვილებისგანაც კი რაღაცებს ვსწავლობ.

- დაბოლოს, გეტყვით, რომ...

- ...ვეცადოთ, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. სამწუხაროდ, საქართველოში სხვისი წარმატების შურთ, არ უხარიათ. ვიდრე ასე იქნება, ამ ქვეყანას არაფერი ეშველება. შური ადამიანს ანგრევს! ამ თვისების მქონე ვერასდროს იქნება ბედნიერი, რადგან მის გარშემო ყოველთვის მოიძებნება ვიღაც მასზე ლამაზი, წარმატებული. არ მესმის, ჩემი კოლეგები ბევრ კარგ როლს თუ ითამაშებენ, ამით ბედნიერი რატომ არ უნდა ვიყო? ხშირად შური ქალი მსახიობისგანაც მიგრძნია. დავივიწყოთ ეს საშინელი გრძნობა, ჩვენ ხომ წუთისოფელში ვცხოვრობთ და ადრე თუ გვიან, ყველაფერი მოგვეკითხება.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება