ვინ აძლევს ნიკო ბერიძეს სიმღერის ჩაწერის სტიმულს

ვინ აძლევს ნიკო ბერიძეს სიმღერის ჩაწერის სტიმულს

"ვფიქრობ, ფანობა ცუდი რამ არის, პირველ რიგში, იმიტომ, რომ ასეთ დროს საკუთარი თავის რეალიზაციის უნარი გიქრება. არადა, ადამიანის სულისთვის ასეთი უნარის ქონა, ყველაზე კარგი წამალია", - ამბობს მომღერალი და მსახიობი ნიკო ბერიძე, რომლის მოწვევაც მისმა ფანებმა დაჟინებით მთხოვეს. ბევრი პოპულარული ადამიანისგან განსხვავებით, თურმე, ნიკო საკუთარი გულშემატკივრების წერილებს პასუხობს, მათთან ურთიერთობას არ გაურბის და როგორც აღნიშნა, სწორედ თაყვანისმცემლები აძლევენ რაღაც ახლის გაკეთების ძალას.

- როგორი ბავშვობა გქონდა?

- მიუხედავად იმისა, რომ ხშირად მქონდა კონცერტი და გასტროლი, ეს სულაც არ მიშლიდა ხელს იმაში, რომ ეზოში ბურთის სათამაშოდ ჩავსულიყავი, "ომობანა" მეთამაშა და ა.შ. ჩვეულებრივი ბავშვი ვიყავი, სხვებივით ბევრს დავხტოდი, ვცელქობდი, ვჩხუბობდი...

- რაიმე სახალისო ამბავს ხომ ვერ გაიხსენებ?

- ყველაზე კარგად, ჩემი ძმის დაბადება მახსენდება... წლების შემდეგ, როცა ორივე წამოვიზარდეთ, რვეულის ფურცლებს სიგარეტივით ვახვევდით და მერე "ვეწეოდით" სახლში, თანაც - დღისით, მზისით, ყველას დასანახავად. არ ვიცი, ამას რატომ ვაკეთებდით, მაგრამ ერთხელაც, მამამ დაგვინახა და გემრიელად მოგვცხო კიდეც. სხვათა შორის, მაშინ ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად მიგვტყიპა (იღიმის).

- როცა შენი ძმა მოევლინა ქვეყნიერებას, მასზე არ იეჭვიანე?

- არ მიეჭვიანია, პირიქით - ეს ამბავი მაგრად გამიხარდა. სხვათა შორის, ჩვენ კონფლიქტი არასდროს მოგვსვლია. ბებო, მამა თავიდანვე იმას ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ ყველაფერი ძმურად უნდა გაგვეყო და ასეც ხდებოდა. მასზე 4 წლით ვარ უფროსი.

- მშობლებისგან განებივრებული იყავი თუ პირიქით - ისინი რაღაცებში ზედმეტადაც კი გზღუდავდნენ?

- იცი, რა, განებივრებული ნაკლებად ვიყავი. თან, ჩემი ბავშვობა იმ რთულ პერიოდს დაემთხვა, როცა საქართველოში არ გახლდათ შუქი, იყო უფულობის პრობლემა და ა.შ. როცა ვხედავდი, მშობლებს არ ჰქონდათ იმის საშუალება, რომ ჩემთვის სასურველი ნივთი ეყიდათ, ხანდახან არც კი ვამბობდი, რაიმე თუ მინდოდა... რაც შეეხება აკრძალვებს: ბავშვობაში მიკრძალავდნენ ეზოში გვიანობამდე ყოფნას, სათამაშოდ სახლიდან შორს წასვლას და ა.შ. თინეიჯერს კი თითქმის არაფერში მზღუდავდნენ. იმ პერიოდში უკვე თეატრში ვმღეროდი ანუ დასაქმებული ვიყავი და პარალელურად, ორ სასწავლებელში დავდიოდი, "პახოდუ", კარგი მეგობრები მყავდა და მშობლებიც დარწმუნებულები იყვნენ, რომ ცუდს არაფერს გავაკეთებდი.

- მაგალითად, შენთვის, ჩუმად, რომელ სათამაშოზე ოცნებობდი?

- ვერ ვიტყვი, რომ რაღაცაზე ვოცნებობდი. უბრალოდ, მინდოდა, ესა თუ ის სათამაშო, ნივთი მქონოდა. მართალია, ზოგჯერ ამ ყველაფერს ხმამაღლა არ ვამბობდი, მაგრამ ხდებოდა ისე, რომ ადრე თუ გვიან, სურვილი თავისთავად მისრულდებოდა. მაგალითად, თუ დავფიქრდებოდი: ახლა რომ მქონდეს პატარა თვითმფრინავი, რომელსაც ფრენა შეეძლება, რა მაგარი იქნება-მეთქი, ცოტა ხანში სწორედ ასეთი სათამაშო "გაეძრობოდა". ასევე, მობილური ტელეფონები რომ შემოიტანეს საქართველოში, ვიფიქრე: ნეტავ, ამ ტელეფონს ფოტოაპარატი და ვიდეოკამერაც ჰქონდეს-მეთქი. მალე ეს სურვილიც ამიხდა (იღიმის).

- შენს მშობლებზე მიამბე რამე. მათთან მეგობრობა თუ გამოგდიოდა?

- მშობლებთან დღესაც ვმეგობრობ. მიმაჩნია, რომ დედ-მამა და ძმა ჩემთვის საუკეთესო მეგობრები არიან! მამაჩემს მცირე ბიზნესი აქვს. ის დიდხანს ცხოვრობდა და მუშაობდა რუსეთში, ახლა კი საქართველოს დაუბრუნდა. რაც შეეხება დედას, მას უცხო ენის ფაკულტეტი აქვს დამთავრებული. ერთი პერიოდი ეკონომიკის სამინისტროში მუშაობდა, ახლა კი ერთ-ერთ კერძო ბაღშია დასაქმებული.

- რა ადგილი ეკავა შენს ცხოვრებაში ქუჩას, "ბირჟაობას"?

- თავის დროზე, ყველაფერს ვიყავი მოდებული. ქუჩაშიც არაერთხელ "მიბირჟავია", მაგრამ მერე ისე მოხდა, რომ ჩემი ქუჩაც, სახლიც და "ბირჟაც" თეატრი გახდა. საერთოდ, ჩემს სამეგობროში ყველანაირი კარგი გაგებისა და პროფესიის ადამიანს ნახავთ...

- შენი აზრით, რამდენად აუცილებელია, რომ მოზარდი, რომელიც ქუჩაში დგას, მშობელმა რაიმე საქმით დააკავოს? შენ როგორ აღმოჩნდი თეატრში?

- ვფიქრობ, მოზარდმა თავის დროზე ყველაფერი უნდა გამოსცადოს, რათა მერე სწორი ადგილისა და გზის ფასი გაიგოს... თეატრში როგორ აღმოვჩნდი? - ბავშვობიდან ვმღერი, თანაც, ბებიას ხშირად დავყავდი ამა თუ იმ სპექტაკლზე, კონცერტზე. მერე სიმღერა, დაკვრა მეც დავიწყე. დაკავებული ვიყავი ბავშვთა ოპერაში, დრამატულ თეატრში, ახალგაზრდულ მუსიკალურ თეატრში, ვითამაშე "ქეთო და კოტეში" და ა.შ.

- რომელ ინსტრუმენტზე უკრავ? "ქეთო და კოტე" პირველი სერიოზული სპექტაკლი იყო შენთვის?

- გიტარაზე ვუკრავ. "ქეთო და კოტეს" რაც შეეხება, ასე გეტყვით: ამ სპექტაკლმა პირადად მე, ერთ-ერთი ყველაზე დიდი წარმატება მომიტანა.

- როგორ ფიქრობ, მოზარდ გოგონებს "ძველი ბიჭები" უფრო მეტად მოსწონთ თუ ხელოვანი და წიგნის მოყვარული ადამიანები?

- ალბათ ხელოვანები უფრო მეტად მოსწონთ, განსაკუთრებით - მუსიკოსები. ოღონდ, ხელოვანს რაღაც დოზით, სხვა რაღაცებიც უნდა ესმოდეს. ისე, ბევრი რამ ადამიანის ხასიათზე, მისი განათლების ხარისხზეა დამოკიდებული.

- შენ აღნიშნე, რომ იყო პერიოდი, როცა სხვებთან ერთად "ბირჟაობდი". ჰოდა, საინტერესოა, რა გასწავლა "ქუჩის ინსტიტუტმა"?

- მასწავლა მეგობრობა, ძმაკაცობა და ა.შ. თუმცა, შეიძლებოდა, ეს ყველაფერი "ქუჩის ინსტიტუტის" მიღმაც მესწავლა.

- რა იყო შენი თინეიჯერობის პერიოდში მოდაში და გქონდა თუ არა იმის ფუფუნება, რომ გეყიდა ის, რაც გინდოდა?

- მოდა დიდად არასდროს მაინტერესებდა. მე ჩემი მოდა მაქვს ანუ რაც მომწონს, მხოლოდ იმას ვყიდულობ. ყველაფრის ყიდვის საშუალება, რა თქმა უნდა, ყოველთვის არ მქონდა. თუმცა, აუცილებელი რაღაცების შეძენას მაინც ვახერხებდი.

- როგორ ვარცხნილობას ატარებდი? საკუთარ იმიჯზე განსაკუთრებულად ხომ არ ზრუნავდი?

- 16 წლის ასაკამდე გრძელი თმა მქონდა, მერე კი შევიჭერი. სხვათა შორის, ბოლო 6 თვეა, თმას აღარ ვიჭრი. მაინტერესებს, გრძელი ვარცხნილობა ახლა ისევ მომიხდება თუ არა (იღიმის)?

- იმ პერიოდში, როცა მოზარდი იყავი, "მაგარ ბიჭობად" რა მიიჩნეოდა?

- "მაგარ ბიჭობად" ათასნაირი გამოგონილი სისულელე მიიჩნეოდა, რისი კეთებითაც პირადად მე, დაკავებული ნამდვილად არ ვიყავი... "მაგარი ბიჭობა" პირველ რიგში, ის არის, როცა საკუთარ თავთან მართალი ხარ. ჩემთვის მაგალითად, სიგარეტის მოწევა, ალკოჰოლის მიღება, საქმის გარჩევა და ჩხუბი "მაგარ ბიჭობასთან" არ ასოცირდება. ეს ყველაფერი უბრალოდ, მოთხოვნილება უფროა.

- შენ თუ ეწევი და საერთოდაც, რა აზრის ხარ მწეველებზე ან იმათზე, ვინც ალკოჰოლს ეძალება?

- სიგარეტს მეც ვეწევი, მიუხედავად იმისა, რომ ვიცი, ეს ჯანმრთელობისთვის საზიანოა. ალკოჰოლის მიღებაზეც არ ვამბობ ხოლმე უარს, ოღონდ - ზომიერებას ვიცავ. განსაკუთრებით, ვისკი მიყვარს... როცა ადამიანი ზომაზე მეტს სვამს, ცხადია, ეს არც მე მომწონს.

- ოდესმე იარაღი თუ გიტარებია ან ქალის გამო თუ გიჩხუბია? საერთოდაც, რის გამო შეიძლება ჩაება ჩხუბში?

- ქალის გამო არასოდეს მიჩხუბია, მაგრამ "მიბაზრია". იარაღიც არასოდეს მიტარებია. ჩხუბით იშვიათად, მაგრამ მეც მიჩხუბია... ზოგადად, ძალიან მშვიდი, გაწონასწორებული ადამიანი ვარ. ვცდილობ, კონფლიქტურ სიტუაციას თავი ავარიდო, თორემ ჩემი ამბავი რომ ვიცი, თუ საქმეში ჩავერიე, მერე საკუთარ საქციელზე პასუხს არ ვაგებ... ერთი ამბავი გამახსენდა: ერთხელ მე და ჩემმა ძმამ სამსართულიანი რესტორანი "დავშალეთ"... ქვეყანა რომ იქცეოდეს, შეიძლება არავის ვეჩხუბო, მაგრამ თუ ჩემი ძმა გაბრაზებულია და ვინმეს ასე ვთქვათ, "ახურავს", მოთმინებას ვკარგავ. ერთხელ, როცა ჩემი ძმა 16 წლის იყო, სხვის მაგივრად წავიდა "სტრელკაზე". ისეთი აღნაგობა ჰქონდა, რომ ვერ იფიქრებდი, არასრულწლოვანი თუ იყო. ჰოდა, იმ დღეს სამი 18 წლის ტიპი "გაუხეთქავს" ცემით. ბოლოს, როცა მიხვდნენ, რომ ვერ მოერეოდნენ, ქვა ესროლეს თავში. ეზოში რომ მივედი, ბიჭებმა ეს ამბავი მითხრეს და იქვე დასძინეს, - გიორგი საავადმყოფოში დააწვინესო. გავვარდი, დანა ვიყიდე და საქმის გასარჩევად ვაპირებდი წასვლას, მაგრამ ე.წ. "ვზროსლებმა" გამაჩერეს. საბოლოოდ, ეს ამბავი ჩვენთვის მშვიდობიანად დასრულდა.

- რას დაარქმევდი შენი თაობის წარმომადგენლებს?

- "გამორჩეულ თაობას" დავარქმევდი. ჩემი თანატოლები სხვა თაობის წარმომადგენლებისგან გამორჩეულები არიან როგორც ცუდი, ისე კარგი რაღაცებითაც.

- რატომ გგონია, რომ ასეთი გამორჩეულები ხართ?

- ჩვენ ისეთ პერიოდში მოგვიხდა ცხოვრება, როცა დიდი გასაქანი არ გვქონდა და შედეგად, ბრძოლისუნარიანებად ჩამოვყალიბდით. მართალია, რთული გზის გავლა მოგვიხდა, მაგრამ კარგიც ბევრი ვნახეთ...

- როგორი მოსწავლე იყავი? კლასელებთან, მასწავლებლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- მგონი, კარგი მოსწავლე ვიყავი. თუ დავალება მომზადებული არ მქონდა, სკოლაში წასვლა მერიდებოდა. მძაგდა ის მომენტი, როცა მასწავლებელი მოსწავლეს დაფასთან გაიძახებდა და ეტყოდა, გაკვეთილი მოყევიო, ბავშვი კი პასუხობდა: "დავალების შესრულება ვერ მოვასწარი!" ვცდილობდი, ასეთ სიტუაციაში არ აღმოვჩენილიყავი. ხომ იცით, ხშირად მიწევდა სცენაზე ყოფნა და ეს გაკვეთილების მომზადებაშიც მიშლიდა ხელს. თუმცა, ცუდი ნიშანი არასოდეს მიმიღია. მონდომებული მოსწავლე ვიყავი, რა. პედაგოგებთან კარგი ურთიერთობა მქონდა. დღესაც, მათი დანახვა ძალიან მახარებს.

- საინტერესოა, მასწავლებლებს თუ უხარიათ შენი ნახვა? ისინი არასდროს გაგიბრაზებია? '"შატალოზე" არასდროს წასულხარ?

- შენი აზრით, ჩემი დანახვა არ გაუხარდებათ?.. ასაკით უფროსების გაბრაზება არასდროს მიყვარდა. რაც შეეხება "შატალოს", სხვებთან ერთად, სკოლიდან მეც ვიპარებოდი და ძირითადად, ბულვარში სასეირნოდ მივდიოდით.

- რასთან ასოცირდება შენთვის სიტყვები:' "გარდატეხის ასაკი"? ამ ასაკში რა მხრივ შეიცვალე?

- გარდატეხის ასაკში პირველ რიგში, რაც "მიტყდებოდა", ის იყო, რომ მივხვდი, იმ ნაწარმოებებს ვეღარ შევასრულებდი, რასაც ადრე ვმღეროდი... ჩემი ძმაკაცის, აჩიკო გოგიტიძის მსგავსად, არც მე გამიმართლა (სხვათა შორის, ახლა აჩიკო რობერტ სტურუას სპექტაკლში - "გაკვეთილი" თამაშობს ტენორის როლს და საკმაოდ წარმატებულადაც). მან "გარდატეხის ამბავი" ძალიან განიცადა და მალე მეც დამეწყო მსგავსი პრობლემები, ლაპარაკისას "ყიყლიყოებს" ვურტყამდი ხოლმე...

- საინტერესოა, მეგობრებს რის მიხედვით ირჩევდი?

- მე ვფიქრობ, რომ მეგობრებს არ ირჩევენ! არ გვინდა, რა, ყველაფერში სიტყვის - "არჩევანი" გამოყენება (იღიმის).

- გამორჩეულად კარგად რომელ საგანს სწავლობდი? მხატვრულ ლიტერატურას თუ კითხულობდი?

- გამორჩეულად მიყვარდა მათემატიკა, ქართული და რუსული ენები. უცხო ენები ყოველთვის მიზიდავდა...

- მოზარდს რაიმე გატაცება, ჰობი ხომ არ გქონდა? ახლა თავისუფალ დროს რით ერთობი ხოლმე?

- ჯერ მარველის კომიქსების პერსონაჟების ფიგურებს ვაგროვებდი, მერე უკვე დისკების ყიდვა დავიწყე, ახლობლებიც სხვადასხვა ქვეყნიდან იშვიათ ჩანაწერებს მიგზავნიდნენ. სხვათა შორის, ეს ყველაფერი დღემდე შენახული მაქვს და რამდენიმე ტელევიზიამ თუ რადიომ ჩემი "არქივი" არაერთხელ გამოიყენა... ახლა თავისუფალ დროს ბილიარდის თამაშით ვარ დაკავებული, ხშირად ვიდეოთამაშებითაც ვერთობი, განსაკუთრებით - საღამოობით.

- როცა გაიზარდე და პოპულარული გახდი, ალბათ მოგეცა შანსი, რომ გაგეცნო ადამიანი, რომლისთვის ხელის ჩამორთმევაზე ბავშვობაში ოცნებობდი...

- (მაწყვეტინებს) არასდროს მიფიქრია: ამა და ამ ადამიანის გაცნობის შანსი თუ მომეცა და ხელს ჩამოვართმევ, მერე კარგა ხანს არ დავიბან-მეთქი (იღიმის). მაგრამ რა თქმა უნდა, მქონდა არაერთი შემთხვევა, როცა გავიცანი ადამიანი, რომელთან შეხვედრასაც საერთოდ არ ველოდი. მაგალითად, 10 წლის გახლდით, როცა გავიცანი პაატა ბურჭულაძე, მერე შევხვდი ჰილარი კლინტონსა და მის ძმებს, შემდეგ - ოლეგ ტაბაკოვს და ა.შ.

- ჰილარი კლინტონი და მისი ძმები რა ვითარებაში გაიცანი?

- ერთხელ ბათუმში ჩამოვიდნენ და სწორედ მაშინ მომეცა ამ ადამიანებთან შეხვედრის შესაძლებლობა.

- საინტერესოა, თავად თუ აძლევ თაყვანისმცემლებს შენთან ურთიერთობის საშუალებას? ხომ არ ფიქრობ, რომ პოპულარობა დამღლელია?

- თაყვანისმცემლებთან ძირითადად, "ფეისბუკით" ვურთიერთობ. რამდენიმე მათგანს შევხვედრივარ და გავსაუბრებივარ კიდეც. პოპულარობა დამღლელიაო, - ამას მხოლოდ "ტრუხა" ადამიანები ამბობენ. მე კი პირიქით, გულშემატკივრებთან ურთიერთობით ვიკვებები; ისინი მაძლევენ ძალას, რაღაც ახალი გავაკეთო, სიმღერა ჩავწერო და კონცერტზე გამოვიდე.

- შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება?

- საინტერესო არაფერი, "ხალასტიაკი" ვარ (იღიმის).

- რამდენიმე თვის წინ ამბობდი, რომ შეყვარებული იყავი გოგონაზე, რომელთან ერთად დუეტიც კი ჩაწერე...

- ერთმანეთს დავშორდით.

- ახალ სიმღერაზე არ მუშაობ?

- როგორ არა! ახლახან სიმღერა ჩავწერე ერთ-ერთ ჯგუფთან ერთად, რომლის ხელმძღვანელია ლევან კაპანაძე. ახლო მომავალში ამ სიმღერაზე კლიპის გადაღებასაც ვაპირებთ. სიახლე გახლავთ ისიც, რომ პარალელურად ვმუშაობ აჭარის ტელევიზიაში; მუსიკალური პროდიუსერი, რედაქტორი ვარ.

- დაბოლოს, რას ურჩევ იმ მოზარდებს, რომლებსაც მომღერლობა აქვთ გადაწყვეტილი?

- თუ გინდა, კარგი მუსიკოსი გახდე, საამისოდ თავი არ უნდა დაზოგო. ამ საქმეს ძალიან ბევრი ნერვიულობაც ახლავს თან და აქ მხოლოდ სცენაზე გასვლასთან დაკავშირებულ ღელვაზე არ ვლაპარაკობ. რკინის ნერვებია საჭირო იმისთვის, რომ მიზანს მიუახლოვდე და რაც მთავარია, ადამიანს სასურველი შედეგის მისაღწევად ბევრი შრომა მართებს. ნუ, ამ ყველაფერთან ერთად, იღბალიც საჭიროა... დიდებას აყოლილი კაცი, რომელიც მაღალი პრინციპებით არ ხელმძღვანელობს, რომელსაც არც იდეალები და არც საკუთარი თავის რწმენა არ გააჩნია, პაიკია სხვის ხელში და არა - გონიერი არსება; იგი ექოა და არა - ხმა...

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება