სოფო ნიჟარაძის პილოტი მეწყვილე - "ჩემი "ლარისა ივანოვნა" ჩემი პარტნიორია"

სოფო ნიჟარაძის პილოტი მეწყვილე - "ჩემი "ლარისა ივანოვნა" ჩემი პარტნიორია"

რამაზ ლაზარიშვილი მეორე სეზონია, რაც პროექტში - "ცეკვავენ ვარსკვლავები" მონაწილეობს. გასულ სეზონზე მისი პარტნიორი მსახიობი ია სუხიტაშვილი გახლდათ, წელს კი მომღერალ სოფო ნიჟარაძესთან ერთად ცეკვავს.

რამაზი სტუდია "თელას" წარმატებული მოცეკვავეა, დაპყრობილი აქვს "ჰობი" კლასი (რაც მისთვის ბევრს არაფერს ნიშნავს), ევროპული ცეკვების პროგრამაში კავკასიის თასის ფინალისტია და საერთაშორისო ტურნირზე ნახევარფინალშიც უცეკვია. ამასთან, ის სტუდია "თელას" ფილიალშიც ასწავლის, მაგრამ მიღწეულით არასდროს კმაყოფილდება. აღსანიშნავია, რომ რამაზი 21 წლის არის, ცეკვა კი საკმაოდ გვიან, 16 წლისამ დაიწყო.

- პედაგოგებისა და ზოგადად, "თელას" დამსახურებაა, რომ ამ საქმეს აქამდე შემოვრჩი. არადა, თავიდან სტუდიაში მოყვარულის დონეზე, "ტანგოს" შესასწავლად მივედი. ორ კვირაში კონკურსზე გამიშვეს, რაც ქალბატონი ლარისას დამსახურებაა. კონკურსზე წასვლით და იქ გამარჯვებით ისეთი სტიმული მომეცა, რომ მას მერე სამეჯლისო-სპორტულ ცეკვებს ვერ შევეშვი.

- მაინცდამაინც "ტანგოს" შესწავლა რატომ გინდოდა?

- ეს სიყვარულმა გამაკეთებინა (იცინის). შეყვარებულთან ერთად მინდოდა, "ტანგო" მეცეკვა.

- დღეს როგორ არის იმ სიყვარულის ამბავი?

- ის სხვა სიყვარული იყო, ახლა სხვა სიყვარული მაქვს... სტუდიაში გავიცანი ჩემი პედაგოგები - სალომე ჭაჭუა და გიგი გაჩეჩილაძე. დღეს თუ რამეს წარმოვადგენ ამ სფეროში, გიგის დამსახურებაა...

- "ცეკვავენ ვარსკვლავებმა" "თელას" მოცეკვავეებს პოპულარობის მიღწევაში შეუწყო ხელი...

- ასეა და უკვე მესამე წელია, ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. ამ შოუმ ჩვენს საქმიანობას სერიოზული პოპულარიზაცია გაუწია. მნიშვნელოვანი ის არის, რომ ხალხს სამეჯლისო ცეკვები მოსწონს. პროექტმა დიდი გამოცდილება შემძინა, რადგან აქ მუდმივად მიმდინარეობს სწავლების პროცესი და თან - პედაგოგობაც მიწევს. მიხარია, რომ ამ პროექტის წყალობით "ცეკვა ქართული" და "ჯუთა" შევასრულე. ბავშვობაში ქართულ ცეკვებზე კი დავდიოდი, მაგრამ არ გამომდიოდა, რაც გულში ცუდად მქონდა ჩარჩენილი. ახლა გახარებული ვარ, ეს პრობლემა რომ დავძლიე.

- შენს პარტნიორს - სოფო ნიჟარაძეს როგორ დაახასიათებ?

- პირველ რიგში, ის არის შრომისმოყვარე და პასუხისმგებლობის მქონე ადამიანი. ალბათ თავმდაბლური ნათქვამი არ გამომივა, თუ ვიტყვი, რომ მეც ასეთი ვარ და ჩვენ ერთმანეთს ვგავართ. მან ყოველთვის ზუსტად იცის, როგორ უნდა იშრომოს, იმუშაოს. თავს არ ზოგავს. აი, ცოტა ხნის წინ ფეხი გადაუბრუნდა და კოჭი სტკივა. მკურნალობს და პარალელურად, ვარჯიშობს. იშვიათად, რომ რაღაცაზე ვერ შევთანხმდეთ, აზრთა სხვადასხვაობა გვქონდეს. არ ვკამათობთ, არ ვჩხუბობთ. მოკლედ, ერთმანეთის ნერვებსა და ჯანმრთელობას ვუფრთხილდებით.

- როდესაც გაიგე, შენი პარტნიორი მომღერალი სოფო ნიჟარაძე უნდა ყოფილიყო, რა იფიქრე?

- ამ პროექტის დაწყებამდე სოფოს არ ვიცნობდი. როცა ვნახე და გავიცანი, მაშინვე გამიჩნდა იმედი, რომ ერთად მუშაობას შევძლებდით. მივხვდი, რომ ნიჭიერი ადამიანია და ასეც არის - ნებისმიერ ილეთს მალე ითვისებს...

- არა მარტო სოფოსთან, არამედ სხვა "ვარსკვლავებთანაც" გიწევს ურთიერთობა. ამბობენ, რომ მათ გარკვეული ჭირვეულობა ახასიათებთ...

- მათ ისეთი არაფერი სჭირთ, რომ ვერ ავიტანო ან სალაპარაკო იყოს (იცინის)... ჭირვეულობა არა მარტო "ვარსკვლავებს", არამედ ნებისმიერ ადამიანს ახასიათებს.

- გარდა იმისა, რომ მოცეკვავე ხარ, უმაღლეს სასწავლებელშიც სწავლობ და თან, ძალიან მაგარ პროფესიას - პილოტობას ეუფლები.

- საავიაციო უნივერსიტეტში ვსწავლობ. ჩემს სახლში ხშირად იყო ლაპარაკი ავიაციაზე, რადგან მამა და ჩემი ნათლია აეროპორტში მუშაობდნენ, მაგრამ მაშინ პილოტობის სურვილი არ მქონდა. სხვათა შორის, თავის დროზე სასწავლებლად იტალიაში, მილანში გავემგზავრე. იქ უნდა მეცხოვრა და უნივერსიტეტშიც ჩამებარებინა. მინდოდა, სწავლა სამედიცინოზე გამეგრძელებინა, მაგრამ ქულები დამაკლდა. სამაგიეროდ, შემეძლო, ეკონომიკურ ფაკულტეტზე მესწავლა, მაგრამ მილანში დიდხანს ვერ გავძელი, იქ საკუთარი თავი ვერ ვიპოვე. მოგზაურობა ძალიან მიყვარს, მაგრამ როცა წარმოვიდგინე, რომ იქ 4-5 წელი უნდა დავრჩენილიყავი, მივხვდი, ვერ გავძლებდი. მერჩივნა, საქართველოში, ახლობლებთან ერთად ვყოფილიყავი... მერე ჩემს ცხოვრებაში ავიაცია შემოიჭრა და პილოტობა გადავწყვიტე. საფრენოსნო ექსპლუატაციის განხრით ვსწავლობ. ახლა თელავში აეროდრომზე, პრაქტიკა უნდა მქონოდა, უნდა მეფრინა, მაგრამ პროექტში მონაწილეობის გამო ამას ვერ ვახერხებ. საბედნიეროდ, უნივერსიტეტი ხელს მიწყობს და ამას აუცილებლად ავინაზღაურებ.

- ავიაციამ რატომ მიგიზიდა?

- მიყვარს დისციპლინა, წესრიგი, რაც ავიაციაში დასაქმებული ადამიანისთვის აუცილებელია! არის წესები და კანონები, რაც უნდა დაიცვა. ამასთან, როგორც უკვე გითხარით, მიყვარს მოგზაურობა, მაგრამ დიდი ხნით ერთ ქვეყანაში ვერ ვჩერდები. ჰოდა, საჩემო საქმე ვიპოვე - პილოტი დაფრინავს ყველგან, მაგრამ დიდი ხნით არსად ჩერდება (იღიმის).

- "მიმინოსი" არ იყოს, რომელ ავიაციაში აპირებ მუშაობას?

- მუშაობა სამოქალაქო ავიაციაში მინდა. საერთაშორისო ფრენების განხორციელებას ვაპირებ. აეროპორტში ყოფნისას თითქოს, სხვა სამყაროში ხვდები, იქ ცხოვრების სხვა რეჟიმია. გრძნობ, რომ ამ ადგილას საოცარი წესრიგია, ყველაფერი ზედმიწევნით არის გაწერილი.

- პილოტის პროფესია გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული.

- მიყვარს ცხოვრებასთან თამაში, მაგრამ ამავე დროს, ძალიან ფრთხილიც ვარ.

- პილოტი შენ ხარ, მაგრამ შოუში შენს კოლეგას, ლევან ახვლედიანს დაადგმევინეს ფოქსტროტი "მიმინოს" მუსიკაზე, რომელიც ნანა ნებიერიძესთან ერთად წარმოადგინა...

- კი და ამის გამო, გული დამწყდა. ეს ცეკვა მე რომ შემესრულებინა, არა მარტო თავად გავიხარებდი, არამედ მთელი ქართული ავიაციაც გაიხარებდა (იცინის).

- შენი "ლარისა ივანოვნა" ვინ არის?

- ჩემი პარტნიორი თიკო დარახველიძე, რომელთან ერთადაც "თელაში" ვცეკვავ.

- რომანტიკული ადამიანი ხარ?

- რომანტიკული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ზოგჯერ შეყვარებულისთვის სიურპრიზის მოწყობა მეც მიყვარს. მაგალითად, ისე, რომ არც ელოდებოდა, ჩემი პარტნიორი იტალიაში, კონკურსზე წამიყვანია... საერთოდ, რთული დღის რეჟიმი მაქვს და როცა საქმეში ვარ ჩართული, არ არსებობს, გავიცინო. მოკლედ, მოდუნებისთვის, დასვენებისა და ღიმილისთვის დრო მაქვს გამოყოფილი.

- შენ მართლა პილოტი ყოფილხარ...

- (იცინის) სამაგიეროდ, 14-დან 16 წლამდე მეტალისტი ვიყავი, ვუკრავდი დრამზე, ვუსმენდი როკს. მოკლედ, არ ვარ ერთფეროვანი ადამიანი. ახლა ჩემს თავს მხოლოდ ცეკვებსა და ავიაციაში ვხედავ და ნამდვილად არ მინდა, რომელიმე დავკარგო.

- მშობლები შენს პროფესიულ არჩევანში არ ჩაერივნენ?

- დედა იოლად დავითანხმე, მამა კი იმ დროისთვის უკვე აღარ მყავდა - მოულოდნელად, ავადმყოფობამ შეიწირა... ახლა სახლში მხოლოდ მე და ბებია ვცხოვრობთ. დედა იტალიაშია და იქ მუშაობს. ჩემი ერთი და საფრანგეთში გახლავთ, მეორე - გათხოვილია და თავისი ოჯახი აქვს. ამ ცხოვრებაში თუ რამეს მივაღწიე, ეს დედას დამსახურებაა. ის მასწავლიდა, როგორ უნდა ვყოფილიყავი დამოუკიდებელი. სულ მეუბნებოდა, რომ უნდა ვიშრომო და მხოლოდ შრომის ფასად მივაღწიო ყველაფერს. ჰოდა, მეც ვცდილობ, შრომით და რაც მთავარია, დამოუკიდებლად მიზანს მივაღწიო.

ლალი ფაცია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება