სნაიპერი - მკვლელობის ხელოვნება

სნაიპერი - მკვლელობის ხელოვნება

ბრძოლის ველზე ძნელია წარმოიდგინო ჯარისკაცი, რომელსაც სამიზნის ლოდინში რამდენიმე საათის განმავლობაში გაუნძრევლად შეუძლია იყოს. ისინი შეუმჩვევლად გადაადგილდებიან და გარემოს, ლანდშაფტსა და ბუნებას თითქმის იდეალურად ერწყმიან. ასეთ ჯარისკაცებს, რომლებსაც სნაიპერებს უწოდებენ, რამდენიმე ასეული მეტრიდან და 1-2 კილომეტრიდანაც კი, ერთი ზუსტი გასროლით მოწინააღმდეგის მოკვლა შეუძლიათ.

ბრიტანული წარმოშობის სიტყვა - სნაიპერი პირველი მსოფლიო ომისას გაჩნდა. თუმცა ზუსტი მსროლელები მანამდეც არსებობდნენ. საბრძოლო პირობებში "სნაიპერული" სროლის პირველი ფაქტი 1643 წელს დაფიქსირდა. ინგლისის სამოქალაქო ომის დროს ჯარისკაცმა ჯონ დაიტმა მოწინააღმდეგე არმიის მეთაურს, ლორდ ბრუკს 140 მ-დან ნასროლი ტყვია თვალში გაარტყა.

მას შემდეგ, ცეცხლსასროლმა იარაღმა ევოლუციის დიდი გზა გაიარა, რამაც სნაიპერული ხელოვნების დახვეწას ხელი უდაოდ შეუწყო. პირველ მსოფლიო ომამდე, დედამიწაზე მომხდარ სხვადასხვა სამხედრო დაპირისპირებებში ზუსტ მსროლელებს თავი არაერთხელ გამოუჩენიათ.

სტატისტიკურად მეორე მსოფლიო ომის დროს ყოველ მოკლულ ჯარისკაცზე დაახლოებით 18-25 ათასი ტყვია იხარჯებოდა. მაშინ როდესაც კარგი სნაიპერისთვის ეს მაჩვენებელი 1,3-1,8 ტყვიას შეადგენდა. ყველა ფაქტორთან ერთად, "სნაიპერული მიდგომა" ეკონომიურადაც უფრო მომგებიანია - ერთი გასროლა - ერთი მოკლული. თუმცა სნაიპერის გაწვრთნა დიდ დროსა და შრომას მოითხოვს.

დღეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სნაიპერთა სპეციალური სკოლები მოქმედებს, სადაც კანდიდატებს შორ მანძილებზე ზუსტი სროლის გარდა, შენიღბვას, მალულად გადაადგილებას, მრავალი საათის განმავლობაში გაუნძრევლად ერთ პოზაში ყოფნას, პოზიციების მოწყობას, მასკირებისთვის შესაბამისი კოსტუმის შერჩევას და მის დამოუკიდებლად დამზადებას ასწავლიან.

სნაიპერული ხელოვნება სამხედრო საქმის განვითარების შედეგია. თანდათანობით საბრძოლო მასალის სახით ქვები - შუბებმა, შუბები - მშვილდ-ისრებმა, ეს უკანასკნელნი კი ჯერ არბალეტებმა, შემდგომ კი ცეცხლსასროლმა იარაღმა ჩაანაცვლა. ყოველი სიახლე მოწინააღმდეგის განადგურების მანძილს ზრდიდა. თუმცა მიზანი უცვლელი დარჩა - გაანადგურო მოწინააღმდეგე ზუსტად და მცირე დანახარჯებით.

სნაიპერთა შორის, ზუსტი სროლის მანძილზე უდაო რეკორდის მფლობელი ამერიკელი რობ ფერლონდია. 2002 წელს ავღანეთში ოპერაცია "ანაკონდას" დროს, მსხვილკალიბრიანი სნაიპერული შაშხანიდან რობმა მოწინააღმდეგე 2,430 მეტრიდან მოკლა. სამიზნემდე ტყვია 3 წამს მიფრინავდა.

ყველაზე "შედეგიანი" სნაიპერი ფინელი სიმო ჰაიჰაა. სსრკ-ფინეთის ომის დროს, ახალგაზრდა სიმო სნაიპერთა ჯგუფში ჩარიცხეს. სულ მალე მან თავი ზუსტი გასროლებით გაითქვა. ფინელი სნაიპერის მოქმედებისგან საბჭოთა დანაკარგები იმდენად გაიზარდა, რომ სიმოს ლიკვიდაციისთვის, რომელსაც "თეთრი სიკვდილი" შეარქვეს, წითელ არმიაში სპეციალური დაჯგუფება შექმნეს. მაგრამ უშედეგოდ, სიმო უნაკლოდ მოქმედებდა და თოვლით დაფარულ ფინეთის ტყეებში მალული გადაადგილებისთვის სხვადასხვა ხრიკებს მიმართავდა. ის მხოლოდ ერთხელ დაიჭრა (ტყვია ყბაში მოხვდა). ომის მსვლელობის 100 დღის განმავლობაში სიმო ჰაიჰამ 705 საბჭოთა ჯარისკაცი და ოფიცერი მოკლა. მსგავსი მაჩვენებლისთვის მას შემდეგ არავის მიუღწვია. "თეთრი სიკვდილი" 2002 წელს 97 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ furfurmag.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე