დათო ფორჩხიძე: "რითი ვერ დავამტკიცე, რომ ნიჭიერი ვარ და არავის "გავუქაჩივარ"

დათო ფორჩხიძე: "რითი ვერ დავამტკიცე, რომ ნიჭიერი ვარ და არავის "გავუქაჩივარ"

"ახალი ხმის" ბოლო რინგის ეთერში გასვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში დიდი ამბავია ატეხილი: თითქოს მწვრთნელები დათო ფორჩხიძეს თავს დაესხნენ...ფაქტია, რომ მუსიკოსი ამა თუ იმ მიზეზით ყურადღების ცენტრში ხვდება. "ამბები.გე" დათო ფორჩხიძეს დაუკავშირდა.

- ახლა სადარბაზოში არავინ მიხვდება, ტელეფონზე მუქარის ზარებს არ ვიღებ, რაც სოცილურ ქსელში ჩემ გარშემო ხდება, ეგ არის, მაგრამ ისეთი გეზი ავიღე, რომ ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო.

- კი, სოციალურ ქსელში დიდი ამბავია ატეხილი, მაყურებელს მიაჩნია, რომ მწვრთნელებს შორის ყველაზე შევიწროვებული შენ ხარ და კოლეგები თავს გესხმიან... ეს ამბავი ბოლო რინგის ეთერში გასვლას მოჰყვა.. …

- ყველაზე მეტი ნახვა და გამოხმაურება ჩემს რინგს აქვს ხოლმე... თუ ისინი მლანძღავენ და ხალხი მიცავს, ეს ჩემთვის ცუდი სულაც არ არის. ისე, კი, ბევრს ვმუშაობ და ვწვალობ, რაც ზოგიერთისთვის წარმოუდგენელია. რატომღაც ჰგონიათ, ის შედეგი, რაც მაქვს, თავისით მოდის. ხალხის მხარდაჭერას ჩემი ბავშვები იმიტომ იმსახურებენ, რომ დამიჯერეს, იმუშავეს და მაგრად იმღერეს…

- რას იტყვი შენი კონკურსანტების - დიმა კობეშავიძისა და ლუკა ნოზაძის შესახებ. თითქოს ნოზაძემ უკეთესი შედეგი აჩვენა, ვიდრე - კობეშავიძემ... შენ კი კობეშავიძე დატოვე...

- რაც შეეხება დიმა კობეშავიძეს და ლუკა ნოზაძეს, ლუკა დიმას ჯობდა (ლუკა ჩემი მაგარი მეგობარია და ძალიან მიყვარს და მომწონს). ჰოდა, თუ ლუკა კარგი იყო, წაეყვანათ...

საერთოდ, ზოგადად ფორმატში ცვლილება ჩემ გამო მოხდა.

- რას ცვლილებას გულისხმობ?

- "წართმევას" ვგულისხმობ, მანამდე ეს ეპიზოდი გათვალისწინებული არ იყო. მას მერე დაიწყო, რაც ჩემი გუნდი დაკომპლექტდა, რომელშიც ამდენმა უძლიერესმა ბავშვმა მოიყარა თავი.

როდესაც მათთან მუშობა დავიწყე, მიზნად დავისახე, რომ რაც შეიძლება, ძლიერი ბავშვები დარჩენილიყვნენ, რადგანაც ამას ყველა იმსახურებდა.

ხოლო შოთა ადამაშვილისა და გიორგი მახარაშვილის რინგი ვფიქრობ, რომ "ოქროს ფონდშია" შესატანი. ეს არის ის, რის გამოც მემუქრებიან, მლანძღავენ, მაკრიტიკებენ... დიახ, ასეთი მაგარი ნომერი ასეთ მაღალ დონეზე გავაკეთეთ, რომელიც ვფიქრობ, რომ ორიგინალს მართლა სჯობდა... გიორგი მახარაშვილი ჩემი ძმაკაცია, ჩემი საყვარელი მეგობარია, რომელსაც ბოლომდე ვუგულშემატკივრებ, გინდა სტეფანესთან იყოს და გინდა - მაიასთან.

- წელს პროექტის მიმდინარეობის მანძილზე სულ რაღაც ამბავი გიკავშირდება. როგორ ფიქრობ - რისი ბრალია ეს?

- რა ვთქვა, ყველაზე მაგარი რომ ვარ? დიახ, ვარ მაგარი. ეს აქამდეც დავამტკიცე, რომ მიყვარს ჩემი საქმე და შემიძლია მისი კარგად კეთება.

საქართველოში კი ასე ჰგონიათ, რომ მაგარი შენით ვერ იქნები, თუ მაგარი ხარ, ე.ი. ეს სადღაც "ჩააწყე", ან ფული გადაიხადე ამაში, ან ვიღაც დააშანტაჟე და სანაცვლოდ მიიღე... ჩემ შემთხვევაში იმ დონემდეც მივდივართ, რომ თურმე ჰიპნოზების კეთებაც შემიძლია.

თუ ნიჭიერიც ვარ, ასე ვაწყობ კიდეც და ექსტრასენსური სეანსებსაც ვმართავ, მაშინ სულ ვეღარ მომიგებს ვერავინ...

- ექსტრასენსობას ვინ გაბრალებს?

- ამბობენ, საიდან მოაქვთ ამდენი ყურით მოთრეული ამბავი, ასეთი უსუსური, უხერხემლო ბრალდებები, ვერ ვხვდები. ვინც მომეწონა, ყველა ნიჭიერ ბავშვზე დავაჭირე და ვინც მომეწონა, ვთქვი, ჩემს გუნდში მინდა იყოს-მეთქი. ერთი კონკურსანტი მყავს, მარი აკობია, რომელსაც დედა, მამა, ბიძა - ყველანი ეუბნებოდნენ, ფორჩხიძეს აღარ მოაგებინებენო, თან, ბევრი ძლიერი მონაწილე ეყოლება და მაგასთან არ წახვიდეო... რამდენიმე ჩემს ბავშვს ვუთხარი კიდეც, - ჩემთან რომ წამოხვიდე, უხერხულ მდგომარეობაში ჩავარდები-მეთქი. მეორეს ვუთხარი, - რთული გზის გავლა მოგიწევს და იქნებ დაფიქრდე, გიღირს ჩემს გუნდში ყოფნა-მეთქი? მიუხედავად ამისა, ისინი ჩემთან მაინც წამოვიდნენ. ასე რომ, ზოგიერთები დაფიქრდნენ, რის გამო ხდება ეს. არასდროს ვყოფილვარ ფარისეველი და მლიქვნელი (ცხოვრებაში ყოველთვის იმით ვაგებდი, რომ სათქმელს პირდაპირ ვამბობდი). კონკურსანტები მეუბნებიან, მართლა შეცდომა გვაქვს შენთან წამოსვლით დაშვებული, რადგანაც სხვა მწვრთნელების ბავშვებს არ აკრიტიკებო. მწვრთნელები კი ჩემს ერთ კონკურსანტს ეუბნებიან, ცუდად იმღერე და დათო ფორჩხიძეს ჰგავდიო, მეორეს, ეუბნებიან (ვინც კარგად იმღერა) დათო აქ არაფერ შუაშიაო. თითქოს დღე და ღამე არ მქონდეს მათთან მუშაობით გასწორებული: რას ლაპარაკობთ, თითოეული მონაწილის ფრაზასა და ამოსუნთქვაზე ვარ პასუხისმგებელი, ყოველ ბგერასა და ნოტზე. მთლიანად გადართული ვარ ამ საქმეზე, სხვას ვერაფერს ვაკეთებ. მგონი, მშობლები არ უთმობენ მათ იმდენ დროს, რამდენიც მე დავუთმე. მათ ყველანაირ ფორმაზე ვზრუნავ. ვინმემ ხომ უნდა დააფასოს ეს? ბავშვები მეუბნებიან, უსაფუძვლო და არაობიექტური კრიტიკისგან დაგვიცავი, რადგანაც ვგრძნობთ, რომ პასუხს იმაზე გვაგებინებენ, რომ მწვრთნელად შენ აგირჩიეთო. ვეუბნები, ვერავის კრიტიკას ვერ დავიწყებ-მეთქი...

ამ ყველაფრის ფონზე ინტერნეტში ყველაზე მეტი ნახვა მაინც ჩემი კონკურსანტების ნომრებს აქვს. სტატისტიკა უტყუარი რამ არის, მათემატიკა არ სცდება. ყველა გადაცემაში საუკეთესო რინგი და ნომრები ჩემი იყო და კიდევ იქნება. იმიტომ, რომ ვიმუშავე! ისიც ვიცი, რომ ამის გამო გამლანძღავენ, მაგრამ რა გავაკეთო? ოღონდ, აღარ გამლანძღონ და დავეთანხმო იმას, რომ ბავშვებს უსმენოდ ვამღერებ-მეთქი? მართლა ძალიან დავიღალე. ნომერს რაც უკეთ გავაკეთებ, მეტად ვილანძღები. არადა, მხოლოდ ტაში და შექება მინდა. ის ბავშვები, ვინც ჩემთან არიან, სულ მიტოვებული იყვნენ. შოთა ადამაშვილი, გიორგი მახარაშვილი საერთოდ არც კი განიხილებოდნენ. არადა, მათგან ორი სუპერვარსკვლავი დადგა. საიდან? როგორ? "დათო არაფერ შუაშია", "დათოს გაუმართლა", - ამბობენ. რომელ დათოს გაუმართლა 20 წლის წინ მუსიკის კეთება რომ დაიწყო, იმ მუსიკის, ახალა რომ ნელ-ნელა ფეხს იკიდებს? თუ ჯგუფი "სახე" რომ შექმნა? რითი ვერ დავამტკიცე, რომ არავის "გაქაჩული" არ ვარ და ჩემით, საკუთარი მონაცემებით მოვდივარ დღემდე. რითი დავამტკიცო, რომ არ ვარ უნიჭო, ვარ მშრომელი, პატიოსანი, კეთისინდისიერი, პროფესიონალი, ჩემი საქმის მცოდნე? ბოლო 13 წელი ხომ შევეშვი ამ ყველაფერს და ვიჯექი კულისებში, გააკეთეს რამე? ხალხს რამე ახალი აჩვენეს? არავის არფერი გაუკეთებია. მაგრამ არავის ვაკრიტიკებ. გააკეთონ კარგი მუსიკა და ტაშს დავუკრავ.

მოკლედ, ჩემს ბავშვებთან ერთად ვრჩები, ვმუშაობ და სხვა მწვრთნელებთანაც გავუშვებ სუპერ ვარსკვლავებს.

ლალი ფაცია

სპეცილაურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება