გიორგი ყიფშიძის პროფესიული მუღამი და გულისწყვეტა

გიორგი ყიფშიძის პროფესიული მუღამი და გულისწყვეტა

ცეკვა ბავშვობიდან უყვარს, ამიტომ შემოთავაზებაზე - მონაწილეობა მიეღო პროექტში "ცეკვავენ ვარსკვლავები", ბევრი არ უფიქრია. ამბობს, რომ პროექტმა და მისმა პარტნიორმა - ჯულიანა ბარ-გნარმა მასში შრომისმოყვარეობისა და პასუხისმგებლობის გრძნობა გააორმაგა. მსახიობი გიორგი ყიფშიძე პირად და პროფესიულ ცხოვრებაზე გულახდილად გვიყვება.

- როგორ ფიქრობთ, ამ პროექტში წარმატება რამდენად არის დამოკიდებული პარტნიორზე?

- მერწმუნეთ, ჩვენი წარმატება მთელი 80%-ით, პარტნიორზეა დამოკიდებული. ჯულიანა ძალზე შრომისმოყვარე და პრინციპულია. ჩემი მეწყვილე ის რომ არ ყოფილიყო, ვფიქრობ, ამ ტურამდე ვერც მოვიდოდი. მან შემცვალა - სიზარმაცე სრულად დავთრგუნე და საოცრად შრომისუნარიანი გავხდი. როცა ტურიდან ტურში გადადიხარ, მართლა კარგად უნდა ცეკვავდე, თავი უხერხულად რომ არ იგრძნო - ამას ბოლომდე ვაცნობიერებ და თავს არ ვზოგავ.

- ჟიურის წევრები ხშირად უსვამენ ხაზს თქვენს არტისტიზმს. ხომ არ ფიქრობთ, რომ ამაზე ზედმეტად აქცენტის გაკეთება, თქვენს სხვა მონაცემებს ჩრდილავს?

- მე მსახიობი ვარ და ვფიქრობ, არტისტიზმი არც უნდა მაკლდეს. ყველა ცეკვა სახასიათოა და ვცდილობ, ზუსტად მოვირგო. თუმცა, ვიღაც ამას ვერ აკეთებს და ყურადღებას ტექნიკაზე ამახვილებს. არ გვაქვს საიმისო დრო, რომ ცეკვა ტექნიკურად ბოლომდე დავხვეწოთ და ნომრის რაღაცებით გამდიდრებას ვცდილობთ.

- პროექტში მონაწილეობას იოლად დათანხმდით?

- როგორც კი შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი. ძალიან მომწონს ეს პროექტი და ცეკვაც მიყვარს. სიმართლეს გეტყვით: სახლში მირჩევდნენ, - არ დათანხმდე, არ ხარ ის ტიპი, რომელიც რეჟიმს დაემორჩილებაო. მაგრამ მე თუ რამეს მუღამი დავუჭირე, ვიცი, გამომივა და ამაში ჩემი ოჯახის წევრები კიდევ ერთხელ დარწმუნდნენ...

- ამ პროექტში ფიზიკური დატვირთვა უფრო მეტია თუ ფსიქოლოგიური სტრესი?

- თავიდან უფრო მეტი ფიზიკური დატვირთვა იყო, ახლა კი ეს ყველაფერი დღის განრიგად იქცა - მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი კუნთი ისევ მტკივა, ორგანიზმი უკვე მომართულია საცეკვაოდ, სავარჯიშოდ. ახლა ფსიქოლოგიური სტრესია წინა პლანზე და ის კონკურსანტების შემცირებასთან ერთად, კიდევ უფრო მატულობს. როცა ელოდები "განაჩენს", გადახვალ თუ არა შემდეგ ტურში, ისეთი შეგრძნება გეუფლება, თითქოს უნდა დაგხვრიტონ...

- ერთ-ერთი თქვენი ცეკვის შემდეგ, წამყვანმა აღნიშნა, რომ იმ დღეს სპექტაკლშიც მოგიხდათ თამაში. საერთოდ, ასეთი ენერგიული ხართ თუ ამჯერად, პასუხისმგებლობის გრძნობა გაგიმძაფრდათ?

- ხშირად მეუბნებიან, რომ ენერგიული ვარ. ასეც რომ არ იყოს, როცა მაყურებლის წინაშე გადიხარ, ენერგიის მოზღვავებას გრძნობ. ვერ ვიტყვი, რომ ასეთი რამ აქამდე არ მომხდარა. მაგალითად, ერთხელ, სვანეთიდან ბათუმში ჩავედი, სპექტაკლი ვითამაშე და ისევ სვანეთში, გადაღებებზე წავედი. ასეთია მსახიობის ცხოვრება და ამას თავისი მუღამი აქვს. არტისტობა მხოლოდ სასტუმროში ყვავილების მიღება არ არის - საკუთარი თავის გამოცდა, საკუთარი თავის აღმოჩენაა სხვადასხვა სიტუაციაში. როცა პროექტში მონაწილეობაზე დავთანხმდი, მეგონა, ყველაფერს იოლად გავართმევდი თავს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ვეღარაფერს ვასწრებ. თეატრში ერთ სპექტაკლში ვთამაშობ და ცდილობენ, ისიც ხშირად არ დანიშნონ; სერიალის გადაღებებსაც ერთ დღეზე მეტს ვერ ვუთმობ, ხუთშაბათს კი საერთოდ "გასული ვარ მომსახურების ზონიდან". მოკლედ, სულ 5 დღე გვაქვს ცეკვის შესასწავლად და დღეში 5-6 საათს ვმუშაობთ.

- ამბობენ, რომ მსახიობობა რეჟისორზე დამოკიდებული პროფესიაა...

- (მაწყვეტინებს) ყველა პროფესიაში ვიღაც ვიღაცაზეა დამოკიდებული. მართალია, არის მომენტი, როცა ელოდები, როდის დაგიძახებს რეჟისორი ამა თუ იმ როლზე, მაგრამ გამძლეობაც ხომ ერთ-ერთი საჭირო თვისებაა?! იღბალი შენკენ უნდა "მოქაჩო", ეს კი მხოლოდ მუდმივი პროფესიული მზადყოფნით ხდება. გენიალური მსახიობი, გიორგი ნაკაშიძე ჩემი მეგობარია და მისგან უამრავ რაღაცას ვსწავლობ. 90-იან წლებში, საერთო უმოძრაობის ხანაში, ბუნებრივია, მსახიობიც არსად იყო საჭირო, გიორგიმ ბისტრუპის ნახატები, პერსონაჟები, ხასიათები შეისწავლა და გადახატა. ის იმიტომაც არის მაგარი მსახიობი, რომ ასეთები შეუძლია...

- დღეს გიორგი ყიფშიძე ერთ-ერთი ცნობილი და წარმატებული მსახიობია. მიუხედავად ამისა, პროფესიული გულისწყვეტაც ხშირად გაქვთ?

- საკუთარი სახსრებით, მამის დახმარების გარეშე ოჯახს ვერ უზრუნველვყოფ და არც მანქანა მყავს... ძალიან ხანგრძლივი ინტერვალის შემდეგ, თეატრში ახლახან ვითამაშე ერთი პრემიერა. რაც შეეხება კინოს, იმდენად დამამცირებელ ჰონორარებს გვთავაზობენ, სურვილი აღარ გიჩნდება, მიღებულ წინადადებას დათანხმდე. უფასოდ რომ ვითამაშო, ხარისხიან პროდუქტზე მაინც უნდა იყოს ლაპარაკი. ხშირ შემთხვევაში კი, არც ხარისხზეა ლაპარაკი და არც ჰონორარზე - ეს არის პასუხი იმ კითხვაზე, თუ რატომ არ გამოდის კარგი ფილმები. მოკლედ, შემოქმედ ხალხს სტიმული აღარ აქვს... სერიალის საშუალებით კი უბრალოდ, პურის ფულს ვშოულობთ და თან, ვიცით, რომ მთელი საქართველოს მოსახლეობა გვიყურებს.

- თქვენი პროფესიული არჩევანი დიდწილად, ოჯახურ გარემოზე იყო დამოკიდებული, არა?

- 17 წლამდე საერთოდ არ ვიცოდი, რა მინდოდა. "ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის..." - აი, დაახლოებით ასე ვიყავი (იცინის). ძირითადად, ქუჩაში გახლდით. მერე, იმ მიზნით, რომ ქუჩას გავცლოდი, კვიპროსზე გამიშვეს. ვერც იქ ვიპოვე საკუთარი თავი. უბრალოდ, ყური გავიხვრიტე და ვითომ რაღაცები შევცვალე. იქიდან ჩამოსული სარეჟისოროზე შემიყვანეს. ჯგუფელის სპექტაკლში ვითამაშე და მირჩიეს, მსახიობობა სცადეო. ჰოდა, ასე ნელ-ნელა, ტინგიც-ხუმრობა-თამაშში დავიწყე არტისტობა. ეს ყველაფერი მომეწონა და დროთა განმავლობაში, ამ პროფესიას სერიოზულად მივუდექი.

- პროფესიული არჩევანი არასდროს გინანიათ?

- მსახიობი რომ გავხდი, ეს არასდროს მინანია. დასანანი ის არის, რომ ამ ქვეყანაში გარჯა არ ფასდება. სულ ვფიქრობ, - სხვაგან რომ წავსულიყავი, ევროპულ ან რუსულ კინოში მეცადა ბედი, ალბათ ბევრი რამ შეიცვლებოდა-მეთქი... ჩემს ასაკში აღარ მიდიან საზღვარგარეთ. როცა ამისთვის საუკეთესო დრო იყო, მაშინ აქ "ვიქოქებოდი", ვმონაწილეობდი სერიალებში, რაღაც როლები მქონდა და მამაჩემის არ იყოს, მეც მეგონა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა... მამა პიტერ ბრუკმა მიიწვია, მაგრამ არ წავიდა. ძალიან ბევრგან და ბევრმა რეჟისორმა "დაუძახა", მაგრამ საქართველო არ დატოვა. აქ ხომ კომუნისტების დროს, ზურას ურიგოდ აძლევდნენ მანქანას?! სხვაგვარი რეალობა იყო, საიდანაც თითქოს, უწყინარი მომავალი ჩანდა, მაგრამ სამწუხაროდ, ჯერ სასიკეთოს ვერაფერს ვხედავ...

- თითქოს, ბოლო დროს დაიძრა ყინული, კინოგადაღებებს ვგულისხმობ...

- ზურა ახლახან 60 წლის გახდა, მაგრამ ეს აბსოლუტურად არავის გახსენებია. ეს ის ასაკია, როცა იცი, ადამიანი 70 წლის ან გახდება, ან - არა... ფილმებში არ იწვევენ, სპექტაკლში არ თამაშობს. გრძნობს, რომ აღარავის სჭირდება. ის მსახიობია და სამწუხაროდ, ლურსმანს ვერ აჭედებს კედელში. საკუთარი მომავალი ზურას სახით, სახლში მყავს და მწყინს, რომ იგივე მელის... სიმართლე გითხრათ, წარმატების ფორმულა არ ვიცი, რას მოიცავს - ზურას შემხედვარე ვფიქრობ, რომ წარმატების ფორმულა არც არსებობს...

- ხშირად გითქვამთ, რომ თითქოს, მამის ჩრდილში ხართ. როგორ ფიქრობთ, უკვე დააღწიეთ თავი ამ ჩრდილს?

- ვერასოდეს გამოვალ მამის ჩრდილიდან ისევე, როგორც ზურა ვერ გამოვა ლენას ჩრდილიდან... იცით, მთავარია, აქ ჩანხარ და სულ არ ბნელა (იცინის), თანაც - "კაი ტიპის" ჩრდილში ვარ, არა?!. ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ ჩვენს რეალობაში საკუთარი ადგილი დამემკვიდრებინა. მრავალი თვისება გადავაკეთე ჩემში, მოურჩენელ სენს მოვერიე, ბევრჯერ ვაჯობე საკუთარ თავს - შევძელი და წამოვდექი. ასე მგონია: მიზნისკენ ერთ ნაბიჯს მაინც თუ გადადგამ, მიზანიც უფრო მოგიახლოვდება. თუ იმას ელოდები, რომ თავში ფულით გატენილი ჩემოდანი დაგეცემა, ცხოვრების ბოლომდე წარუმატებელ მეოცნებედ დარჩები...

- ჟან რენოს რომ გამსგავსებენ, გეცოდინებათ...

- კი, ასეა (იცინის). წვერს და სათვალეს ვატარებ და ალბათ, ამიტომ... როცა ჰიტლერს გამსგავსებენ, არ გესიამოვნება, მაგრამ თუ ხალხისთვის საყვარელ მსახიობს შეგადარებენ, ეს უკვე სასიამოვნოა. ჯონი დეპის ფილმებს ვახმოვანებდი და რატომღაც, მასაც მიმამსგავსეს, თუმცა ვფიქრობ, რომ ამ ადამიანს არაფრით ვგავარ...

- რამდენად დიდია მეუღლის როლი თქვენს წარმატებაში?

- ძალიან "გაფანტული" ვარ. როცა საზღვარგარეთ მივდივარ და მეუღლე ერთ ჩემოდანში ჩამილაგებს საჭირო ნივთებს, იქიდან 2 ჩემოდნით ჩამოვდივარ, ტანსაცმლის იმავე რაოდენობით. ვერაფრით ვიგებ, ერთში როგორ ატევს ამდენ ტანსაცმელს?! აი, ასეთი გოგო მყავს - ავადმყოფური დამოკიდებულება აქვს სისუფთავის მიმართ, რაც ზოგჯერ, მაღიზიანებს კიდეც. მე რომ რეპეტიციაზე არ დავაგვიანო, ჩემი ცოლი აუცილებლად, ჩემთან უნდა იყოს. 10 წელია, "მიძლებს", მხარში მიდგას...

- შვილებზეც მომიყევით რამე. ნატალია ალბათ, ძალიან გგულშემატკივრობთ...

- ნატალია ლეგენდა ბავშვი, უკვე შემდგარი პიროვნებაა... ძალიან კარგად სწავლობს, უყვარს კითხვა, აინტერესებს უცხო ენები. მისი პედაგოგები მირეკავენ და მადლობას მიხდიან ნატალიას აღზრდისთვის. არადა, მე არ გამიზრდია, თვითონ არის ასეთი. სხვათა შორის, სცენაზე ყოველი ჩემი გამოსვლისას ტირის... პატარას კი უკვე ისეთი იუმორი აქვს, "მეღადავება". გამაგიჟეს თანამედროვე ბავშვებმა, რა (იღიმის).

- თქვენმა შვილებმა მომავალში მსახიობობა რომ გადაწყვიტონ, წინააღმდეგობას არ გაუწევთ?

- მათ არაფერში შევეწინააღმდეგები. უბრალოდ, ვიდრე რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებენ, ვატარებ ამა თუ იმ წრეზე, შემდეგ კი თავად აირჩევენ სასურველ პროფესიას. მართალია, მსახიობობა რთულია, მაგრამ მარტივი ფაფის ჭამაც კი არ არის, რადგან შეიძლება, გადაგცდეს.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება