აღმოსავლური ცეკვების ქართველი ოსტატი

აღმოსავლური ცეკვების ქართველი ოსტატი

ელენე ჩიხლაძე აღმოსავლური ცეკვების ოსტატია. ის მსოფლიოს ბევრი ქალაქის სცენაზე გამოსულა და მაყურებელზე მომაჯადოებელი ეფექტიც მოუხდენია. ქართველებმა ელენე "ნიჭიერის" პირველ სეზონში გაიცნეს. საქართველოშიც და საქართველოს ფარგლებს მიღმაც მას ელენ-ორიენტალის სახელით იცნობენ.

- აღმოსავლური ცეკვების საუკეთესო შემსრულებლად ითვლებით, საქართველოში კი პირველი ხართ, ვინც ფართო საზოგადოებას მუცლის ცეკვით წარუდგა. ცეკვა რა ასაკში დაიწყეთ?

- ძალიან სუსტი ბავშვი ვიყავი, ხშირად ვხდებოდი ავად, გულზე პრობლემები მქონდა. ბებიამ, რომელიც პედიატრი იყო, გადაწყვიტა, უარი ეთქვა ჩემთვის ძლიერი პრეპარატების მოცემაზე და შვილიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება სპორტის დახმარებით ეცადა. ოჯახში ბევრი იფიქრეს თუ ცოტა, გადაწყვიტეს, ტანვარჯიშზე შევეყვანე. იქ სიარული ჩემთვის ნამდვილი ტანჯვა აღმოჩნდა, მაგრამ წელიწად-ნახევარი მაინც გავძელი. ბოლოს, პედაგოგმა დედას უთხრა: რას აწვალებთ ამ ბავშვს? ხომ ხედავთ, სულ ტირის, ვარჯიში არ უნდა. მუსიკის გაგონებაზე ცეკვას იწყებს, ძალიან კარგი სმენა აქვს და იქნებ ცეკვაზე ატაროთო... დედამ მასწავლებელს დაუჯერა და ტანვარჯიშიდან გამომიყვანა. გარკვეული პერიოდის შემდეგ, ახლა უკვე ბაბუამ ბალეტზე შემიყვანა. ბალერინის კაბა ისე მომწონდა, რომ ყველას აღფრთოვანებული ვეუბნებოდი, ბალერინა უნდა გავხდე-მეთქი. მაგრამ ჩემი ოცნებები ბალეტსა და ბალერინობაზე მალევე დაიმსხვრა (იცინის). ოჯახური მდგომარეობის გამო, საცხოვრებლად ერევანში, ჩემს მამინაცვალთან გადავედით. ძალიან პატარა ვიყავი, როცა ჩემი ბიოლოგიური მამა დაიღუპა და დედამ, ბევრი ფიქრის შემდეგ, ოჯახი მეორედ შექმნა. ჩემი მამინაცვალი ერევანში მუშაობდა და ამიტომაც, დროებით ყველანი მასთან ერთად, საცხოვრებლად უცხო ქვეყანაში გადავედით.

- იქ ბალეტზე აღარ გივლია?

- სიმართლე გითხრათ, ერევანში ძალიან დაბალი დონის საბალეტო სკოლა იყო, თან ენის ბარიერიც მქონდა. იმ მომენტისთვის ცეკვა აღარ მინდოდა, ადვოკატობაზე ვფიქრობდი. ცნობილი იურისტების - კონისა და პლევაკოს წიგნებს ვკითხულობდი. ერთი წლის შემდეგ კი საქართველოში დავბრუნდით. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ბალეტი ძალიან მომნატრებია, მაგრამ ყოფილმა პედაგოგებმა მირჩიეს, მსოფლიოს ხალხთა ცეკვების წრეზე მევლო. მათი რჩევა გავითვალისწინე და დღეს ვამაყობ, რომ თავის დროზე ასეთი გადაწყვეტილება მივიღე.

- შენი მშობლები პროფესიით ვინ არიან?

- დედა პიანისტია, კონსერვატორია აქვს დამთავრებული, მამა კი იურისტი იყო. ბებია და ბაბუა (როგორც დედის, ისე მამის მხრიდან) ექიმები არიან. ოჯახში ცეკვის ნიჭი მხოლოდ მე აღმომაჩნდა. თუმცა, აქვე აღვნიშნავ, რომ გენიალური და შეუდარებელი, ქართული ცეკვის ოსტატი ნინო რამიშვილი, ბაბუას ძმისშვილი გახლდათ და მახსოვს, ბაბუას ჩემზე ეუბნებოდა: ეგ წვრილძვლიანი და დიდთვალება ჩემთან მოიყვანეო...

- "ნიჭიერის" პირველ სეზონში მონაწილეობდი?

- საერთოდ, კონკურსებში მონაწილეობა არ მხიბლავს. ვფიქრობ, "ნიჭიერი" კონკურსი კი არა, შოუა, რომლის მეშვეობითაც ადამიანს საკუთარი შესაძლებლობების გამომჟღავნების შანსი ეძლევა. კონკურსში არა, მაგრამ ამა თუ იმ შოუში ხშირად ვმონაწილეობ. წელსაც მივიღე მოწვევა უკრაინული პროექტიდან - "ტანცუიუტ ვსე" და ჟიურის გადაწყვეტილებით, საუკეთესო მოცეკვავეების სიაში ვარ. თუმცა, მომდევნო ტურში მონაწილეობის მისაღებად უკრაინაში ვეღარ წავედი, რადგან იგივე რიცხვებში კაიროში გამართულ ფესტივალზე ვიყავი მიწვეული... თამამად შეიძლება ითქვას, რომ მე ვარ აღმოსავლური ცეკვების ერთადერთი პროფესიონალი და საერთაშორისო სცენაზე აღიარებული შემსრულებელი და ქორეოგრაფი არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ კავკასიაში. დიდი ხანია, მიწვევენ სხვადასხვა ქვეყანაში ლექციების წასაკითხად, მოცეკვავეებისთვის მასტერკლასის ჩასატარებლად, ამა თუ იმ დიდ ღონისძიებაში, გალა-კონცერტზე, ივენთზე, საქველმოქმედო საღამოზე მონაწილეობის მისაღებად. უკვე სამი წელია, რაც ეგვიპტეში, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფესტივალის მონაწილეებს მასტერკლასს ვუტარებ. ფესტივალებზე პედაგოგად და მსაჯად მიწვევენ უკრაინაში, ეგვიპტეში, საბერძნეთში, რუსეთში, საფრანგეთში, სომხეთში, მონაკოსა და ბელორუსიაში.

- თქვენს საცეკვაო კოსტიუმებზე ვინ ზრუნავს?

- ყველა კოსტიუმი საკუთარი ხელით მაქვს შექმნილი და თითოეულის შეკერვაში ბევრ შრომასა და ენერგიას ვდებ. სხვათა შორის, ჩემი კოსტიუმები, ორი წელია ინტერნეტ-საცეკვაო ფორუმზე პირველ ადგილზეა და ამ ფორუმზე ჩემი კოსტიუმების შემფასებლები ცნობილი დიზაინერები, მოცეკვავეები არიან. კოსტიუმების შექმნის იდეას თავად მუსიკა მკარნახობს. ვცდილობ, ინდივიდუალობა ყოველთვის შევინარჩუნო.

- "ნიჭიერში" გამოსვლისას შეასრულე არაბული ცეკვა, თავზე შანდლით და ანთებული სანთლებით.

- ჩემი ცნობილი "კანდელიაბრი", რომელსაც ცეკვის დროს თავზე ვიდგამ, მეუღლემ დამიმზადა. ეს ცეკვა ეგვიპტური ფოლკლორის მიხედვით დავდგი. ეგვიპტურ ფოლკლორში სულ სამი საცეკვაო ატრიბუტია: "კანდელიაბრი", "ჯოხი" და "ზილები"...

- მეუღლე შენს შემოქმედებას როგორ აფასებს?

- დადებითად. აბსოლუტურად ყველაფერში გვერდით მიდგას და მეხმარება. პროფესიით ელექტროინჟინერი გახლავთ. ვფიქრობ, ის იდეალური მამაკაცი, ჩემი შთაგონების წყაროა (იცინის).

- ერთმანეთი სად გაიცანით?

- ერთ-ერთ რესტორანში გავიცანი: მე იქ სარეპეტიციოდ დავდიოდი, ის კი რესტორნის განათების აპარატურას ამონტაჟებდა... ერთხელ უყურა ჩემს ცეკვას რეპეტიციაზე, მერე კი მოვიდა და მითხრა: არ ვიცოდი, არაბული ცეკვა ასეთი რთული და თან, ძალიან ლამაზი თუ იყო, სად ისწავლეთ ასე ცეკვაო?.. იმ დღის შემდეგ ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვნახულობდით, მერე კი თანდათან დავახლოვდით. სიმართლე გითხრათ, იმ პერიოდში გათხოვებას არ ვაპირებდი, მაგრამ ალბათ ყველაფერი უფლის ნებაა. მისი გაცნობიდან სულ მალე მივხვდი, რომ ერუდირებული და გულწრფელი ადამიანი იყო, რაც, ჩემი აზრით, დასაფასებელია. გაცნობიდან 4 თვეში დავქორწინდით.

- როგორც ჩანს, ეჭვიანი არ უნდა იყოს...

- მან იცის, მე რასაც ვაკეთებ და ამაყობს ჩემით. სხვათა შორის, ჩემზე 24 წლით უფროსია, მაგრამ ჩვენს ურთიერთობაში ასაკობრივი სხვაობა არ იგრძნობა, ერთმანეთს არაჩვეულებრივად ვუგებთ. გვყავს ერთი შვილი და ტკბილად ვცხოვრობთ... რატომღაც, ყოველთვის ასაკით უფროსი მამაკაცები მომწონდა; პირველი მეუღლეც 14 წლით გახლდათ ჩემზე უფროსი. სამწუხაროდ, ის ავარიაში მოყვა და გარდაიცვალა.

- თქვენი შვილი თუ იჩენს ცეკვისადმი ინტერესს?

- არა, ის დათვივით მძიმეა (იცინის). 12 წლის არის და დედიკოს დიდი გულშემატკივარია.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება