კონკურსანტი, რომელიც ლელა წურწუმიამ "მოიტაცა"

კონკურსანტი, რომელიც ლელა წურწუმიამ "მოიტაცა"

სატელევიზიო პროექტში - "ახალი ხმა" "რინგი" დაიწყო და შესაბამისად, კონკურსანტებსა და მათ გულშემატკივრებში დაძაბულობამ იმატა. ჩვენი რესპონდენტი, ბექა თურმანიძე სწორედ ამ "რინგზე" დამარცხდა, მაგრამ როგორც თავად ამბობს, კიდევ ერთხელ გაუმართლა და კონკურსის მიღმა დარჩენას ლელა წურწუმიამ გადაარჩინა.

- "ბრმა" კასტინგზე, როგორც კი სიმღერა დაიწყე, ჟიურის წევრებმა ერთმანეთში საუბარი გააბეს. ამბობდნენ, - კარგი ბიჭიაო, მაგრამ მხოლოდ სტეფანე შემოგიბრუნდა...

- სტეფანეს მიმართ მხოლოდ სამადლობელი სიტყვების თქმა შემიძლია. ის რომ არ შემობრუნებულიყო, კონკურსში მონაწილეობას ვეღარ გავაგრძელებდი. "ბრმა" კასტინგზე ჩემი სიმღერა თავიდან ჟიურის ოთხივე წევრს მოეწონა, მაგრამ ბოლოს ისეთი შეცდომები დავუშვი, რომ სამმა მათგანმა შემობრუნებისგან თავი შეიკავა, მხოლოდ სტეფანემ გარისკა.

- დიდი ხანია, მღერი?

- სიმღერა ადრეული ასაკიდან დავიწყე. შეიძლება ითქვას, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გავიზარდე. მინდა აღვნიშნო, რომ ქართული ფოლკლორი და ზოგადად სიმღერა, ჩემთვის ძალზე ძვირფასია.

- სცენაზე პირველად როდის იმღერე?

- ჩემი პირველი გამოსვლა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სცენაზე მოხდა და იმ დღეს ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამ ფაქტს დღესაც სიამოვნებით ვიხსენებ ხოლმე.

- პროფესიით მსახიობი ხარ, არა?

- პროფესიად მსახიობობა რატომ ავირჩიე, არ ვიცი, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ ამ არჩევანით კმაყოფილი ვარ. სხვათა შორის, სიმღერის ნიჭი სპექტაკლებში მონაწილეობისას არაერთხელ გამომდგომია.

- რომელ თეატრში მუშაობ?

- ამჯერად ლიტერატურულ თეატრში ვმუშაობ. მანამდე, რამდენიმე წელი მოზარდ მაყურებელთა თეატრშიც ვიყავი. ვაკის თეატრალურ სარდაფშიც მითამაშია...

- რომელიმე მუსიკალურ ინსტრუმენტზე ხომ არ უკრავ?

- ბავშვობიდან ვოცნებობდი, გიტარაზე დაკვრა მცოდნოდა და ახლა თვითნასწავლი გიტარისტი ვარ. სხვათა შორის, მეუბნებიან, რომ ეს საქმე კარგად გამომდის (იცინის).

- "ახალ ხმაში" მონაწილეობა რატომ გადაწყვიტე?

- პოპულარულ პროექტში მონაწილეობა ჩემთვის უცხო ხილი იყო და საკუთარი შესაძლებლობების გამოცდა მომინდა. აქ კონკურსანტს ყველანაირი პირობა აქვს საიმისოდ, რომ შესაძლებლობების მაქსიმუმი გააკეთოს. თუმცა, მხოლოდ ნიჭის ქონა არ კმარა, იღბალიც გჭირდება, უამრავ ნიჭიერ ადამიანს შორის რომ გამოგარჩიონ.

- "რინგზე" ეთო გავაშელიშვილთან ერთად გახვედი და წააგე.

- ვაღიარებ, რომ ეთომ დამამარცხა, მაგრამ ლელა წურწუმიამ არ გამწირა და "მომიტაცა". ამისთვის მას დიდ მადლობას ვუხდი. მან მომცა საშუალება, საკუთარი შესაძლებლობები კიდევ ერთხელ წარმოვაჩინო. ლელა არაჩვეულებრივი ადამიანი და რაც მთავარია, საკუთარი საქმის პროფესიონალია. ახლა ორმაგად ბედნიერი ვარ: ჯერ ერთი, პროექტში დავრჩი და მეორეც - ლელამ "მომიტაცა". მის გუნდში ძალიან თბილად მიმიღეს, სასიამოვნო გარემო დამხვდა.

- სტეფანეს გუნდში რომ აღარ ხარ, გული არ გწყდება?

- რა თქმა უნდა, მისი გუნდიდან წამოსვლა მეწყინა, მაგრამ რას ვიზამთ, მე ეთომ დამამარცხა. სტეფანეს აქვს იმის უნარი, რომ კარგად დაინახოს კონკურსანტის პლუსიც და მინუსიც. ის ნამდვილად, გემოვნებიანი მუსიკოსია და მე მისგან ბევრი რამ ვისწავლე. ბედნიერი ვარ, რომ მასთან მუშაობის საშუალება მომეცა... სხვათა შორის, ეთო ძალიან ნიჭიერი, საინტერესო ხმის ტემბრის მქონე კონკურსანტია და მისგან კიდევ ბევრი სასიამოვნო სიურპრიზია მოსალოდნელი. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო!

- შენი ყველაზე დიდი გულშემატკივარი ვინ არის?

- ბევრი გულშემატკივარი მყავს: ოჯახის წევრები, მეგობრები, თანამშრომლები, ახლობლები... ყველასგან დიდ თანადგომას ვგრძნობ.

- რამდენი წლის ხარ?

- 28 წლის ვარ და ვიდრე მკითხავ, თავად გეტყვი, რომ მეუღლე არ მყავს, დასაქორწინებელი ვარ (იღიმის).

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება