რატომ არ მისცა მხედრული სალამი ინაუგურაციაზე გიორგი მარგველაშვილს ვიცე პოლკოვნიკმა მათიაშვილმა?

რატომ არ მისცა მხედრული სალამი ინაუგურაციაზე გიორგი მარგველაშვილს ვიცე პოლკოვნიკმა მათიაშვილმა?

პრეზიდენტის ინაუგურაციაზე სამწყობრო დათვალიერებისას გიორგი მარგველაშვილი შეიარაღებული ძალების სამხედრო ქვედანაყოფების წარმომადგენლებს მიესალმა. სამწყობრო ჯგუფის ხელმძღვანელები უმაღლეს მთავარსარდალს სამხედრო წესით ესალმებოდნენ. თუმცა იყო ერთი გამონაკლისი. შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენელმა, ვიცე-პოლკოვნიკმა მათიაშვილმა გიორგი მარგველაშვილს მხედრული სალამი არ მისცა.

სამხედრო ექსპერტები განმარტავენ, რომ მოცემულ მომენტში ვიცე-პოლკოვნიკი პრეზიდენტს მხედრული წესით უნდა მისალმებოდა, თუმცა სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე შეიარაღებულ ძალებთან ნაცნობობის გათვალისწინებით ფიქრობს, რომ მათიაშვილს პრეზიდენტისადმი სამხედრო მისალმება უბრალოდ დაავიწყდა.

"უბრალოდ მას მოუვიდა შეცდომა. ალბათ დაბნეული იყო. ყოველ შემთხვევაში, ის არ განეკუთვნება ოფიცერთა იმ რიგს, რომელიც პროტესტს გამოთქვამდა საჯაროდ. უბრალოდ, იგი დაიბნა და დაბნევის შედეგად, მას დაავიწყდა მხედრული პატივის მიგება. მის მოძრაობაში და ქმედებაში ეს იგრძნობოდა", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

ამასთან, როგორც ექსპერტი აღნიშნავს, შეიარაღებულ ძალებში სამწყობრო მომზადებას უკვე ნაკლები ყურადღება ექცევა და სამხედრო ილეთების გამოყენება ხშირად არ ხდება.

"როდესაც სამწყობრო მომზადებას ექცეოდა მნიშვნელოვანი ყურადღება, ეს წესი იყო ავტომატურ რეჟიმში, ანუ სამხედროს არ ჭირდება დაფიქრება, ის ავტომატურ რეჟიმში იძლევა მხედრულ სალამს. ამ შემთხვევაში, რაკი მწყობრი და სამხედრო გადაადგილება იშვიათი მოვლენა გახდა, განსაკუთრებით, გაერთიანებული შტაბის თანამშრომლებისთვის, გამორიცხული არ არის, რომ მათიაშვილს ჭირდებოდა დაფიქრება და დაბნეულობისგან ეს ქმედება დაავიწყდა", - განაცხადა გიორგი თავდგირიძემ.

ექსპერტი ფიქრობს, რომ მათიაშვილის ქმედება შეგნებულად არ ჩაუდენია, თუმცა მიიჩნევს, რომ ფაქტის შესახებ თავდაცვის სამინისტროდან სათანადო განმარტება უნდა გაკეთდეს.

"ამბები.გე" მომხდართან დაკავშირებით განმარტებისათვის თავდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა. უწყებაში აცხადებენ, რომ ვიცე-პოლკოვნიკი გიორგი მათიაშვილი ინაუგურაციის დაგეგმილ ღონისძიებებში პირველივე დღიდან აქტიურად იყო ჩართული. მათივე ინფორმაციით, პოლკოვნიკმა მათიაშვილმა და გაერთიანებული შტაბის სხვა წარმომადგენლებმა დაუღალავად იშრომეს, რათა საქართველოს მეოთხე პრეზიდენტის ინაუგურაცია უნაკლოდ და წარმატებით ჩატარებულიყო.

როგორც სამინისტროში განმარტავენ, შემთხვევა, რომელიც ინაუგურაციის დროს მოხდა, იყო ელემენტარული ადამიანური შეცდომა. "ეს ფაქტი შეგვიძლია შევაფასოთ, როგორც კურიოზი, რომელსაც წინ დაძაბული და საპასუხისმგებლო სამუშაო დღეები უძღოდა", - აცხადებენ თავდაცვის უწყებაში.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე