რა გავლენა მოახდინა ბიჭურმა თამაშებმა ნინი დედალამაზიშვილზე

რა გავლენა მოახდინა ბიჭურმა თამაშებმა ნინი დედალამაზიშვილზე

"ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა და მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლებში უშუქობა და უყველაფრობა იყო, ის პერიოდი მაინც ძალიან ტკბილად მახსენდება", - მითხრა ნინი დედალამაზიშვილმა, რომლის სიტყვებში მართლაც იგრძნობოდა ერთგვარი ნოსტალგია. ვფიქრობ, ნინის და გიგის არაჩვეულებრივი და-ძმობა ჰქონდათ და ალბათ სწორედ ძმის გავლენა იყო, რომ გოგონა ბიჭური თამაშებით უფრო იყო გატაცებული, ვიდრე თოჯინებით...

- ჩემს ეზოში ბევრი ბავშვი ცხოვრობდა. ჰოდა, ვიკრიბებოდით, სხვადასხვა თამაშით ვერთობოდით. სხვათა შორის, ბიჭური გასართობები უფრო მეტად მიზიდავდა - ფეხბურთი და კალათბურთი ძალიან მიყვარდა. მე და ჩემი მეგობრები ხშირად აღვნიშნავთ, რომ ის დრო გვენატრება. ამ პროგრესმა - ინტერნეტს ვგულისხმობ, ადამიანური ურთიერთობები ძალიან "გააფუჭა"... ცუდად მხოლოდ ის მომენტი მახსენდება, როცა ჯერ კიდევ მძინარეს, საწოლიდან ადგომას მაიძულებდნენ. მოკლედ, სკოლის პერიოდში ამის გამო ვიტანჯებოდი. ისე კი, სკოლაც ძალიან მიყვარდა და "შატალოზე"სიარულიც (იღიმის).

- ამბობ, - ბიჭური თამაშები უფრო მეტად მიყვარდაო. ამან შენს ხასიათზე რაიმე ზემოქმედება ხომ არ მოახდინა?

- რა თქმა უნდა, ამ ყველაფერმა ჩემს ხასიათზეც მოახდინა გავლენა და 20 წლამდე არ მაინტერესებდა ის, რაც ჩემს თანატოლ გოგონებს ძალიან მოსწონდათ. ვგულისხმობ გაპრანჭვას, ლამაზ კაბებს, კოსმეტიკას... სამაგიეროდ, ახლა პირიქით ვარ - ვგიჟდები ლამაზ კაბებზე, თავის მოვლის საშუალებებზე, ექსპერიმენტებზე...

- რასთან ასოცირდება შენთვის სიტყვები - გარდატეხის ასაკი? ამ დროს შენ როგორი იყავი? გარეგნობა, ხასიათი ხომ არ შეგეცვალა?

- გარდატეხის ასაკი საბედნიეროდ, მარტივად გადავიტანე. ზოგადად, ყველაფერს პოზიტიურად ვუყურებ და ალბათ ამიტომაც, არც ეს პერიოდი მახსენდება ცუდად. გარეგნობას რაც შეეხება, ნამდვილად სხვანაირი ვიყავი, დღეს რადიკალურად განსხვავებულად გამოვიყურები. როცა ფოტოალბომს ვათვალიერებ, გარდატეხის ასაკში გადაღებული ფოტოები ძალიან არ მომწონს.

- მშობლები მკაცრად გზრდიდნენ? ხშირად გაკონტროლებდნენ?

- ყოველთვის ძალიან ჯიუტი ვიყავი. მიყვარდა და დღემდე მიყვარს თავისუფლება. არ მომწონს, როცა ჩემს საქმეში ვინმე უხეშად ერევა. გადაწყვეტილება ყოველთვის დამოუკიდებლად უნდა მივიღო! მახსოვს, მშობლები რომ მაკონტროლებდნენ, ეს არ მომწონდა და დღემდე ასე ვარ.

- მაინც, რაში გზღუდავდნენ ხოლმე?

- შინ დროზე უნდა მივსულიყავი, არ უნდა დამეგვიანა, გაუფრთხილებლად არსად უნდა წავსულიყავი და ა.შ. მაგრამ საბოლოო ჯამში, მათი ნდობა დავიმსახურე. დარწმუნდნენ, რომ ცუდის გამკეთებელი არ ვიყავი. რაც თავი მახსოვს, ვსწავლობ, ვმუშაობ...

- დაახლოებით რამდენი წლის იყავი, როცა სამსახური დაიწყე?

- 17 წლის გახლდით, როდესაც მუშაობა დავიწყე და ამაში ყველაზე დიდი წვლილი პიარმენეჯერ თათა საყვარელიძეს მიუძღვის, რისთვისაც მას თქვენი მეშვეობით, კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას. ის მენდო და სამსახურში ამიყვანა.

- ვერ დააკონკრეტებ, სად მუშაობდი?

- ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილე ვიყავი.

- ასეთი თანამდებობა ამ ასაკის ადამიანს როგორ განდეს? იმ პერიოდში იმედია, უკვე სტუდენტი იყავი და არა - სკოლის მოსწავლე...

- (იღიმის) კი, სტუდენტი ვიყავი. ჰოდა, თათას არა მარტო ნდობის გამოცხადებისთვის ვუხდი მადლობას, არამედ იმისთვისაც, რომ ყველაფერს მასწავლიდა და დღემდე მეორე დედასავით არის ჩემთვის.

- თუ გახსოვს, პირველი ხელფასი რაში დახარჯე? რაიმე სამახსოვრო ნივთი ხომ არ შეგიძენია?

- ჩემი პირველი ხელფასი 600 ლარი გახლდათ, მაგრამ ნამდვილად არ მახსოვს, ეს თანხა რაში დავხარჯე.

- შენი აზრით, იმისთვის, რომ მოზარდმა თავი დამოუკიდებელ პიროვნებად იგრძნოს, მატერიალური დამოუკიდებლობა აუცილებელია?

- აუცილებლად! მიმაჩნია, რომ უკვე შემდგარ, ჩამოყალიბებულ პიროვნებას უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობის გრძნობა და ის მშობლების ფინანსების იმედად არ უნდა იყოს. საქართველოში ამ მხრივ, ძალიან ცუდი ტენდენციაა - შვილები ძირითადად, მატერიალურად მშობლებზე არიან დამოკიდებული. მგონია, რომ ცხოვრება ბევრად მშვენიერია მაშინ, როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. პირადად მე, თვითგანვითარებაზე, სწავლაზე ორიენტირებული ადამიანი ვარ. მას მერე, რაც დედა გავხდი, ორმაგ პასუხისმგებლობას ვგრძნობ და მინდა, ჩემს შვილს არაფერი მოაკლდეს. მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცი, ჩემი ოჯახი ელენეს ისედაც არაფერს გაუჭირვებს, მაინც მგონია, რომ მშობელმა თავად უნდა იზრუნოს საკუთარ შვილზე.

- ელენე უკვე "დიდი"გოგოა. მის გაზრდაში ვინ გეხმარება?

- იცი, საოცრად კარგი ზნის ბავშვია. ისე გახდა 8 თვის, რომ საერთოდ არ გავუწვალებივარ და ღამითაც არ მაღვიძებს. მოკლედ, ძალიან საყვარელია (იღიმის). ჩემთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მასთან ერთად ყოფნაა. ძიძა არ ავიყვანე იმიტომ, რომ უცნობ ადამიანს შვილს ვერ ვანდობ, მით უმეტეს, რომ ამის საჭიროებაც არ არსებობს: ბევრი დამხმარე მყავს - დედაჩემი, მამაჩემი, ჩემი ბიძაშვილები. მოკლედ, ელენე რომ დაიტოვონ და მოუარონ, ოჯახის წევრები და ნათესავები რიგში დგანან.

- შენი მშობლები პროფესიით ვინ არიან? თავის დროზე, შენს პროფესიულ არჩევანში ხომ არ ჩარეულან ან ეს ხომ არ უცდიათ?

- დედა დირიჟორია, მამა კი არქიტექტორი გახლავთ. ისინი არასდროს ჩარეულან ჩემს საქმეში, რადგან პატივს სცემენ ნებისმიერ ჩემს გადაწყვეტილებას.

- ამბობ, - 20 წლამდე არ ვიპრანჭებოდიო. და მაინც, მოზარდი თანატოლებისგან რით გამოირჩეოდი? რა იყო იმ პერიოდში მოდაში და გქონდა თუ არა იმის ფუფუნება, რომ სასურველი ნივთი შეგეძინა?

- ჩემი საყვარელი სამოსი ჯინსი და კედები იყო. არ ვიცი, სხვებისგან რაიმეთი გამოვირჩეოდი თუ არა - ამაზე სხვებმა უნდა ისაუბრონ. გარეგნობასა და იმიჯზე ზრუნვა მართლაც, ძალიან გვიან დავიწყე, მაგრამ არა უშავს, ახლა ამ ყველაფრით ისე ვარ გატაცებული, რომ დაკარგულ დროს მგონი, ავინაზღაურებ (იღიმის).

- თინეიჯერობის პერიოდში ვარცხნილობაც ბიჭების მსგავსად, მოკლე გქონდა?

- არა, გრძელი თმა მქონდა.

- მოკლედ როდის შეიჭერი თმა პირველად? ეს შენგან ერთგვარი ექსპერიმენტი იყო?

- კი, ნამდვილად ექსპერიმენტი იყო. თმა მოკლედ 1 წლის წინ შევიჭერი. თავიდან მომეწონა, მაგრამ მერე ვინანე - თმის გაზრდის პროცესი არ მომწონდა და ამიტომ, ხელახლა ვიჭრიდი ხოლმე. უკვე მეხუთე თვეა, რაც თმას ვიზრდი. პროცესის დასაჩქარებლად სხვადასხვა ნიღაბსაც ვიყენებ. შედეგით კმაყოფილი ვარ. ძალიან მინდა, რაც შეიძლება მოკლე დროში, ისევ გრძელი ვარცხნილობა მქონდეს.

- საუბრისას რამდენჯერმე აღნიშნე, რომ ახლა თმას განსაკუთრებულად უვლი. იქნებ რაიმე ისეთი ნიღბის დამზადება იცი, რაც სხვებსაც დაეხმარება თმის მოვლაში?

- თავის მოვლისა და თმის ნიღბების საკითხში ექსპერტი გავხდი (იღიმის). თმის ძირებში კვირაში ერთხელ შეიზილეთ აბუსალათინის ზეთის, ბირკავას ზეთისა და "ა"და "ბ"ვიტამინების ნარევი. 3 საათი გაიჩერეთ და შემდეგ ჩამოიბანეთ. კარგია, თუ ბალზამის ნაცვლად, თავის დაბანისას გამოიყენებთ სპეციალურ თმის ნიღაბს, რომელიც აფთიაქებში იყიდება, ბოლოს კი გადაივლეთ გვირილის ნაყენი. მერწმუნეთ, ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ საოცარ შედეგს მიაღწევთ.

- ალბათ თინეიჯერობის პერიოდში იყო ისეთი გამონაკლისი, ვთქვათ, სკოლის ბანკეტის დღე, როცა გაპრანჭვაც მოგიხდა. საინტერესოა, ეს დღე როგორ დაგამახსოვრდა, რა გეცვა?

- სკოლის ბანკეტზე სამწუხაროდ, საქართველოში არ ვიყავი. არ მინდა, ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ ძალიან არ მომწონს და ცოტა არ იყოს, მეცინება ზედმეტად გაპრანჭულ საბანკეტო "ვიდზე"; როცა ცდილობენ, განსაკუთრებული ვარცხნილობა გაიკეთონ, პომპეზური კაბა ჩაიცვან. პირადად მე, სადა კაბები მომწონს. ალბათ სკოლის ბანკეტზე რომ წავსულიყავი, სადღესასწაულო კაბას არ ჩავიცვამდი და არც ჩემთვის უჩვეულო ვარცხნილობას გავიკეთებდი.

- იმ პერიოდში, როცა ბანკეტი გქონდა, რომელ ქვეყანაში იყავი და საერთოდაც, პირველად საზღვარგარეთ რა ასაკში და სად წახვედი?

- მსოფლიო ბანკს ჰქონდა პროექტი - "ახალგაზრდების ხმები", რომელშიც სულ 10 ბავშვი ვიყავით ჩართული და სხვადასხვა საინტერესო პროექტს ვახორციელებდით. ჰოდა, ამიტომაც გაგვიშვეს მაკედონიაში, ტრენინგზე, რაზეც ბანკეტის გამო, უარს ნამდვილად არ ვიტყოდი... 14 წლის ვიყავი, როდესაც პირველად საზღვარგარეთ, სარაევოში, ბოსნიაში წავედი და მას მერე ძალიან ბევრს ვმოგზაურობ. მოგზაურობა ის თემაა, რაზეც ვგიჟდები და ამ სიამოვნებას არასდროს ვიკლებ.

- მაშინ საზღვარგარეთ მშობლებისგან დამოუკიდებლად პირველად წახვედი?

- კი, მაგრამ თუ გაინტერესებთ, ოჯახის წევრებთან ერთად დასვენებას არაფერი მირჩევნია; დედაჩემთან ერთად "პაესტკა"ეს ცალკე სიამოვნებაა.

- პატარაობიდანვე არაერთ პროექტში ყოფილხარ ჩართული. ეს ვისი დამსახურება იყო?

- იცით, თავად ვიყავი აქტიური ბავშვი. 15 წლის ვიყავით მე და ჩემი მეგობარი - განო მელითაური, მსახიობ კოტე თოლორდავას ცოლი (განოს შვილის ნათლია ვარ), როცა განომ მოკლემეტრაჟიანი ფილმის გადაღების სურვილი გამოთქვა. სცენარი ჰქონდა, მაგრამ საქმის გასაკეთებლად გვაკლდა მთავარი - ფული. მახსოვს, როგორ მოვიპოვეთ ამ ფილმისთვის გარკვეული თანხა - მამუკა ბრეგაძემ და მამუკა ხაზარაძემ დაგვაფინანსეს. მაშინ ასეთი რაღაცის გაკეთება არარეალური იყო. თავადაც გაგვიკვირდა, პატარა ბავშვებს რომ გვენდნენ. განომ მათი იმედი გაამართლა - ფილმი ისეთი გამოვიდა, რომ ანაპის ფესტივალზე წაიღეს... მგონია, რომ ადამიანი რაღაცას ძალიან თუ მოინდომებს, რა ასაკშიც უნდა იყოს, მიზნის მიღწევას მოახერხებს!.. ახლა მეცინება, რომ 15 წლის ასაკში მე და განომ პროდიუსერისა და რეჟისორის როლი მოვირგეთ, მაგრამ ფაქტია, ყველაფერი გამოგვივიდა.

- როგორც მახსოვს, ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნე, მე და განო სიმღერის ჩაწერას ვაპირებთო...

- ჩვენ ჯერ კიდევ 17 წლის ასაკში ჩავწერეთ სიმღერა. ამ ჩანაწერის მოსმენისას ახლა გვეცინება. მელოდია საკუთარ ბავშვობას გვახსენებს და ძალიან გვინდა, სიმღერა ხელახლა ჩავწეროთ, მაგრამ მოუცლელობის გამო, ჯერჯერობით, ეს ვერ მოვახერხეთ. სამაგიეროდ, ცოტა ხნის წინ ნუკა მარგველაშვილთან ერთად ჩავწერე სიმღერა. მუსიკა მიშა მდინარაძეს ეკუთვნის, ტექსტი - ირინა სანიკიძესა და ლელა არაბულს. მალე კლიპზეც დავიწყებთ მუშაობას.

- როგორი მოსწავლე იყავი? კლასელებთან, მასწავლებლებთან როგორი ურთიერთობა გქონდა?

- დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს კლასელებთან. ვერ ვიტყვი, რომ საუკეთესო მოსწავლე ვიყავი. როგორც ამბობენ, ჯიუტი გახლდით.

- რამდენად არის დამოკიდებული მასწავლებელზე, მოსწავლე ამა თუ იმ საგანს ისწავლის თუ არა?

- ცხადია, ადამიანის მიმართ სიმპათია თუ არ მაქვს, მასთან ვერანაირ საქმეს ვერ დავიჭერ. მასწავლებელზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. თითოეული მათგანი უნდა შეეცადოს, რომ მოსწავლეებს საგანი შეაყვაროს. პირადად მე, ისეთი პროფესიონალი ქიმიის მასწავლებელი მყავდა, ისე მარტივად ხსნიდა ურთულეს საგანს, რომ დღემდე მიყვარს ქიმია.

- ბავშვობაში მხატვრულ ლიტერატურას თუ კითხულობდი? შენზე წარუშლელი შთაბეჭდილება რომელმა ნაწარმოებმა დატოვა?

- რა თქმა უნდა, მხატვრული ლიტერატურის კითხვა მიტაცებდა და ამ მხრივ, ბაბუამ ყველაზე დიდი როლი ითამაშა. ის მიკითხავდა რაღაცებს, სულ სხვა სამყაროში გადავყავდი და მეც წიგნის რომელიმე პერსონაჟი ვხდებოდი. იცი, ყველა ნაწარმოებმა თავისებური კვალი დატოვა ჩემზე და მათგან ვერც ერთს ვერ გამოვყოფ.

- ახლა თუ იცლი კითხვისთვის? ბოლოს რა წაიკითხე?

- ახლა პროფესიულ ლიტერატურას უფრო მეტად ვკითხულობ, ვიდრე მხატვრულს. ვგულისხმობ ლიტერატურას პიარსა და მარკეტინგზე.

- გიგის და შენ რის გამო შეიძლებოდა გეჩხუბათ? როგორი და-ძმობა გაქვთ ახლა?

- გიგი არის ყველაზე ახლობელი ადამიანი. ის ჩემთვის დიდი იმედია. ბავშვობაში ძირითადად, მაშინ ვჩხუბობდით, თუ სადმე გვიანობამდე შემოვრჩებოდი (იცინის).

- ვისი ფანი იყავი?

- არავის ფანი არ ვყოფილვარ და არც მესმის ამ "ინსტიტუტის". მგონია, რომ ვიღაცის გაკერპება სისულელეა!

- რას ნიშნავს შენთვის ინტერნეტი, სოციალური ქსელი და საერთოდაც, რას ფიქრობ ვირტუალურ ურთიერთობაზე?

- სოციალური ქსელი მომწონს და მისი მომხმარებელი ვარ, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ამ ყველაფერმა რეალობას მოსწყვიტა ადამიანები. ვირტუალური ურთიერთობების არ მესმის ანუ ინტერნეტით არავინ გამიცნია, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ვინც ამას აკეთებს, ის ცუდი პიროვნებაა. ვისაც რა უნდა, ის აკეთოს, ჩემი საქმე არ არის.

- რაიმე ჰობი თუ გაქვს?

- ბევრი ჰობი მაქვს, მაგრამ ამჯერად გამოვყოფ წერის სიყვარულს. ძალიან მიყვარს რაღაცების ჩაწერა, მაგრამ ამ ჩანაწერებს არავის ვაკითხებ.

- ამის კომპლექსი გაქვს თუ უბრალოდ, ეს ერთგვარი ახირებაა?

- არ მიყვარს, როცა პირად დღიურს ვინმე ათვალიერებს. არ ვწერ იმისთვის, რომ ეს ნაწერი ვინმემ შეაფასოს. უბრალოდ, ერთ კონკრეტულ მომენტში მინდება და ვწერ იმას, რისი სურვილიც მაქვს, რაღაც პერიოდის შემდეგ კი ამ ჩანაწერების კითხვა მსიამოვნებს... ჩემთვის ჰობია სიმღერაც.

- იმ პერიოდში, როცა მოზარდი იყავი, რა მიიჩნეოდა "მაგარ ბიჭობად"ან "მაგარი გოგო"რა შემთხვევაში იყავი? შენთვის "დედიკოს ბიჭები"ვინ არიან?

- "დედიკოს ბიჭი"ის არის, ვისაც თავი "მაგარი ტიპი"ჰგონია, ვინც სუფრასთან მჯდომი, სხვადასხვანაირ ვარიაციაში "აბრახუნებს"სადღეგრძელოებს, "კაცობს", მაგრამ საბოლოო ჯამში, მაინც დედის ჭკუაზე დადის... ზოგადად, "მაგარ ბიჭად"ჩემთვის მაშინაც და დღესაც ითვლება ის პიროვნება, ვინც დამოუკიდებელია, ლაღია და კარგი იუმორი აქვს.

- შენი აზრით, მოზარდ გოგონებს "ძველი ბიჭები"უფრო მეტად მოსწონთ თუ წიგნის ჭიები ან ხელოვნების მოყვარეული ტიპები? შენს შემთხვევაში როგორ იყო საქმე?

- საერთოდ, იშვიათად ხდებოდა, რომ ვინმე მომწონებოდა... ვერ გეტყვი, მაშინ როგორი ტიპები მომწონდნენ, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: XXI საუკუნეში "ძველბიჭობაზე"და უსაქმურობაზე ორიენტირებული ადამიანი ვერ მომეწონება!

- საინტერესოა, რას დაარქმევდი შენი თაობის წარმომადგენლებს?

- ჩვენ სოციალური ქსელის თაობა ვართ!

- შენი აზრით, დღევანდელი მოზარდები შენი თაობის თინეიჯერებისგან რით განსხვავდებიან?

- პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ძალიან კარგად ვარ განწყობილი მომავალი თაობის მიმართ. დავიწყოთ იქიდან, რომ ძალიან ლამაზი თაობა მოდის; მსიამოვნებს მათი ყურება... თაობებს შორის ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ ჩვენ სხვა ყოფაში ვცხოვრობდით და ახლა სულ სხვა შესაძლებლობები აქვთ.

- ინტერნეტს გულისხმობ? ამბობენ, რომ თქვენ უფრო წიგნიერები იყავით, ვიდრე ესენი არიან. ამ მოსაზრებას ეთანხმები?

- არა, არ ვეთანხმები. ჩემი მშობლების თაობაც იმას ამბობს, რომ ჩვენ ვიყავით ზედაპირულები. ზოგადად, მგონია, რომ თაობებს შორის ასეთი ბრძოლა და ერთმანეთის კრიტიკა სისულელეა! პირიქით - უნდა ვეცადოთ, რომ ერთმანეთი შევაქოთ და ამით ერთურთს სტიმული მივცეთ.

- რას ურჩევ იმ მოზარდებს, რომლებიც პროფესიული არჩევნის წინაშე დგანან, რომლებმაც საკუთარი თავის დასამკვიდრებლად ახლა დაიწყეს ბრძოლა?

- ყველაზე მთავარი არის ის, რომ დროის დაფასება და სწორად გამოყენება ისწავლონ; არც ერთი წამი არ უნდა დაკარგონ უქმად. კარგად უნდა გაერკვნენ თავიანთ სურვილებში და არასდროს მიიღონ გადაწყვეტილება მხოლოდ იმიტომ, რომ ასე მათ მშობლებს ან ვინმე კეთილისმსურველს სურს. პროფესია ისეთი რამ არის, რომელიც თუ არ გიყვარს, ვერ გამოიყენებ. ზოგადად, ძალიან მაწუხებს ის ამბავი, რომ ადამიანები გაბოროტებულები არიან, ილანძღებიან. ჰოდა, ყველას მინდა ვუთხრა: გაიღიმეთ. თუ ხალისიანები იქნებით, დიდხანს იცოცხლებთ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება