მანიკა ასათიანი პირადი ცხოვრების დეტალებზე

მანიკა ასათიანი პირადი ცხოვრების დეტალებზე

მოდელსა და ტელეწამყვან მანიკა ასათიანს სისადავე, თავისუფალი სტილის სამოსი უყვარს და როგორც აღნიშნა, ქმარიც სწორედ მაშინ ეუბნება ყველაზე მეტ კომპლიმენტს, როცა ზედმეტად გაპრანჭული არ არის. მანიკას თქმით, ის ბავშვობის შემდეგ, გარეგნულად თითქმის არ შეცვლილა, რაშიც მისი ალბომის დათვალიერების შემდეგ თავადაც დავრწმუნდი.

- საოჯახო ალბომი არ გაქვთ?

- ბევრი ისეთი სურათი მაქვს, სადაც მხოლოდ ოჯახის წევრები, ახლობელი ადამიანები, მეგობრები არიან და რომლებზეც არა მარტო მათთვის, არამედ ჩემთვისაც მნიშვნელოვანი, სასიამოვნო კადრებია აღბეჭდილი. ამ ფოტოებს სიამოვნებით ვინახავ და შეიძლება, ამ ალბომს "საოჯახოც" ვუწოდო.

- სურათების გადაღება გიყვარს?

- შეიძლება ითქვას, რომ სურათების გადაღების მანიაკი ვარ და ამიტომაც, უამრავი ფოტო მაქვს. ნებისმიერ დროს შემიძლია, ფოტოკამერის წინ ვიპოზიორო, ეს საქმე არ მბეზრდება. ამ გატაცების გამო, ჩემი ახლობლები ხშირად მეხუმრებიან.

- მაშინ გადავავლოთ თვალი შენს სურათებს და გაიხსენე, როგორი ბავშვი იყავი?

- ძალიან დამჯერი, მშვიდი და მხიარული ბავშვი ვიყავი. ცელქი არ ვყოფილვარ. კარგი ხასიათი დღემდე მომყვება. მშობლებთან ერთად გადაღებული, ბავშვობის დროინდელი ეს ფოტოები ძალიან მიყვარს.

- ეს სურათი საბავშვო ბაღშია გადაღებული, არა?

- დიახ, საბავშვო ბაღში ყოფნისას, ზეიმზეა გადაღებული. პატარძლის როლი მქონდა. ყველა მეუბნება, რომ პატარაობის შემდეგ გარეგნულად დიდად არ შევცვლილვარ. მახსოვს, ჩემი თმის ფერი არ მომწონდა, მინდოდა, შავი თმა მქონოდა და ამის გამო ხშირად მიტირია კიდეც (იცინის).

- მანიკა შენი მეტსახელია, არა?

- ასეა! ჩემი და ბავშვობაში "რ" ასოს ვერ ამბობდა და ჯერ მანის მეძახდა, მერე - მანიკას. მერე ეს სახელი ყველამ აიტაცა და ახლა ქუჩაში ვინმემ მარიამი რომ დამიძახოს, ალბათ არც კი მივიხედავ.

- პრანჭია გოგო იყავი?

- ბავშვური ვიყავი და შესაბამისად, არც გაპრანჭვა მიყვარდა. მაკიაჟი პირველად 14 წლისამ გავიკეთე, ისიც იმიტომ, რომ იმ პერიოდში სამოდელო სააგენტოში დავდიოდი და ჩვენებებზე მიწევდა გამოსვლა. სწორედ ამ ასაკში მივხვდი, რომ უკვე დიდი გოგო ვიყავი და ძალაუნებურად, გაპრანჭვაც დავიწყე. თავიდან მაკიაჟს ყოველდღიურად ვიკეთებდი, ახლა კი მხოლოდ მაშინ ვიღებები, როცა ტელეკამერის წინ მიწევს მუშაობა ან ჩვენებაში ვმონაწილეობ. ყოველდღიურ ცხოვრებაში კი მხოლოდ ტუშისა და პომადის წასმით შემოვიფარგლები (იღიმის).

- სკოლის დამთავრების შემდეგ, გოგონების უმრავლესობა იმიჯს იცვლის და საბანკეტოდ განსაკუთრებულად ემზადება. შენ როგორ გამოიყურებოდი ამ დღეს?

- ბანკეტისთვის მეც განსაკუთრებულად ვემზადებოდი. მინდოდა, ორიგინალური კაბა მცმოდა და ბოლოს, არჩევანი ამ შავ კაბაზე შევაჩერე. სხვათა შორის, ამ დღისთვის მაკიაჟი და ვარცხნილობა თავად გავიკეთე. როგორც სურათიდან ჩანს, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი არ მაცვია. ვფიქრობ, ბანკეტის დღეს კარგად გამოვიყურებოდი.

- აღნიშნე, - ბავშვობაში მინდოდა, შავი თმა მქონოდაო. ახლა, როცა უკვე ზრდასრული ხარ, ხომ შეგიძლია, ოცნება რეალობად აქციო?

- ხშირად მიფიქრია თმის შეღებვაზე, მაგრამ ვერ ვრისკავ. თან, ახლობლებიც მეუბნებიან, რომ წითელი თმა ძალიან მიხდება. მეც მომწონს, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს იმიჯის რადიკალურად შეცვლის სურვილი გიჩნდება. ჯერჯერობით, ამ სურვილის მოთოკვას ვახერხებ. სხვათა შორის, სწორედ ჩემი თმის შეფერილობის წყალობით, გარშემო მყოფებისგან გამოვირჩევი. თმა ჩემი სავიზიტო ბარათია.

- ვარცხნილობის გასაკეთებლად სალონში ხშირად დადიხარ?

- პირიქით - სილამაზის სალონში იშვიათად დავდივარ. ვარცხნილობას და მაკიაჟს ძირითადად, თვითონ ვიკეთებ. სტილისტთან მხოლოდ მაშინ მივდივარ, როცა თმის გასწორების სურვილი მიჩნდება.

- იმიჯის შეცვლაზე არასოდეს გიფიქრია?

- ძირითადად, იმიჯი თმის ვარცხნილობით, ფერით იცვლება. ამიტომ როგორც გითხარით, ექსპერიმენტებს ვერიდები. თუმცა, ვფიქრობ, რომ ქალი სულ ერთნაირად არ უნდა გამოიყურებოდეს ანუ მე თუ ყოველდღე ქუსლიანი ფეხსაცმლით, ძალზე გამოპრანჭული ვივლი, როგორღა მოვახერხებ წვეულებაზე ან კონცერტზე იმიჯის შეცვლას? ამიტომ ყოველდღიურად თავისუფალი სტილის სამოსს ვირჩევ. ჯინსი, "ბათინკები" და "ბოტასები" მიყვარს. ასევე, ვგიჟდები კაცის მაისურებზე, ამიტომ ხშირად, მეუღლის გარდერობში ვიქექები.

- აქსესუარები თუ გიყვარს?

- აქსესუარები ძალიან მიყვარს. ბეჭდის და სამაჯურის გარეშე სახლიდან არც გავდივარ. ერთი პერიოდი, საყურეები ძალიან მომწონდა და ამის გამო, შინ უამრავი საყურე დამიგროვდა, მაგრამ დროთა განმავლობაში მომბეზრდა და აღარ ვიკეთებ... ბოლო ორი წელია, ქუდები შემიყვარდა.

- ამ ფოტოზე პატარძალი მანიკაა აღბეჭდილი. როგორი ქორწილი გქონდათ?

- ახლა რომ მქონდეს ქორწილი, შეიძლება, ბევრი რამ სხვანაირად გამეკეთებინა, რადგან დროთა განმავლობაში გემოვნებაც შემეცვალა, მაგრამ მთლიანობაში, კმაყოფილი დავრჩი. ძალიან ლამაზი და დასამახსოვრებელი დღე იყო. შეიძლება ითქვას, რომ საოცნებო ქორწილი მქონდა... ახლა მე და ბექას შვილი გვყავს და ღვთის წყალობით, ძალიან ბედნიერები ვართ. ჩვენ ვტკბებით ჩვენი ბიჭუნას გაზრდით.

- მოდელობასა და ჟურნალისტობას ერთმანეთს როგორ უთავსებ?

- ამ ორი საქმის ერთმანეთთან შეთავსება მშვენივრად გამომდის. მოდელობა ჩემთვის ყოველთვის ჰობი იყო. აი, ჟურნალისტობა კი ძირითად პროფესიად ავირჩიე და ამ არჩევანით კმაყოფილი ვარ; ჩემი საქმე ძალიან მომწონს, თანაც, აქ ბევრ საინტერესო და განსაკუთრებულ ადამიანთან გვიწევს ურთიერთობა. მაგალითად, წინა სეზონში მამუკა ჩარკვიანი რომ გვესტუმრა, ეს იმდენად ამაღელვებელი, იმდენად ემოციური შეხვედრა გახლდათ, რომ პირდაპირ ეთერში ვიტირე კიდეც.

- დაბოლოს, მინდა გკითხო, ოდესმე გარეგნობაში რაიმეს შეცვლაზე ხომ არ გიფიქრია? რა თქმა უნდა, თმის ფერს არ ვგულისხმობ...

- გარეგნობაში არაფრის შეცვლა არ მინდა. კოსმეტოლოგთანაც კი არასდროს ვყოფილვარ და არც განსაკუთრებულ ნიღბებს ვიყენებ, მხოლოდ დამატენიანებელი კრემებით შემოვიფარგლები. მომწონს საკუთარი თავი ისეთი, როგორიც ვარ.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება