ლევან ყოჩიაშვილი: "ახლა რთული პერიოდი მაქვს"

ლევან ყოჩიაშვილი: "ახლა რთული პერიოდი მაქვს"

"მას საოცარი წინათგრძნობა აქვს. არ უყვარს ენერგიული მუშაობა. ურჩევნია იტანჯოს, ვიდრე - იბრძოლოს. ოცნებების სამყაროში ცხოვრობს და ისეთი ჯიუტია, რომ ადამიანებს მასთან ურთიერთობა უჭირთ. კონფლიქტის შემდეგ, სინდისი ქენჯნის. ბუნებით ლიდერი არ არის. საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს სხვებს ბოლომდე არასდროს უზიარებს", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ცხენის წელში დაბადებულ თევზებს, ეს კი მსახიობ ლევან ყოჩიაშვილის ზოდიაქოს ნიშანია.

- ასტროლოგია არის მეცნიერება, რომელიც ძალიან მიტაცებს. პირადი ჰოროსკოპი არასდროს შემიდგენია, მაგრამ არ არის გამორიცხული, რომელიმე ასტროლოგს ამ თხოვნით მივმართო.

- "მებრძოლი არ არის. ურჩევნია იტანჯოს, ვიდრე - იბრძოლოს".

- ეს ჩემი ცუდი თვისებაა. ველოდები, თავისით როდის მოვა წარმატება.

- ამის გამოსწორება გიცდია?

- არაერთხელ, მაგრამ უშედეგოდ. თითქოს, ეს თვისება ჩემში ჩადებულია, კოდირებულია და ვერ ვერევი.

- "ოცნებების სამყაროში ცხოვრობს".

- ეს თვისებაც დიდი დოზითაა ჩემს ხასიათში. შემიძლია, საათობით მივეცე ოცნებას და რეალობა დამავიწყდეს.

- განმარტოება გიყვარს?

- არა.

- რა ხდება მაშინ, როცა ოცნების სამყაროდან რეალობაში ბრუნდები?

- ამასაც ვეგუები. მირჩევნია, დინებას მივყვე, ვიდრე ინიციატივა საკუთარ თავზე ავიღო.

- დინების საპირისპიროდ არასდროს გაგიცურავს?

- არა. ეტყობა, ამის ინტერესიც არ მაქვს.

- რამდენიმე თვის წინ, მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა გქონდა - ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვა არ იყო?

- არა. მე კიდევ ერთი ცუდი თვისება მაქვს, გადაწყვეტილების მიღება მიჭირს!

- "მუდმივად მერყეობს პესიმიზმსა და ოპტიმიზმს შორის".

- ასეა, მიუხედავად იმისა, რომ მეოცნებე ვარ. ჩემი ნიშნის სიმბოლო ხომ საპირისპირო მიმართულებით მცურავი 2 თევზია: ხან ერთი ვარ, ხან - მისგან სრულიად განსხვავებული მეწყვილე; ერთი თევზი ოპტიმისტია, მეორე - პესიმისტი.

- "ისეთი ჯიუტია, ადამიანებს უჭირთ მასთან ურთიერთობა".

- მიმაჩნია, რომ დამყოლი ხასიათი მაქვს. ანგარიშს ბევრ ვინმეს და რამეს ვუწევ, ჯიუტი ადამიანი კი ასე არ იქცევა.

- "მისთვის იუმორი ფარული საბრძოლო იარაღია. ხუმრობს, რათა შინაგანი განწყობა დამალოს".

- მართლა? ამაზე არასდ­როს დავფიქრებულვარ. ცუდ ხასიათზე მყოფს მიხუმრია თუ არა? - ასეთი შემთხვევა არ მახსენდება. ეს ის დეტალია, რო­მელშიც ასტროლოგებს ვერ დავეთანხმები.

- "მას უანგარო სიყვარული შეუძლია".

- ნამდვილად ასეა! როგორ შეიძლება, ანგარებიან გრძნობას სიყვარული ეწოდოს? სიყვარული თავდავიწყებით შემიძლია.

- "სიყვარულის მწვავე მოთხოვნილების გამო, შესაძლოა, გარყვნილებას მიეცეს".

- არა მგონია, ასე იყოს.

- რატომ, ემოციების მოთოკვა შეგიძლია?

- თუ რამისადმი მივილტვი, ის გონებაში მყარად ჯდება და დინებას მივყვები.

- შესაძლოა, ამ თვისებამ ოჯახური სიმყუდროვე დაგირღვიოს?

- არავითარ შემთხვევაში!

- "ის საყვარელი ადამიანის გამო ყველაფერზე წამსვლელია".

- უნდა შევიფერო? საყვარელი ადამიანებისთვის მართლა ყველაფრის გაკეთება შემიძლია, მაგრამ არის შემთხვევები, როცა მეორე მხრიდან იმავეს ვერ ვიღებ და გული მიცრუვდება.

- საკმაოდ ადრეულ ასაკში დაქორწინდი. მაშინ თუ დაინტერესდი, შენი და მეუღლის ზოდიაქოს ნიშნები ერთმანეთს რამდენად ეწყობოდა?

- მარინა ლომია. ასტროლოგები ამბობენ, რომ თევზი და ლომი ერთმანეთს ვერ ეწყობიან. ჩვენ ვეწყობით თუ არა? ცხოვრებაში ყველამ რაღაც უნდა დათმოს და რაც მთავარია, დათმობაზე სიყვარულით უნდა წახვიდე.

- "მას საოცარი წინათგრძნობა აქვს".

- ძალიან ძლიერი ინტუიცია მაქვს, რასაც ვერ ვიტყვი, ლოგიკაზე. ინსტიტუტში სწავლისა და შემდგომ პერიოდშიც ვიცოდი, რომ ჩემს ცხოვრებაში პროფესიული წარმატება აუცილებლად მოვიდოდა; გვიან, მაგრამ მაინც მოვიდოდა! ჰოდა, ასეც მოხდა.

- ეს სერიალი მარადიული ვერ იქნება. "ჩემი ცოლის დაქალების" დასრულების შემდეგ, შენი კარიერა როგორ წარიმართება?

- მერე იქნება მონელების პერიოდი და ახალი გმირი, რომელიც დათოსგან რადიკალურად განსხვავებული იქნება.

- "ძალიან მიმნდობია. მისი მოტყუება ადვილია".

- სამწუხაროდ, ასეა! შეიძლება გაგიჩნდეს კითხვა, წლების მანძილზე ჭკუა ვერ ისწავლეო? ეს ხასიათია, რომელსაც ვერაფერს მოუხერხებ. გამოცდილება მომემატა, მაგრამ ადამიანებს მაინც ადვილად ვენდობი და მერე საკუთარ თავზე ვბრაზობ, რომ ვიღაცას დავუჯერე.

- "საკმაოდ ნიჭიერია და ერთდროულად რამდენიმე დავალების შესრულება შეუძლია".

- მართალია, ერთდროულად რამდენიმე საქმეს ვაკეთებ: ვთამაშობ სერიალში, ვახმოვანებ ფილმებს. ჩემზე ძალიან ცუდად მოქმედებს, როცა საქმის კეთების დროს, რაღაც ხელის შემშლელი ფაქტორი ჩნდება. საქმეზე მაქსიმალურად უნდა ვიყო კონცენტრირებული. როცა თეატრში ვმუშაობდი, სპექტაკლის დღეს არავის ნახვა არ მინდოდა, მხოლოდ როლზე ვფიქრობდი.

- "ის სანდო მეგობარია".

- იმიტომ, რომ ერთგული ვარ.

- "მიუხედავად იმისა, რომ კომუნიკაბელურია, უყვარს დროის მარტო გატარებაც".

- რას ამბობ, ოღონდ მარტო არ მამყოფო და თუ გინდა, მომკალი. დამლაპარაკებელი ყოველთვის მჭირდება. სახლში მარტო ყოფნა არ მიყვარს.

- დამოუკიდებელი ადამიანი ხარ?

- ნაკლებად. ვიცნობ ადამიანებს, რომლებმაც იციან, რა უნდათ და სხვების აზრს ყურადღებას არ აქცევენ, მე კი ვიდრე გადაწყვეტილებას მივიღებ, იმ ადამიანების აზრი უნდა მოვისმინო, ვის წინაშეც გარკვეული პასუხისმგებლობა მაკისრია.

- სითამამე გაკლია?

- ძალიან.

- "კონფლიქტის შემდეგ, სინდისი ქენჯნის".

- კონფლიქტს ვერ ვიტან. იმისთვის, რომ სიტუაცია არ დაძაბულიყო, ბევრჯერ დამითმია. ვერ წარმომიდგენია, როგორ შეიძლება კონფლიქტში იყო ადამიანებთან, რომელთა გვერდითაც მუშაობა გიწევს.

- თავგადასავლების მოყვარულიც არ იქნები. ასეა?

- საინტერესო თავგადასავლებით არ გამოვირჩევი.

- "სტაბილური ურთიერთობა არ ხიბლავს".

- ქაოსსა და არეულობას ვერ ვიტან, სტაბილურობა ყველაფერს მირჩევნია.

- "ფული ცხოვრების უმნიშვნელო დეტალად მიაჩნია".

- ფულზე გადარეული არ ვარ და არც მფლანგველთა კატეგორიას მივეკუთვნები. ყოველთვის მაქვს გარკვეული თანხა გადანახული, რომელსაც არ ვეხები. რა იცი, ცხოვრებაში რა ხდება. ამას ადრეული ასაკიდან მივეჩვიე.

- "საკუთარ შეხედულებებსა და მოსაზრებებს სხვებს ბოლომდე არასდროს უზიარებს".

- ვუზიარებ მათ, ვისაც ძალიან ვენდობი.

- "ნებისმიერ ქმედებას გულდაგულ გეგმავს და როცა რამე არ გამოსდის, მტკივნეულად განიცდის".

- ასეა, სპონტანური ქმედებები არ მიყვარს.

- "უბოროტო ხასიათიდან გამომდინარე, მტერი, მით უმეტეს - აშკარა, იშვიათად ჰყავს".

- ჩემი ხასიათიდან გამომდინარე, მოქიშპე არასდროს მყოლია. სადაც მიცხოვრია ან მიმუშავია, ჯიბრში არავინ ჩამდგომია.

- რომანტიკოსი ხარ?

- ძალიან. ვერ ვიხსენებ, ბოლოს მეუღლეს რა სიურპრიზი მოვუწყვე. მაგრამ როცა საყვარელ ადამიანს სიამოვნებას ვანიჭებ, თავადაც არანაკლებ სიხარულს განვიცდი.

- სერიალში რა ხდება, შენი ცოლი და საყვარელი დამეგობრდნენ?

- ერთმანეთს გაუგეს და მოვლენები საინტერესოდ გაგრძელდება. ყველაფერს ვერ ვიტყვი.

- ქუჩაში ხალხი აღარ გეჩხუბება? როცა ნინას ღალატობდი, შენ მიმართ აგრესიას დაუფარავად გამოხატავდნენ.

- რაოდენ სასაცილოც უნდა იყოს, ჩემი გმირის საქციელის გამო მეჩხუბებოდნენ, მარიგებდნენ, რჩევებს მაძლევდნენ. ახლა რთული პერიოდი მაქვს და აგრესიამ იკლო. მგონი, ხალხს ვეცოდები, ბიჭი რა დღეში ჩავარდაო და თანამიგრძნობენ.

თამუნა კვინიკაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება