მუსიკოსების "შავ სიაში" შეყვანა და დაბლოკვა დასრულდა (?)

მუსიკოსების "შავ სიაში" შეყვანა და დაბლოკვა დასრულდა (?)

წინა ხელისუფლების პირობებში იყვნენ შემოქმედები, მსახიობები, მომღერლები, რომლებსაც ამა თუ იმ ტელევიზიაში ბლოკავდნენ. აკრძალული იყო მათი ეთერში მიწვევა, არც მასობრივ, სადღესასწაულო კონცერტებზე გამოდიოდნენ.

ისინი არსებულ ხელისუფლებას ოპოზიციაში ედგნენ, შემჩნეულები იყვნენ მთავრობის საწინააღმდეგო აქციებში, მიტინგებსა თუ გამოსვლებში. ღიად უპირისპირდებოდნენ მმართველ ძალას. რამდენიმე თვის წინ აი, რას ამბობდა ჯგუფ "ფორტეს" წევრი მომღერალი ზურა მანჯავიძე:

- ახლა ჩემი მიწვევა ამა თუ იმ კონცერტსა თუ წვეულებაზე არავის აღარ ეშინია. მადლობა მინდა, გადავუხადო იმ ადამიანებს, ვინც იმ პერიოდში, როცა ჩვენი ჯგუფი ("ფორტე") აკრძალული იყო, გამბედაობა ჰყოფნიდა და მომღერლად თუ წამყვანად მაინც მიწვევდა. ისე, ბევრი დანიშნული კონცერტი და საღამო გაუქმებულა იმ მიზეზით, რომ სიაში მავანს მე ვუნახივარ... ერთხელაც, როდესაც სერიოზული კრიზისი გვქონდა, შევიკრიბეთ და გოგოებს ვუთხარი, - მე წავალ ანსამბლიდან, ხომ ხედავთ, თქვენც გასაქანი აღარ გაქვთ-მეთქი. საშინელ დღეში ჩამაგდეს, - ეგ რამ გათქმევინაო? ბევრ მამაკაცს შეშურდება იმ ვაჟკაცობის და იმ ღირსეული საქციელის, რაც მათ გამოავლინეს...

სოსო მანჯავიძე, ზურას ძმა, "წინააღმდეგობის მოძრაობის" ლიდერი:

- ანსამბლი "ფორტე" ჩემს თვალწინ ჩამოყალიბდა. მისი წევრების საოცარი მეგობრობა, ერთსულოვნება დასაფასებელია. ხოლო ის 9 წელი, როცა ჯგუფს კონცერტებზე არ იწვევდნენ, მათი ურთიერთობის გამოცდა იყო, რასაც ღირსეულად გაუძლეს. იყო მცდელობა, რომ ისინი გაეხლიჩათ, მაგრამ ამ ადამიანებმა წარმოუდგენელი გმირობის ტოლფასი საქციელი გამოავლინეს. ერთსულოვნების, ერთად ყოფნის მაგალითი აჩვენეს.

ის, რაც ზურა მანჯავიძემ და მისმა მეგობრებმა გადაიტანეს, მსგავსი მომღერალ ნინა წკრიალაშვილს წინა ხელისუფლების დროს ნამდვილად არ განუცდია. ყველა ტელევიზიაში სასურველი სტუმარი იყო და მის გარეშე არც ერთი კონცერტი, ელიტური თავყრილობა არ ჩატარებულა. მიზეზი მარტივია, - ნინა "ნაციონალური მოძარობის" გულანთებული მხარდამჭერი იყო, ამასთან, კულტურის სამინისტროს თანამშრომელიც.

დღეს საქართველოში სხვა ხელისუფლებაა, როგორც იტყვიან, სხვა სიო ქრის, ნინა წკრიალაშვილი კი იმის გამო, რომ წინა ხელისუფლების გულშემატკივარი გახლდათ, არავის, არსად, არც ერთ ტელევიზიასა თუ პროექტში არ აუკრძალავს. დიახ, ის "იმედის" შოუს "ცეკვავენ ვარსკვლავების" კონკურსანტია. ამასთან, აღნიშნულ შოუში სხვაც ბევრია ისეთი, ვისაც წინა ხელისუფლების პოლიტიკა მოსწონდა...

ასევე "იმედზე" გადის პროექტი - "ახალი ხმა", რომელის მწვრთნელებიც ძირითადად წინა ხელისუფლების მხარდამჭერი მუსიკოსები არიან...

მოკლედ, "ნაციონალებს" ასეთი სატელევიზიო პოლიტიკა ჰქონდათ. დღეს ასე მკაცრად "იმედში" საკითხს ჯერ არავინ უდგება, ფაქტი სახეზეა... "ამბები.გე" ნინა წკრიალაშვილს დაუკავშირდა.

- ახლა მასე თუ წავიდა საქმე, მომღერლების 99% წინა ხელისუფლების კონცერტებზე გამოდიოდა და მხარს უჭერდა მათ პოლიტიკას...…ის 99% რომ არა, მაშინ პროექტებში ვინ უნდა აცეკვონ და ამღერონ?

- როგორ გგონია, ბოლო 9 წლის განმავლობაში რატომ იყვნენ "შავ სიაში" შეყვანილი ისეთი მომღერლები, როგორებიც არიან: ნატო მეტონიძე და ზურა მანჯავიძე?

- როგორ შეიძლება? ნატოსნაირ მომღერლებს ქვეყნები ეძებენ და ფუფუნებაში ჰყავთ. ეს არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. არც ვინეს დაბლოკვაა კარგი და არც ვიღაცის გაფეტიშება. არ შეიძლება! საერთოდ, მინდა, ისეთ ქვეყანაში ვიცხოვრო, სადაც არავინ, არავის არც ერთი ნიშნით არ გამოარჩევს.

- შენ წინა ხელისუფლების მომხრე იყავი და ყველგან გზა ხსნილი გქონდა...

- დიახ, მათი მომხრე ვიყავი, რადგანაც ძალიან მოკლე დროში ბევრი რამ გააკეთეს, - ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსეს, შეუძლებელი იყო, ამ ყველაფრის მიმართ გულგრილი ვყოფილიყავი. ისინი ფაქტებს დებდნენ, ყველაფერი ვიზუალურადაც ჩანდა. გარშემო იმდენი რამ შენდებოდა, ლამაზდებოდა. ეს ვის და რატომ არ უნდა მოეწონოს?! პირველი, რაც იყო, კანონის მორჩილები გაგვხადეს...

მაგრამ ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაფერი გაკეთებულა. იმედი მაქვს, რომ რაღაცები დალაგდება და ცხოვრება ჩვეულ რიტმში გაგრძელდება. ღმერთმა ქნას, რომ ამათ მეტი შეძლონ, მაგრამ ერთი წელი გავიდა და და ვიმეორებ, არაფერი გაკეთებულა.

ყველაზე მატად ის მაწუხებს, რომ 15 წლის შვილი მყავს და არ მინდა, იმაზე ვნერვიულობდე, სახლიდან რომ გადის... მგონი, კრიმინალის რიცხვმაც მოიმატა. არავინ მძულს და არავისზე არ ვგიჟდები. ვინც ჩემი ქვეყნისთვის კარგს საქმეს გააკეთებს და რაც მალე ვიცხოვრებ ევროპულ ქვეყანაში, ის მინდა.

დარწმუნებული ვარ, ამათ ენდომებათ, რომ ხალხი მასობრივად დაასაქმონ, იყოს ბევრი სამუშაო ადგილი, რომ ადამიანებმა გაიღიმონ, დაბოღმილებმა არ იარონ და ერთმანეთი არ გალანძღონ... მათიც მესმის, როცა ფული არ მაქვს, მეც ცუდ ხასიათზე ვარ. მინდა, რომ ამ ხელისუფლებამ ამ პრობლემას სერიოზულად მიხედოს.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება