რას ჰყვება გურამ ლომიძე ივანა მელაისა და ხატია შამუგიაზე

რას ჰყვება გურამ ლომიძე ივანა მელაისა და ხატია შამუგიაზე

ცოტა ხნის წინ, გავრცელდა ჭორი, რომ უკრაინელ მომღერალს - ივანა მელაის რომანი ქართველ ხელოვანთან აქვს. ამის შესახებ მან ერთ-ერთ ტელეშოუშიც ისაუბრა, მაგრამ შეყვარებულის ვინაობა არ დაასახელა. საქართველო პატარა ქვეყანაა და მალე გახდა ცნობილი, რომ ივანას საყვარელი მამაკაცი ასევე მომღერალი, ჯგუფ - "ქუჩის ბიჭების" ერთ-ერთი წევრი - გურამ ლომიძეა. თუმცა, ამ ფაქტს წყვილი არც ადასტურებს და არც - უარყოფს. გურამი ინტერვიუზე დიდი ძალისხმევის შედეგად დავიყოლიე, თანაც - იმ პირობით, რომ ივანაზე არაფერს ვკითხავდი. ამიტომაც, გურამთან ლაპარაკი ჯგუფთან დაკავშირებული სიახლეებით დავიწყე.

- ამას წინათ, "ქუჩის ბიჭებმა" თქვით, რომ ამიერიდან ისევ ერთად იქნებოდით, სიმღერებს ჩაწერდით და საზოგადოების ყურადღების ქვეშ მოექცეოდით, მაგრამ ერთი თუ ორი კლიპი გადაიღეთ და ისევ დაიკარგეთ...

- არ დავკარგულვართ! ვიდეო­რგოლები მხოლოდ წელს კი არა, შარშან თუ შარშანწინაც გადავიღეთ. წელს ორი კლიპი შემოგთავაზეთ და საქართველოს რეგიონებში რამდენიმე კონცერტიც გავმართეთ. ახლა კიდევ ერთ ახალ სიმღერაზე ვმუშაობთ და კიდევ, რეგიონებში რამდენიმე საქველმოქმედო კონცერტის გამართვასაც ვაპირებთ. ასევე, მუშავდება საკონცერტო პროგრამა და უახლოეს მომავალში არაერთი გასტროლი გვექნება.

- მოწვევა რომელიმე ქვეყნიდან გაქვთ?

- მოწვევა არ გვაქვს. უბრალოდ, როგორც ყოველთვის, ამჯერადაც ჯგუფის წევრები ვგეგმავთ ყველაფერს და ვაკეთებთ კიდეც. რასაკვირველია, ვიღაცები დაგვეხმარებიან, ჩვენთან სხვადასხვა პროდიუსერიც ითანამშრომლებს, მაგრამ ძირითად საქმეს თავად ვაგვარებთ...

- ვიცი, რომ ძირითად საქმიანობას ამერიკაში ეწევი, მაგრამ რატომღაც, საქართველოში დიდხანს შემორჩი...

- ჯერ ერთი, მომენატრა ჩემი ქვეყანა და არ მინდა სამშობლო დავ­ტოვო და მეორეც - აქ იმ საქმით ვარ დაკავებული, რომელიც მიყვარს.

- თუმცა ეს საქმე სარფიანი არ არის...

- მართალი ხარ, ამ საქმიდან შე­მოსავალი ნამდვილად არ გვაქვს, მაგ­რამ მეორე კონტინენტზე ყოფნას, მაინც აქაურობა მირჩევნია.

- რამდენიმე წლის წინ ასე არ ფიქრობდი - მაშინ ქვეყანა დატოვე და ამერიკაში გაემგზავრე. არადა, მაშინაც ხომ ამ საქმეს აკეთებდი?

- მაშინ გარკვეული მიზნები მქონდა, რომელსაც უკვე მივაღწიე.

- მაგალითად?

- "გავაკეთე" ბიზნესი, რომელიც ახლა ჩემი შემოსავლის წყაროა. გარდა ამისა, ამერიკის მოქალაქეობაც მივიღე და ნებისმიერ ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება შემიძლია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ამერიკაში არასოდეს აღარ ჩავალ. როგორც უკვე გითხარი, იქ ბიზნესი მაქვს და წელიწადში ორი-სამი თვით გამგზავრება მომიწევს ხოლმე.

- გასულ ზაფხულს სად დაისვენე?

- ბათუმში, იტალიაში...

- იტალიაში ვისთან ერთად იყავი?

- მარტო ვიყავი.

- ტყუი, იქ მეგობარ გოგონასთან ერთად იყავი და მან ეს ერთ-ერთ ტელეშოუში თქვა...

- იქ სულ მარტო რა მინდოდა? მეგობრებთან ერთად ვიყავი რომში და იქაურობა ფანტასტიკური იყო. როგორ შეიძლება, ადამიანს რომი არ მოგეწონოს, როცა "ყველა გზა რომში მიდის".

- რატომ არ გინდა, პირად ცხოვრებაზე ილაპარაკო? მთელი თბილისი შენს რომანზე საუბრობს, რომელიც უკრაინელ მომღერალთან გაქვს...

- ჩემს პირად ცხოვრებაზე ხშირად ჭორაობენ და ბევრ ამბავსაც თხზავენ. სიმართლე გითხრათ, საერთოდ არ მაინტერესებს, რა ტყუილ-მართალს იტყვიან. რეკლამაც და ანტირეკლამაც, ორივე რეკლამაა. საკუთარი თავის პიარზე არ ვმუშაობ. პირადზე არ ვლაპარაკობ იმიტომ, რომ ჩემთვის საყვარელ მეგობრებთან ურთიერთობის გაფუჭება არ მინდა.

- არ მესმის, იმის აღიარება, რომ შეყვარებული გყავს, მეგობრებთან ურთიერთობას რატომ გაგიფუჭებს?

- შეყვარებული დიდი ხანია, მყავს...

- ვიცი, რომ აქამდე არაერთი შეყვარებული გყოლია, მაგრამ მე ბოლო რომანის შესახებ გეკითხები... ის შენს მეგობრებს არ მოსწონთ?

- არა, ეგ რა შუაშია?! იმის თქმა მინდოდა, რომ მეგობარ გოგოსთან ურთიერთობის გაფუჭებას ვერიდები...

- როგორც ჩანს, უკრაინელი გოგონები განსაკუთრებულად მოგწონს, რადგან ადრეც გყავდა ერთი უკრაინელი მეგობარი.

- რატომ არ უნდა მომწონდეს? უკრაინელები ძალიან ლამაზები არიან, მე კი ყველა ლამაზი ქალი მომწონს და არ აქვს მნიშვნელობა, ის ქართველი იქნება თუ უკრაინელი. ისე, უკრაინელებს უფრო მეტი ეშხი აქვთ...

- ალბათ მეტად სექსუალურებიც არიან, არა?

- არ დავაკონკრეტებ, რადგან არ მინდა, ქართველ გოგონებს ვაწყენინო.

- წინ იყურები და ამ ყველაფერზე ლაპარაკს იმის გამო არიდებ თავს, რომ შესაძლოა, მომავალში ქართველი გოგო მოგეწონოს, არა?

- რა თქმა უნდა, მე ყოველთვის წინ ვიყურები და მომავალზე ვფიქრობ.

- რამდენად სერიოზულია შენი გრძნობა იმ გოგონას მიმართ?

- ჩემი გრძნობა ყოველთვის სერიოზულია. უბრალოდ, ურთიერთობა იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორი განვითარება მოჰყვება რომანს.

- შენი შეყვარებულიც აღფრთოვანებული ჩანს შენით...

- იმიტომ, რომ ჩვენ შორის სერიოზული გრძნობა არსებობს.

- ამას ლოგიკური გაგრძელება ექნება? ოჯახს შექმნით?

- დრო ყველაფერს გვიჩვენებს. ოჯახის შექმნაზე ნამდვილად არ ვფიქრობ.

- ალბათ იმიტომ, რომ წინა ორი ოჯახის დანგრევა შენთვის მტკივნეული იყო.

- მართალია!

- მეორე ცოლთან, შვილის გამო სასამართლო დავა გქონდა...

- არ მინდა ამ საკითხზე ლაპარაკი. ჯერჯერობით, ჩემი მომავალიცა და წარსულიც პროცესშია, გაურკვეველია...

- ე.ი. საკმაოდ არეული ცხოვრება გაქვს.

- ასეა, მაგრამ ჩემი ცხოვრება დალაგებას ექვემდებარება.

- შენმა პირველმა ცოლმა - ხატია შამუგიამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა, რომ მეგობრობთ, თქვენს სიმპათიებს ერთმანეთს აცნობთ და ერთურთს რჩევასაც ეკითხებით. ხატიას შენი ახლანდელი შეყვარებული გააცანი?

- რა სისულელეა! არ მესმის, ყო­ფილ ცოლს როგორ უნდა ვკითხო რჩევა იმის შესახებ, თუ რომელი ქა­ლის გვერდით უნდა ვიყო? ხატიას ჩემ გვერდით არც ერთი ქალი არ მოეწონება.

- ყოფილა შემთხვევა, რომ მას რომელიმე შენს მეგობარ ქალზე პროტესტი გამოუთქვამს?

- კი, ყოფილა.

- შენ მოგწონს მისი პოლიტიკოსი შეყვარებული?

- სიმართლე გითხრა, საერთოდ არ მაინტერესებს, ვინ უყვარს ხატიას. ვისაც თვითონ აირჩევს, ის უნდა იყოს მის გვერდით.

- რადგან ხატიას შენი პირადი ცხოვრება აინტერესებს, გამოდის, რომ გრძნობა ბოლომდე არ განელებია.

- ჩვენ კარგი მეგობრები ვართ და შესაძლოა, საუბრის დროს ერთმანეთს რაღაც გავუზიაროთ, ამას ალბათ, რჩევის სახეც ექნება.

- კითხვაზე არ მიპასუხე: ახლანდელი შეყვარებული გააცანი თუ არა?

- ხატიას რაში სჭირდება ჩემგან ვინმეს გაცნობა? ამას თვითონაც მოახერხებს. თუ არ ვცდები, ერთმანეთს იცნობენ.

- როცა შენი სიყვარულის ამბავი გაიგო, როგორი რეაქცია ჰქონდა?

- ის ჩემზე ბევრ ამბავს იგებს, მერე ბევრ ჭორსაც ავრცელებს და ხან ჩემთან მოაქვს რაღაც ამბავი, ხან - სხვასთან.

- ანუ ურთიერთობის გაფუჭებას ცდილობს?

- არანაირად. უბრალოდ, ჭორაობა და ბევრი ლაპარაკი ხომ ქალების ძირითადი საქმიანობაა. ჩემი და ივანა მელაის სიყვარულზე რომ ჭორი გავრცელდა, მძაფრი რეაქცია არ ჰქონია.

- არ გითხრა, რომ ივანას ექსპრეზიდენტის საყვარლობას აბრალებდნენ?

- ბევრი რაღაც უთქვამთ ჩემზეც, მას­ზეც, მაგრამ მე და ივანა მეგობრები ვართ და რაში უნდა მაინტერე­სებდეს მისი წარსული? ჩვენ ახლო ურთიერთობა გვაქვს, კარგი გოგოა, კარგად მღერის და "ვარსკვლავია".

- მასში ყველაზე მეტად რა მოგეწონა?

- რა შეიძლებოდა, რომ არ მომწონებოდა ივანაში? არ ვაკონკრეტებ, რომ ის ჩემი შეყვარებულია.

- ერთ-ერთ გადაცემაში აღიარე, რომ ცალმხრივად იყავი შეყვარებული. საინტერესოა, ივანა ის ქალი ხომ არ არის, ვისზეც მაშინ ლაპარაკობდი?

- მაშინ უბრალოდ, სიმღერა დავწერე და ეს ისტორია იმ სიმღერასთან ასოცირდებოდა.

- ე.ი. ტელეეთერში ტყუილი თქვი, რათა სიმღერა კარგად გაყიდულიყო?

- კარგი, რა, რა შეკითხვებს მისვამ?.. არა, ეს ის ამბავი არ არის...

- პირად ცხოვრებაზე გახსნილად როდის ილაპარაკებ? შენ და შენი შეყვარებული ერთობლივ ინტერვიუს როდის მომცემთ?

- ნამდვილად არ ვიცი!

- შენმა შვილმა როგორ მიიღო შენი ახალი სიყვარულის ობიექტი?

- ჩვეულებრივად.

- მას აქვს ურთიერთობა შენს შეყვარებულთან?

- ვაიმეეე... მოდი, ამ შეკითხვას პასუხის გარეშე დავტოვებ.

ნათია ჟივიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება