უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებას - რა გამოხმაურება მოყვა ფაქტს ევროპაში

უკრაინის უარი ასოცირების ხელშეკრულებას - რა გამოხმაურება მოყვა ფაქტს ევროპაში

უკრაინის ხელისუფლებამ უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე. უკრაინის მთავრობის პრესსამსახურის ცნობით, ქვეყნის მინისტრთა კაბინეტმა მიიღო განკარგულება, რომლის თანახმადაც, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების ინტერესების გათვალისწინებით, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეჩერდა.

"განკარგულება მიღებულ იქნა დეტალური შესწავლისა და კომპლექსური ზომების გატარების მიზნით, რომელიც უკრაინამ უნდა განახორციელოს დაკარგული წარმოების, რუსეთთან, ასევე დსთ-ს სხვა სახელმწიფოებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის მიმართულების აღსადგენად, შიდა ბაზრის სათანადო დონეზე ფორმირებისთვის, რომელიც უზრუნველყოფს უკრაინასა და ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს შორის პარიტეტულ ურთიერთობას", - ნათქვამია უკრაინის ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

უკრაინის ამ გადაწყვეტილებას ევროკავშირის წარმომადგენლებიც გამოეხმაურნენ.  ევროკავშირი უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულია.

ევროკავშირი იმედგაცრუებულია უკრაინის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, შეაჩეროს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების და თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების ხელმოწერის მომზადების პროცესი. ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში უმაღლესმა წარმომადგენელმა,  კეტრინ ეშტონმა განაცხადა.

"მიგვაჩნია, რომ ეს იმედგაცრუებაა არა მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ უკრაინელი ხალხისთვისაც. რეფორმები, რომლებიც ბოლო თვეების განმავლობაში ტარდებოდა, იმედისმომცემი იყო", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.

ეშტონმა ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირთან თანამშრომლობა უცხოელი ინვესტორებისა და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტებისთვის იმის ნათელი სიგნალი გახდებოდა, რომ უკრაინა მზადა არის მოდერნიზაციისთვის და შესაბამისად, საერთაშორისო ბაზრის მყარი პარტნიორი გახდებოდა.

"გვჯერა, რომ უკრაინა გააგრძელებს ევროკავშირთან მჭიდრო ურთიერთობებს და ჩვენ კვლავაც ვინარჩუნებთ უკრაინელი ხალხის წინაშე არსებულ მტკიცე ვალდებულებებს", - განაცხადა კეტრინ ეშტონმა.

უკრაინის მიერ ასოცირების ხელშეკრულებაზე უარის თქმის შემდეგ, ქვეყანაში ვიზიტი გააუქმა ევროკომისარმა შტეფან ფულემ. გავრცელებული ინფორმაციით, შტეფან ფულემ ქვეყანაში ჩასვლა მას შემდეგ გადაიფიქრა, რაც უკრაინის ხელისუფლებამ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების შეთანხმების მზადების პროცესი შეაჩერა.

უკრაინაში შტეფან ფულეს ჩასვლა დღეისთვის იყო დადგემილი. ევროკომისარს მოლაპარაკებები უნდა გაემართა უკრაინის ხელისუფლებასთან, ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან. ამასთან, ევროკომისარი ფულე აღნიშნავს, რომ შესაძლოა უკრაინის ხელისუფლებამ ასეთი გადაწყვეტილება რუსეთის მხრიდან ეკონომიკური და სავაჭრო ზეწოლის შედეგად მიიღო.

"მიზეზების განხილვისას, რომელმაც უკრაინა აიძულა მსგავსი გადაწყვეტილება მიეღო, რთულია არ გაითვალისწინო რუსეთის მხრიდან უკრაინისკენ მიმართული ეკონომიკური და სავაჭრო ზეწოლა", - დაწერა შტეფან ფულემ "ტვიტერის" საკუთარ ექაუნთზე.

რუსეთის მხრიდან ზეწოლის ფაქტორი არ უარყო არც უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმაც.

როგორც იანუკოვიჩმა განაცხადა, რუსეთის მხრიდან ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟის გამო უკრაინას ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმება არ შეუძლია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვიქტორ იანუკოვიჩმა ლიტვის პრეზიდენტ, დალია გრიბაუსკაიტესთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა. ინფორმაციას ლიტვური სააგენტო BNS ავრცელებს.

"უკრაინამ ვერ შეძლო, წინააღმდეგობა გაეწია ეკონომიკური ზეწოლისა და შანტაჟისთვის. ქვეყანას ემუქრებოდნენ რუსეთში პროდუქციის იმპორტის შეზღუდვით, განსაკუთრებით აღმოსავლეთ უკრაინის კომპანიებს, სადაც კონცენტრირებულია წარმოების ძირითადი ნაწილი, რომელშიც ასობით ადამიანია დასაქმებული. ქვეყანაში ჩათვალეს, რომ უკრაინას მილიარდობით ზარალი მიადგებოდა. სწორედ ეს მიზეზები დაასახელა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა ლიტვის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას. ამგვარად, ჩვენ ვხედავთ კავშირებს, რომელიც იქმნება ზეწოლის არაცივილიზებული მეთოდებით. ასეთი კავშირები არ შეიძლება იყოს გრძელვადიანი", - განუცხადა ლიტვურ სააგენტოს გრიბაუსკაიტეს მრჩეველმა ნიალუპშენემ.

21 ნოემბერს უკრაინის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გაფორმების მზადების პროცესი შეაჩერა. ოფიციალურ მიზეზად რუსეთთან და დსთ-ს ქვეყნებთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარება დასახელდა.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა