გადაუხადა თუ არა თანხა გიგი უგულავამ კოტიკო თოლორაიას მხარდაჭერისთვის?

გადაუხადა თუ არა თანხა გიგი უგულავამ კოტიკო თოლორაიას მხარდაჭერისთვის?

შოუმენი კოტიკო თოლორაია, რომელიც "ცეკვავენ ვარსკვლავების" ახალ სეზონში მონაწილეობდა, ცოტა ხნის წინ მამა გახდა. პატარა გაბრიელი ამერიკაში დაიბადა და საქართველოში რამდენიმე კვირის წინ დაბრუნდა.

-  უბედნიერესი კაცი ვარ. ჩემი ცოლ-შვილი უკვე ჩამოვიდა ამერიკიდან, ბავშვი ჩავკოცნე, გამოვუცვალე, ვაბანავე, დავაძინე და მივხვდი, რომ ჩემს ცხოვრებას აზრი მიეცა.

-  გაბრიელი რატომ დაარქვით?

-  არ ვიცოდით, გოგო იყო თუ ბიჭი. ჩემი ცოლი მორწმუნეა და მამა გაბრიელის საფლავზე ჩაუფიქრებია, ბიჭი თუ გამიჩნდება, გაბრიელს დავარქმევო. თან გაბრიელი საერთაშორისო სახელია. როცა ჩემი შვილი დაიბადა, ყველა ჩემიანი ამერიკაში იყო, ჩემს გარდა. ეს ყველაფერი ბავშვისთვის გავაკეთეთ, მისი მომავლისთვის, ჩემი მეუღლე ბერკლის აკადემიის სტუდენტია, ისიც ამერიკის მოქალაქეა.

-  მეუღლე როგორ ეჩვევა გართობის მოყვარულ და სულ დაკავებულ ქმარს?

-  ეს მართლაც მძიმე თემაა. ხანდახან შეიძლება რამდენიმე დღე ვერ ვნახო ცოლ-შვილი. მარიამი საქართველოში რომ მოდიოდა, წინასწარ გავაფრთხილე, რომ ერთმანეთს იშვიათად ვნახავდით. ჩემზე მეტად არავის უნდა ცოლ-შვილთან ყოფნა, მაგრამ ერთი კვირაც რომ წავიდე სადმე დასასვენებლად, ოთხივე სამსახური უნდა დავკარგო. მირჩევნია, ამ რეჟიმში ვიცხოვრო და ჩემი შვილი რომ წამოიზრდება, უზრუნველყოფილი ცხოვრება დავახვედრო. ახლა სახლიც კი არა მაქვს.

-  "ბაბნიკის" იმიჯი გაქვს, არაერთ ცნობილ გოგოსთან "დაგაწყვილეს"...

-  როცა ცოლ-შვილი არ მყავდა, სადაც მინდოდა, იქ გავივლიდი. ახლა სურვილიც არ მაქვს, სადმე ვიარო.

-  მეუღლის ამერიკაში ყოფნისას უარს ამბობდი ძველებურად ცხოვრებაზე?

-  ამ 7 თვის განმავლობაში შეგნებულად ვარიდებდი თავს გართობას, არსად "დავძვრებოდი", კლუბშიც არ დავდიოდი, რომ ვინმეს ფოტო არ გადაეღო. როგორია ორსული ცოლისთვის იმის მტკიცება, რომ უბრალოდ, მეგობართან ერთად ერთობოდი?

-  ვიცით, რომ გიგი უგულავას აქტიური მხარდამჭერი იყავი, ახლაც ასეა?

-  თვითმმართველობის არჩევნებზე მე და ჩემმა მეგობრებმა ღიად დავუჭირეთ მხარი გიგი უგულავას. მიმაჩნია, რომ უგულავა ერთადერთი მერია, ვინც რაღაც გააკეთა თბილისისთვის. თუ ახალი პრემიერი გააკეთებს რაიმე სასიკეთოს ქვეყნისთვის, ასევე მოვიქცევი - მხარსაც დავუჭერ და თანაც გადავყვები.

-  ამბობენ, რომ უგულავამ საკმაოდ სოლიდური თანხა გადაგიხადა ამ მხარდაჭერისთვის და პრივილეგირებულიც იყავი...

-  რას ამბობთ, დღემდე ვალები მაქვს, ჩემს საბანკო ისტორიაში ჩაიხედონ და ნახავენ, როგორ ვიხდი ბანკის ვალებს. ერთადერთხელ მომცეს 60 ლიტრი საწვავის ტალონი. დედის დღეს, 3 მარტს, საკუთარი ჯიბის ფულით მოვაწყვეთ ღონისძიება ქალთა კოლონიაში - ტორტი მივუტანეთ, ფული შევუგროვეთ. ერთადერთი, რაც მახსოვს პროექტიდან "ჩემი ხმა გიგის", საწვავის ტალონია, გეფიცებით, ლარიც არ ამიღია. ვერავის დაარწმუნებ, რომ ჯიგრულად დავუჭირე მხარი პოლიტიკურ ლიდერს. ჩვენთან ხომ ამის კულტურა არ არსებობს. მივხვდი, რომ პოლიტიკა ბინძურია, შეიძლება მოგივარდეს ადამიანი, აქცია მოგიწყოს და მეორე დღეს ფინჯან ყავასთან გითხრას, რომ მას უბრალოდ ეს უნდა გაეკეთებინა. მაშინ მივხვდი, რომ პოლიტიკა ჩემი საქმე არ არის. ირაკლი ღარიბაშვილს და სხვა მინისტრებსაც დავუჭერ მხარს, თუ მათი საქმიანობა მომეწონება, ჯერ ერთი წელი გავიდა და ვნახოთ, რას გააკეთებენ მომავალში...

თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება