მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყველას თვალწინ

მსოფლიო ლიდერების პირადი ცხოვრება ყველას თვალწინ

პოლიტიკური ლიდერების პირადი ცხოვრება საზოგადოების დიდ ინტერსეს იწვევს. გთავაზობთ მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების პრეზიდენტების, კანცლერებისა და პრემიერ-მინისტრების ოჯახური ცხოვრების დეტალებს.

აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა

ბარაკ ობამა მიშელ რობინსონს 1989 წლის ივნისში შეხვდა, მაშინ იგი ჩიკაგოში ოფის Sidley Austin-ში ადვოკატად მუშაობდა. თავიდან მიშელი ბარაკს ყურადღებას არ აქცევდა, მაგრამ ზაფხულის ბოლოს მათ შეხვედრა დაიწყეს. ისინი 1991 წელს დაინიშნენ და 1992 წელს დაქორწინდნენ.

ობამების პირველი ქალიშვილი მალია 1998 წელს დაიბადა, მეორე- ნატაშა 2001 წელს.

როდესაც წყვილი ჩიკაგოში ცხოვრობდა, გოგონები ჩიკაგოს უნივერსიტეტთან მდებარე კერძო სკოლაში სწავლობდნენ. მას შემდეგ, რაც ბარაკ ობამა აშშ-ის კონგრესში აირჩიეს და ოჯახი ვაშინგტონში გადავიდა, პრეზიდენტის ქალიშვილები სასწავლებლად Sidwell Friends-ში გადავიდნენ.

სკოლა პრეზიდენტის დაცვის მუდმივად იქ ყოფნით არ წუხდება, რაც ჩიკაგოში, კენვუდის რაიონის მაცხოვრებლებზე არ ითქმის, სადაც საპრეზიდენტო წყვილის სახლი მდებარეობს. ყოველ ჯერზე, როდესაც ისინი იქ მიდიან, მთელი კვარტალი დაცვის სამსახურების გაათმაგებული ყურადღების ცენტრში ექცევა, რაც პრეზიდენტის მეზობლების ყოველდღიურ ცხოვრებას ართულებს.

ობამას ნახევარდა მაია სოეტორო-ენგი ჰყავს, რომელიც დედას მეორე ინდონეზიელი მეუღლისგან გაუჩნდა. პრეზიდენტს ასევე კენიელი მამისგან ექვსი ნახევარძმა ჰყავს.

პრეზიდენტი საზოგადოებაში მეუღლესა და ქალიშვილებთან ერთად ხშირად ჩნდება და ჟურნალისტებს ოჯახურ ცხოვრებაზე კითხვებს სიამოვნებით პასუხობს.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დევიდ კემერონი

დედივ კემერონმა მომავალი მეუღლე სამანტა გვენდოლინ შეფილდი დის, კლერის წყალობით გაიცნო, რომელიც მასთან ერთად სწავლობდა. კოლეჯის დამთავრებისას კლერმა სამანტა იტალიაში, ტოსკანაზე კემერონთან ერთად არდადეგების გასატარებლად დაპატიჟა. წყვილის სიყვარული სწორედ იქ დაიწყო. ისინი 1996 წელს კემბრიჯში დაქორწინდნენ. ხუთ წელიწადში კემერონი პარლამენტში არჩიეს.

წყვილს ოთხი შვილი შეეძინა. პირველს, აივან რეჯინალდა იენას ცერებრალური დამბლა და ეპილეფსიის მძიმე ფორმა ჰქონდა და გამუდმებულ მეთვალყურეობას საჭიროებდა.

ერთ-ერთ ინტერვიუში დევიდ კემერონმა განაცხადა, რომ როდესაც ვაჟის დაბადების შემდეგ ექიმებმა მისი ავადმყოფობის შესახებ უამბეს, დარტყმა იგრძნო, ისეთი თითქოს სატვირთო ავტომობილმა გადაუარა. "თავიდან დეპრესიაში ვარდები, ოცნებასა და რეალობას შორის არსებულ სხვაობას მისტირი, მაგრამ ეს გადის, რადგან ბავშვი უბრალოდ შესანიშნავია",- გაამხილა კემერონმა.

2009 წლს აივანი 6 წლის ასაკში გარდაიცვალა.

კემერონს კიდევ ორი ქალიშვილი და ვაჟი შეეძინა. მეორე ვაჟის დაბადების შემდეგ დევიდ კემერონმა ახალშობილის მოსავლელად დეკრეტული შვებულება აიღო.

პრემიერ-მინისტრის შვილები სახელმწიფო სკოლაში დადიან.

2010 წელს პრემიერ-მინისტრის მამას, 77 წლის იან კემერონს, საფრანგეთში დასვენებისას ინსულტი დაემართა. მთავრობის ხელმძღვანელმა ამ დღეს დაგეგმილი საპარლამენტო სესია გადადო და სასწრაფოდ საფრანგეთში გაფრინდა. როგორც მოგვიანებით ბრიტანეთის ლიდერის კანცელარიამ განაცხადა, იან კემერონი ვაჟის მისვლიდან მალევე გარდაიცვალა.

პრემიერის მამა ერთი კვირის მერე დაასაფლავეს, დევიდ კემერონმა ლონდონში რომის პაპის გამოსვლა გამოტოვა.

ისრაელის პრემირ-მინისტრი ბინიამინ ნეთანიაჰუ

ბინიამინ ნეთანიაჰუს პირადი ცხოვრება ყოველთვის მშფოთვარე და საჯარო იყო.

ნეთანიაჰუს პირველი მეუღლე მირიამ ვეიცმანი იყო, რომელიც ისრაელში სამხედრო სამსახურის დროს გაიცნო. ჯარში სამსახურის დასრულების შემდეგ ისინი აშშ-ში სასწავლებლად გაემგზავრნენ, სადაც დაქორწინდნენ. 1978 წელს, როდესაც მირიამი ბავშვს ელოდებოდა, მისი მეუღლე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში ბრიტანელ ფლერ კეიტსს შეხვდა, მათ რომანი გააბეს. მირიამმა მალე ამის შესახებ შეიტყო და მათი ქორწინება დასრულდა.

1981 წელს ნეთანიაჰუ ფლერ კეიტსზე დაქორწინდა, მაგრამ ამჯერად ეს ქორწინება მხოლოდ სამი წელი გაგრძელდა.

1991 წელს ნეთანიაჰუ მესამედ ბორტგამცილებელ სარა ბენ-არციზე დაქორწინდა, რომელიც ნიუ-იორკი-თელ-ავივის რეისზე თვითმფრინავში გაიცნო. მათ ორი ვაჟი - იაირი (ისრაელის ჯარში კაპლარად მსახურობს) და ავნერი (ბიბლიის შესწავლაში ეროვნული ჩემპიონი) შეეძინათ.

1993 წელს ბენიამინ ნეთანიაჰუმ საჯაროდ აღიარა, რომ რუტ ბართან რომანი ჰქონდა. სარა ნეთანიაჰუმ მას აპატია.

სარა ნეთანიაჰუს ყოფილმა მოსამსახურეებმა არაერთხელ უჩივლეს. ისინი მას სისასტიკეში და ხელფასის დაკავებაში ადანაშაულებდნენ.

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი პირად ცხოვრებას არ მალავს, მაგრამ არც განსაკუთრებულ აფიშირებას ეწევა.

გვარი მერკელი მან მისი პირველი ქმრისგან ულრიხ მერკელისგან დაიტოვა. იგი 1977-1982 წლებში იყო დაქორწინებული. მისი მეორე მეუღლე იოაჰიმ ზაუერი მან 1981 წელს გაიცნო, მაგრამ წყვილი მხოლოდ 1998-ში დაქორწინდა.

ანგელა მერკელს შვილები არ ჰყავს, ხოლო იოაჰიმ ზაუერს წინა ქორწინებიდან ორი ზრდასრული ვაჟი ჰყავს. ზაუერი პროფესიით კვანტური ქიმიკოსია. არ უყვარს პრესის ყურადღბა, მაგრამ მას არც ემალება.

ცნობილია, რომ ანგელა მერკელს ძაღლები დიდად არ უყვარს, სამაგიეროდ ფეხბურთითაა გატაცებული და ხანდახან ბუნდესტაგში მატჩების ტრანსლაციას უყურებს.

საფრანგეთის პრეზიდენტი ფრანსუა ოლანდი

ფრანსუა ოლანდი 30 წელზე მეტ ხანს სეგოლენ რუაიალთან ერთად სამოქალაქო ქორწინებაში ცხოვრობდა, რომელიც როგორც ფრანსუა, საფრანგეთის სოციალისტური პარტიის ერთ-ერთი წამყვანი პოლიტიკოსია. მათ ოთხი შვილი ჰყავთ.

2007 წელს ერთი თვის შემდეგ, რაც სეგოლენ რუაიალმა ნიკოლა სარკოზისთან საპრეზიდენტო არჩევნები წააგო, მან და ოლანდმა განაცხადეს, რომ შორდებოდნენ.

რამდენიმე თვის შემდეგ საფრანგეთის ერთ-ერთ ახალი ამბების საიტზე გაჩნდა ინფორმაცია, რომ ფრანსუა ოლანდს ახალი მეგობარი ქალი - ჟურნალისტი ვალერი ტრიერვეილერი ჰყავს. თავდაპირველად ინფორმაციას საფრანგეთში ჭორები მოჰყვა. რადგან იქ პოლიტიკოსების პირადი ცხოვრების განხილვა მიღებული არაა. მაგრამ მალე თავად ვალერი ტრიერვეილერმა ოლანდთან ურთიერთობის შესახებ ინფორმაცია დაადასტურა.

2008 წელს ფრანსუა ოლანდმა და სეგოლენ რუაიალმა სოციალისტური პარტიის ლიდერის პოსტზე საკუთარი კანდიდატურები წარადგინეს. ოლანდმა გაიმარჯვა.

2012 წელს ვალერი ტრიერვეილერს Twitter-ში უხერხული განცხადებისთვის ბოდიშის მოხდა მოუწია, რომელსაც ფრანგულ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქცია მოჰყვა.

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის წინ ვალერიმ მისი საყვარლის ყოფილი მეუღლის ოპონენტს - ოლივე ფალორნის საჯაროდ დაუჭირა მხარი, რომელმაც არჩევნების შედეგად გაიმარჯვა. "ეს შეცდომა იყო, რომელსაც ვნანობ. ეს აღარ განმეორდება",- განაცხადა ტრიერვეილერმა ფრანგულ გაზეთ Ouest France-თან ინტერვიუში.

ტრიერვეილერმა, რომელიც პროფესიით ჟურნალისტია, აღიარა, რომ მის ახალ სტატუსს ჯერ მხოლოდ ეჩვევა და ვერ გააცნობიერა, რომ აღარ შეუძლია ისე მოიქცეს, როგორც ჩვეულებრივი ადამიანი.

მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა