არის თუ არა სოფო ნიჟარაძე კომფორტული პარტნიორი ნიკო ბერიძისთვის

არის თუ არა სოფო ნიჟარაძე კომფორტული პარტნიორი ნიკო ბერიძისთვის

მარჯანა:

"გამარჯობა, ნიკო. სამწუხაროდ, შენ შესახებ ბევრი არაფერი ვიცი, მხოლოდ "ჯეოსტარიდან" გიცნობ. ვფიქრობ, საინტერესო ადამიანი ხარ. მაინტერესებს, სპექტაკლზე "ვერის უბნის მელოდიები" მართლა მილიონი დაიხარჯა? ამის შესახებ რა იცი? ეკრანს მიღმა, სოფო როგორი ადამიანია? კომფორტული პარტნიორია? სხვათა შორის, მე სოფოს ფანი ვარ და მასზე ლექსებიც კი მაქვს დაწერილი... ნიკო, იმედია, გულახდილი იქნები და ჩემს შეკითხვებს უპასუხებ. წინასწარ გიხდი მადლობას".

ნიკო ბერიძე:

- მეც ვფიქრობ, რომ საინტერესო ადამიანი ვარ (იცინის)... ნამდვილად ვერ გეტყვი, რამდენი დაიხარჯა სპექტაკლზე, რადგან ამის შესახებ ინფორმაცია არ მაქვს. ისე, იმდენი რომ დაეხარჯათ, რამდენი ლარიც თავად დაასახელე, მგონი, ღირდა, რადგან ძალიან კარგი სპექტაკლი იყო და თავისუფლად გაუწევდა კონკურენციას სხვა დანარჩენ ევროპულ მიუზიკლებს... სოფოს რაც შეეხება, ის უმაგრესი გოგოა. არაჩვეულებრივი მომღერალი და კარგი ადამიანია! მას შეუძლია, ნებისმიერს გაუგოს, ადა­მიანების შეცნობის უდიდესი ნიჭი აქვს. მიხარია, რომ სცენაზე პარტნიორები ვიყავით და ვფიქრობ, მასთან ერთად მუშაობა კიდევ, თანაც - არაერთხელ მომიწევს! P.S ამ ყველაფრის წერისას სრულიად გულახდილი ვიყავი. კიდევ რაიმე კითხვა თუ გაგიჩნდა, უკვე იცი, სად და ვის უნდა მიმართო... წარმატებებს გისურვებ!"

"ის ძალიან მიყვარს"

მ.ა.ლ.ი:

"ქართველი მომღერლებიდან მხოლოდ ერთი მიყვარს - ეს არის ნიკო ბერიძე. მომწონს მისი ხმა და როცა "ჯეოსტარი" დატოვა, ძალიან ვინერვიულე. არადა, "ჯეოსტარი 2011-ის" დაწყების დღიდან აქტიურად ვგულშემატკივრობდი ამ ადამიანს. ძალიან მომწონს მისი ხმა და იმედს ვიტოვებ, რომ კიდევ ხშირად გამოჩნდება ტელეეკრანზე. იქნებ ერთხელ მეც ვნახო სადმე, შემთხვევით... ამბობენ, რომ მხიარული ადამიანია. ეს სიმართლეა? ამ ბოლო დროს აღარ ჩანს ეკრანზე, რაც ძალიან მაწუხებს. მინდა აქტიური იყოს და იმღეროს. ის ხომ ძალიან ნიჭიერია. იმედია, მალე გააქტიურდება და ადრე თუ გვიან, მის კონცერტზეც ამოვყოფ თავს. ძალიან მაინტერესებს, მომავალში რას აპირებს? მისგან რაიმე სიურპრიზს უნდა ველოდოთ?"

ნიკო ბერიძე:

- პირველ რიგში, მადლობას გიხდი ასეთი სიტყვებისთვის... მხიარული ვარ თუ არა, ამას მაშინ გაიგებ, როცა შემხვდები. ისე კი, მგონი, მხიარული ნამდვილად ვარ... რაც შეეხება ჩემს გეგმებს: მალე იხილავთ კლიპს. ჩემო კარგო, მე არ ვარ ის ადამიანი, ვინც ყველა ტელეკამერაში ძვრება. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ე.წ. შოუბიზნესში ასეთები მართლაც, მრავლად არიან. შეურაცხყოფას რასაკვირველია, არავის ვაყენებ, მაგრამ დროა, ვაზელინი მოვიშოროთ თავიდან. ისე, ზოგჯერ ეკრანზე მეც ვჩანვარ ხოლმე, მაგრამ ალბათ შენ ვერ მხედავ.

რა აკლია ქართულ შოუბიზნესს

ქეთა:

"ნიკო, უცნაურად გამოჩნდი ეკ­რანზე და ასევე უცნაურად გაქრი? საინტერესოა, ახლა რას საქმიანობ? კი, ინტერვიუდან გავიგე, რომ ბათუმის ტელევიზიაში მუშაობ, მაგრამ როგორც ხელოვანი, რატომ არ აქტიურობ? სხვათა შორის, შენს ძმასაც "ვბალელშჩიკობდი", "მაესტროს" პროექტში რომ მონაწილეობდა და ამას შენ გამო ვაკეთებდი. ძალიან მინდა, ხშირად გნახო. შენნაირი ნიჭიერი და თანაც, სიმპათიური ბიჭები ნამდვილად აკლია ჩვენს ქართულ შოუბიზნესს. გამიხარდება, თუ ჩემს "ესემესს" უპასუხებ. გკოცნი. P.S შეიძლება, "ფეისზე" დაგიმეგობრდე?"

ნიკო ბერიძე:

"უცნაურად გამოვჩნდი თუ არა, ვერ გეტყვი, მაგრამ იმის თქმა კი შემიძლია, რომ 14 წელია, ამ საქმეში ვარ ჩართული და ჩემ შესახებ საზოგადოებამ მხოლოდ იმის 40% იცის, რაც მიკეთებია. ამას იმიტომ კი არ გეუბნები, რომ რაღაცაზე გული მწყდება. უბრალოდ, შენს კითხვას ვცემ სრულ პასუხს... დიახ, ვმუშაობ ტელევიზიაში და აქტიურად ვმონაწილეობ ამა თუ იმ კონცერტში. კიდევ, ჩავწერე სიმღერა, რომელზეც კლიპის გადაღებას ვაპირებ. ვწერ დუეტს ერთ უნიჭიერეს ქართველ გოგონასთან ერთად, რომელიც საზღვარგარეთ ცხოვრობს და საქართველოში ცოტა ვინმეს თუ სმენია მის შესახებ. ასე რომ, სულაც არ მივიჩნევ თავს "დაკარგულად". თუ ტელეეკრანზე ხშირად არ ვჩანვარ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ რაღაცას არ ვაკეთებ. მირჩევნია, დიდხანს არ გამოვჩნდე და ღირებული პროდუქტი შევთავაზო საზოგადოებას, ვიდრე სულ კამერის წინ ვიჯდე და ცუდი სიმღერები ჩავწერო... ჩემს ძმას რაც შეეხება: პროექტში მისმა გამარჯვებამ ძალიან გამახარა. ის ღირსი იყო მოგების და ეს შეძლო კიდეც! P.S Fაცებოოკ-ზე უნდა დამიმეგობრდე, აბა, რა უნდა ქნა?! გელოდები!"

"ცუდია, რომ შეყვარებულს დაშორდი"

ასმათი:

"გამარჯობა. თქვენთვის აქამდე არასდროს არაფერი მომიწერია, მაგრამ ნიკოს ინტერვიუ ისე მომეწონა, რომ მესიჯის აკრების სურვილი გამიჩნდა. მას არც არაფერს ვთხოვ, უბრალოდ, მინდა, მის მიმართ ჩემი სიმპათია გამოვხატო. შენი გოგო, თეო ძალიან მომწონდა. ცუდია, რომ დაშორდით. არადა, ძალიან კარგი წყვილი იქნებოდით... წარმატებებს გისურვებ!"

ნიკო ბერიძე:

- მადლობა, ასმათ, გენაცვალე, კარგი ხარ!.. თეო უდავოდ, ნიჭიერი გოგოა და მას პატივს ვცემ. ალბათ, კარგი წყვილიც ვიყავით, მაგრამ ასეც ხდება ხოლმე. ცხოვრებაში შეყვარებულების დაშორებაზე უფრო ცუდი და მნიშვნელოვანი რაღაცებიც ხდება. ადამიანები რომ შორდებიან, ეს ნორმალური პროცესია. ყველაფერი უკეთესობისკენ იცვლება ხოლმე... წერილის გამოგზავნისთვის მადლობას კიდევ ერთხელ გიხდი.

ჟურნალისტზე გაბრაზებული ცნობისმოყვარე მკითხველი

ელა:

"გამარჯობა. გამაგიჟა ამ ჟურნალისტების არაკომპეტენტურობამ :)). მაინტერესებს, რატომ არ ჩაეძიეთ და არ ჰკითხეთ, რატომ დაშორდა საცოლეს? ვინაიდან ეს თქვენ არ გააკეთეთ, მინდა გითხრათ, რომ ნამდვილი ჟურნალისტი არ ხართ... იმედია, ამ სიტყვების გამო არ "დამბლოკავთ" და ნიკოს ჩემს მესიჯს გადასცემთ: ნიკო, რატომ დაშორდი საცოლეს? ამის მიზეზი რა იყო? იქნებ შენ გაგიწია გულმა სხვისკენ? აღიარე, რომ კაცები უგულოები ხართ და დავამთავროთ "ბაზარი". არადა, იმ გოგოსთან ერთად, სიმღერაც კი ჩაწერე თურმე. საქვეყნოდ თქვი, - ჩემი საცოლეაო, მერე კი მიატოვე. ეს რას ნიშნავს? მას ხომ საზოგადოება შენ გვერდით "ხედავდა" და რომ მიატოვე, როგორ ფიქრობ, ამით სახელი არ გაუტეხე?.."

ნიკო ბერიძე:

- ჟურნალისტთან რა გინ­და? მე ძალიან კომფორტულად ვგრძნობდი თავს ამ ინტერვიუს ჩაწე­რის დროს... რაც შეეხება შენს კითხვას: თეო ჩემი საცოლე არასოდეს ყოფილა და ეს არც არსად მითქვამს. ასე რომ, ცრუ ინფორმაცია გაქვს, ელა! მოდი, მიზეზებზე არ ვისაუბრებ, ეს ნამდვილად არ დაგაინტერესებს. უბრალოდ, ერთ რამეს გეტყვი, იმ პერიოდში ნამდვილად არ გაუწევია ჩემს გულს სხვისკენ. და აქვე მინდა, შენი სიტყვები, - "კაცები უგულოები ხართ" "გავანეიტრალო": იმხელა გული მაქვს (საკუთარ თავზე და ჩემს ორგანოებზე რომ ვლაპარაკობ, ეს ლამაზი არ არის, მაგრამ რადგან კითხვა დაისვა, ვიტყვი ბარემ), რომ ძალიან ბევრის დატევა შეუძლია, მთავარია, ადამიანი ამას იმსახურებდეს და გინდ ქალი იყოს, გინდაც - ძმაკაცი, მეგობარი! და ეგ ჩემს საცოლეზე "ბაზარი" ვიღაცამ ცუდად მოგაწოდა. მაჩვენე ინტერვიუ, სადაც ეს სიტყვები ვთქვი და ხელებს ავწევ, დაგნებდები... მართალია, მასთან ერთად დუეტი ჩავწერე და საკმაოდ კარგიც გამოვიდა. დაბოლოს, რაც შეეხება სახელის გატეხას: ეგ უკვე შენ "ჩისტა" "გრუზინულად" გამოგივიდა, ცოტას "წაუაზიურებ", რაც არა მგონია, კარგი იყოს. რა შუაშია სახელის გატეხა? ადამიანებს ერთმანეთი რომ უყვართ და მერე შორდებიან, ეს სახელის გატეხის ტოლფასია?.. ცხოვრებაა ეს, ელა, პატარავ და შეეგუე...

"ბარბები" არასოდეს მომწონდა"

მიკა:

"მე ამ ბიჭის ფანი ვარ. მაინტერესებს, როგორი გოგონები მოსწონს და ქალის შეფასებისას, რას ანიჭებს უპირატესობას? რას ფიქრობს ვირტუალურ სიყვარულზე? პასუხისთვის წინასწარ გიხდით მადლობას..."

ნიკო ბერიძე:

- მეც შენი ფანი ვარ... ერთი კონკრეტული სტერეოტიპი არ გამაჩნია. მთავარია, ქალში რაღაცამ მომხიბლოს. "ბარბები" არასოდეს მომწონდა - ამ ლამაზი თოჯინას სახელით ხომ ძირითადად, უჭკუო და გამოგონილ სტერეოტიპებს აყოლილი ქაჯი გოგონები სარგებლობენ. მოკლედ, არა აქვს მნიშვნელობა თმის ფერს. მთავარია, შარმიანი იყოს, ცხოვრებისეული ინტელექტი იგრძნობოდეს. აქვე დავაკონკრეტებ: ამ შემთხვევაში, წიგნიერებას არ ვგულისხმობ. ადამიანს შეიძლება, არც ერთი წიგნი არ გქონდეს წაკითხული, მაგრამ სხვებზე ბევრად განათლებული იყოს. და კიდევ, ვირტუალურ სიყვარულს რაც შეეხება: ამაზე ვერაფერს გეტყვი, რადგან მსგავსი რამ თავად არასდროს დამმართნია...

წარმატების ფორმულა...

კახა:

"მე რჩევა მჭირდება და ვიცი, ნიკო აუცილებლად დამეხმარება კითხვაზე პასუხის პოვნაში... მალე სკოლას დავამთავრებ. მინდა, მომავალში მსახიობი გავხდე, მაგრამ ვინაიდან ყველა ხელოვანი უფულობას უჩივის, ამ ოცნებაზე თუ მიზანზე უარის თქმას ვაპირებ. ნიკო, როგორ ფიქრობ, ხელოვანი ადამიანის ცხოვრება მართლაც ეკლიანია? შენი გამოცდილება გამიზიარე, რა. ბოლოს და ბოლოს, შენც ხომ წარმატებული შემთხვევითობის წყალობით გახდი და მიპასუხე, ამ საქმეში იღბალი რა როლს თამაშობს? ნიჭი ნულის ტოლფასია? რა არის შენი წარმატების საიდუმლო ფორმულა?.."

ნიკო ბერიძე:

- პირველ რიგში, თუ მსახიობობა გინდა, მიზნის მისაღწევად ბოლომდე უნდა იბრძოლო. თუ ამ ოცნებაზე უარის თქმას აპირებ, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გნდომებია. მოკლედ, კარგად დაფიქრდი და გააანალიზე, სინამდვილეში რა გინდა? კარგია, თუ ადამიანს მეორე პროფესიაც აქვს. პირადად მე, დიპლომატიური მაქვს დამთავრებული და პარალელურად, ვოკალზეც დავდიოდი. რთულია ამ პროფესიის დაუფლება, ის მართლა ბევრ მსხვერპლს მოითხოვს შენგან, მაგრამ თუ საქმეს გულითა და სულით გააკეთებ, ყველაფერი გამოგივა. არ გაშინებ, უბრალოდ, გეუბნები, - მომავალში ძალიან ბევრ სირთულესთან მოგიწევს შეჯახება, ცხოვრებაში ბევრ ცუდსაც ნახავ და კარგსაც... ხელოვანის ცხოვრება "ეკლიანია". პირადად მე, შემიძლია დაგარწმუნო იმაში, რომ რაც 25 წლის ასაკში გამოვლილი მაქვს, ბევრ 70 წლის კაცსაც შეიძლება არ ჰქონდეს გამოვლილი. ოდესმე ერთმანეთს თუ შევხვდებით, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ... ჩემს შემთხვევაში, წარმატება შემთხვევითობას ნამდვილად არ მოუტანია, ეს 11-წლიანი შრომის შედეგი იყო. წარმატება დანიშნულების ადგილი კი არა, ბიძგია, რომელიც გზაზე დადგომასა და მის გავლას შეგაძლებინებს!.. იღბალიც საჭიროა, მაგრამ არა - მთავარი. შრომის შედეგად მიზნის მიღწევა შესაძლებელია! ასე რომ, შენსას მიაწექი, ძმაო, იბრძოლე და ნურაფრის შეგეშინდება!

აქვს თუ არა ნიკო ბერიძეს პოლიტიკოსობის სურვილი

ხანუმა:

"კარგი შვილები გაუზრდიხართ მშობლებს... ერთი კითხვა მაქვს: შენი აზრით, ხელოვანი პოლიტიკაში რა დოზით უნდა ჩაერიოს და სხვების მსგავსად, თავადაც ხომ არ გიჩნდება პოლიტიკოსობის სურვილი (დღეს ყველა პოლიტიზებულია და ალბათ არც შენ ხარ გამონაკლისი)?.. მინდა, წარმატება გისურვო. უფალს ჰყვარებიხარ, ასე ადვილად რომ მიაღწიე პოპულარობას და შეძელი, ხალხისთვის თავი დაგემახსოვრებინა. უფალი შეგეწიოს. გამოგიტყდები და გოგონები რომ მყავდეს, შევეცდებოდი, ისინი შენთვის გამეცნო. ისე, ვინმე შეგულებული ხომ არ გყავს საცოლედ? შეუძლებელია, ვინმე არ მოგწონდეს..."

ნიკო ბერიძე:

- ცხადია, ხელოვანი პოლიტიკაში ზედმეტად არ უნდა ჩაერიოს. სასაცილოა ყველა ის დიდი ადამიანი, ვინც ამ "კლოუნებში" გაერევა. თუმცაღა, კლოუნობა უძველესი და ამავდროულად, დიდი ხელოვნებაა, ამას პოლიტიკოსობას არც კი შევადარებ... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, წარმატება ჩემამდე იოლად არ მოსულა. ვისაც ერთ დღეში მისდის პოპულარულობა, ასეთი ადამიანი მხოლოდ პატარა "კლოუნია"... იცი, რა, საცოლედ შეგულებული ნამდვილად არავინ მყავს. გმადლობ, ჩემს სახელზე წერილი რომ გამოგზავნე.

"ჩემი სადედამთილო ქმრის ფულებით ტრაბახობს"

ელენე:

"გამარჯობა. ნიკო, კარგი ადამიანი ხარ და შენგან რჩევა მჭირდება. საქმე ის არის, რომ მყავს შეყვარებული, მაგრამ მისი მშობლები მიწუნებენ: ისეთი ოჯახის შვილი არ არის, როგორიც გვინდოდა. თან, ტანდაბალიაო და სწავლაც ვერ გააგრძელაო. ჩემი ოჯახი იმიტომ არ მოუვიდათ თვალში, რომ ღარიბულად ვცხოვრობთ. დედა ვაჭრობს, მამა - მას ეხმარება და ასე წვალებ-წვალებით გაგვაქვს თავი. ტანდაბალი არ ვარ, 167 სმ გახლავართ, მაგრამ ის ქალი ამბობს: მე შხვართი გოგო მინდაო. ჩემი შეყვარებულის მამას რამდენიმე მაღაზია აქვს, დედა კი დიასახლისობს და ქმრის ფულებით ტრაბახობს. მართალია, გიგი მეუბნება: გთხოვ, ამ ყველაფერს ყურადღება არ მიაქციო, ცოლად რომ მოგიყვან, მერე დაწყნარდებიან და ვერავინ ვეღარაფერს გაგიბედავსო, მაგრამ როგორ შეიძლება, ამ ყველაფერს ყურადღება არ მივაქციო? ბოლოს და ბოლოს, მეც ხომ მაქვს თავმოყვარეობა?.. ნიკო, ბოდიში, რომ ჩემი პრობლემა თავს მოგახვიე, მაგრამ შენც ხომ ბიჭი ხარ და მითხარი, ჩემი შეყვარებულის ადგილას, როგორ მოიქცეოდი? მის ოჯახში შესვლა ღირს თუ არა? რჩევისთვის წინასწარ გიხდი მადლობას. მერწმუნე, შენს სიტყვებს აუცილებლად გავითვალისწინებ!"

ნიკო ბერიძე:

- უფლება არ მაქვს, გითხრა, - "დაიკიდე"-მეთქი, მით უმეტეს, თუ ის ბიჭი ასეთ სიტყვებს გეუბნება და განუგეშებს კიდეც... იცი, რა, ყველაფერი პიროვნებაზეა დამოკიდებული. პირადად მე, "დავიკიდებდი" მთელ ოჯახს და თან, ამას ყველას ვაგრძნობინებდი. მთავარია, ერთმანეთი გიყვარდეთ. თუ მის სიყვარულში ეჭვი გეპარება და თავადაც ვერ გარკვეულხარ საკუთარ გრძნობებში, დროზე დაშორდი, თორემ მერე უფრო მტკივნეული გახდება განშორება... გენაცვალე, დარწმუნებული ვარ, ძალიან მაგარი გოგო ხარ. თუ უყვარხარ, ბოლომდე უნდა უყვარდე და როგორც ყველა ნორმალური კაცი მოიქცეოდა, ისე უნდა მოიქცეს და შენ გვერდით იყოს ყველანაირად!.. ახლა მის მშობლებს რაც შეეხება: მოვა დრო, როცა "დაერხევათ" და მერე სად წავლენ? გიყვარდეს შენი ოჯახი ყველაფერზე მეტად! პირადად მე, შენი ოჯახი უფრო მეტად მომწონს, ვიდრე შენი შეყვარებულის გაყოყოჩებული დედისა და მამის ფრიად სასაცილო მდგომარეობა. სწორედ მათნაირ ადამიანებს ვეძახი უინტელექტოს და გოიმს. გოიმს არა, ბოდიში, ბანძს (მაპატიეთ ამ სიტყვებისთვის)... ისეთი ოჯახის შვილი არ არის, როგორიც გვინდაო, არა? სასაცილოა! დამიჯერე, შენ და შენი ოჯახის წევრები უფრო მდიდრები ხართ, ვიდრე ისინი... დაიმახსოვრე: საკუთარ არჩევანზე თავადვე ვართ პასუხისმგებელნი და უდრტვინველად უნდა შევეგუოთ ნებისმიერ შედეგს, რასაც სიცოცხლეში გადადგმული თითოეული ნაბიჯი თუ ნათქვამი სიტყვა მოგვიტანს. ასე რომ, გადაწყვეტილება თავად უნდა მიიღო, მაგრამ მანამდე კარგად უნდა დაფიქრდე. მაგარი გოგო ხარ და პირველ რიგში, საკუთარ თავზე უნდა იფიქრო. გკოცნი.

დაბოლოს, ყველას დიდი მადლობა გამოხმაურებისთვის. წარმატებებს გისურვებთ!

ლიკა ქაჯაია

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება