გიორგი მახარაშვილი "ახალი ხმის" ის მონაწილეა, რომლის გამოც ბრმა კასტინგზე და შემდეგ რინგზეც მწვრთნელებმა ერთმანეთს ომი გამოუცხადეს. გიორგიმ დათო ფორჩხიძე აირჩია. რინგზე შოთა ადამაშვილთან დამარცხდა და პროექტის ახალი წესის - "მოტაცების" საშუალებით მაია დარსმელიძის გუნდში აგრძელებს ბრძოლას.
- მუსიკალურ ოჯახში გავიზარდე. დედაც და ჩემი დაც პიანისტები არიან. ოჯახში სულ სიმღერა ისმოდა, მაგრამ დიდად არ მიყვარდა. სტუმრები მოვიდნენ და მოდი იმღერეო, რომ მეტყოდნენ დედა ან მამა, იმ შემთხვევაში ვმღეროდი. 15 წლის ვიყავი, "ჯეოსტარში" რომ ვიმღერე. ასაკი არ მიწყობდა ხელს, კონკურსანტი ვყოფილიყავი და ამიტომ მხოლოდ პირველ კონცერტზე მამღერეს სტუმრის სტატუსით. 16 წლის რომ გავხდი, ამ კონკურსში მონაწილეობა მივიღე. შემდეგ ვმღეროდი "რუსთავი 2" -ის პროექტში "ბრავო" , ვმონაწილეობდი კონკურსში "მე მიყვარს საქართველო" , ვერც ერთი რომ ვერ მოვიგე, მახსოვს, მაგრამ რა ვქენი, ეგ აღარ მახსოვს. მგონი, 2 ტური ვიმღერე "ბრავოში" (იცინის).
- პროფესიით ვინ ხარ?
- აი, ეგ არ ვიცი ჯერ (იღიმება).
- როგორც ვიცი, ფოტოგრაფიით ხარ დაინტერესებული.
- ადრე უფრო ვიყავი დაკავებული ფოტოგრაფიით. ახლა აპარატიც აღარ მაქვს, თან რაღაც მეზარება. სახლში ფოტოსტუდია მაქვს და დიდი ხანია არც ჩამირთავს. არქიტექტურულზე ვსწავლობ, მეოთხე კურსზე ვარ, ვმღერი. ჯერ არ ვიცი, ვინ ვიქნები ბოლოს. თუმცა რაც არ მღლის, ეს სიმღერაა. ყოველდღე სიმღერით, რეპეტიციებით არ დავიღლები და ყოველდღე ხაზვით შეიძლება გავაფრინო. მამა არქიტექტორია და მის კვალს გავყევი. მიყვარს ეს საქმე, მაგრამ არ ვგიჟდები.
- რაზე გიჟდები?
- სიმღერაზე.
- და გოგონებზე?
- სიმღერასა და გოგონებს არაფერი სჯობს (იცინის).
- მახსოვს ის სცენა, როცა "ახალ ხმაში" მწვრთნელები ლამაზი კონკურსანტი გოგონებით "გაბამდნენ" , კარგი გოგონები მყავს გუნდში, რამდენიმე შენზე გიჟდება და ჩემთან წამოდიო, სტეფანე გეუბნებოდა.
- ჰო, ეს შოუს ელემენტი იყო, მოუხდა. სიმღერის მერე ყველა კონკურსანტი დაძაბული დგას ხოლმე სცენაზე. ჩემი ორივე გამოსვლა მხიარული იყო. მაოს ვკითხე, კარგი გოგონები თუ გყავს, შენთან წამოვალ-მეთქი. არა, ისედაც მაოსთან მინდოდა, გოგონების გამო არ წავსულვარ.
- ბრმა კასტინგზე სტეფანეს გარდა ყველა შემოგიტრიალდა, როგორი ურთიერთობა გაქვს დღეს სტეფანესთან?
- არაჩვეულებრივი. გუშინაც ერთად ვიქეიფეთ მაომ, სტეფანემ და მათმა ბავშვებმა.
- ბრმა კასტინგზე დათო აირჩიე, რინგზე დათომ გაგწირა და შოთა ადამაშვილი დაიტოვა. ალბათ, გული დაგწყდა.
- რა თქმა უნდა, დამწყდა. ერთადერთ რამეზე ვიდარდე, როცა მწვრთნელი გუნდიდან გიშვებს, მაყურებელს ჰგონია, რომ ცუდი ხარ. იმას კი არ ფიქრობენ, რომ ვიღაც გჯობია, არა, ფიქრობენ, რომ ყველა გჯობია და შენ არ ვარგიხარ. ასეთია დამოკიდებულება. მერე ყველას უნდა აუხსნა, რომ დათოს არც ერთის გაგდება არ უნდოდა და ა.შ. მართლა ძალიან კარგად ვგრძნობ თავს მაოს გუნდში, ამას ვერც წარმოვიდგენდი, სანამ გავიცნობდი. დათოს გაუტყდება, ახლა რასაც ვამბობ, მაგრამ რა ვქნა, მეც გამიტყდა, რომ გამაგდო (იცინის). მაო რაც გავიცანი, მასთან ბევრად უკეთ ვგრძნობ თავს, ვიდრე დათოსთან.
- დიდი ალბათობით შენ და შოთა ადამაშვილი ფინალშიც შეხვდებით ერთმანეთს.
- ფინალში ყოფნა ძალიან გამიხარდება, ვინც გინდა მედგეს გვერდით. რინგზე ისევ თუ გადავეყარე შოთას სადმე, მგონი, უკვე პირდაპირი გაგებით რინგი იქნება (იცინის), ერთს მაგარს შემოვარტყამ და მოვიგებ.
- სხვათა შორის, შოთამ ჩემთან ინტერვიუში თქვა, რომ არაფრით მეტი არ არის შენზე, მეტიც, შენს სუფთა ბგერებს გაუსვა ხაზი, შენ როგორ დაახასიათებ მას?
- ნამდვილად კარგი კონკურსანტია, მწვრთნელების რეაქციიდანაც ჩანს ეს და მაყურებელსაც ძალიან უყვარს. მაგრამ რომ გითხრათ, ძლიერი კონკურენტი იყო ჩემთვის და მასთან ერთად რინგზე დადგომის მეშინოდა-მეთქი, მოგატყუებთ. უბრალოდ, მინდოდა, დუეტი კარგი გამოსულიყო და ასეც მოხდა. ზოგადად ჩემს ნამღერს არ ვუსმენ ხოლმე. ერთხელ მოვუსმენ და დამთავრდა, მეორედ უკვე მაღიზიანებს. ეს იყო გამონაკლისი, ბევრჯერ მოვისმინე.
- ამბობენ, რომ საუნდტრეკი ფილმიდან "ერთხელ" , რომელიც რინგზე შეასრულეთ, შენი საყვარელი სიმღერაა და დათომ ის შენ მოგარგო.
- ვინ ამბობს, მომეცი ტელეფონის ნომერი, დავურეკავ და ცოტა ცუდად ვუპასუხებ (იცინის).
- შოთას სტილი რომ არ იყო, ამაში მაინც ხომ მეთანხმები.
- შოთას ისეთი სტილი აქვს, არავინ მღერის. წარმოიდგინე, მე რომ "კაზაჩოკებით" და სომბრეროთი გამოვიდე და ქანთრი ვიმღერო, რა სასაცილო ვიქნები. შოთამ თქვა, სიმღერა გიორგის მოარგესო?
- არა, სოციალურ ქსელში გაჩნდა ეს მოსაზრება.
- ეს იყო სიმღერა, რომლითაც ორივე კარგად გამოვჩნდით. ჩემზე მორგებულ სიმღერას ლოგიკური შედეგიც უნდა ჰქონოდა, ასეთ შემთხვევაში დათოს მე უნდა გადავეყვანე.