თაკო ჩორგოლაშვილი: "მოდი, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი აირჩევს"

თაკო ჩორგოლაშვილი: "მოდი, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი აირჩევს"

თაკო ჩორგოლაშვილი და გაგა თოდუა "ცეკვავენ ვარსკვლავების" არცერთ ტურში ჯერ აუტსაიდერების რიგებში არ მოხვედრილან. ტურიდან ტურში უპრობლემოდ გადადიან. ჟიურისაც მოსწონს მათი ნამუშევრები. საოცრად თავდადებული და მშრომელი წყვილია, რაშიც გასულ კვირას მათ რეპეტიციაზე დასწრებისას დავრწმუნდი. ბოლოს კი თაკო ჩორგოლაშვილი ''ამბები.გე''-ს გაესაუბრა.

- თავიდან, როდესაც პროექტში ჩაგრთეს, მახსოვს, ძალიან დაბნეული იყავი, განიცდიდი, ნერვიულობდი, რადგან არ იცოდი, როგორ გაართმევდი თავს; ახლა კი გატყობ, საკმაოდ თავდაჯერებული ხარ... მნიშვნელოვანი ისიც, რომ ჯერ თქვენი წყვილი აუტსაიდერების რიგებში არ ყოფილა.

- ალბათ, ეს თავდაჯერებულობა გარკვეულწილად იმის ბრალია, რომ პროექტში საშუალება მოგვეცა, ბევრი ტური გადავგველახა. სიმართლე გითხრათ, ამას არ ველოდი. თავიდან მეშინოდა კიდეც და ისიც არ მინდოდა, ადრე დამეტოვებინა პროექტი; მაგრამ ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ ჩვენმა წყვილმა მაყურებელში სიმპათია დაიმსახურა, ხალხს მოვწონვართ და ჟიურისთან ერთად, ისე გვაფასებს, რომ დღემდე შოუში ვარ. ამიტომ ჩვენც მეტად მონდომებულები, აქტიურები და ჩართულები გავხდით. თავს, ძალებს არ ვზოგავთ. რა თქმა უნდა, არის მეტ-ნაკლებობა, ანუ არის კარგი თუ ცუდი ტურები. თუმცა საბოლოოდ მაინც მუსიკასა და ქორეოგრაფიაზე ვართ დამოკიდებულები. ისე კი, ყველაფერი მაინც ჩვენ სასიკეთოდ ხდება.

- თქვენს რეპეტიციას დავესწარი და ვნახე, რომ მაქსიმალურად იხარჯებით და არც შედეგით ხართ უკმაყოფილოები, გიფასდებათ...

- შედეგით კმაყოფილები ვართ, ამას არ ველოდი. მართლა ყველაფერს ვაკეთებთ, არ არსებობს უდროობა, დაღლილობა, სიცხე, უხასიათობა, ყველაფერი გვერდით გვაქვს გადადებული. ერთმანეთს მხარში ვუდგავართ... ვცდილობთ, ამ პროექტს მაქსიმალურად მივუძღვნათ თავი.

- რას გვეტყვი პარტნიორზე, გაგა თოდუაზე?

- პარტნიორით საოცრად კმაყოფილი ვარ. არადა, თავიდან რომ გავიგე, ისეთი ადამიანი უნდა ყოფილიყო ჩემ გვერდით, რომელიც ჩემსავით პირველად იღებდა ამ პროექტში მონაწილეობას, ვინერვიულე...

- რატომ?

- ვინაიდან საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის თვითონ არ ვიყავი მასობრივად ცნობილი და არ მინდოდა, რომ ხალხისთვის პარტნიორიც უცნობი ყოფილიყო, თუმცა მადლობა ღმერთს, რომ ჩემი შიში გაიფანტა. ახლა ვამბობ, რომ არა გაგა, ის შედეგი, რაც გვაქვს, არ იქნებოდა. საოცარ პარტნიორობას მიწევს. პარტნიორობა მხოლოდ ის არ არის, რომ ჯერ თვითონ ისწავლოს ცეკვა, მერე მე მასწავლოს და დამამუშავებინოს... გაგა ამაზე მეტს აკეთებს. მით უმეტეს, რომ საოცრად ცოტა დრო (4 დღე) გვაქვს ცეკვის ასათვისებლად, რომ მოვირგოთ, გავითავისოთ ნომერი. ყველანაირად დაძაბულები ვართ. კვირიდან კვირამდე კატასტროფულ რეჟიმში გიწევს მოქმედება. ასეთ დროს გვერდით გინდა ადამიანი, რომელიც მაქსიმალურად მხარში დაგიდგება. გაგას ცეკვის ასათვისებლად ბევრი მუშაობა არ სჭირდება, მუდმივი შრომა მე მესაჭიროება. ამიტომ ამ პროექტში პარტნიორობა ყველაფერია.

- როგორ ფიქრობ, ფინალში მოხვებით?

- არ ვიცი, ხალხის გადასაწყვეტია. ეს ისეთი რაღაცაა, რომელსაც წინასწარ ვერ გათვლი. შეიძლება, ძალიან ძლიერი იყო, მაგრად ცეკვავდე, მაგრამ წარმატებას ვერ მიაღწიო, ყველაფერი ხდება, კონკურსია, ვიღაც ვარდება, ვიღაც რჩება. შესაძლოა, უძლიერესმაც დატოვოს პროექტი, - ის, რაც ვთქვათ, იულია ქავთარაძის შემთხვევაში მოხდა. იულიასა და ოთოს ძალიან ადრე მოუწიათ პროექტიდან გასვლა. ამიტომ გათვლებს ვეღარ ვაკეთებ, არ ვიცი, რაც იქნება, ის იქნება. რა თქმა უნდა, ყველას უნდა, განსაკუთრებით მათ, ვინც ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ საქმისთვის თავი გადადოს, ფინალში მოხვდეს, მაგრამ მაინც მგონია, რომ საბოლოოდ ეს ხალხის გადასაწყვეტია, ის აკეთებს არჩევანს. დაე, ღირსეული აირჩიოს მან!

- ახლა ასეთი დატვირთული რომ ხარ, "იმედის დილის" გადაცემაში მუშაობას როგორ ასწრებ?

- "დილაში" მხოლოდ პარასკევი დღე მაქვს, ვაკეთებ რუბრიკას დიზაინზე, ანუ ყველაფერს დიზაინსა და დიზაინის მოყვარულებზე. ცნობილ, არაცნობილ, წარმატებულ მოდელიერებს, ახალ კოლექციებს ვეცნობით. ეს არის სამოსი, აქსესუარები, ნებისმიერი რამ, რაც დიზაინს უკავშირდება. "იმედის დილა" და ჩემი პროდიუსერები ყველანაირად ხელს მიწყობენ. რომ არა ასეთი მხარდაჭერა, წარმოუდგენელი იქნებოდა ჩემი იქ შრომა.

- სულ ბოლოს რას იტყვი?

- პროექტში ჯანმრთელობას, თავს, ყველაფერს ვდებ, რასაც, პირველ რიგში, ხალხი მიფასებს. მათგან საოცარ სიყვარულს ვგრძნობ, - ეს ჩემთვის მართლა ყველაფერია. ამ შოუში იმიტომ მოვედი, რომ საკუთარი თავი საზოგადოებისთვის წარმედგინა. ვიმეორებ, ცნობილი არ ვიყავი და ამ შოუში ნაადრევიც იყო ჩემი მონაწილეობა, მაგრამ ვთქვი, რატომაც არა, ხალხმა გამიცნოს-მეთქი. დაე, როცა გინდა, გამომაგდონ... მოკლედ, ფინალში ის იდგეს, ვისაც ხალხი გადაწყვეტს...

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება