კადრს მიღმა დარჩენილი თაკო აბაშიძე პირადი ცხოვრების დეტალებზე

 კადრს მიღმა დარჩენილი თაკო აბაშიძე პირადი ცხოვრების დეტალებზე

მსახიობ თაკო აბაშიძეს უყვარს ექსპერიმენტები და იმიჯის ხშირად შეცვლა. ამის გამო თმა უამრავჯერ აქვს შეღებილი, რასაც ახლა ძალიან ნანობს; მიაჩნია, რომ ყველაფერზე მეტად, ბუნებრივი თმა უხდებოდა. კითხვაზე, - თუ რას საქმიანობს ამჟამად, ასე მიპასუხა: "ვმუშაობ... მყავს პატარა ბარბარე, დიდი ლაშა და თავს ბედნიერ ადამიანად მივიჩნევ".

- ბავშვობის დროინდელ ამ ფოტოზე ტირიხარ. მტირალა იყავი?

- მტირალა და ბუტია არ ვყოფილვარ. ჭკვიანი, ნიჭიერი ბავშვი გახლდით. საკმარისი იყო, რაიმე ერთხელ მომესმინა, რომ მაშინვე ვიმეორებდი. თანატოლებში სიცელქითა და აქტიურობით გამოვირჩეოდი. დავძვრებოდი ხეებზე, ღობეებზე, კარადის თავზე. მოკლედ, კედლებზეც კი დავდიოდი. ჩემი აქტიურობა იმით იყო გამოწვეული, რომ მშობლებმა ტანვარჯიშზე პატარა ასაკიდან შემიყვანეს. ბავშ­ვობის დროინდელი ეს სურათები ძალიან მიყვარს. როცა ფოტოალბომს ვათვალიერებ, ვრწმუნდები, რომ ჩემი შვილი ძალიან მგავს.

- ეს ძმასთან ერთად გადაღებული ფოტოა, არა?

- ჩემს ძმას ძალიან უნდოდა, დედ­მამიშვილი, განსაკუთრებით - და ჰყოლოდა. ჰოდა, თურმე 5 წლის ასაკში ფული შეაგროვა, დედას მისცა და უთხრა: დაიკო მიყიდეო (იღიმის). ამ სურათზე კარგად ჩანს, თუ როგორ თბილად მექცევა. როგორც დედა მეუბნება: საწოლიდან მძინარეს გადმომიყვანდა და მეფერებოდა. ერთხელ თურმე, საწოლში ვეღარ ჩამაწვინა და ტახტის ნაპირას დამსვა. საბედნიეროდ, დედამ მომისწრო და გადმოვარდნას გადავურჩი.

- შენს მშობლებზე რას გვეტყვი?

- აი, ეს მაღალი და სიმპათიური კაცი მამაჩემია. ეს სურათი ძალიან მიყვარს. ბედნიერი ვარ, რომ ამ ადამიანებმა გამზარდეს. მშობლებთან ყოველთვის მეგობრული ურთიერთობა მქონდა და დღემდე ასეა. მათ მასწავლეს, თუ როგორ უნდა ვიცხოვრო, როგორ უნდა მიყვარდეს ადამიანები, ცხოველები, ბუნება. ყველაფერი მომცეს, რაც კი შეიძლება, მშობელმა შვილს მისცეს. ერთადერთი, გული იმის გამო მწყდება, რომ ბევრი დედმამიშვილი არ მყავს. ისეთ ადამიანებს, როგორიც ჩემი მშობლები არიან, მინიმუმ, ოთხი შვილი მაინც უნდა გაეზარდათ.

- თინეიჯერობის პერიოდში როგორ გამოიყურებოდი?

- აი, ამ სურათში დაახლოებით 14 წლის ვარ. ეს ფოტო სახლშია გადაღებული. ამ პერიოდში რაიმე განსაკუთრებული და გამორჩეული სტილი არ მქონდა. მეცვა როგორც კაბები, ისე - შარვლები. სხვათა შო­რის, პატარაობისას საშინელი პროტესტის გრძნობა მიჩნდებოდა, თუკი რაიმე ისეთს ჩამაცმევდნენ, რაც არ მინდოდა. ვიცვამდი მხოლოდ იმას, რაც მომწონდა.

- სკოლის დამთავრების შემდეგ იმიჯი თუ შეიცვალე?

- რა თქმა უნდა, შევიცვალე და ბევრად მრავალფეროვანი გავხადე: ხან კლასიკური სამოსი მეცვა, ხანაც - სპორტული. აღარ მაკმაყოფილებდა ერთი კონკრეტული ფერის თმა, მაკიაჟი, სამოსი. ვარცხნილობებსა და თმის ფერს იმდენად ხშირად ვიცვლიდი, რომ მეგობრებს უკვე აღარ უკვირდათ, თუ ერთ დღეს "წითელთავიანს" მნახავდნენ, მეორე დღეს კი ქერას. აი, ეს ფოტო სტუდენტობის პერიოდშია გადაღებული.

- ბუნებრივად რა ფერის თმა გაქვს?

- წითური თმა მაქვს. როცა ბავშვი ვიყავი, ბევრს ეგონა, რომ თმა შეღებილი მქონდა და დედას საყვედურობდნენ: შვილს თმას რატომ უღებავო?.. ისე, თმის შეღებვა მართლაც, ძალიან ადრე, ჯერ კიდევ სკოლის მოსწავლემ დავიწყე, რასაც ახლა ვნანობ. ხშირი შეღებვითა და ექსპერიმენტებით ჩემ­მა თმამ ბუნებრივი ფერი დაკარგა. ახლა ძალიან მინდა, ის ფერი დავიბრუნო, რადგან ვფიქრობ, რომ ყველაზე მეტად სწორედ მოწითალო თმა მიხდებოდა.

- წარბების კორექცია გაკეთებული გაქვს, არა?

- კი და ესეც საკმაოდ ადრე, სკო­ლის პერიოდში გავიკეთე. პატარაობიდანვე სულ კონცერტები, გადაღებები მქონდა და შესაბამისად, გარეგნობაზეც ვზრუნავდი. თან, გამოგიტყდებით და ცოტა პრანჭიაც ვიყავი (იცინის).

- მაკიაჟს ყოველდღიურად იკეთებ?

- რა თქმა უნდა, ქალს მსუბუქი მაკიაჟი ყოველთვის სჭირდება.

- სახის კანს რაიმე განსაკუთრებული ნიღბებით უვლი?

- ბუნებრივ ნიღბებს ვიკეთებ. სახის კანისთვის კიტრის, თაფლისა და მაწვნის ნიღბები სასარგებლოა.

- აქსესუარები გიყვარს?

- უამრავი სამკაული, ქუდი, ქამარი და სათვალე მაქვს. ყოველთვის განსაკუთრებულ და ორიგინალურ აქსესუარებს ვეძებ. განსაკუთრებულად მიყვარს ქუდები და მათ შეძენაზე უარს ვერასდროს ვამბობ.

- როგორც მითხარი, ეს სურათი გამორჩეულად გიყვარს. რატომ?

- თეატრალური უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, ჩემი პედაგოგის, გოგი ქავთარაძის სპექტაკლში - "სიყვარულის თამაში" - ვმონაწილეობდი. ამ სპექტაკლისთვის მუსიკა თავად დავწერე და მთავარი როლიც მე შევასრულე. ძალიან ემოციური და კარგი სპექტაკლი იყო. ეს ჩემი პირველი ნამუშევარი გახლდათ და მიმაჩნია, რომ წარმატებაც ამ როლმა მომიტანა. მახსოვს, პირველი ინტერვიუ "სიყვარულის თამაშის" დასრულების შემდეგ მივეცი. მასალა ასეთი სათაურით დაიბეჭდა: "ქართველი ბრიჟიდ ბარდო ქართულ თეატრში".

- მაგრამ პოპულარული სერიალებით გახდი...

- ასეა. "ჩიფსების თაობაში" ვმონაწილეობდი. პირველი სერიის გასვლის შემდეგ ქუჩაში რომ გავედი, უკვე ყველა მცნობდა. მაშინ მივხვდი, რომ ადამიანი შეიძლება, პოპულარული ზუსტად ერთ დღეში გახდეს.

- როცა შეყვარებული იყავი, განსაკუთრებულად იპრანჭებოდი?

- მე ახლაც შეყვარებული ვარ და ვიპრანჭები ისე, როგორც მაშინ, როცა პირველი სიყვარული მეწვია. უნდა გითხრათ: თუ ჩემს გარეგნობაში რაიმე იცვლება, ეს სიყვარულის კი არა, იმის ბრალია, რომ მრავალფეროვნება მიყვარს.

- ქორწილისთვის დიდხანს ემზადებოდი?

- დიდხანს ნამდვილად არ ვემზადებოდი, მაგრამ ყველაფერი კარგად გამოვიდა. მომწონს ის, რაც მაქვს და რაც მქონდა. ქორწინება უბედნიერესი დღე იყო ჩემს ცხოვრებაში და ეს ფოტოებიც ამას მახსენებს.

- დაოჯახების შემდეგ რა შეიცვალა შენს ცხოვრებაში?

- ცხადია, თავისუფალი და გა­თხო­ვილი ქალის ცხოვრება ერთნაირი ვერ იქნება. დედობამაც ძალიან შემცვალა. ახლა უფრო დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა მაქვს. ყოველი წამი და წუთი ჩემთვის "ოქროა" და არ მინდა, უაზროდ დავკარგო. მსურს, დროის უმეტესი ნაწილი ჩემს საყვარელ ოჯახთან გავატარო.

- ბავშვობისა და სტუდენტობის პერიოდში გამხდარი ყოფილხარ...

- (მაწყვეტინებს) ახლა კი წონაში საგრძნობლად მომატებული ვარ, არა? მე თავს მშვენივრად ვგრძნობ, ზედმეტი კილოგრამები დისკომფორტს არ მიქმნის. ასე რომ, არც დიეტაზე ვარ და არც - მუცელს ვემონები. თუმცა, თუ ჩემს პროფესიას დასჭირდება და კარგ როლს შემომთავაზებენ, ამის გამო მსხვერპლს გავიღებ და მოთხოვნის შესაბამისად, - ან ძალიან გავხდები, ან გავსუქდები.

მარეხ ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება