რით უნდა გამოირჩეოდეს მარიკო ლეჟავას რჩეული

რით უნდა გამოირჩეოდეს მარიკო ლეჟავას რჩეული

მომღერალმა მარიკო ლეჟავამ საზოგადოების ყურადღება და სიმპათია არა მარტო საკუთარი ვოკალური მონაცემებით, არამედ გამორჩეული გარეგნობის წყალობითაც დაიმსახურა. ამ რუბრიკის საშუალებით შევეცდები, მარიკო უფრო ახლოს გაგაცნოთ. მინდა გითხრათ, რომ მან საკუთარ უარყოფით თვისებებზე დაუფარავად ისაუბრა. მიაჩნია, რომ სამზარეულოში ფუსფუსი მისი საქმე არ არის, რადგან სადილების მომზადებაზე უფრო მეტად საინტერესო საქმეებითაა დაკავებული. ამ ეტაპზე, ოჯახის შექმნაზე ფიქრი ნაადრევად ეჩვენება.

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე. მყავს დედა, მამა და და-ძმა. დედა - თამარ ჭუმბურიძე მუსიკოსია, მამა - ალექსანდრე ლეჟავა კი პროფესიით ექიმი-რადიოლოგი გახლავთ. დედმამიშვილები ასაკით ჩემზე პატარები არიან: რატი 10-ის, ხოლო ნინო 16 წლისაა. ვამაყობ, რომ ძალიან კარგი დედმამიშვილობა გვაქვს და საჭირო დროს ყოველთვის ერთმანეთის გვერდით ვართ. პირადად მე, მათი თანადგომა დიდ სტიმულს მაძლევს, ეს ურთიერთობა მაძლიერებს.

- ადამიანებს საკუთარ თავზე ლა­პარაკი არ უყვართ... შენ შეგიძლია, მარიკო ლეჟავა დაგვიხასიათო?

- გეთანხმები, საკუთარ თავზე ლაპარაკი მართლა ძალიან ძნელია. მე ვარ ადამიანი, რომელსაც შეუმჩნეველი არასოდეს არაფერი რჩება. უფრო კონკრეტულად აგიხსნით: როცა ადამიანებთან გარკვეული ურთიერთობა მაქვს, რაღაც პერიოდის შემდეგ, მასში ისეთ რაღაცებს ვამჩნევ და ვხედავ, რასაც ნორმალური ადამიანი წესით, არ უნდა აკვირდებოდეს; მოკლედ, სხვებისთვის შეუმჩნეველი და უმნიშვნელო წვრილმანი ჩემზე ისე მოქმედებს, რომ კონკრეტულ პიროვნებასთან ურთიერთობა აღარ მინდება. ხშირად მიფიქრია, რომ ეს საშინელი თვისება როგორმე უნდა მოვიშორო, მაგრამ ვერ ვახერხებ. ძალიან მინდა, ის წვრილმანები, რასაც ადამიანები ვერ ამჩნევენ, მეც ვერ დავინახო. ვფიქრობ, რომ ცხოვრება ასე უფრო იოლი იქნება.

- შენს დადებით თვისებებზე რას გვეტყვი?

- საკუთარ თავში ყველაზე მეტად მომწონს ის, რომ ძალიან ერთგული ადამიანი ვარ. იმდენად ერთგული, რომ ხანდახან სიბრიყვეში გადამდის (იცინის). რაც შეეხება ცუდ თვისებებს, ვაღიარებ, რომ ძალიან ბევრი მაქვს. რამდენიმეს ახლავე ჩამოგითვლით: პირველი და ყველაზე მთავარი - დროის შეგრძნება მაქვს დაკარგული. ადამიანთან დანიშნულ დროზე მისვლას ვერსად ვახერხებ. გამუდმებით დროის სიმცირეს განვიცდი; მეორე - საშინელი გაბრაზება ვიცი. როცა მაბრაზებენ, დაუნდობელი ვხდები. ჩემი უარყოფითი თვისებების გამო ოჯახის წევრებისგან შენიშვნას ხშირად ვიღებ.

- რამდენად პრინციპული ადამიანი ხარ? რის გამო შეიძლება, საკუთარ პრინციპებს უღალატო?

- ძალიან, ძალიან პრინციპული და სამართლიანი ადამიანი გახლავართ, მაგრამ თუ მივხვდები, რომ ჩემი პრინციპულობით კონკრეტულ სიტუაციაში ვერაფერს გავხდები, გაჩერებაც შემიძლია...

- შენში სიამაყის გრძნობა რა დოზითაა?

- ამაყი არ ვარ და ჩემი ახლობლები, ოჯახის წევრები ამის გამო ხშირად მეჩხუბებიან. მეუბნებიან, რომ რაღაც დოზით ადამიანს სიამაყის გრძნობა უნდა ჰქონდეს. მე კი ვფიქრობ, რომ ამაყი მარიკო უბრალოდ, სასაცილო იქნება. მიმაჩნია, რომ სუფთა, ადამიანურ ურთიერთობებში სიამაყე საჭირო არ არის.

- საოჯახო საქმეების კეთება, მაგალითად, სადღესასწაულო სუფრის გაშლა, სადილების მომზადება თუ გეხერხება?

- ოოო... ეს ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული. როცა რაღაცას გულით ვინდომებ, როგორი რთული გასაკეთებელიც უნდა იყოს, კარგად გამომივა. თუ სურვილი გამიჩნდება, სადილების მომზადებასაც შევძლებ. საერთოდ, რაღაცების მომზადება და სუფრის გაშლა ძალიან მეზარება, რადგან ამჟამად უფრო საინტერესო საქმეებით ვარ დაკავებული (იცინის). ვიცი, რომ იდეალური დიასახლისი არ ვიქნები, მაგრამ მეუღლის გულის მოსაგებად რაიმე გემრიელის მომზადებას აუცილებლად ვისწავლი. რაც მთავარია, ერბო-კვერცხის მომზადება შემიძლია. როცა ვამბობ, - არაფრის მომზადება არ ვიცი-მეთქი, მაიმედებენ, მთავარია, კვერცხისა და კარტოფილის შეწვა იცოდე, დანარჩენს კი თანდათანობით ისწავლიო. როცა ვცდილობ, სამზარეულოში მყოფ დედას დავეხმარო, პირიქით გამომდის - ძირითადად, ხელს ვუშლი და ამიტომაც, ჩემი ეს მცდელობა ყვირილით მთავრდება ხოლმე (იცინის).

- მამაკაცის პერანგის დაუთოება თუ შეგიძლია?

- მიმაჩნია, რომ მამაკაცის პერანგის დაუთოება პრიმიტიული რამ არის და ეს საქმე ყველას გამოსდის. ყველაფრის გაკეთება ვიცი, მაგრამ რა ვქნა, თუ ხანდახან სიზარმაცე მძლევს ხოლმე (იცინის)?!

- როგორი მამაკაცები მოგწონს?

- ეს ცოტა არ იყოს, რთული თემაა. ჩემი რჩეული აუცილებლად, ძალიან მამაკაცური, გამორჩეული გემოვნების პატრონი უნდა იყოს, კარგად ჩაცმა უნდა შეეძლოს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მამაკაცის ფეხსაცმელს ვანიჭებ. რატომღაც, ასეთი ჩვევა მაქვს: საპირისპირო სქესის წარმომადგენელს პირველ რიგში, სწორედ ფეხსაცმელზე ვუყურებ. და რაც მთავარია, ჩემს რჩეულს კარგი იუმორის გრძნობა უნდა ჰქონდეს, სხვანაირად ვერ გამიძლებს.

- თუ გიფიქრია იმაზე, რომ შენი რჩეული აუცილებლად, შეძლებული ოჯახის შვილი უნდა იყოს?

- მდიდარ და ფულიან მეუღლეზე ვინ არ ოცნებობს?! თუმცა, ჩემთვის ამას მაინცდამაინც დიდი მნიშვნელობა არ აქვს. დამოუკიდებელი ადამიანი ვარ და ვფიქრობ, რომ საკუთარი შემოსავალი ყოველთვის მექნება, მეუღლის ფულზე დამოკიდებული არასოდეს ვიქნები!

- არსებობენ ისეთი ქალები, რომ­ლებიც სიყვარულს დაუფიქრებლად ცვლიან ზღაპრულ ცხოვრებაზე. შენ რა აზრის ხარ ასეთ გოგონებზე?

- ამ კატეგორიის ადამიანებს ჰგო­ნიათ, რომ ფულით ბედნიერებას იყიდიან, მაგრამ პირადად ჩემთვის, ბედნიერება უსიყვარულოდ მართლა არ არსებობს. თუმცა, ფული ხომ ჯოჯოხეთს ანათებს? ჰოდა, შეუხედავ, ჯმუხ, მაგრამ ფულიან ბიძა კაცებსაც "გაანათებს" ალბათ.

- ერთი ნახვით შეყვარების თუ გჯერა?

- ერთი ნახვით შეიძლება, ადამიანი მხოლოდ მოგეწონოს, მის მიმართ სიმპათიით განეწყო. ჩემთვის მხოლოდ მამაკაცის გარეგნობა არ არის მთავარი. ის პირველ რიგში, ღირსეული ადამიანი უნდა იყოს.

- პატიება თუ შეგიძლია?

- გარკვეული დოზით, რა თქმა უნდა, პატიებაც შემიძლია. თუმცა სიტუაციასაც გააჩნია... ორპირობა და ღალატი უპატიებელი დანაშაულია.

- ქართული ტრადიციული ქორწილები თუ მოგწონს?

- ქართულ ტრადიციულ ოჯახში გავიზარდე და შესაბამისად, ყველაფერ ქართულს პატივს ვცემ. იმაზე, თუ როგორი ქორწილი მინდა მქონდეს, არასდროს მიფიქრია.

სოფო ჭონიშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება