"ყიფშიძეები ემოციური ხალხი ვართ" - რას ამბობს ლენუკა ყიფშიძე პროექტში მონაწილე ძმაზე (ექსკლუზივი)

"ყიფშიძეები ემოციური ხალხი ვართ" - რას ამბობს ლენუკა ყიფშიძე პროექტში მონაწილე ძმაზე (ექსკლუზივი)

ლენუკა ყიფშიძე ძმას, გიორგი ყიფშიძეს, რომელიც წელს შოუს - "ცეკვავენ ვარსკვლავები" აქტიური მონაწილეა, საოცრად გულშემატკივრობს. ის და მისი მეგობრები დარაზმულები არიან და საოცარ თანადგომას უცხადებენ გიორგის. იმედიც აქვთ, რომ გიო ფინალში მოხვდება.

ახლა კი ლენუკა ყიფშიძის სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის მიცემულ ინტერვიუს შემოგთავაზებთ.

- ლენუკა, რას გვეტყვი პროექტზე "ცეკვავენ ვარსკვლავები", რომელშიც წელს შენი ძმა - მსახიობი - გიორგი ყიფშიძე მონაწილეობს?

- ეს პროექტი ძალიან მიყვარს. ამიტომ ნებისმიერი ქვეყნის მსგავს შოუს (არა მარტო ქართულს) სიამოვნებით ვუყურებ. საერთოდ, ვგიჟდები ცეკვაზე. ბავშვობაში, 3 წლის განმავლობაში ბალეტზე დავდიოდი. ცეკვა ადამიანისთვის პოზიტიური განწყობილების მიმნიჭებელია. ასე რომ, ვისაც ის უყვარს, რა თქმა უნდა, იცის კიდეც ამ საქმიანობის ხიბლი და გემოც. "ცეკვავენ ვარსკვლავები" კარგი პროექტია და ძალიან ყურებადი შოუც...

- მოგწონს პროექტში გიორგის ცეკვა?

- ძალიან მომწონს გიორგის მოცეკვავის ამპლუაში ხილვა. რაღაც თავისი სტილი თუ როლი მოირგო. იცით, რას ვაფასებ ჩემს ძმაში? არასოდეს უცეკვია, მსახიობია (არადა, ამ პროექტში არიან ვარსკვლავები, რომლებიც ადრე ცეკვავდნენ, ან უბრალოდ კარგი პლასტიკა აქვთ) და ამ მიმართულებით თუ ამხელა შესაძლებლობა ჰქონდა, ნამდვილად არ მეგონა. ამიტომ ჩემი ძმით ასმაგად ვამაყობ. მან საკუთარ თავში ცეკვის საოცარი ნიჭი აღმოაჩინა...

- ოჯახის წევრები, როგორც ვიცი, გიორგის აქტიურად გულშემატკივრობთ. როგორ ფიქრობ, - ფინალში მოხვდება?

- არა მარტო ოჯახის წევრები, ყველანი (ჩემი და გიოს მეგობრები) ჩართულები არიან და ვგულშემატკივრობთ. ამასთან, "ფეისბუქზე" მისი მისამართით იმხელა პოზიტიური განწყობილება იგრძნობა. ყველა გვერდში გვიდგას, ქუჩაში რომ დავდივარ, უცხო ადამიანები გიოზე მელაპარაკებიან... ეს ჩემთვის უდიდესი სიამოვნებაა. ძალიან დიდი მადლობა ყველას, ვისაც ასე ვუყვარვართ და ჩემს ძმას გულშემატკივრობს. რაც შეეხება ფინალს, არ ვიცი, გულწრფელად ვამბობ, ძალიან მინდა, გიო ფინალში ვიხილო. ეს საერთოდ, არა მარტო მე, ყველას გვინდა, ვინც მას გულშემატკივრობს. ვნახოთ, იმედია, ფინალში ვიხილავთ კიდეც.

- ამ პროექტში შენ თვითონ თუ მიიღებდი მონაწილოებას?

- საერთოდ, ვცეკვავ, ვვარჯიშობ, როგორც უკვე ვთქვი, პატარაობაში ბალეტზე დავდიოდი. ჩემთვის ცეკვა ჰობია. რაც შეეხება პროექტში მონაწილეობას, არ ვიცი, ეს იმხელა სტრესი და დატვირთვაა, რომ ცოტა მეშინია კიდეც, გავუძლებ თუ არა ამხელა დატვირთვას, არ ვიცი...

- რას იტყვი გიორგის პარტნიორზე - ჯულიანა ბარგ-ნარზე? თავად გიორგიმ ასე მითხრა, მან სხვანაირად დამანახა საკუთარი თავიო...

- ჯულიანა ძალიან მაგარი გოგოა. ის თავის საქმეში ლიდერია, სერიოზული პროფესიონალია და მიხარია, გიოს ასეთი მაგარი მეწყვილე რომ შეხვდა შოუში. მან ნამდვილად შეცვალა; არ მეგონა, თუ ასეთ რეჟიმში ჩადგებოდა, დილით დროულად გაიღვიძებდა, არაფერს დაიზარებდა. ამიტომ, ვფიქრობ, მშვენივრად ართმევს თავს ამ მისთვის შედარებით უცხო და ახალ საქმიანობას...

- გიორგიმ ისიც მითხრა, რომ ოჯახის წევრები მეუბნებიან, - სახლში არ მოხვიდე, ბინა რომ არ მოიგოო...

- ალბათ იხუმრა, ან ჩემებმა ასეთი რამ იუმორით უთხრეს (სიცილით ამბობს). თუმცა მოგების დიდი სურვილი ნამდვილად არსებობს. ყველაფერი ღმერთის ნებაა.

- ვიცი, რომ გიორგის შვილი, ნატაშკა მამამისის ყოველ ტურში გამოსვლას საოცრად განიცდის... ძალიან უნდა, რომ გიორგიმ გაიმარჯვოს...

- კი, ნატალია მართლა ძალიან განიცდის. საერთოდ, ყიფშიძეები ძალიან ემოციურები ვართ და ყოველი ხუთშაბათი ჩვენთვის საკმაოდ მძიმე დღეა... უფ, არც ვიცი, როგორ გადმოგცეთ... მაგ დღეს უდიდესი ემოციების ფონზე ვცხოვრობთ...

- როგორ აფასებენ გიორგის თქვენი მშობლები. რას ამბობს ბატონი ზურა?

- მშობლების შეფასება ძალიან პირდაპირია. თუ მოსწონთ, ეუბნებიან და როცა მის ნომერში რაღაც არ მოსწონთ, იმასაც შეულამაზებლად ეუბნებიან, შემდეგისთვის რომ გაითვალისწინოს.

- რეპეტიციაზეც ესწრები?

- კი, ხანდახან რეპეტიციაზეც დავდივარ...

- და მისი შესრულებული ნომრებიდან ყველაზე მეტად რომელი ცეკვა მოგეწონა?

- პირველი გამოსვლა მომეწონა. მერე მომეწონა ნომერი მამაჩემთან ერთად რომ მოამზადეს. კიდევ ერთი თავდაჯერებული ნომერიც შესთავაზა მაყურებელს და მართლა ბრავო! ინდური ცეკვაც ძალიან მაგარი იყო, მანდ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმი აჩვენა.

ჩემს ძმას გულით და სულით ფინალში გასვლას და გამარჯვებას ვუსურვებ. ვიმეორებ, ყველანი გვერდში გუდგავართ. ასევე თითოეულს, ვინც შოუშია დარჩენილი, წარმატებას ყველას ვუსურვებ.

ლალი ფაცია

სპეციალურად "ამბები.გე"-სთვის

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება