"ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ. ბოლომდე არასდროს არავის ენდობა. აგრესიულია. მისი მშვიდი გამომეტყველება ნუ მოგატყუებთ: სიმშვიდის ნიღბის უკან შეუძლია, საკუთარი ბუნება და პრინციპული ნამდვილი "მე" დამალოს. მასავით არავის სჯერა სასწაულების. მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, უნარი აქვს, ნებისმიერი კრახისა და ფიასკოს შემდეგ, ფეხზე ღირსეულად წამოდგეს. ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია. უზომოდ მგრძნობიარეა", - ასე ახასიათებენ ასტროლოგები ვირთხის წელში დაბადებულ ვერძს, ეს კი მომღერალ ქრისტინე იმედაძის ზოდიაქოს ნიშანია.
- ჩემი ზოდიაქოს ნიშნის დახასიათება არაერთხელ წამიკითხავს, მომისმენია კიდეც, მაგრამ მოსმენილი მალევე დამვიწყებია.
- ასტროლოგები ამბობენ, ვერძის ნიშნით დაბადებული ადამიანი თავგამოდებული დამცველია სიმართლის და ყოველთვის დაჩაგრულის მხარეს დგასო. შენს შემთხვევაშიც ასეა?
- არ ვიცოდი, ჩემში სამართლიანობის გამძაფებული განცდა "ვერძობის" ბრალი თუ იყო. დაჩაგრულის დაცვას რამდენად ვახერხებ არ ვიცი, მაგრამ ყოველთვის ვცდილობ, სიმართლის მხარეს ვიყო. გამოგიტყდები და ჩემი თავი არაერთხელ დამიჭერია, რომ იმ ადამიანის დაცვის სურვილი მიჩნდება, ვისაც უმრავლესობა კიცხავს.
- "საკმარისია, ვინმემ გულში ჩაიკრას, მიუალერსოს, რომ წყენას ივიწყებს".
- წყენა მართლაც მალე მავიწყდება, ამისთვის "გულში ჩაკვრა" სულაც არ არის საჭირო.
- "ცრემლს სხვას არასდროს უჩვენებს. ატირებულ ვერძს ვერ ნახავთ".
- როცა ვტირი, სულაც არ მინდა, ვინმემ მნახოს, მაგრამ ვერც იმას ვიტყვი, რომ მეგობრებს ჩემს თვალზე ცრემლი არ უნახავთ.
- "ფიცხია, პირდაპირია და ვერ იტანს ტყუილს".
- მართალია, სიფიცხე მახასიათებს, მაგრამ საშინლად პირდაპირი ადამიანი ვარ და ტყუილი მძულს.
- "მასავით არავის სჯერა სასწაულების".
- სასწაულებისა და თოვლის ბაბუის არსებობის მჯერა. ისიც ვიცი, რომ ქალთევზები მართლა არიან და რიგაში არის ტყე, სადაც ელფები ცხოვრობენ.
- "იმ ადამიანთა კატეგორიას არ განეკუთვნება, რომლებიც დგანან და ელიან, როდის დაატყდებათ თავს ბედნიერება. ურჩევნია, ყველაფერი თავად მოიპოვოს".
- აი, აქ კი ცდომილებაა. "ბედნიერების მოპოვება" არ მეხერხება. ამიტომ მირჩევნია, ისევ სასწაული მოხდეს.
- ბედნიერი ხარ?
- ბედნიერი ვარ, რომ შვილი მყავს. ეს ბედნიერება 6 წლის წინ დამატყდა თავს და მას სახელად ტაისია ჰქვია.
- "თუ რამე ირწმუნა, მისი გადარწმუნება შეუძლებელია".
- ასეა, იმიტომ, რომ ჯიუტი ვარ. ამის უარყოფას აზრი არ აქვს. ფაქტიც ჯიუტია!
- "მას ძალიან უყვარს გარშემო მყოფებისთვის საკუთარი ძალებისა და უპირატესობის დამტკიცება".
- ტყუილია, საერთოდ არაფრის დამტკიცება არ მიყვარს. ცოტათი ზარმაცი ვარ და ვინმესთვის რაღაცის დამტკიცება მეზარება.
- "მიუხედავად ხიფათიანი ბუნებისა, უნარი აქვს, ნებისმიერი კრახისა და ფიასკოს შემდეგ, ფეხზე ღირსეულად წამოდგეს".
- ხიფათიანი ვარ, ბიჭად რომ დავბადებულიყავი, ალბათ ჩემი საქმე ცუდად იქნებოდა. ამბობენ, ღირსეულად წამოდგომას მაინც ახერხებსო? თუ ასეა, ძალიან მიხარია. ჩემთვის ეს მნიშვნელოვანია, რადგან ყოველთვის ვცდილობ, ღირსება შევინარჩუნო. ბიჭის ნათქვამივით გამომივიდა, მაგრამ ასეა.
- "მასში არ არის ეშმაკობის მარცვალიც კი".
- ჩემზე ამდენი სიმართლე ვინ გითხრა, სად წაიკითხე? ეშმაკობისგან იმდენად შორს ვარ, სხვების უნიჭო ეშმაკობასაც კი წლების შემდეგ ვხვდები და მერე საკუთარ თავზე ვბრაზობ. საყვარელი, უბოროტო ეშმაკობებიც ხომ არსებობს ანუ ისეთი, არავის რომ არ ვნებს და შენ რომ წაგადგება? - ჰოდა, ეგეც არ მეხერხება.
- "აგრესიულია. სიმშვიდის ნიღბის უკან შეუძლია, საკუთარი ბუნება და პრინციპული ნამდვილი "მე" დამალოს".
- აგრესიული საერთოდ არ ვარ. რაც შეეხება ჩემს მშვიდ გამომეტყველებას, შემწევს უნარი, სიმშვიდე ნებისმიერ ვითარებაში შევინარჩუნო და წონასწორობა არ დავკარგო. აგრესიული ადამიანების მიმართ განსაკუთრებულად მშვიდი ვარ. პრინციპული გახლავართ, მაგრამ ნამდვილი "მე" არასდროს დამიმალავს. ყალბი ადამიანები არ მიყვარს და არც მე ვთამაშობ.
- "უზომოდ მგრძნობიარეა".
- მგრძნობიარე ნამდვილად ვარ და მეტად ემოციურიც, მაგრამ წლების მატებასთან ერთად, ემოციების მოთოკვის უნარი გამოვიმუშავე.
- ასტროლოგები ამბობენ, რომ ემოციების გამოხატვისას თავშეკავებულობა გახასიათებს.
- ზოგჯერ მირჩევნია, არ გამოვხატო, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ რაღაც არ მაღელვებს. უმეტეს შემთხვევაში, ემოციებს ჩემში ვიკლავ.
- "მას ბევრი ნაცნობი, მაგრამ ცოტა ერთგული მეგობარი ჰყავს".
- ნაცნობიც ბევრი მყავს და მეგობარიც, მაგრამ ზუსტად ვიცი, ვინ - ვინაა. უკვე აღარ მჯერა, რომ ყველა მეგობარი ერთგულია.
- "ვირთხა ყოველთვის ცდილობს, ნებისმიერი ურთიერთობიდან ნახოს გამორჩენა. ამიტომ, ამ ადამიანისთვის სასურველი მიზნის მისაღწევად, უცხო არც საკუთარი სილამაზისა და მომხიბვლელობის გამოყენებაა".
- ბოლო რამდენიმე წელია, გავიგე, რომ ასეთი ურთიერთობებიც არსებობს ანუ ის, რასაც გამორჩენას ეძახიან. ეს ჩემთვის "ჩინურია". ზოგჯერ, როცა რაღაც ძალიან მჭირდება, მაშინაც კი მიჭირს, ადამიანს რაიმე ვთხოვო. გამორიცხულია, ვინმეს გამორჩენის მიზნით დავუმეგობრდე.
- "ვალდებულებებისა და შეზღუდვების პანიკურად ეშინია".
- პანიკური შიში არაფრის მიმართ არ მაქვს. საერთოდ არ ვიცი, ეს რა განცდაა. პასუხისმგებლობის გრძნობა ზედმეტად გამძაფრებული მაქვს და ამ თვისების გამო, უარს ბევრ რამეზე ვამბობ. თუ დარწმუნებული არ ვარ, რომ შევძლებ, საკუთარ თავზე საქმეს არასდროს ვიღებ.
- "დიდსულოვანია მის მიმართ, ვინც უყვარს. მისთვის მთელი ქონების განიავებაც კი შეუძლია".
- ეს ჩემი თვისებაა. საყვარელი ადამიანების დახმარებაზე უარს არასდროს ვამბობ. როგორც შემიძლია, ყველას ისე ვეხმარები.
- "შეყვარებულმა პერიოდულად მისი მხრიდან წამოსული ცინიზმის შეტევები მოთმინებით უნდა აიტანოს".
- ცინიზმის შეტევებზე რა გითხრა, მაგრამ იუმორი რომ "შავი" მაქვს, ეს ვიცი. ასატანი არაფერია, უბრალოდ, ადამიანს ჩემი ენა უნდა ესმოდეს და ყველაფერი კარგად იქნება.
- "ფინანსური ალღო აქვს".
- არ მაქვს, არა!
- "ეს ადამიანი ცვალებადი ხასიათით გაგაკვირვებთ. ვირთხა ბოლომდე არასდროს არავის ენდობა".
- ჩემი ხასიათი ცვალებადი მოღრუბლულობით გამოირჩევა. ადრე ძალზე მიმნდობი ვიყავი, მაგრამ გავიზარდე და ეს თვისება წარსულს ჩაჰბარდა.
თამუნა კვინიკაძე
(გამოდის ხუთშაბათობით)